ბიზნესი

კომპანია „ელთიბის“ ისტორია

თიბისი ბიზნესისთვის

დეკემბერი 04, 2020

სტაბილური ზრდა და განვითარება, სიახლეზე ორიენტირებულობა, დელეგირების უნარი და ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლებს თავისუფლად შეუძლიათ იდეების დაფიქსირება - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებზეც წლებია კომპანია „ელთიბის“ წარმატება დგას.

16 წლის წინ, სამი მეგობრის მიერ, თიბისის მხარდაჭერით დაფუძნებული კომპანიის კონცეფცია, გახდა კომპანიის უწყვეტი განვითარებისა და მომხმარებელთათვის სტაბილური გარემოს შექმნის საფუძველი.


2004 წელს, 15 თანამშრომლით დაწყებული საქმე, დღეს მომხმარებელს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტსა და მომსახურების სამ ძირითად მიმართულებას სთავაზობს: ავეჯის კომპონენტებისა და მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტს, საწარმოო მიმართულებასა და პალიტრა-სამღებროს. 

„ ჩვენი მიზანი იყო, გაგვეერთიანებინა მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და ფინანსური რესურსი; და დაგვეწყო საქმე, რომელიც უკვე კარგად ვიცოდით. თავიდანვე შევთანხმდით, რომ განვითარება და ხარისხი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა. გავწერეთ გეგმა, ჩვენით მოვიფიქრეთ სახელწოდება და ბრენდიც. სახელწოდება „ელთიბი“ კომპანიის დამფუძნებლების ინიციალებს აერთიანებს. ლოგოტიპი ოთხკუთხედი ფორმისაა, რაც სტაბილურობას და ბალანსს გამოხატავს, მწვანე ფერი - სიახლეს, ზრდასა და განვითარებას. ჭანჭიკი კი იმაზე მიუთითებს, რომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და მხოლოდ მათი ერთობლიობით მიიღება ხარისხიანი პროდუქტი. ეს იდეა გავაერთიანეთ ჩვენს ლოგოტიპში და ამ იდეას ვავითარებთ მუდმივად“,


- ამბობს კომპანია „ელთიბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომპანიის გენერალური დირექტორი - ლევან ზაალიშვილი.

„ელთიბის“ თბილისისა და იმერეთის ფილიალების სივრცეებში შეგიძლიათ შეიძინოთ ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ავეჯისა და სამზარეულოს მექანიზმები და აქსესუარები, ავეჯის შემკვრელები და მაკომპლექტებელი დეტალები, მაგიდის გასაშლელი მექანიზმები, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სახელურები ნატურალური მეტალის, ტყავის, ხის, იტალიური მინისა და ფაიფურის სახით, ასევე საფასადე მასალები და გასაგორებელი კარის სისტემები. 


„ელთიბის“ ექსკლუზიური პარტნიორები ისეთი ბრენდები არიან, როგორებიცაა: Egger, Blum, Italiana Feramenta, Roberto Marella SiSo, Spax, LTB, AGB და სხვა.  ზოგიერთ მათგანთაგნ „ელთიბის“ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აკავშირებს.


კომპანიის საწარმოო მიმართულება აღჭურვილია გერმანული და იტალიური ბრენდების, უახლესი ტიპის, მულტიფუნქციური დანადგარებით, რომლებსაც კვალიფიციური პერსონალი მართავს. ფილების დაჭრა-დაწიბოვება, დეტალების დამუშავება პროგრამულ ჩარხებზე და ცირკულარული ხერხების გალესვა, 2012 წელს დაფუძნებული საწარმოს ძირითადი საქმიანობაა. საწარმოში, უმაღლესი ტექნოლოგიითა და ხარისხით დამზადებული ნახევარფაბრიკატები ხელოსნებს სამუშაო პროცესს უმარტივებს და ავეჯის საბოლოო ვერსიის შექმნაში ეხმარება. 

„ელთიბის“ იტალიური დანადგარებით აღჭურვილი „სამღებრო-პალიტრა“ ნახევრადავტომატიზებული ტექნოლოგიით მუშაობს. სამღებროს საგანგებოდ დატრენინგებული, კვალიფიციური პერსონალი მომხმარებელს სთავაზობს სამღებრო სამუშაოებს როგორც ხეზე, ასევე მდფ-სა და მინაზე. თანამედროვე დანადგარით ღებვა მასალაზე საღებავის მაქსიმალურად თანაბრად გადანაწილებას უზრუნველყოფს, რაც საბოლოოდ სრულყოფილ შედეგს იძლევა.


დღეისათვის „ელთიბის“ საწარმოში, პალიტრა სამღებროსა და მაღაზიებში 200-მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ახალი ტენდენციების გაცნობის მიზნით მუდმივად გადიან იტალიელ პარტნიორებთან ტრენინგებს. 


წელს იმერეთის რეგიონში, კერძოდ კი ქუთაისში კომპანიის პირველი ფილიალი გაიხსნა. კომპანიის ბორდის მიერ გაწერილია გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომლის აღსრულებაც ხორციელდება განსაზღვრული ვადებისა და მოთხოვნების დაცვით თიბისის მხარდაჭერით დასრულებულია შენობა, რომელიც „პალიტრა-სამღებროს“ 3 ჯერ გააფართოებს.

„ამ ტერიტორიაში იგულისხმება როგორც საწარმოო ფართი, ასევე საწყობი და ადმინისტრაციული შენობა, ვინაიდან გვინდა, სამღებროს ცალკე ადმინისტრაცია ჰყავდეს. აქ ახლა 16 ადამიანი მუშობს და ეს პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ 20 ადამინი დავიმატოთ. ასევე დანადგარების კიდევ ერთ, ნახევრადავტომატიზებულ ხაზს დავამატებთ. კომპანიის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აგრეთვე იგეგმება სასაწყობე მეურნეობის გაფართოება, რაც საწარმოს მსგავსად გულისხმობს სრულად ავტომატიზირებულ პროცესებს, რომელიც იქნება თანამედროვე და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი.“


- ლევან ზაალიშვილი


ავტორი: მაია ლიპარტელიანი