კულტურა

მოდიდან ინტერიერის დიზაინამდე - ინტერვიუ ლორენცა ბოცოლისთან

Hammock x თიბისი სტატუსი

ივლისი 07, 2020

ლორენცა ბოცოლი იტალიელი დიზაინერია, რომელმაც 80-იან წლებში სახვითი ხელოვნების აკადემია Brera დაამთავრა და კარიერა მოდის დიზაინს დაუკავშირა. იგი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Fiorucci, Camper, Sergio Rossi. ლორენცა ბოცოლის ცოცხალ, ეკლექტურ და დახვეწილ სტილს მისი 90-იანი წლების ნამუშევრებიც მოწმობს, როდესაც იგი უკვე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით იწყებს განვითარებას. მისი ნამუშევრები ერთდროულად მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს.


Tbilisi Design Days -თან თანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინტერვიუს დიზაინერ ლორენცა ბოცოლისთან.


© Silvia Tenenti

როგორ აღმოჩნდით დიზაინის სფეროში, როდის გაგიჩნდათ მისადმი ინტერესი?


ბავშვობაში ჩემი ოთახისა და ტანსაცმლის დიზაინის გადაკეთება ძალიან მიყვარდა. შემდეგში თითქოს ეს ბუნებრივი პროცესი იყო, როცა ჩემი საქმიანობა დიზაინის სფეროს დავუკავშირე. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩემი ოჯახიც, რომელიც მუდამ დიდ სტიმულს მაძლევდა. თავდაპირველად ვმუშაობდი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების დიზაინზე სხვადასხვა ბრენდებთან ერთად. შემდეგ Milan Triennale-ზე მიმიწვიეს და მოდისა თუ პროდუქტის დიზაინერებთან და არტისტებთან ერთად მომიწია მუშაობამ. ამ პერიოდში ჩემი ცნობისმოყვარე ბუნების გამო პირველი დიზაინერული ობიექტი შევქმენი, რის შემდეგაც შევიცვალე. 


რა განსხვავებაა ადამიანებისთვის სამოსის შექმნასა და მათი სახლების ინტერიერის შექმნას შორის? 

მათ შორის მცირე განსხვავებაა. მოდა გამოხატავს საკუთარ თავს დროის მეშვეობით, რომელიც მუდმივად იცვლება. ორივე შემთხვევაში გამოვხატავთ საკუთარ თავს, ჩვენს ღირებულებებს, წარმოდგენებსა და ამბიციებს. სახლი ასახავს ჩვენს პიროვნებას, ისევე, როგორც ნებისმიერი სამოსის დიზაინი. რა თქმა უნდა, ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობისას სხეულის ფორმები და სილუეტი დიდ როლს თამაშობს. 

ლორენცა ბოცოლის საცხოვრებელი სახლი მილანში

© Silvia Tenenti

როდის დააარსეთ საკუთარი ბრენდი Lorenza Bozzoli Couture და რა იყო თქვენი შთაგონების წყარო?

რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მინდოდა საკუთარი თავისთვის სრული თავისუფლება მიმეცა და ის გზა მეპოვა, რომლის მეშვეობითაც მოდის დიზაინში მიღებულ ჩემს გამოცდილებას ინტერიერთან დავაკავშირებდი და ასე სპონტანურად შეიქმნა Lorenza Bozzoli Couture-იც.

Couture Coffee Tables

თქვენი ბრენდის თითოეულ ნამუშევარს აქვს თავისი ნომერი და გამოშვების თარიღი, როგორც არტ პრინტს, რა არის ამის მიზანი?

თითოეული ობიექტი პერსონალიზებულია, დანომრილია და ხელმოწერილია, რაც პროდუქტს მეტ ავთენტურობას სძენს. 

FEDRO by DEDON


რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

სხვადასხვა კულტურის, ენისა და ერის კვლევა. ამასთან, ბოლო დროს მაინტერესებს ადამიანთა ცხოვრება და ხშირად ვკითხულობ ბიოგრაფიებს.

ლორენცა ბოცოლის საცხოვრებელი სახლი მილანში

© Silvia Tenenti


რომელია უფრო მნიშვნელოვანი და როგორ უთავსებთ ობიექტის ესთეტიკურ მხარესა და ფუნქციურობას ერთმანეთს?

ობიექტის ესთეტიკური მხარე ყოველთვის მოულოდნელობებით და სიურპრიზებით არის სავსე, საგნის ფუნქციურობა კი თითქოს თავიდანვე გათვალისწინებულია, ორივეს კი თავისი მნიშვნელობა და ზომა აქვს, რომელსაც ვითვალისწინებ. 

Couture White Lines

რას ფიქრობთ ქართული დიზაინზე და რა მნიშვნელობა აქვს ამ სფეროსთვის ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა Tbilisi Design Days, სადაც თქვენც მონაწილეობთ? 

დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დიზაინის სამყაროსთვის ისეთი ღონისძიება, როგორიცაა Tbilisi Design Days ძლიერი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებმა უფრო მეტი კავშირები დაამყარონ ერთმანეთთან და ერთგვარი ხიდი აშენდეს საქართველო-ევროპას შორის. ამასთან, რა თქმა უნდა, Tbilisi Design Days  შექმნის ისეთ შესაძლებლობებს, რაც უფრო მეტი ცოდნის, გამოცდილებისა და მოტივაციის გაზიარების საშუალებას მოგვცემს. 

როგორ დაახასიათებდით საკუთარ სტილს?

თავისუფალი სტილი.

რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

 მე მრავალფერი ვარ. 

ლორენცა ბოცოლის საცხოვრებელი სახლი მილანში

© Silvia Tenenti

როდის ხვდებით, რომ საბოლოო დიზაინამდე მიხვედით?

დიზაინი მაშინ არის “კარგი”, როდესაც იგი ფუნქციასთან, ფორმასთან და ესთეტიკურ მხარესთან ერთად რეალურ მდგრადობას იძენს. ეს წესია, რომელიც ყველანაირ დიზაინთან მიმართებაში უნდა გამოვიყენოთ.

როგორ ხედავთ ინტერიერის დიზაინის მომავალს?

ვფიქრობ, რომ მნიშნელოვნად შეიცვლება ესთეტიკური აღქმა ყველა სფეროში, რადგან იცვლება საზოგადოების ღირებულებები და პრიორიტეტები. 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე / Hammock Magazine