ოქტომბერი 24, 2023
წინა სტატიაში უკვე ვისაუბრე მუსიკის როლზე ჩემს ცხოვრებაში, ს უ ლ, ხანდახან ძილის დროსაც ჩართული მაქვს. ამჯერად, კონკრეტულ შემთხვევაზე გიამბობთ - როგორ გადააქცია კინომუსიკამ ჩემი ცხოვრების რამდენიმე წუთი კინოდ.
ვეცდები, მეტნაკლებად მხატვრულად აღვწერო ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი.
ერთი კვირა იმერულ სოფელში ვიცხოვრე და თბილისში გამომგზავრებამდე მამაქალაქში შემოვიარე. ქუთაისში შხაპუნა წვიმამ მომისწრო, მაგრამ უკვე არაფერზე ვდარდობ, გამშრალი და ნაბანავები სასტუმროს მყუდრო ნომერში ვარ. პრაღიდან დღეს დაბრუნებული ჩემი მეგობარი სოფო ონლაინ ლექციას ატარებს, მე კი უქათქათეს თეთრეულზე მოვკალათდი პიტნის ჩაით, ლეპტოპით და ყურსასმენებით. ფანჯრიდან ვხედავ რიონს, რუსთაველის ხიდს, ჯადოსნურად დატერასებულ გორაკებს, სიმწვანეში ჩაფლულ სახლებს, საბაგიროს და ვუსმენ კინოს „როცა აყვავდა ნუში“ ცნობილ კომპოზიციას. მგონია, რომ, მთავარ როლში ვარ სათავგადასავლო ჟანრის ფილმში, სადაც საკუთარი თავისა და გარემოს შემეცნებით დაკავებული გოგო დამოგზაურობს, წამით ტკბობას სწავლობს და შემდგომ სხვებს ასწავლის. ზღაპრული გარემოს მნიშვნელობა ცხადია, მაგრამ თავს ვდებ, ამ წუთების სრულყოფისთვის გია ყანჩელის რომანტიკულმა კომპოზიციამ თავისი ინსტრუმენტალური კულმინაციებით სწორად ის შეგრძნებები წარმოქმნა, რასაც ჰქვია „ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდა ვიყო.“
ლანა ღოღობერიძის ფილმები
რაც შეეხება ლანას, მის ფილმებს რომც არ იცნობდეთ, მხოლოდ ინტერვიუებიც საკმარისი იქნებოდა ამ შესანიშნავ პიროვნებაზე წარმოდგენის შესაქმნელად. მგონია, რომ თვითკმარია, სავსე ცხოვრებით იცხოვრა და ცხოვრობს, რაც მთავარია არ უშინდება საუბარს და გაზიარებას. ხელოვანი ქალი, უამრავი მძიმე თუ მსუბუქი თავგადასავალით სავსე ინსპირაციულ ცხოვრებას საქართველოში კინოთი გადმოგვცემს.
როგორც ქალ მაყურებელს, ლანა ღოღობერიძის კინო აქტუალური პრობლემებისა და გადმოცემის მანერის გამო ძალიან მსიამოვნებს. ერთი ამოსუნთქვით ნანახ ფილმებში საკულტო მსახიობებს, ხედებს, კომპოზიციებს, სხვადასხვა პერიოდის საქართველოს და კარგად ნაცნობ სიტუაციებს ვაწყდები. „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ და „დღეს ღამე უთენებია“ ამჯერად ის ორი ფილმია, რომლის მუსიკასაც განვიხილავ.
ლანა ღოღობერიძის კინომუსიკა
ფილმების პერიოდისა და ხასიათის სიმრავლის მიხედვით მუსიკაც მრავალფეროვანია, ზოგში ბევრი პოსტ-ბიბოპ ჯაზია, ზოგან ხალხური მუსიკა და შესაბამისად კომპოზიტორებიც სხვადასხვაა: გია ყანჩელი, რევაზ ლაღიძე, ფელიქს ღლონტი, ნოდარ მამისაშვილი, ნოდარ გაბუნია, გიორგი ცინცაძე.
„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“
ფილმი 1970-იანი წლების თბილისშია გადაღებული. რუტინაში ჩაფლული პერსონაჟის გამოცდილებების მიხედვით, სამი სიუჟეტური ხაზია გამოკვეთილი:
I. სამართლიანი, ემპათიური ჟურნალისტი სოფიკო ყოველდღიურად აწყდება უამრავ ქალს: თავდაჯერებულს, მოწყვლადს, პრობლემურს, ჩამოუყალიბებელს, ხალისიანს, კეთილს, მოსიყვარულეს, დაღლილს და მათთან ინტერვიუებს წერს ჟურნალ-გაზეთისთვის.
II. ერთგული, შრომისმოყვარე, მოსიყვარულე, ლაღი მეუღლე, დედა, შვილი და დიასახლისი - ისევ სოფიკოა.
III. კვლავ სოფიკო - მოგონებებსა და წარსულში ჩაფლული პატარა გოგო ოჯახური გარემოსა და საბჭოთა წნეხით განპირობებული ტრავმებითა და პატარ-პატარა ბავშვური სიხარულებით.
გია ყანჩელის კინომუსიკაც თითქოს მსგავსად კლასიფიცირდება.
მთავარი კომპოზიცია
ამ ფილმის ჩართვის პირველი წამიდან ფრანგული ახალი ტალღისთვის დამახასიათებელი დაუმორჩილებელი, თავნება იმპროვიზაციული კლავიში ფილმის და ალბათ, უფრო კონკრეტულად, მთავარი პერსონაჟის შემართებულ ხასიათს, ტემპს და ყოველდღიურ სირთულეებს გვამცნობს. მსგავსი მუსიკა 1960-იანი წლების ფრანგული კინოს საქმიანი ქუჩის ზედხედებს მახსნებს. ეს არის ჯაზის კომპოზიცია, რომელშიც ინსტრუმენტებთან ერთად ქალის სახასიათო ძლიერი ვოკალიც ისმის ონომატოპოეტური, ემოციური ბგერებით, რასაც scat singing - ჰქვია ინგლისურ ენაზე.
ჩემი დაკვირვებით, ეს ინტენსიური, ლაღი და ამავდროულად მელანქოლიური მელოდია ძირითადად ცოცხალ ქალაქში გადარბენაზე მყოფი, საქმიანი სოფიკოს ამსახველი კადრების თანმხლებია, თუმცა ბოლოსკენ ძლიერი ქალის პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან და მძიმე მომენტებშიც ჩნდება.
ქალაქური თუ ხალხური და იმ პერიოდის პოპ-მუსიკა
ოჯახური სცენები: ბავშვების სკოლაში წასასვლელად გამზადება, მეუღლესთან ფინანსურ პრობლემებზე ნელ-თბილი საუბრები, სუფრა, ქეიფი, გაფორმებულია იმ პერიოდის ინგლისურენოვანი მუსიკით, მაგალითად, ABBA – Money, money, money ან ისეთი სახასითო ქართული ჰანგებით, როგორიცაა „ჩემო ციცინათელა“.
ლირიული ფონური კომპოზიცია
ძვირფასი მოგონებები მზრუნველ მამიდებზე, გაუცხოებულ დედაზე მინორული ფონური მელოდიის თანხლებით არის მოთხრობილი. იმავე მელოდიას ვხვდებით ცოლ-ქმრის დიალოგისას, როცა არჩილის (მეუღლის) საიდუმლოს ფარდა ეხდება და გულნატკენი, მიმტევებელი სოფიკო მომავლის განსაზღვრას ცდილობს.
ფილმის ბოლო რამდენიმე წუთის ემოციურ ინდიკატორად ვიზუალურ და ვერბალურ გამოხატულებაზე მეტად მუსიკას დავასახელებდი.
ორი კულმინაციური სცენა: პირველი - ცოლ-ქმრის დიალოგი განშორებაზე და მეორე - შვილების მიერ დაკარგული ძაღლის გამალებული ძებნა, სწრაფად და ხშირად რიგ-რიგობით ჩნდება ეკრანზე. ამას ორი დიამეტრულად განსხვავებული მუსიკალური თემის ცვლილება ერთვის, რაც, ჩემი აზრით, მაყურებლის მაქსიმალურ ემოციურ ჩართულობას იწვევს. გია ყანჩელის სახასიათო ინტენსიური ჯაზის და მინორული ფონური კომპოზიციის მოულოდნელი ჰარმონია, კადრებისა და დიალოგების მრავალფეროვან განწყობას იმდენად ორგანულად ერთვის, რომ მუსიკა ფილმის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად გვევლინება.
„დღეს ღამე უთენებია“
ახლა კი, „დღეს ღამე უთენებია“ თავისი საუცხოო მუსიკალური გაფორმებით.
ფილმი ზაირა არსენიშვილის რომან „ვა, სოფელოს“ მოტივებზეა გადაღებული. ვითარება საქართველოს გასაბჭოების პერიოდზე, მეოცე საუკუნის 1920-იანი წლების დასაწყისსა და დრამატულ ქალ პერსონაჟ ევაზეა. ამჯერად სიუჟეტის მოყოლას დაწვრილებით არ ვაპირებ, ალბათ სჯობს, თქვენ თვითონ უყუროთ და განცვიფრდეთ ამ სურეალისტური სცენარით, რეჟისურით და მუსიკით.
ამ ფილმში კინო-მუსიკის სიმრავლე და ხასიათი იმდენად ცენტრალურია, რომ, ჩემი აზრით, ლამის მიუზიკლია. ყანჩელის გენიალურ მუსიკასთან ერთად აქ მანანა მენაბდის დაუვიწყარი კომპოზიციებით ნებივრდება მაყურებელი. მოხეტიალე მსახიობების სახით შემოსული მუსიკალური პასაჟები თავისი ექსპრესიულობით, ესთეტურობით და ექსტრავაგანტულობით ფილმს სრულიად ახალ ექსპერიმენტულ და ჯადოსნურ ხასიათს სძენს. მუსიკალური სპექტაკლის სცენები, სადაც მანანა მენაბდე სამ მსახიობთან ერთან მღერის და ჟესტიკულირებს თითქოს სიუჟეტის წინა ან მომდევნო შთამბეჭდავ ამბავზე მიგვითითებს, მეტიც, ჩემი აზრით, იმდროინდელ საქართველოში არსებულ ტრაგიკულ პრობლემებს, რომლებზეც ზაირა არსენიშვილი და ლანა ღოღობერიძე მოგვითხრობენ, დრამატული, სევდიანი ზღაპრის ელფერს სძენს.
მეტს აღარ დავწერ.
ჩემი რჩევა იქნება, უყურეთ ამ ფილმებს და დატკბით კინო-მუსიკის შედევრებით. მე კიდევ ასორმოცდამეათეჯერ მოვუსმენ „როცა აყვავდა ნუში“-ს soundtrack-ს.
ავტორი: ქეთი ბზიკაძე