აკუსტიკური მუსიკის ფესტივალი „კერა“

Tsa.Music

სექტემბერი 24, 2020

„კერა“ აკუსტიკური მუსიკის ფესტივალია, რომელიც წელს პირველად ჩატარდება მცხეთაში. საინტერესო, მრავალფეროვანი ბენდები გამოდიან, თუმცა ჰედლაინერი ალბათ უფრო გარემო, ატმოსფერო და პონტია (კი არ არის ლიტერატურული სიტყვა, მაგრამ არსს კარგად ასახავს).


ვახო ბაბუნაშვილიც ამბობს, რომ ამგვარი ფესტივალის მოწყობა სწორედ ადგილმა უკარნახა - გარშემო ხალხი ცხოვრობს, ხმამაღალ მუსიკას ვერ დაუკრავ და იძულებული ხარ, მხოლოდ აკუსტიკური სიმღერები შეასრულო.


თუმცა, მერე, რომ დაფიქრდები, ეს „იძულებული ხარ“ კი არ გზღუდავს, არამედ პირიქით, ახალ შესაძლებლობას ქმნის.

აბა, რამდენი სხვა აკუსტიკური კონცერტი ტარდება საქართველოში? არც ისე ბევრი, ხომ? არადა, სწორ ადგილას და გარემოში როგორი კარგი რამაა. სულ სხვა ხიბლი აქვს.

ვახოც ამბობს, თავიდან ვიფიქრე, აი ეგეთ, ვიწრო მიმართულების ფესტივალს გავაკეთებო. მერე კი მაშინვე საკუთარ თავს შევეკამათე - არანაირად „ვიწრო მიმართულების“ არ გამოდის. სხვა თუ არაფერი, თავადაც, უკვე რამდენი წელია, სწორედ აკუსტიკურ საუნდზე ვკაიფობო. სხვანაირი ბგერა გამოდის. ცალკე ხელოვნებაა.

კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც საბოლოოდ ფესტივალს მსმენელისთვის უკეთესს ხდის, პანდემიასთან დაკავშირებული ზომების დაცვის აუცილებლობაა. ამ დროს ხალხმრავალ ღონისძიებას ვერ მოაწყობ - თითო დღეს დასწრება მხოლოდ ას ადამიანზე ცოტა მეტს შეეძლება. ორგანიზატორისთვის ცუდია - ბევრ ბილეთს ვერ გაყიდი. აი, დამსწრეები კი ბევრად უკეთეს კონცერტს იღებენ - მყუდრო, ინტიმური გარემო იქმნება, რომელიც აკუსტიკური მუსიკის მოსასმენად სწორედაც რომ იდეალური გამოდის.


ცალკე მუღამი აქვს იმ ფაქტს, რომ ფესტივალი სწორედ მცხეთაში ტარდება. უმეტესობა ამ ქალაქს მხოლოდ სვეტიცხოვლით და ჯვრით ვიცნობთ, არადა აქ კიდევ უამრავი რამაა სანახავი - ერთი მხრივ სრულიად გასაგიჟებელი ისტორიული და პრეისტორიული ადგილები, მაგრამ მარტო ეგეც არა. შეიძლება უბრალოდ ისეირნო, კონკრეტული მიზნისა და გეგმის გარეშე და უცებ ლამაზ ქუჩას გადააწყდე, რომლის ბოლოშიც საყვარელი კაფე გაუხსნიათ. ლამის გეძახის - მოდი და დაჯექიო.

ნაცნობია და, ამავე დროს, უცხოა. სხვა ქალაქია. თბილისი არაა.

არადა, მანქანით 15-20 წუთში იქ ხარ. ეგ დრო ზოგჯერ დედაქალაქის რომელიმე ერთი ქუჩის გავლას ჭირდება.


კარგი, გვეყო გარემოზე. საუკეთესო ატმოსფეროც ვერაფერს მოგცემს, მუსიკა თუ არ ვარგა. მუსიკამ კი, იცოცხლე, წესით უნდა გაასწოროს.


ფესტივალზე ორი დღის განმავლობაში - 26 და 27 სექტემბერს შვიდი ძალიან განსხვავებული ბენდი გამოვა. ძველის და ახალის, ვეტერანების და დამწყებების, ორიგინალური მუსიკისა და ქავერების კარგი მიქსია.

როკიცაა, ქანთრიც და კიდევ, აი, რავი, ზუსტად ჟანრი რომ არ იცი და სასიამოვნო კია - ეგ.

კარგი მუსიკა, მცხეთაში, მდინარის პირას, მყუდრო გარემოში, კარგი ლუდის თანხლებით... აი, რამ უნდა გაგვაჩეროს?

26-27 სექტემბერი

მწვანე ოთახი

პეჩო - Soft edject

Tender Babies

On the road

Half Moon

Windshield

Hobby Band

ავტორი: ნიკო ნერგაძე