მუსიკა | ცა

ივნისის ქართული მუსიკა

Tsa.Music

ივლისი 03, 2023

Kosmoss – Futura

კოსმოსი ქართული პოსტ-პანკის ახალი ტალღის ერთ-ერთი გამორჩეული ბენდია, რომელმაც ჟანრის მსოფლიო რუკაზე საქართველოც მონიშნა. ბენდმა შარშან აგვისტოში პირველი ალბომი გამოუშვა „მთვარის ავტობანი“, ივნისში კი ბენდის 1 წლის იუბილემდე 1 დღით ადრე მსმენელს მეორე ალბომი „Futura” შესთავაზა, რომელიც ასევე ქართულენოვანია. ალბომში პოსტ-პანკთან ერთად ვხვდებით გოთიკის და ინდი როკის ელემენტებსაც.

GDMpire – Georgian Dance Empire (Vinyl LP)

ლეიბლმა „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ მეოთხე ჩანაწერი ფირფიტაზე გამოსცა. ეს არის შედარებით უცნობი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქართული პროექტი 90-იანი წლებიდან. Georgian Dance Empire-ის ისტორია მაშინ იწყება, როდესაც 1993 წელს, ქვეყნისთვის ურთულეს დროს, უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამოცდილი მუსიკოსები სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ სტუდიაში რამდენიმე დღით რაღაც განსაკუთრებულის შესაქმნელად ჩაიკეტნენ - ასე დაიბადა დადა დადიანის მიერ ინიცირებული პროექტი სახელად Georgian Dance Empire, რომელიც მასში გოგი ჭილაშვილს, სერგი გვარჯალაძეს და ბიბი კვაჭაძეს აერთიანებდა. Georgian Dance Empire ყველა ასპექტით უნიკალურია და განსაკუთრებით გამოირჩევა თავისუფლების ძალიან მაღალი კოეფიციენტით. ეს პროექტი წინა რიგებში დგას თავისი უნიკალურობის, გამორჩეული ინდივიდუალიზმის, მუსიკალურობის, პოეზიის, ჟღერადობის გამო. ამ ჯგუფს აქვს მუსიკის არანჟირების კონცეპტუალური ხედვა, გადაწყვეტის თავისებური, სპეციფიური ხელწერა.

Isodrome – Transitions

ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი, გრიგორ ლაღიძე, მუსიკალური ფსევდონიმით Isodrome, ლეიბლზე CES Records ახალ ალბომს აქვეყნებს. “Transitions” ბოლო 5 წლის მანძილზე შექმნილ 9 ემბიენთ კომპოზიციას აერთიანებს და ადამიანის ცხოვრების პერიოდში განვლილ სხვადასხვა ცვლილებას და მათ მნიშვნელობას ეხება.



„ადამიანი ცხოვრების განმავლობაში უამრავ ტრანზიციას გადის: ცვლილებას ხასიათში, პროფესიაში ან სხვა ასპექტებში, რომლებსაც ჩვენი განსხვავებულ პოზიციაში ან მდგომარეობაში გადასროლა შეუძლიათ. ამ პროცესს დროში მოგზაურობაც შეგვიძლია დავარქვათ, დასაწყისიდან შემდგომ პერიოდამდე. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული, თუმცა ამავდროულად ლამაზი აქტია, რომლის კონტროლის დროსაც საბოლოო რეზულტატის გამოცნობაც კი შეგვიძლია.” – აცხადებს მუსიკოსი.

David Delgma - Gzavnili Shatilidan

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის, დავით დელგმა-ს სინგლი "გზავნილი შატილიდან" არის დაღუპვის პირას მყოფი მეომრის სიმღერა. ის საყვარელ ადამიანს შეტყობინებას უგზავნის და პატარა რჩევას აძლევს – დაუხუროს კარები გარემოდან შემომავალ იმედგაცრუებას, დაივიწყოს ოცნებები, შეეგუოს მარტოობასა და იმ ფაქტს, რომ ერთ დღესაც არსებობას შეწყვეტს.

Will Kolak - Stigma Never Was My Style

will kolak ალბათ ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი ბენდია, რომელიც მუსიკალური სცენის დიდი ხნის წარმომადგენლებმა 2022 წლის ბოლოს ჩამოაყალიბეს. მათი პერსპექტივის დამადასტურებელია ისიც, რომ Newcomers 2023-ის გამარჯვებულები გახდნენ და შესაბამისად რამდენიმე დღის წინ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზეც გამოვიდნენ. მოკლედნენ ბენდს აქვს ქარიზმა, ენერგია და კარგი მუსიკა - მოკლედ ყველაფერი მომავალი წარმატებისთვის.

Obri - Unreleased Tracks (2013​-​2018)

პიონერი ქართველი Psytrance არტისტის და GeoPsy-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი დოლაბერიძემ იგივე Obri-მ აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერების კრებული დაარელიზა. ტრანსის გარდა ამ კომპილაციაში შეხვდებით ტექნოს, ემბიენთისა და Acid-ის ელემენტებსაც.

Saffron Soul – Tale

თბილისური indie-downtempo ბენდის, Saffron Soul-ის პირველი საჯარო გამოსვლა შარშან „ელექტრონავტების“ დაჯილდოების ცერემონიალზე მოხდა. მას შემდეგ ბენდმა აქტიურად იმუშავა და ივნისში სადებიუტო ალბომი „Tale”-იც გამოუშვა, სადაც ელექტრონული და აკუსტიკური ელემენტების საინტერესო სინთეზს შეხვდებით.

Luna Flowers/Sabana – Temple Pharmacy

ამ ალბომს ძალიან ბევრი დიდი ხნის განმავლობაში ელოდება - მაქსიმე მაჩაიძე Kayakata-ს პროექტის შემდეგ Luna Flowers-ის სახელის ქვეშ მოგვევლინა და რა თქმა უნდა, მასთან ერთად არის Sabana, The Beat Master. “Temple Pharmacy” 13 ტრეკისგან შედგება და თბილისის ქუჩებში სპირიტუალურ მოგზაურობას ჰგავს. ალბომი უფრო ფართო შემოქმედებითი სამყაროს ნაწილია, სადაც მუსიკალური ფორმების გარდა, გაერთიანებულია 7000-მდე NFT ავატარი, ტანსაცმლისა და სამკაულების ხაზი და მზარდი გლობალური კომუნა. „Temple Pharmacy“ ეს არის პორტალი პოსტ-სამოქალაქო სამყაროში Lulax. მხატვრულ თუ რეალურ სამყაროებს შორის კავშირით, “Temple Pharmacy” ცდილობს მოყვეს ისტორიები კომიქსების, ანიმაციების, ტანსაცმლის, წიგნებისა და მერჩის სხვა მედიუმების მეშვეობით, რომლის მთავარი ნაწილი კი NFT ავატრების კოლექციები იქნება, რათა ტოკენების მფლობელებს, ლიმიტირებულ კოლექციებზე პირველადი წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

RTNH - Resonant Echoes ( With Sub Accent And Pattern Remixes)

თბილისელი მუსიკოსი, რატი ბარამიძე მის მიერვე დაარსებულ ლეიბლზე Unheard Records კიდევ ერთ ჩანაწერს აქვეყნებს, Resonant Echoes პროდიუსერისთვის დამახასიათებელ ჰიპნოტური ტექნო გრუვების ჩანაწერებს მოიცავს და ასევე შესულია ორი უცხოელი არტისტის, Sub Accent-ის და Pattrn-ის რემიქსები.

Neux - All I Want

Neux ნატა ბერაძის პროექტია, რომელიც აქამდე ძირითადად ცნობილი იყო როგორც DJ და პროდიუსერი. ახალ კომპოზიციაში კი ნატამ როგორც ვოკალისტმაც მოსინჯა საკუთარი თავი. All I Want-ზე მუსიკალური ვიდეოსთვის თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ, JAMPROJECT-მა იზრუნა.

Gacha Bakradze – Pancakes

გაჩა ბაქრაძემ წელს კიდევ ერთი ალბომი დაუტოვა მსმენელს. Pancakes-ის დასახელება, ერთი მხრივ,

რიგითი მსმენელისთვის უმნიშვნელოა, თუმცა მუსიკოსისთვის ეს ცხოვრებისეული

ტრანსფორმაციის და მეტამორფოზის აღმნიშვნელია, რაც შვილთან კომუნიკაციას და მისთვის

დილაობით საუზმის მომზადებასთან ასოცირდება. მუსიკალურად გაჩა აგრძელებს წინა ალბომებში

აღებულ გეზს, თუმცა ამატებს ახალ ინგრედიენტებსაც.

Denivarlevy – Elevated Frequencies

Denivarlevy უკვე 3 წელზე მეტია რაც მუსიკას აქტიურად აკეთებეს და საკუთარ ანგარიშზე საკმაო

მონაგარიც აქვს - რამდენიმე ინსტრუმენტალური ალბომი, რომელიც მართალია სტანდარტულ Lo-fi

ჰიპ-ჰოპის მარაქაში შეიძლება გაერიოს, თუმცა მაინც გააჩნია თავისთვის დამახასიათებელი

მელოდიური ხაზი. Denivarlevy-ის ახალი ალბომი Elevated Frequencies უბრალოდ ლამაზი ბიტების

კრებული როდია. აღნიშნულ ჩანაწერში იგი მეგობრებთან, გიგი ჯანგულაშვილი (Gigilow) და

ნიკოლოზ სისაურთან (Sis9)-თან ერთად ცდილობს ამაღლებული სიხშირეებით მსმენელისთვის

ერთიანი ხმოვანი გამოცდილება შექმნას.

LUA - გოგო არ!

LUA ქეთათო ნერგაძის პროექტია, რომელიც მსმენელმა მშვიდი Jazz-Pop კომპოზიციებით გაიცნო.

თუმცა მისი ახალი სინგლი „გოგო არ!“ სრულიად სხვა დრაივის მქონეა. LUA-მ ახლახანს გოგონების

პანკ ბენდი ჩამოაყალიბა, რომლის ფარგლებშიც Tbilisi Open Air-ზეც გამოვიდა. სწორედ მუსიკალური

სახეცვლილების შემდეგ პირველი სინგლია „გოგო არ!“.

FH HF - The World Leaps | The Mold Speaks

ულამაზესი ემბიენთ ჩანაწერი ქართველი არტისტისგან, რომლის სინთეტური ბგერები იშვიათად კარგად

გამოხატავს და აღწერს ბუნებრივ მდგომარეობებს.

Mechanical Rainbow - I’ll wake up in flower fields

ქართული ბენდი Mechanical Rainbow, რომლის ნათელმა და ფერადმა მუსიკამ მალევე იპოვა მსმენელის გულში ადგილი, გულშემატკივრებს ახალი სიმღერითა და მუსიკალური ვიდეოთი

დაუბრუნდნენ.

Various Artists - კომპილაცია [BATRD02]

თბილისში დაფუძნებული ლეიბლი Batter Down რიგით მეორე კომპილაციაში თავს 4 ქართველ არტისტს უყრის - Toke, Mocongi, Audio Spacer და Ryeden - ყველანი განსხვავებულ ჟღერადობაში, ელექტრო, Acid, ტრანსი თუ ბრეიქი, მაგრამ ოთხივე ერთმნიშვნელოვნად “banger”-ებია.

SKAZZ – Egoist

ბენდი რომელიც ალბათ გასული წლისთვის ერთდროულად ყველას აღმოჩენა და სიყვარული გახდა ახალი მუსიკალური ვიდეოთი დაგვიბრუნდა, რომლის შემდეგაც ახალ ალბომზე მუშაობას იწყებენ. წარმატებები ვუსურვოთ SKAZZ-ს!

ავტორი: ჯაბა შავიშვილი