ედუფინი

ყველაფერი, რაც საპროცენტო განაკვეთის შესახებ უნდა იცოდეთ

საპროცენტო განაკვეთის შესახებ დისკუსია საზოგადოებაში მუდმივად მიმდინარეობს — ადამიანები ყოველდღე განიხილავენ იმას, თუ რამდენად მაღალი ან დაბალია საპროცენტო განაკვეთები სესხებსა თუ ანაბრებზე და როგორ უნდა შეიცვალოს ის. მიუხედავად ამისა, ცვლილება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ივლისი 01, 2021

საპროცენტო განაკვეთი კომპლექსური ფინანსური კონცეფციაა და ხშირად მის შესახებ არასწორი წარმოდგენები უჩნდებათ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე “საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელთან, ექსპერტ გიორგი კეპულაძესთან გვესაუბრა.

 

რას ნიშნავს საპროცენტო განაკვეთი? როგორ გამოითვლება ის? რას მივაქციოთ ყურადღება სესხის აღებისას და სად ვუშვებთ შეცდომებს? — ამ ყველაფერზე სწორედ ამ სტატიაში მოგიყვებით.

რა არის და რისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი?

საპროცენტო განაკვეთი ის ფასია, რასაც ჩვენ ვიხდით ფულში — ფულის სესხებაში. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.

 

მისი დადგენისას ითვალისწინებენ იმას, თუ რა უჯდება ბანკს ფული, რომელსაც მოიზიდავს (ამაში, ძირითადად, იგულისხმება ანაბარი და ეროვნული ან უცხოური ბანკისგან სესხი) და რა არის ამ ფულის ღირებულება. ამ ყველაფერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ემატება — რისკი. ფინანსურ სამყაროში სხვადასხვა სახის რისკი არსებობს — მაგალითად, ქვეყნის რისკი, საოპერაციო რისკი და ა.შ. ბოლოს კი ითვალისწინებენ ადმინისტრაციული ხარჯებსა და ბანკის მოგებას, რაც ჯამში შეადგენს საპროცენტო განაკვეთს სესხზე.

 

გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სესხსა და ანაბარს შორის საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობა, ე.წ. სპრედი მცირდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ რისკების ანალიზი უმჯობესდება და თავის მხრივ, საპროცენტო განაკვეთები იკლებს. თუმცა, მისი შემცირება მხოლოდ რისკზე არაა დამოკიდებული. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ქვეყნის ეკონომიკაში. 

ფოტო: Pixabay

“მაგალითად ახლა, პანდემიისას, ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა მოიმატა და ზოგადად, სესხები გაძვირდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ინფლაციის დონე მაღალია და ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. დღეს ბანკს ლარის რესურსი საშუალოდ 9 - 9.5% უჯდება, ამას შემდგომში ემატება ზემოხსენებული რისკი, ადმინისტრაციული ხარჯები, მოგება და ასე შემდეგ”, — აღნიშნავს გიორგი.

 

სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რისგან შედგება სასესხო პროცენტი და რას შევადაროთ ის.

 

რა არის ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირად ადამიანების დაბნეულობას იწვევს. მათ შორის განსხვავება კი შემდეგნაირია:

 

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ასახავს პროცენტს, რომელიც სესხის თანხას ერიცხება, თუმცა ის არ ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს.

 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი მოიცავს ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს და მასზე დამატებულ სესხის აღებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯს. ეს შეიძლება იყოს იპოთეკით დატვირთვის, ხელშეკრულების გაფორმების, სესხის გაცემის, ბანკომატიდან გადახდების ხარჯი, ასევე ის, თუ როგორაა სესხი დროში გადანაწილებული. ამგვარად, ყველა ხარჯს, რაც ახლავს სესხის აღებას და მომსახურებას, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აერთიანებს.

 

გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ რაც უფრო რისკიანია სესხი, მით უფრო დიდია სხვაობა ეფექტურსა და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის. მაგალითად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე ყველაზე დაბალია, რადგან ამ ტიპის სესხი, როგორც წესი, ნაკლებად პრობლემური ხდება.

 

ფოტო: Pexels

ვინ “აწესებს” საპროცენტო განაკვეთებს?

საპროცენტო განაკვეთებზე საზოგადოებაში არაერთი მითია დამკვიდრებული. მაგალითად, ხშირად გვსმენია, რომ ბანკები სპეციალურად აწესებენ მაღალ პროცენტებს, ან მთავრობა წყვეტს, რამდენ პროცენტში უნდა გაიცეს სესხი. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა.

 

გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ საპროცენტო განაკვეთის ხელოვნურად დაწესება შეუძლებელია, რადგან ის ეკონომიკური ვითარებას და სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკას ირეკლავს.

 

“ხშირად გვესმის დაპირებები პოლიტიკოსებისგან, რომ ისინი საპროცენტო განაკვეთს დაწევენ, თუმცა არათუ ერთს, არამედ ერთად აღებულ რამდენიმე პოლიტიკოსსაც არ შეუძლია ამის გაკეთება. ეს პოპულისტური განცხადებაა”, — ამბობს გიორგი.

 

კიდევ ერთი მითი, რომელსაც ხშირად მოვისმენთ ისაა, რომ ქვეყანაში მონოპოლიაა, რაც, ბუნებრივია, სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველოში 15 საბანკო დაწესებულება მოქმედებს, შესაბამისად, ერთი კომპანია არ წყვეტს იმას, თუ როგორი უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთი. ამბობენ იმასაც, თითქოს ბანკები ერთმანეთში მოილაპარაკებენ და ისე აწესებენ საპროცენტო განაკვეთის დონეს, რაც შეუძლებელია, რადგან მათ შორის კონკურენციაა. კონკურენცია კი, თავის მხრივ, აბალანსებს საპროცენტო განაკვეთის დონეს.

 

კიდევ ერთი შეცდომაა ის, რომ მომხმარებლები დეტალურად არ იკვლევენ საპროცენტო განაკვეთებს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩენენ, რომ ის მოსალოდნელზე მეტია, ფიქრობენ, თითქოს ფინანსურმა დაწესებულებამ მოატყუა. სინამდვილეში კი ისინი ხელშეკრულების დადებისას ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობას არ უკვირდებიან.

ფოტო: Pexels

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სესხის აღებისას?

სესხის აღებისას ყურადღება ხელშეკრულების ყველა პირობას უნდა მივაქციოთ. გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ აუცილებელია, კარგად შევაფასოთ საკუთარი გადახდისუნარიანობა მანამ, სანამ სესხს ავიღებთ, დავაკვირდეთ მის ვადას, თანხის რაოდენობას და რა თქმა უნდა, საპროცენტო განაკვეთს.

 

გიორგი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს: მისი თქმით, აუცილებელია, სწორად ავარჩიოთ ფინანსური დაწესებულება, რომლისგანაც სესხს ვიღებთ და შევადაროთ ალტერნატივები. “ყოველთვის სჯობს, სესხი აიღოთ ბანკიდან, რადგან ბანკს, მცირე ზომის ფინანსური დაწესებულებებისგან განსხვავებით, შეუძლია სესხი შედარებით დაბალ პროცენტში მოგცეთ”, — ამბობს ექსპერტი.

 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სწორად შეაფასოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მანამ, სანამ სესხს აიღებთ, კარგად განსაზღვროთ, როგორი შემოსავალი გაქვთ, რამდენად სტაბილურია ის და შეძლებთ თუ არა ვალდებულების დროულად დაფარვას. ამასთან, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, გაქვთ თუ არა რამდენიმე ვალდებულება სხვადასხვა ფინანსურ დაწესებულებაში, რადგან ეს სესხის გადაუხდელობის რისკებს ზრდის და შესაძლოა ბანკის მიერ ფულის გასესხებაზე უარის თქმის საფუძველიც გახდეს.

 

“ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა ის, რომ ბანკის ინტერესშია, გასცეს სესხი. თუ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ბანკი სესხზე უარს გეუბნებათ, ეს იმის მანიშნებელია, რომ სჯობს, სესხი საერთოდ აღარ აიღოთ არც სხვა ბანკიდან და არც სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან. თუ ბანკმა არ მოგცათ სესხი, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თქვენს გადახდისუნარიანობაში ან თქვენს შემოსავლებში პრობლემები დაინახა. შესაბამისად, რომ გქონდეთ საკმარისი შემოსავალი, უარს არ გეტყოდათ. ბანკი უკეთ აფასებს რისკებს”, — გვირჩევს გიორგი.

 

კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც ექსპერტი გვიზიარებს არის ის, რომ სესხი აიღოთ იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც შემოსავალი გერიცხებათ.

 

დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, უნდა წაიკითხოთ ხელშეკრულების ყველა პირობა დეტალურად. თუ რაიმე ტერმინი გაუგებარია, მოითხოვოთ მისი განმარტება, ხოლო თუ რომელიმე პირობის შესრულება შეუძლებლად გეჩვენებათ, უარი თქვათ სესხის აღებაზე.

 

 

რამდენად მაღალია ან დაბალი საპროცენტო განაკვეთი საქართველოში?

გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ აბსოლუტურ რიცხვებზე საუბარი ეკონომიკაში შეცდომაა, ამიტომ თუ ვამბობთ, რომ საპროცენტო განაკვეთი მაღალია, უნდა ვთქვათ ისიც, თუ რასთან შედარებითაა მაღალი.

 

“როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, საქართველოში მაღალია თუ დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ის რაღაც მონაცემებს უნდა შევადაროთ. თუ ვედრებით გერმანიას, შვეიცარიას ან აშშ-ს, ცხადია, იქ სხვანაირი პროცენტია. საქართველოს ეკონომიკა კი განსხვავებულია. ჩვენ ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ ევროპაში ერთ სულზე მშპ-ს განაწილებით, ამიტომაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენთან ფული იაფი ღირდეს და სესხები დაბალ პროცენტში იყოს ხელმისაწვდომი”, — ამბობს გიორგი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების დინამიკა დადებითი იყო. გიორგი ამბობს, რომ ის ყოველთვის მიჰყვება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

 

“მახსოვს იპოთეკურ სესხებზე ლარსა თუ უცხოურ ვალუტაში 24-30%-იანი განაკვეთი იყო, თუმცა დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოურ ვალუტაში იპოთეკურ სესხებზე ერთნიშნა საპროცენტო განაკვეთია. ამჟამად კი საპროცენტო განაკვეთების ზრდა გამოწვეულია პანდემიით, შესაბამისად, ინფლაციითა და ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით”, — გვიამბობს გიორგი.

 

და მაინც რასთან ან ვისთან შედარებითაა მაღალი ან დაბალი საპროცენტო განაკვეთი საქართველოში? — გიორგი კეპულაძის თქმით, თუ შევადარებთ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის, მაგალითად ბალტიის ქვეყნებს, იქ საპროცენტო განაკვეთი შედარებით დაბალია, თუმცა პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში საპროცენტო განაკვეთი მაღალი არ არის, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა ძირითადად ერთნაირი გვაქვს.

 

“ხშირ შემთხვევაში საზოგადოება ფიქრობს, რომ ვიღაც აწესებს საპროცენტო განაკვეთებს და ამით ცდილობს მათ გაღარიბებას, რაც ასე არ არის. საპროცენტო განაკვეთები ქვეყნის ეკონომიკური ვითარების მიხედვით იცვლება”, — ამბობს გიორგი.