თიბისი შენთვის

თიბისი დაზღვევა COVID19-ის რისკის ქვეშ მყოფი ექიმებისა და ექთნებისთვის 300 000 ლარს გამოყოფს

მარტი 27, 2020

ყველა ექიმი და ექთანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იბრძვის და საფრთხის ქვეშ აყენებს საკუთარ და ოჯახის ჯანმრთელობას, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, თიბისი დაზღვევისგან 10 000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას მიიღებს.


თიბისი დაზღვევის სპეციალური ფონდი პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში შეიქმნა და იმ ექიმების და ექთნებისთვისაა განკუთვნილი, ვინც სამედიცინო დაწესებულებებში უშუალოდ მკურნალობენ COVID-19-ით ინფიცირებულებს და პაციენტებთან მჭიდრო კავშირის გამო, თავადაც საფრთხის წინაშე დგანან. 



„არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი ექიმები - საკუთარი საქმის პროფესიონალი და გაბედული ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ. მიგვაჩნია, რომ მაღალი რისკის ზონაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს დღეს განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება - მათი როლი და ჩართულობა ფასდაუდებელია. სწორედ ამიტომ, ვუერთდებით COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებელ პროგრამას - #თიბისიშენთვის. პირველ ეტაპზე 300,000 ლარს გამოვყოფთ, თუმცა ჩვენი ინიციატივა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. ვაცნობიერებთ, რომ ექიმების დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ მომავალშიც კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ.“


ამბობს პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი



ვირუსის დადასტურებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, კომპენსაციის სისტემა სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე და საბუთების წარდგენისთანავე ამოქმედდება.


პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მისი მიზანია ვირუსის შედეგებით დაზარალებული ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება.