მუსიკა | ცა

ინდუსტრიული მუსიკა - ტრანსფორმაცია - ნაწილი 4

Tsa.Music

იანვარი 29, 2021

ტრანსფორმაცია

1976 - 81 წლები - სწორედ ეს დრო მიიჩნევა ინდუსტრიული მუსიკის პირველ ტალღად. წინა ბლოგებში ვისაუბრეთ ამ ქომიუნითის მნიშვნელოვან წევრებზე, ვინც დიდი როლი ითამაშა ამ კულტურის გაჩენასა და განვითარებაში. 

1981 წლის შემდეგ, ინდუსტრიული მუსიკა არ გამქრალა, პირიქით, ის ბევრად უფრო პოპულარული გახდა, მუსიკა კი - მეტად დახვეწილი.

ამასთან ერთად ინდუსტრიული მუსიკა შეერწყა უამრავ სხვა მიმართულებას და დღემდე აქტიურად განაგრძობს განვითარებას, თუმცა, პირველ ტალღასა და მის შემდგომ პერიოდს შორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა - ეს მისი სოციო კულტურული როლია.

თუ გუგლის საძიებო სისტემაში ამ კულტურის შესახებ ინფორმაციის მოძიებას გადაწყვეტთ, პირველი, რასაც იქ შეხვდებით, უამრავი ფოტოა,  სადაც პოსტ-აპოკალიპტური დიზაინის კოსტიუმებით, პოსტ-ატომური ომის ესთეტიკით და სტიმპანკის გავლენით შესრულებული ვიზუალური გაფორმებით შემოსილი ადამიანები პოზირებენ. ასევე, რეივ კულტურაში გავრცელებული ჩაცმულობის სტილიც ამ სივრციდან იღებს ინსპირაციას. მარტივად დავინახავთ, რომ ჩემ მიერ წინა ბლოგებში მოთხრობილი ისტორიები ნაკლებად გაგვახსენებს ამ მოცემულობას, მაშინ საიდან მოვიდა ეს ესთეტიკა და რატომ მიეწერება ის ინდუსტრიულ კულტურას?!

პასუხი ინდუსტრიული მუსიკის 1981 წლის შემდგომ განვითარებაშია. როგორც უკვე აღვნიშნე, 70-იანი წლების მეორე ნახევარში ამ კულტურის მთავარი ამოსავალი წერტილი ანდერგრაუნდში მყოფი მუსიკოსების გულწრფელი სოციალური პროტესტი იყო. მუსიკის ფორმაც და არტისტების ვიზუალიც არა გასაყიდ პროდუქტს, არამედ ცოცხალ, გულწრფელ მოვლენას წარმოაგდენდა. ისინი მათი ფილოსოფიით ყველაფრის დახლზე გამოტანას, შეფუთვას და გაყიდვას ეწინააღმდეგებოდნენ, პირველ რიგში კი, მუსიკის ამ ფორმით არსებობას.

პროტესტის ერთერთი მთავარი ინსპირაციაც დიდი მუსიკალური ლეიბლების მიერ მუსიკის კონტროლის მცდელობა იყო. 1981 წლამდე ეს მოძრაობა მშვენივრად ახერხებდა ამ საპროტესტო ხაზის შენარჩუნებას, თუმცა, წლების გასვლასთან ერთად, ისინი ნელ-ნელა გახდნენ იმ მუსიკალური ინდუსტრიის ნაწილნი, რომელსაც აქამდე ასე რადიკალურად ებრძოდნენ. რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები და როგორ წარიმართა ეს ტრანსფორმაცია?! 

ჯენეზის პი-ორიჯი და მისი ბენდი Throbbing Gristle, რომლის შესახებაც წინა ბლოგში ვისაუბრე, დიდწილად განაპირობებდა ამ მოძრაობის პოლიტიკას. სწორედ ის იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა და მის მიერ ახალ პროექტ Psychic TV-ს დაარსებამ და მის შინაგან მეში ახალი გზების გაღვიძებამ მისი, როგორც ინდუსტრიული ხელოვნების არტისტის როლი შეცვალა. მისი ბენდის წევრებმა ჩამოაყალიბეს ახალი მიმართულების პროექტები. უმეტესმა ჯგუფებმა კი, სხვა  ჟღერადობა იპოვნეს.

მაგალითად, იონას ალმქუისტის მიერ დაარსებული შვედური პროექტი - The Leather Nun, პირველი არაბრიტანული ბენდი იყო, რომელიც Industrial records-ზე გამოიცა, მისი ექსპერიმენტულ-როკ ესთეტიკის რიფებსა და ვოკალზე ორიენტირებული ინდუსტრიული საუნდი მალევე რიტმული გარაჟ როკისა და პოსტ პანკის ჟღერადობად გარდაიქმნა.

ავანგარდული სინთეზატორული ექსპერიმენტებით და თეიფ რექორდებით ცნობილი Cabaret Voltaire ვიდეო არტზე ორიენტირებულ საცეკვაო ინდუსტრიულ ელექტრო პოპად იქცა.

თუმცა, იყვნენ არტისტები და ბენდები, რომელთაც პირველყოფილი საუნდი შეინარჩუნეს და 80-იან წლებშიც ამ ჟღერადობაში გააგრძელეს კვლევა. S.P.K - გრეიმ რიველის და მისი მეგობრების პროექტი ავსტრალიიდან, ძალიან საინტერესო მუსიკითა და ფილოსოფიით.

ისინი დაინტერესებულები იყვნენ მეოცე საუკუნის ავანგარდული კომპოზიტორებითა და გერმანული ქრაუთროკით. განსაკუთრებული ინტერესით იკვლევდნენ დასავლეთ გერმანიის რადიკალი მარქსისტული გაერთიანების Socialist Patients Kollektiv-ის ბიოგრაფიას და სახელიც მათი ინსპირაციით დაირქვეს.

ამ ტრანსფორმაციებსაც ჰქონდა თავისი ლეგიტიმური მიზეზი. ამ მოძრაობის წევრების უმეტესობამ წლების გასვლასთან ერთად შეიძინა დიდი მუსიკალური გამოცდილებები და მათ პროგრესის ბუნებრივი მოთხოვნა გაუჩნდათ. ამასთან ერთად, სურდათ მათი ნაწარმოებები ფართო მასებისთვის გაეცნოთ.

წლების გასვლასთან ერთად გამოჩნდა, რომ უმეტესი მათგანი მაინც მუსიკოსად ჩამოყალიბდა და ეს რადიკალური პოლიტიკური პროტესტი მათი ასაკობრივი ემოციებისა და ნიჭიერების საერთო ნაზავი იყო. როდესაც დადგა საკითხი, რომ გაეგრძელებინათ თავიანთი კარიერა უფრო მეტად პოლიტიკურ აქტივისტებად თუ ხელოვანებად, მათ ეს უკანასკნელი აირჩიეს (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), ამიტომ ის ერთიანი შემკვრელი ძალა, რასაც ენთუზიასტური უკომპრომისობა ერქვა, დაიკარგა.

მართალია, ამ გაფანტულობამ მოკლა ინდუსტრიული მოძრაობა, როგორც რადიკალური სოციალური აქტივიზმი, მაგრამ  მუსიკოსებს ახალი ინდივიდუალური ჟღერადობების ძიების საშუალება მისცა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, 80-იან წლებში ეს ნოიზზე და ექსპერიმენტებზე ორიენტირებული კულტურა გადაიქცა ელექტრონულ საცეკვაო მუსიკად (იყვნენ ბენდები, რომლებმაც გოთიკის, პანკის და როკ ენ როლის მიმართულება აირჩიეს). თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, ეს სავსებით ბუნებრივად მოხდა, რადგან მათი შემოქმედების ამოსავალი წერტილი ელექტრონული მუსიკა იყო და, ამავდროულად, მასებისთვისაც მეტნაკლებად ახალ ხილს წარმოადგენდა (არ ვგულისხმობ აქამდე დიდი ხნის წინ არსებულ ელექტროაკუსტიკურ მუსიკას).

ინდუსტრიულ ელექტრონიკას კი თუ ავანგარდულობას, ნოიზსა და რადიკალიზმს ჩამოვაცილებთ და, ამასთანავე, გავაუმჯობესებთ საუნდს, ლოგიკურად მივიღებთ სწორედ იმ ჟღერადობას, რადაც ინდუსტრიული მუსიკა 80-იან წლებში იქცა.

ამ არტისტების 70-იანი წლების პოლიტიკური პროსტესტი კი ტრანსფორმირდა ცეკვაში და იმ ახალ რიტმულ მოძრაობებში, რომელიც დღეს უკვე ყველასთვის ნაცნობია.

ფაქტია, რომ ამ ტრანსფორმაციით ინდუსტრიულმა მუსიკამ დაკარგა, პირველ რიგში, დამოუკიდებლობა და ერთიანობა, შემდეგ კი უკომპრომისობა და რადიკალიზმი.

თუმცა, ამ დანაკარგის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ჟანრის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. გამოჩნდა უამრავი კოლაბორაციული პროექტები, ახალი ტალღის ჯგუფები ძალიან ბევრს ფიქრობდნენ თავიანთ პროდუქტებზე. კომპოზიციები გახდა ბევრად უფრო დახვეწილი, გაუმჯობესდა საუნდის ხარისხი, მუსიკოსებმა დაიწყეს აქტიური ზრუნვა თავიანთ ვიზუალურ მხარეზე და მალევე ინდუსტრიული მუსიკა ანდერგაუნდული პროტესტული ესთეტიკის მატარებელ, მაგრამ, მაინც ბაზარზე კარგად გასაყიდ პროდუქტად აქციეს.  ხელაღებით არ შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტალღის ჯგუფები არ ასოცირდებოდნენ სოციალურ კრიტიკასა და პროტესტთან, პირიქით, ისინი ხშირად აფიშირებდნენ ამ თემით, მაგრამ ეს ყველაფერი ერთგვარად უკანა პლანზე გადავიდა და მათთვის მთავარი უშუალოდ მუსიკა გახდა.

ავტორი: ქუჯი დავითულიანი