ლიტერატურა

ილია ჭავჭავაძის პოლიფონია

"საბა"

ნოემბერი 07, 2019


უცნაურად უნივერსალური კაცი იყო ილია ჭავჭავაძე, არაფრისგან - ყველაფრის შემქმნელი, თანამედროვე საქართველოს დამაარსებელი, დიახ, დიახ, ზუსტად ასე. ყველანი ვთანხმდებით ერთ რამეზე, მეცხრამეტე საუკუნეში რომ ილია ჭავჭავაძე არ გვყოლოდა, დღეს არ ვიქნებოდით. რომ არ გვყოლოდა კაცი, რომელმაც შექმნა მეცხრამეტე საუკუნე.


ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ქართველთა გათითოკაცებაზე, მამულის ცნების საკუთარ ეზო-კარამდე დავიწროებაზე, სხვისი ჭირის ჩხირად ქცევაზე, გულმხურვალე ადამიანთა ნაკლებობაზე წერდა, გააერთიანა საქართველო, დღემდე ასეა.


აი, დააკვირდით, ნებისმიერი კამათისას, ნებისმიერმა დაპირისპირებულმა ჯგუფმა, მემარჯვენეებმა თუ მემარცხენეებმა, ქართველობის დაკარგვის შიშით „შეწუხებულებმა“ თუ ამ შეწუხებულებით შეწუხებულებმა, ღრმად რელიგიურებმა და ათეისტებმა, ორმა სრულიად დაპირისპირებულმა მხარემ კამათისას არგუმენტად ილია ჭავჭავაძე შეიძლება მოიყვანოს.



ალბათ მას სულაც არ მოეწონებოდა ისეთი იდეების პროპაგანდისათვის იყენებენ ზოგჯერ, ისეთ კამათში და ისეთი არგუმენტებით დაიმოწმებენ , თუმცა, ერთი რამ ცხადია, ყველას თავისი ილია ჭავჭავაძე ჰყავს, ლიბერალი თუ წმინდანი, პოეტი თუ ბანკირი, კრიტიკოსი, მეღვინე, საზოგადო მოღვაწე, თუ უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ოლღა გურამიშვილს სასიყვარულო წერილებს სწერდა და ჯვარიც მალულად დაიწერა.



ილია ჭავჭავაძე ისეთივე მრავალმხრივი და პოლიფონიურია, როგორც ქართული სიმღერა, რომელზეც ერთ-ერთ თავის სტატიაში წერს:



„ქართული სიმღერა, გალობა, სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში მწყობრის ხმა ჰშველის წყობილ-სიტყვაობას და წყობილ-სიტყვაობა მწყობრს  ხმასა, რათა  მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თავისის გულის ძარღვისცემა. სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ჩვენებური “ზარი”, ეგ გლოვის მუსიკა, პოეზიასთან და-ძმასავით შეთვისხორცებული, იგივე სიმღერაა სევდა-მწუხარებისა, როგორც მაგალითებრ “მაყრული” – სიხარულისა და ბედნიერებისა, როგორც “ორ-პირი” – ვაჟკაცობისა, მედგრობისა და მხნეობისა”…


სიმღერა გულის-თქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე მთელი ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს… ამის გამო გულის-თქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზიაა, რომელსაც ლესსინგი მუსიკას ეძახის, იგივე ენაა, მხოლოდ ხორცთ-შეუსხმელი, სიტყვით არ-განსაზღვრული, სიტყვით არ-გამორკვეული, იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა, ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველება. ქართველი, როცა ჰკვნესის, სხვა-გვარად, სხვა ხმით, სხვა კილოთი ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი ან გერმანელი…


ერთის ერის სიმღერა რომ მეორეს მოეწონოს, უნდა მისთვის გასაგები იყოს, და რომ გასაგები იყოს, ისე უნდა შეაჩვიოს ყური, როგორც ენა-მეტყველობას…“



იქნებ ერთ დღესაც ილიამ მართლა გაგვაერთიანოს, ისე შეწყობილად, ერთმანეთის ხმისთვის ყურის დაგდებით აგვამღეროს, როგორც ეს ქართულ სიმღერაშია, რომელიც სხვის მოსმენას, სხვისი აზრის გათვალისწინებას, საერთო მიზნისკენ გეგმაზომიერ, თანადროულ სწრაფვას გვასწავლის.

 

იმას, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს და თამამად გამოთქვას იგი. (გურული სიმღერა, თავისი კრიმანჭულ-მოძახილიანად ამის საუკეთესო ილუსტრაციაა.) რომ ნებისმიერი ჩართულობა, აქტივობა მნიშვნელოვანია და მთავარია, მიუხედავად იმისა, პირველ ხმას მღერი თუ ბანს, პირველხარისხოვანია შენი როლი თუ არა. მნიშვნელოვანია გაცნობიერება, რომ საერთო საქმის კეთებისას იმაზე ფიქრი, რომ ვინმეს აჯობო, მიზანს დაგაშორებს და არც შედეგს წაადგება არაფრით. როდესაც რომელიმე მრავალხმიანი სიმღერის შესრულებისას ვინმე ცდილობს სხვებზე ხმამაღლა იმღეროს, პოლიფონიის საოცარი სრულყოფილება სადღაც იკარგება.


იქნებ, სწორედ ილია ჭავჭავაძე იყოს ის ჯადოსნური ლოტბარი?

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: https://saba.com.ge/