მუსიკა | ცა

იაპონია ტექნოლოგიური სასწაულების მიღმა

ოქტომბერი 01, 2019

60-იან წლებში მსოფლიო ტექნოლოგიური ბაზარი იაპონურმა პროდუქციამ დაიპყრო, სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან ერთად ხარისხიანი და მაღალგანვითარებული აუდიო სისტემები და სხვა მუსიკალური აპარატურა პირდაპირ ასოცირდებოდა იაპონურ ბრენდებთან. მაშინდელი პრემიერ მინისტრი ჰაიატო იკედა Hayato Ikeda,1960-1964 და მისი რეფორმები ამ ეკონომიკური სასწაულის მთავარი ავტორები გახლდნენ , თუმცა რა იმალებოდა სახელმწიფო ბიუროკრატიის მიღმა. როგორ გახდა ტექნოლოგიური გიგანტი ომის შემდგომი დეპრესიისა და იზოლაციის პირობებში აღმოჩენილი დამარცხებული ქვეყანა. როგორ გადაეჯაჭვა 50-60 იანი წლების ადგილობრივი კულტურა და ტექნოლოგიური განვითარება ერთმანეთს. ეს არის ისტორია ახალი  ტექნოკულტურული ეპოქის, ისტორიაში საუკეთესო ურთიერთ თანამშრომლობისა კულტურასა და კერძო სექტორს შორის.

Masaru Ibuka; Akio Morita

1946 წელს ტელეფონებისა და ხმის გამაძლიერებლების წარმოებისთვის ინჟინერმა მასარო იბუკამ და ფიზიკოსმა აკაო მორიტამ დაარსეს კომპანია Tokyo Tsushin Kogyo KK (Tokyo Telecommunications Engineering Corporation) ტოკიოს ტელეკომუნიკაციებისა და ინჟინერიის კორპორაცია. თავდაპირველად მათი მიზანი მხოლოდ სამთვრობო შეკვეთები გახლდათ, სასამართლო სხდომების გახმოვანება, თანამდებობის პირთა საჯარო გამოსვლების ჩაწერა და ზოგადად სახელმწიფო დაწესებულებების ტექნიკური მხარდაჭერა. მათ შექმნეს და შემდგომში გააუმჯობესეს პირველი იაპონური ხმის ჩამწერი მოწყობილობები. მათ შორის G-Type და Type H, პირველი მათგანი სტუდიური ხოლო უკანასკნელი კომპაქტური ვერსია იყო. 1954 წელს Tokyo Tsushin Kogyo KK მ შეიძინა უფლება იაპონიის მასშტაბით სამომხმარებლო ტექნიკის წარმოებაზე. ასე დაედო სათავე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კორპორაციის ახალ სიცოცხლეს. ამ მომენტიდან კომპანიას ეწოდა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი Sony.

ამავე დროს იაპონიაში არსებობდა სახელოვნებო გაერთიანება Jikken Kobo (experimental workshop), რომელიშიც ერთიანდებოდნენ მუსიკოსები, კინოსა და თეატრის რეჟისორები, პოეტები, მხატვრები. მათი ძირითადი მიზანი ექსპერიმენტული კულტურის განვითარება იყო. გაერთიანებაში სხვა არტისტებთან ერთად ექსპერიმენტირებდა იაპონური ავანგარდული მუსიკის პიონერი ტორუ ტაკემიცუ. სონიმ თავდაპირველად სწორედ მასთან ერთად დაიწყო ახალი ტექნოლოგიური ეპოქის გზების გაკვალვა. 

კომპანიამ დაიქირავა ტორუ, რათა მას ემუშავა სონის აუდიო აპარატურასთან, დაეტესტა ის გაყიდვაში ჩაშვებამდე და მიეწოდებინა მათთვის ის ახალი იდეები , რომლებიც თანამედროვე კომპოზიტორსა და მუსიკოსს ამ მიმართულებით გამოსადეგად მიაჩნდა. მას გადასცეს სონის მთელი სტუდია და ამ ტექნიკის გამოყენების ულიმიტო შესაძლებლობები. ერთი მხრივ, სონი იღებდა არსებული აპარატების შეფასებას და სამომავლო იდეებს, ხოლო მეორე მხრივ ტორუს საშუალება ეძლეოდა მისთვის სანუკვარი ექსპერიმენტებისთვის გამოეყენებინა თანამედროვე აპარატურასთან მუშაობის უიშვიათესი შესაძლებლობა. მასთან ერთად სტუდიაში მუდმივად იმყოფებოდნენ სონის ინჟინრები, რომლებიც მზად იყვნენ მისი ნებისმიერი სურვილი აესრულებინათ. მოგვიანებით სტუდია ხელმისაწვდომი გახდა ჯიკენ კობოს სხვა წევრებისთვისაც. რიგ შემთხვევებში სონი აფინანსებდა კიდეც ამ კომპოზიტორების საკონცერტო გამოსვლებსაც. 

Toru Takemitsu


კომპანიამ მათი მხარდაჭერა გააგრძელა 1960 წლამდე, შემდეგ კი ეს სტუდია სრულიად უსასყიდლოდ გადასცა Sogetsu Art Center-ს, რომელიც 60 იან წლებში ექსპერიმენტული ხელოვნების ერთერთი მთავარი ცენტრი იყო ტოკიოში.

სწორედ ამ ცენტრთან თანამშრომლობდა კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა თანამედროვე იპონური კულტურის კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა Takehisa kosugi.


თავდაპირველად ის NHK სტუდიასთან ერთად , გერმანული ელექტრონული სერიალიზმის მიმდევარი იყო ტოკიოში, თუმცა 60-იან წლებში მან გადაწყვიტა გათავისუფლებულიყო ამ ბორკილებისგან და შეექმნა ახალი იდეებით შთაგონებული პერფორმანსები. ასე დაარსდა Group Ongaku. კოსუგისთან ერთად ამ მოძრაობაში შედიოდნენ Toshi

Ichiyanagi (b. 1933), Yasunao Tone (b. 1937), and Yuji Takahashi (b. 1938). 

მათი ამოსავალი წერტილი გახდა თავისუფალი მუსიკალური იმპროვიზაცია, რომლის დროსაც ისინი იყენებდნენ ყველანაირ ინსტრუმენტსა თუ ხმას და აღარ ემორჩილებოდნენ რაიმე მუსიკალურ ჩარჩოს. ასევე მათ აზიურ საზოგადოებას პირველად გააცნეს ამერიკელი ავანგარდული მუსიკოსების ნამუშევრები John Cage, Christian Wolff, and Morton Feldman. ამ გამოსვლებმა კიდევ უფრო გააღვივეს ახალი ელექტრონული მუსიკის ინტერესი მომავალ თაობაში.

ამ გაერთიანებათა გარდა, აღსანიშნავია სტუდია NHK. ის კიოლნის სტუდიის ერთგვარი ანალოგი იყო კიოლნის სტუდიის და ძირითადად მათ გზას იმეორებდა. მეტიც, ჯგუფის წევრებმა დეტალურად გადათარგმნეს NWDR ის სტუდიის აპარატურის აღწერილობის და მუშაობის ინსტრუქცია და ამაზე დააფუძნეს თავაიანთის სტუდიის ფუნქციონირებაც. NHK-ს დამაარსებლებში შედიოდნენ პროდუსერები, ინჟინრები და კომპოზიტორები. მოგვიანებით მათ ჩვენთვის უკვე ნაცნობი ტაკემიცუც შეუერთდა. სტუდია საკმაოდ კარგად იყო აღჭურვილი, ისე, რომ ევროპელ კომპოზიტორებშიც დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. 


1950 იან წლებში NHK სტუდია იყო წამყვანი შესაძლებლობების ლაბორატორია ამ მუსიკალურ სივრცეში. სონისა და უკვე ცნობილ ჯიკენ კობოსთან ერთად მან აღზარდა ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორების გავლენიანი და ინტელექტუალური თაობა იაპონიაში. საჯარო კონცერტები, რადიო ლაივები და ამ სფეროში წარმოებული აქტივობები ხშირად ფინანსდებოდა ამ სტუდიების მიერ, რათა ეს მუსიკა გაეცნო ფართო საზოგადოებას, რასაც პრინციპში აკეთებდნენ RTF ( Radiodiffusion-Télévision Française )და WDR ( Westdeutscher Rundfunk ) თავიანთ ქვეყნებში.

1960 წლისთვის იაპონური აპარატურის მწარმოებელი ფირმები განვითარების ძალიან მაღალ დონეზე იდგნენ ხმის ჩამწერ მოწყობილობებში, მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და სხვა აუდიო ტექნიკაშიც. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არ იყო, რომ 1966 წელს იაპონიას ეწვია ამ სივრცის ერთ-ერთი მამამთავარი კარლჰაინზ შტოკჰაუზენი სპეციალურად იმისთვის, რომ NHK-ს სტუდიაში ამ აპარატურით შეექმნა ახალი ტიპის ნაწარმოები. ის ტოკიოს რადიო სტუდიაში 4 თვის განმავლობაში მუშაობდა და შექმნა კომპოზიცია: Telemusik.

მიუხედავად ყველა მცდელობისა, ეს მუსიკალური კულტურა არ იყო სახალხო და პოპულარული. ეს ბედი მეტნაკლებად თან ახლავს ექსპერიმენტული ხასიათის ხელოვნებას. თუმცა 70-იანი წლებიდან წამოვიდა ახალი მუსიკალური თაობა, რომლებიც აარსებდნენ თავიანთ სტუდიებს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად და ცდილობდნენ განვითარებას. სწორედ ამ თაობამ მიაღწია სერიოზულ წარმატებას ფართო საზოგადოებაში და გაიტანა ექსპერიმენტული და ელექტრონული მუსიკა ლაბორატორიის გარეთ. ამ ადმიანებმა შეძლეს ის, რომ შექმნეს დამოუკიდებელი დასავლეთისგან განსხვავებული ადგილობრივი სცენა, წინა თაობის არტისტები უნებურად მოექცნენ დასავლური კულტურის გავლენის ქვეშ, რადგან ელექტრონული და კონკრეტული მუსიკა წმინდად ევროპული მოვლენა გახლდათ. თუმცა მათი დადანაშაულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რადგან სწორედ ისინი იყვნენ მიზეზნი იმისა, რომ შემდეგი თაობა ბევრად უფრო თვითმყოფად მუსიკას ქმნიდა. ახალი იაპონური ელექტრონული მუსიკა მსოფლიოს გაეცნო 1970 წელს expo70-ზე, მსოფლიო მიღწევების გამოფენაზე, რომელიც ოსაკაში ჩატარდა . 

სწორედ ამ ყველაფრის შედეგი იყო შემდგომი თაობის იაპონელი კომპოზიტორების გამოჩენა: Takehisa Kosugi, Isao Tomita (b. 1932), Ryuichi Sakamoto (b. 1952), Tetsu Inoue (b. 1969), და უამრავი სხვა.

ავტორი: ქუჯი დავითულიანი