ლიტერატურა

იაკობ გოგებაშვილი

"საბა"

ოქტომბერი 25, 2019

დღევანდელ საქართველოში, როცა განათლებასთან დაკავშირებულ სიახლეებს თუ ცვლილებას შიშით ვუყურებთ, გვაფრთხობს ტექნოლოგიათა სიმრავლე და თეორიების მრავალფეროვნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების ღვაწლის გააზრება, როგორიც იყო იაკობ გოგებაშვილი.



იაკობ გოგებაშვილი პედაგოგიკის გარდა, მრავალ სფეროში განსაკუთრებული შესაძლებლობების, განათლებისა და უბადლო ინტუიციის მქონე ადამიანი იყო. პირველ ყოვლისა, ეს ლინგვისტიკას შეეხება. დედაენის მთავარი მარგალიტი „აი ია“, ფუნქციურობის გარდა, მნიშვნელოვან ლინგვისტურ თვისებას ატარებს. მასში წარმოდგენილია ქართული ენის ხმოვანთა სისტემის ფონეტიკური შესაძლებლობების ერთგვარი ანი და ჰოე, ყველაზე ღია და დახურული ხმოვანი და ამასთანავე, სინტაქსური ფუნქციის მქონე ყველაზე ლაკონური ფრაზა – წინადადება.


იაკობ გოგებაშვილის ლინგვისტური ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ყველა მხატვრული თუ სამეცნიერო ტექსტი, რომელშიც იგი პირდაპირ თუ ირიბად ეხება ენობრივ საკითხებს, დიდ გამოცდილებას ეფუძნება და შემთხვევითი სულაც არ არის.


ერთ-ერთი ასეთი მოთხრობაა „იავნანამ რა ჰქმნა“. ყველასთვის საყვარელი მხატვრული ამბავი მშობლიურ გარემოსა და მის დაკარგვას, მეხსიერებასა და საკუთარ სივრცეში დაბრუნებას ეხება. 


თუ სიუჟეტს გავცდებით, ნაწარმოებში მრავალი საინტერესო და აქტუალური პრობლემის გამოკვეთას შევძლებთ. მათ შორისაა, რამდენიმე ლინგვისტური საკითხიც. დღეს, გლობალიზაციის ხანაში ის პრობლემატიკა, რაც ამ მოთხრობაშია წამოჭრილი, განსაკუთრებით აქტუალურია. იძულებითი თუ ნებაყოფლობითი ცვლილებები, მათ შორის, ენობრივი ცვლილებები დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს, როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა საკუთარი იდენტობა უცხო მხარეში, როგორ უნდა გაიხსენოს „იავნანა“, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი ქვეყნის თუ მსოფლიოს მოქალაქე.F


გოგებაშვილისთვის განათლების როლი ადამიანის ჩამოყალიბების თუ ქვეყნის განვითარების პროცესში პრიორიტეტული იყო, ამიტომაც იყო მისი „დედაენა“ რეფორმატორული, ინდივიდუალური სწავლების მიდგომები, რაც დღეს ასე აქტუალურია, მნიშვნელოვანი იყო მისი საგანმანათლებლო მოძღვრებისათვის, ამიტომაც გამარტივდა მისი სახელმძღვანელოს ლექსიკა, თემატურად მრავალფეროვანი და, დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ბენეფიციარებზე მორგებული გახდა.


ცალკე აღნიშვნის საკითხია გოგებაშვილის სხვა სასწავლო ანთოლოგიები და სახელმძღვანელოები, როგორიცაა „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876). ეს ინტერდისციპლინური, მრავალ ინტერესსა და ბავშვურ ცნობისმოყვარეობას მორგებული წიგნები დღესაც არ კარგავენ სიახლის ელფერს.


იაკობ გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის სათავეებთან დგას, ქართულ ფოლკლორსა და საქართველოს ისტორიაზე დაფუძნებული მისი საბავშვო ტექსტები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მკითხველთა უნარების განვითარებაზეა გათვლილი.



ალბათ ოდესმე მოვახერხებთ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მოღვაწეობის მასშტაბისა და მნიშვნელობის გააზრებას. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების საქართველო ამ ორგანიზაციის საქმეებზე დგას, არავინ იცის, ამ სახელების გარეშე, როგორი იქნებოდა ან საერთოდ, იქნებოდა თუ არა საქართველო დღეს.

იაკობ გოგებაშვილს არც თავისი დრო, არც გამოცდილება, არც სახსრები არ ენანებოდა ქართული განათლების უდიდესი საქმისთვის, ის მატერიალურად ეხმარებოდა ხელმოკლე მოსწავლეებსა და სტუდენტებს, მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მთელი თავისი ქონება „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა.

რაც მთავარია, საქართველოს გადასცა თავისი სული, რომელიც ყველაზე მარტივ და გენიალურ ენობრივ ფორმულაში, „აი იაში ხმიანდება“ და მარადიულად ცოცხალია მანამ, სანამ კიდევ არსებობს თუნდაც ერთი ბავშვი, რომელიც ქართულ ენაზე წერისა და კითხვის სწავლას იწყებს...


გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: https://saba.com.ge/