ედუფინი

რატომ გვჭირდება დაზღვევა და როგორ შევარჩიოთ ის

დაზღვევა ერთ-ერთი საუკეთესო რამაა იმისათვის, რომ ცხოვრებაში ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღება მივაქციოთ და არ ვიღელვოთ მოულოდნელობებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებისეულ გეზს შეცვლის. ასეთი მოულოდნელობები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უსიამოვნო შემთხვევები, პირდაპირი მნიშვნელობით, ძვირი გვიჯდება, ამიტომაც უნდა გვქონდეს დაზღვევა, რომელიც ამ ხარჯებს საჭირო დროს, ფაქტობრივად, ჩვენ ნაცვლად გაწევს. როცა სამედიცინო ხარჯები, გამოწერილი მედიკამენტები თუ ავტომობილთან დაკავშირებული უსიამოვნებები ფინანსურად გვაწვება, დაზღვევა ყოველთვის ამსუბუქებს მას და ცხოვრების რიტმის შენარჩუნებაში გვეხმარება. როგორ?

აგვისტო 06, 2021

ფოტო: Adrianna Calvo / Pexels

ჩვენ მოგიყვებით, როგორ მუშაობს დაზღვევა, რომელია დაზღვევის ყველაზე გავრცელებული ტიპები და რატომაა დაზღვევა სასარგებლო.

 

როგორ მუშაობს დაზღვევა?


როგორც უკვე ვახსენეთ, დაზღვევის მთავარი მიზანია, დაიცვას ადამიანები ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნო შემთხვევებისგან, როგორებიცაა ბუნებრივი კატასტროფები, ავტოავარიები, ავადმყოფობა თუ სხვა.

 

დაზღვევა მსგავსი რისკების მქონე ბევრი ადამიანისგან აგროვებს ფულად რესურსებს და საჭირო მომენტში იცავს იმას, ვინც რეალურად დგება ამა თუ იმ რისკის ქვეშ. როცა იღებ სადაზღვევო პოლისს და ყოველთვიურად ფულს იხდი მასში, შენ ამ საერთო რესურსების კონტრიბუტორი ხდები. და თუ შენი ქონება შემთხვევით დაზიანდა, მოიპარეს, დაიკარგა, ან ჯანმრთელობა გაგიუარესდა და შესაბამისი სადაზღვევო პოლისი უკვე გაქვს, შეგიძლია მოითხოვო ანაზღაურება ამ საერთო რესურსიდან და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდე.

 

შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ არასდროს დაგჭირდეს რაიმე სახის ზიანის ანაზღაურება, თუმცა დასაზღვევო კომპანია პირობას გაძლევს რომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ლიმიტების გათვალისწინებით, ანაზღაურების მოთხოვნისას ზიანს სრულად ან ნაწილობრივ დაფარავს.

 

ყველა პოლისი ერთმანეთისგან განსხვავდება და ზოგჯერ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს, ამიტომ აუცილებელია, ხელშეკრულების დადებამდე ყველა პუნქტი გულდასმით წაიკითხო.

ფოტო: Welpmagazine

დაზღვევის რა ტიპებს ვიცნობთ?


ჯანმრთელობის დაზღვევა სრულად ან ნაწილობრივ ფარავს ხარჯებს, რომლებიც ავადმყოფობის, სხეულის დაზიანების ან შეზღუდული შესაძლებლობებისას ჩნდება.

 

სიცოცხლის დაზღვევა შენი ოჯახის და საყვარელი ადამიანების ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში გეხმარება მას შემდეგ, როცა ბუნებრივი ან უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვლები.

 

ქონების დაზღვევა გიცავს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, რომლებიც შენს საკუთრებაში მყოფ სახლს ემუქრება. მაგალითად, ქონების დაზღვევით გინაზღაურდება ხანძრის, გაყვანილობის დაზიანების, სტიქიური უბედურების და სხვა შემთხვევების შედეგად მოყენებული ზარალი.

 

ავტომობილის დაზღვევა გინაზღაურებს ავტოსაგზაო შემთხვევისას, სტიქიური მოვლენებისგან, ქურდობისგან თუ სხვა უსიამოვნო შემთხვევებისას მიყენებული ზარალის ხარჯებს, ზოგიერთ შემთხვევაში ფარავს იმ შემთხვევებსაც, თუ ზიანი მესამე პირს მიადგა.

 

სამოგზაურო დაზღვევა ფარავს სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ამბულატორიულ, სტაციონარულ თუ სტომატოლოგიურ მომსახურებას, რეპატრიაციას და ზოგ შემთხვევაში ბარგის დაკარგვის ხარჯებსაც კი.

 

ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს შემოსავლის დაზღვევაც, რომელიც მას შემდეგ იწყებს მოქმედებას, როცა მუშაობას ვეღარ შეძლებ.

 

ეს, რა თქმა უნდა, დაზღვევის ტიპების სრული ჩამონათვალი არაა. სხვადასხვა ქვეყნის თუ კომპანიის მიხედვით განსხვავდება დაზღვევის სახეობები, სერვისები თუ პირობები. მაგალითად, შესაძლოა შეხვდე ხანძრისგან ან ონკოლოგიური დაავადებებისგან დაზღვევას და სხვას.

ფოტო: CG Finance

როდის დავიწყოთ დაზღვევაზე ფიქრი?

 

რაც მალე — უკეთესი! საუკეთესო დრო დაზღვევის ასაღებად პირველივე ხელფასია. კომპანიების დიდი ნაწილი თავად ფარავს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს, თუმცა თუ შენი დამსაქმებელი მათ შორის არ შედის, სჯობს ახლავე დაიწყო დაზღვევაზე ფიქრი. რაც მთავარია, სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა ცდილობს, ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს მოარგოს პოლისები და მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს მომხმარებლებს, ხოლო პოლისების პირობების ცვლილება როგორც წესი, ნებისმიერ დროს შესაძლებელია. ასე რომ, რაც უფრო მალე შეუერთდები დაზღვეულთა სიას, მით უფრო მშვიდად იქნები მომავალში.

 

რომელი ტიპის დაზღვევა შევიძინოთ?


პირველ რიგში ჯანმრთელობის დაზღვევაზე უნდა დაიწყო ფიქრი, რადგან ის მნიშვნელოვნად ამცირებს გეგმური შემოწმების თუ გადაუდებელი საჭიროებებისას სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. მათ შორის შეიძლება იყოს ქირურგიული ხარჯები, უბედური შემთხვევებისას მიღებული დაზიანებების მკურნალობა, ჰოსპიტალიზაცია და სხვა.

 

მეორე ნაბიჯია, შეარჩიო სხვა სახის დაზღვევა შენი შემოსავლის და ქონების გათვალისწინებით — მაგალითად, თუ ავტომობილი გყავს, მოძებნო ავტოდაზღვევის ოპტიმალური ტიპი, დააზღვიო სახლი, ოჯახის სხვა წევრები, სიცოცხლე და ა.შ.

 

ამ პროცესში აუცილებელია გაითვალისწინო ისიც, თუ რა ასაკის ხარ, როგორია შენი ბიუჯეტი და რისი მიღწევა გსურს. თუ შენზე მორგებული პირობებით სადაზღვეო პოლისი ჯერ ვერ იპოვე, გაესაუბრე კომპანიებს, რადგან ისინი მალევე ამოიცნობენ, რა ტიპის დაზღვევა ესადაგება შენს საჭიროებებს.

ფოტო: USwitch

რატომაა დაზღვევა სასარგებლო?


გიცავს შენც და შენს ოჯახსაც


ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ოჯახს ფინანსურად შენ უზრუნველყოფ, ყოველგვარი მოულოდნელობისგან და გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან მათი დაცვა პრიორიტეტული უნდა იყოს, ამიტომ დაზღვევა კარგი გამოსავალია.

 

რთულ პერიოდებს ნაკლები სტრესით გადაიტან


მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია და მოულოდნელობებისგან დაცული არავინაა, თანაც ავადმყოფობა, უბედური შემთხვევები, ავარია თუ სხვა რამ ნებისმიერი ადამიანისთვის რთულად გადასატანი და ემოციურად დამთრგუნველია. ამიტომაც როცა ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ქონების თუ ავტოდაზღვევა გაქვს, შენი და შენი ოჯახის ფინანსური სტრესი უფრო შემსუბუქებულია და საშუალება გაქვს, რეაბილიტაციასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე უფრო აქტიურად იზრუნო.

 

შეძლებ ფინანსურად დაცული იყო


მნიშვნელობა არ აქვს, როგორია შენი ფინანსური მდგომარეობა ახლა, მოულოდნელმა შემთხვევამ ის ნებისმიერ წუთს შეიძლება შეცვალოს. დაზღვევის მიერ ანაზღაურებული თანხის დახმარებით ეს მოულოდნელობა ნაკლებად შეგაწუხებს და წინსვლის საშუალებას მოგცემს.

 

იცხოვრებ მშვიდად


შენს ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას ფული ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა, როცა დაზღვეული ხარ, მშვიდად შეგიძლია იყო მაშინაც კი, თუ რაიმე უსიამოვნება მოხდება. ეს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევაზე არ ვრცელდება — სიმშვიდეს ისიც მოგგვრის, როცა აზღვევ ბიზნესს, საქმიანობას, რომელიც მუდმივად რისკებთან და არაპროგნოზირებად ცვლილებებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, თუ შენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დანადგარი ან ხელსაწყო გაფუჭდება, დაზღვევის დახმარებით საქმიანობის მშვიდად, უწყვეტად გაგრძელების საშუალება გექნება.

 

ასე რომ, უფრო სიმშვიდისა და უზრუნველი ცხოვრებისთვის დაზღვევა აუცილებლად დაგჭირდება. გადახედე შენს ფინანსურ მდგომარეობასა და ცხოვრებისეულ საჭიროებებს და დააზღვიე მომავალი.