მუსიკა | ცა თაობა

მუსიკის ჰონტოლოგია 007 - თავისუფალი ჯაზი

Tsa.Music

აპრილი 06, 2021

თანამედროვე მუსიკის ლანდშაფტზე უკვე ძალიან გაჭირდა ჯაზის პოზიციონირება, ისიც კი გაუგებარია, თუ რა მუსიკას შეიძლება, რომ დღეს ჯაზი დავუძახოთ.

ჯაზმა საკმაოდ მოხერხებულად შეითვისა უცხო ჟანრული ინექციები და ახალ ჰიპოსტასებში ისეთი ტრანსფორმციები განიცადა, რომ „ავთენტური ჯაზის“ პოვნა უკვე რთული ხდება ახალ ჯაზში. 

ვფიქრობ, საუნდი მაინც მთავარია, რათა მუსიკას ჯაზი დავუძახოთ და პლუს, რა თქმა უნდა, იმპროვიზაცია. სწორედ იმპროვიზაციაა ჯაზის მაგია, სიღრმე და ინტელექტუალური კოდი. იმპროვიზაცია მუსიკაში არ არის მხოლოდ ჯაზის მონაპოვარი, მაგრამ სწორედ ჯაზის მეშვეობით შეიჭრა ის სხვა მუსიკალურ ტერიტორიებზე, იქნება ეს როკი, პოპი, ჰიპ ჰოპი თუ ელქტრონიკა. 

მაგრამ იმპროვიზაციის მეთოდებიც განსხვავებულია და იმპროვიზაციის ის მეთოდი, რომელიც დღემდე ყველაზე აქტუალურია, ე.წ. ექსპერიმენტულ-პროგრესული, მუსიკაში უმთავრესად ეყრდნობა ე.წ. თავისუფალი იმპროვიზაციის პრინციპს, რომელიც თავის მხრივ, ე.წ. თავისუფალი ჯაზის (Free Jazz) პირმშოა, შესაბამისად, თავისუფალი ჯაზი სხვა ჯაზ მიმართულებებისგან განსხვავებით, არ მოძველებულა, ამიტომაც არ იქნება ურიგო, თუ ცოტას ვისაუბრებთ თავისუფალ ჯაზზე. 

წინასწარ უნდა ითქვას, რომ ეს იმდენად რთული თემაა, მასზე ანალიტიკური საუბარი განსწავლულ სპეციალისტებსაც კი უჭირთ და დღემდე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს აღძრავს. თავისუფალი ჯაზის ღირსებას ბევრი ცნობილი ჯაზმენიც კი ეჭვქვეშ აყენებდა და აყენებს, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ის ასპექტი, თუ როგორ აირეკლა „თავისუფალი ჯაზის“ გავლენა სხვადასხვა მუსიკალური ტერიტორიების დასერიოზულება - ევოლუციაში.  

50-იანების მიწურულს ჯაზი ძალიან გართულდა და, შესაბამისად, გაელიტურდა. მასზე უკვე აკადემიური მუსიკათმცოდნეები და თეორიტიკოსები წერდნენ. ჯაზმენები, ბლუზის გარდა, ინსპირაციას უკვე კლასიკურ მოდერნიზმშიც ეძებდნენ.

მათი მუსიკა ჰარმონიულად ისე რთულდებოდა, რომ  მხოლოდ ვირტუოზობა აღარ იყო საკმარისი მუსიკოსებისთვის, საჭირო იყო ინტელექტის გაღრმავება და არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ ზოგად შემცნებითიც.

ფაქტიურად, ჯაზმა განიცადა განვითარების ის ეტაპები, რაც ზოგადად მუსიკალურმა ხელოვნებამ განიცადა, კლასიკური პერიოდიდან (ბიგ ბენდები, სვინგი), მოდერნისტულამდე (ბი ბოპი), გარკევეული იდიომატური გადახრებით (ქულ ჯაზი, პოსტ ბოპი,მოდალური ჯაზი) და აი, ჯერი დადგა ჯაზ ავანგარდისთვისაც - ასეც შეგვიძლია მოვიხსენიოთ თავისუფალი ჯაზი. 

თავისუფალ ჯაზამდე ჯაზ ნაწარმოების ფაბულა სტილისტური განსხვავების მიუხედავად, ერთმანეთის იდენტური იყო - უკვე არსებული მუსიკალური სტანდარტი, ან ახალი თემა, რომელიც ეყრდნობა ჯაზ აკორდებად ცნობილ პროგრესიებს და შემდეგ ამ საბაზისო აკორდებზე დაყრდნობით სოლისტი იწყებს იმპროვიზაციას, უმთავრესად საქსოფონზე, საყვირზე, ფორტეპიანოზე. როცა ერთი ინსტრუმენტი სოლირებს, დანარჩენი ბენდი გვევლინება როგორც აკომპანიატორი, ანდაც სდუმს.  

კონტრაბასი და დრამი მუშაობს რიტმული ბაზის გამყარებაზე, თუმცა გარკვეულ მომენტებში თავადაც სოლირებენ. ეს სქემა თითქმის ყოველთვის გაწერილი იყო, ანუ იმპროვიზაციის თავისუფლებაც იყო სქემის ნაწილი. თავისუფალმა ჯაზმა სხვა კონცეფცია შემოაგდო - არ არის აუცილებელი საბაზისო მუსიკალური თემა ან სტანდარტი, შესაბამისად, არც საიმპროვიზაციოდ 

გამზადებული საყრდენი აკორდები, დრამი-ბასი აღარ წარმოადგენს მხოლოდ რიტმ სექციას და აღარც სოლისტის აკომპანიატორია დანარჩენი ბენდი. ყველა სოლირებს, ხშირად პარალელურ რეჟიმშიც, აკორდები დისონანსურია, ტონალობის მიღმა, ნოტების კორიანტელი, რომელიც კლასიკური ჰარმონიის მიხედვით, ერთმანეთთან ლოგიკურ ბმაში არ არის.

რა თქმა უნდა, ძველი მეთოდით მუზიცირებაც არ იყო იგნორირებული, ამიტომაც ერქვა ამ ჯაზს თავისუფალი, მაგრამ ასეთ დროს ხდებოდა აკუსტიკური რეალობის რადიკალიზაცია. ბგერები, განსაკუთრებით სასულე ინსტრუმენტების, ხშირად ტემბრალურად „მახინჯდებოდა“, „სტვენაშიც“ გადადიოდა, ფრაზირება მეტყველებას ემსაგვესობოდა. 

ჯაზი, როგორც „საუნდი“ - აი, რა მოიტანა თავისუფალმა ჯაზმა. 

ქაოსით მოუხელთებელი ჰარმონიის მიღწევა - აი, რა იყო ამ მუსიკოსებისთვის მთავარი გამოწვევა, რაც ცოტა ძნელი ასახსნელი იყო თეორიის ენაზე. „ჰარმოლოდიკა“ - ასე უწოდა საკუთარ მუსიკალურ ფილოსოფიას თავისუფალი ჯაზის ნათლიამ, ორნეტ კოულმენმა, თუ რას ნიშნავს ეს, დღემდე ბევრისთვის გაუგებარია. ძველ ჯაზთან შედარებით, თავისუფალი ჯაზი არაადეკვატურად ჟღერდა. ალბომ მანიფესტში Free Jazz, ორნეტ კოულმენის და ერიკ დოლფის ბენდები პარალელურად უკრავენ. თუ დავანაწევრებთ, ერთი შეხედვით ახალს არაფერს უკრავენ, მაგრამ ის მომენტი, რომ წინასწარ არაა შეთანხმებული, თუ ვინ რას და როგორ დაუკრავს, უზრუნველყოფს კოლექტიური იმპროვიზაციის სრულ თავისუფლებას, რაც სრულიად არაპროგნოზირებადს ხდის მუსიკის ნაკადის ტრაექტორიას. 

ეს არის უსცენარო მუსიკა, აი, როგორც ექსპერიმენტულ ფილმებში, სადაც ზოგადი კონცეფცია და კადრებს შორის მყისიერი ბმაა მნიშვნელოვანი და არა სიუჟეტური კვანძის გახსნა, სადაც სხვასდასხვა სიუჟეტური ხაზი ხან იკვეთება, ხან ცილდება, ხან კიდევ ეჯახება ერთმანეთს. 

თავისუფალი ჯაზი იდეალურად ჯდებოდა იმ ეპოქის არტ ავანგარდში. შემთხვევითი არ არის, რომ Free Jazz-ის გარეკანს აბსტრაქტული ექსპრესიონისტი მხატვრის, ჯექსონ პოლოკის ნახატი ამშვენებს. აი, როგორც პოლოკი ისროდა საღებავებს ტილოზე, სწორედ ისე ისროდნენ თავისუფალი ჯაზმენები ნოტებს იმპროვიზირების დროს. 

უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ისიც, რომ თავისუფალ ჯაზს საოცრად ექსპანსიური, მძაფრი, კონფლიქტური და ხშირად, ისტერიული ხასიათიც კი გააჩნდა. ფაქტიურად, ეს იყო პირველი ჯაზ კონტროვერსია, ნამდვილი ანდერგრაუნდი, რომლისთვისაც ადგილი რესპექტაბელურ ჯაზ კლბუბებში ჯერ არ მოიძებნებოდა.

60-იანები უკვე მძვინვარებდა პოლიტიკურად, სოციალურად, კულტურულად და ახლგაზრდულად. თავისუფალი ჯაზი ამ კონტექსტსაც იდეალურად ერგებოდა და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ მეინსთრიმ ჯაზ-საზოგადოებისგან განსხვავებით, მათი უპირობო თაყვანისმცემლები, სწორედ ახალ ფსიქოდელიურ როკ სამყაროში გაჩნდნენ. თავისუფალი ჯაზი კონტრკულტურულ ფენომენად აღიქმებოდა, როკ ექსპერიმენტატორებისთვის ინსპირაციის წყაროდაც გადაიქცა  და ვინ იცის, რომ არა მოავანგარდო როკ ტუსოვკის და არაკომერციული მცირე ლეიბლის ESP-Disk-ის ენთუზიაზმი, როგორ განვითარდებოდა ჯაზ ავანგარდის და მისი საკულტო წარმომადგენლების ბედ იღბალი. 

სხვათა შორის, მათ მიმართ ინტერესი მოგვიანებით პანკ რევოლუციის დროსაც არ განელებულა და ეს ყველაფერი არაა შემთხვევითი. ის მეამბოხე სულისკვეთება და უკომპრომისობა, რაც ხშირად იკვეთება ამა თუ იმ მუსიკაში, გააზრებული სახით სწორედ  თავისუფალ ავანგარდულ ჯაზში გაცხადდა პირველად. დღეს ავანგარდ ჯაზმენების გარეშე, საერთოდ წარმოუდგენელია თანამედროვე პროგრესული  მუსიკა.

ორნეტ კოულმენი უკვე ვახსენეთ. ჯონ კოლტრეინი - თეორეტიკოსები მის მუსიკას ჰარმონიულად უფრო გართულებულ მოდალურ ჯაზს ეძახიან, თუმცა მისი ბოლო ნამუშევრები იმდენად რადიკალურად ჟღერს, რომ ნებისმიერ ავანგარდს მისცემს ფორას, მისი ინტუიცია, ოსტატობა, სულიერი ძიებები და მგზნებარება, სულ სხვა განზომილებას სძენს მის მუსიკას და ამიტომაცაა, რომ კოლტრეინი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ჯაზის მიღმა მუსიკალურ სამყაროშიც. 

მიუხედავად ხანმოკლე კარიერისა, სწორედ საქსოფონისტი ალბერტ აილერის შემოქმედება გახდა უმნიშვნელოვანესი არტ პანკ მუსიკოსებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ, დაენგრიათ სტანდარტული როკ ფორმატი და გადაჭრილიყვნენ რადიკალურ ტერიტორიებზე. აილერის შეუპოვარი, პირველყოფილ-ინსტინქტური, ხშირად მოუთოკავი დაკვრის მანერა, ჯაზ პურისტებს არ მოსწონდათ და მას აიგნორირებდნენ. ის ისე გარდაიცვალა ადრეულ ასაკში, რომ სათანადო დაფასება არ ღირსებია.  

კიდევ ერთი ბუმბერაზი ფიგურა, San Ra და მისი „არკესტრა“. ბევრი მას ფსიქოდელიური მუსიკის ნათლიადაც მოიხსენიებს. მისი ადრეული სტუდიური ჩანაწერების ნაწილი იმ დროისთვის სრულიად არაადეკვატურად ჟღერს: მიკროფონების არასწორი განლაგება და შესაბამისად, საუნდ ბალანსის დარღვევა, ღია ცის ქვეშ სტუდიური ჩანაწერების გაკეთება, მიკროფონის არასწორად მიერთება და მიღებული დეფექტური ექო ეფექტები, რაც მისთვის კოსმიური ნიშანი იყო. San Ra საკუთარ თავს სატურნიდან დედამიწაზე გამოგზავნილად თვლიდა და ორკესტრშიც მხოლოდ ისინი აყავდა, რომლებიც მზად იყვნენ, მასთან ერთად კოსმიური მოგზაურობებისთვის. ფაქტიურად, კოსმიური, მისტიური უტოპიზმის დანერგვა თანამედროვე მუსიკაში სწორედ San Ra-ს უკავშირდება. პლუს, ის იყო პირველი ჯაზმენი, ვინც ჯერ კიდევ 60-იანებში აქტიურად დაიწყო Moog სინთეზატორის გამოყენება საკუთარ იმპროვიზაციულ კომპოზიციებში.

პირველი პოსტ მოდერნული გაელვებაც მუსიკაში სწორედ თავისუფალი ჯაზიდან მოდის. Art Ensemble of Chicago - მათი მუსიკა, ეს იყო რაღაც აკუსტიკური (და ვიზუალურიც) პერფორმანსი, სადაც სახეზეა მანამდე არსებული ყველა ჯაზ იდიომის დეკონსტრუქცია და თავიდან აწყობა, ოღონდ უკვე სრულიად განსხვავებული, „არაადეკვატურად“ ირონიულ ექსცენტრულად აწყობილი, რომელმაც ისე დააბნია ამერიკული აუდიტორია, რომ ვერ მოახერხა საკუთარი დამოკიდებულების გამჟღავნება. ბენდი საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც ნამდვილი ავანგარდული ტრიუმფი ხვდა წილად, მათ ჯაზს თითქოს დაუბრუნეს ის აფრიკული კოდები და ხასიათი, რომელიც უკვე მიჩქმალული იყო. სწორედ ამაში იყო ამ ბენდის ხიბლი და ინტრიგა საწყის ეტაპზე.   

ევროპამ საკმაოდ სწრაფად აითვისა თავისუფალი ჯაზი და გაცილებით უფრო ეფექტურადაც, ვიდრე სხვა ჯაზური იდიომები. ამ მხრივ განსაკუთრებით გაიფურჩქნა დასავლეთ ბერლინი, სადაც თავისუფალი ჯაზი, უკვე  საბოლოოდ ტრანსფორმირდა ავანგარდულ ჯაზად, ანდაც „თავისუფალ იმპროვიზაციულ მუსიკად.“ რატომ სწორედ  დასავლეთ ბერლინი?  იმიტომ, რომ ეს ქალაქი იყო კონტრკულტურის და რადიკალიზმის მთავარი კერა მაშინ ევროპაში, როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული თვალსაზრისით. არანაირი კომპრომისი და კოჰაბიტაცია მეინსთრიმს და ანდერგრაუნდს შორის მაშინ ბერლინში არ იყო, პლუს ეკონომიურად უზრუნვეყოფილ, ახალგაზრდა არტისტებს, ლუკმა პური არ უჭირდათ და შემოქმედებით კომპრომისებზე წასვლის აუცილებლობის წინაშე არ იდგნენ.

ამერიკული თავისუფალი ჯაზის მძლავრი ენერგეტიკა, ექსპანსია და შინაგანი კონტროვერსია მათ რადიკალურ, კონფრონტაციულ, გრიგალისებულ აკუსტიკურ ნაკადად აქციეს და რაღაც მომენტში მოწყდნენ კიდეც ამერიკული თავისუფალი ჯაზის ორბიტას.

ევროპულ ჯაზ ავანგარდში მიდიოდნენ კონსერვატორიის სტუდენტებიც და სრული დილეტანტებიც, მთავარი იყო პათოსი, მუსიკის ანარქიულ-დესტრუქციული ხასიათი. თითქმის მთელი ევროპიდან ჩამოდიოდნენ დას. ბერლინში ავანგარდისტი თავისუფალი იმპროვიზატორები: ჰოლანდიიდან ჰან ბენიკი, ინგლისიდან დერეკ ბეილი და ევან პარკერი, ჩეხეთიდან პიტერ კოვალდი, ტომაშ სტანკო პოლონეთიდან....და, რა თქმა უნდა, გერმანელი რადიკალები - პიტერ ბროცმანი და ალექსანდრ ფონ შლიპენბახი. საერთო ევროპული კოლექტივიც კი შემნეს - Globe Unity Orchestra, რომელიც თითქმის უკვე მოცილებულია ჯაზ ესთეტიკას და ისე ჟღერს, როგორც იმპროვიზირებული საუნდ ტერორი, ანუ ისე, როგორც იმ პერიოდის დას. ბერლინის სრული აკუსტიკური მეტაფორა. 

თუ 90-იან წლებამდე თავისუფალი ჯაზი უმთავრესად ანდერგრაუნდში მყოფი მუსიკოსების ორიენტირი იყო, მხოლოდ 90-იანებიდან იდეების წყაროდ გადაიქცა პროგრესულად მოაზროვნე ლამის ყველა ჟანრის მუსიკოსისთვის. შემთხვევით არ აღნიშნეს თავის დროზე  Radiohead-ის წევრებმა:

„ვრეპეტიციობთ, იდეებს ვცვლით, ჯემ სეიშენებს ვაწყობთ და როცა გვგონია, რომ თითქოს წარმატებით გადავიჭერით ახალ მუსიკალურ ტერიტორიაზე, ვხვდებით, რეალურად ეს უკვე აღმოჩენილი, თავისუფალი ჯაზის ტერიტორიაა."

ავტორი: გია ხადური