ტექნოლოგია

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები

ივნისი 23, 2023

16 ივნისს, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, ადმირალ გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებულები მესამედ გამოვლინდნენ. ყოველწლიური დაჯილდოება საზოგადოების ყურადღებას ტექნოლოგიების სფეროში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობისკენ მიმართავს. ღონისძიება იმ ლიდერებს გვაცნობს, რომლებიც ქალების გაძლიერების მიმართულებით მისაბაძი მაგალითები არიან.


გრეის ჰოპერის ჯილდომ მომავლის ლიდერის, ICT სფეროს ჩემპიონის, ტექნოლოგიური სტარტაპის, ქალთა გაძლიერების პროგრამის, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაციისა და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგის ნომინაციაში მრავალფეროვნების მხარდამჭერები გამოავლინა და სპონსორებთან ერთად ისეთი პროგრამები თუ სხვა სახის დახმარება შესთავაზა, რაც უმნიშვნელოვანესი საქმის სტაბილურად კეთებაში შეუწყობთ ხელს.

"სასიხარულოა, რომ ღონისძიებით დაინტერესება სულ უფრო იზრდება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მეტი ვისაუბროთ თანაბარი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რათა მეტმა და მეტმა კომპანიამ გაითავისოს, რამდენად აუცილებელია ტექნოლოგიებში მრავალფეროვნება. ასევე, ქალებს ვაჩვენოთ წარმატების ნათელი მაგალითები და ამით ერთგვარ ბიძგის მიმცემად ვიქცეთ, რათა ტექნოლოგიების სფეროში განვითარდნენ" — ნინუცა ნანიტაშვილი, გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამის კონსულტანტი

მომავლის ლიდერი


აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული Techworld with Nana-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია გახდა.


აღნიშნული იუთუბ არხი სასწავლო ვიდეოებს აერთიანებს, რომლებიც გამომწერებს ტექნოლოგიური ხელსაწყოებისა და მათი გამოყენების შესახებ საჭირო ცოდნას უზიარებს. წამოწყებამ გამოხმაურება მალევე მოიპოვა და მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისთვის სასწავლო პლატფორმადაც კი იქცა. ნანამ გადაწყვიტა, რომ იუთუბ არხი, რომელსაც 800 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ბიზნესად ექცია — ამგვარად, ბიზნეს პარტნიორთან ერთად შპს nnSoftware დააფუძნა, TechWorld with Nana კი ბრენდად აქცია.

აღნიშნული ნომინაციისა და ტექნოლოგიური სტარტაპის გამარჯვებულების მხარდამჭერი თიბისია, რომელიც მათზე მორგებული პროგრამის საშუალებით დაეხმარება კიდევ უფრო გაძლიერებაში.

"ჩვენ გვჯერა, რომ მრავალფეროვნება არის უმნიშვნელოვანესი და ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გოგოებმა ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების მიღება და დასაქმება დაბრკოლებების გარეშე შეძლონ"

ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე

ICT სფეროს ჩემპიონი


ნომინაციაში თამარ ბოსიკაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც წლებია ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს და გამოწვევების მიუხედავად, ICT სექტორის ლიდერია. თამარი ორი ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელია: Aisitec  და BiteriumAI 



ტექნოლოგიური სტარტაპი


გამარჯვება Bizon.ge-მ მოიპოვა, რომელიც მძიმე ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების პლატფორმაა. კომპანია მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარებას, მიმოცვლას უმარტივებს.


Bizon.ge მიზნად ისახავს, რომ ტექნიკის მიმართულებით წამყვან პლატფორმად იქცნენ და აღნიშნულ მიზანთან ახლახან განხორციელებული ინვესტიციაც აახლოებთ, რისი წყალობითაც ლიზინგის კომპონენტიც დაამატეს. კაცებით დომინირებულ სფეროში ქალების მიერ წამოწყებული ბიზნესი შესაძლებლობების ნათელი მაგალითია.

ქალების გაძლიერების პროგრამა


აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება ანტერპრენერობის საგანმანათლებლო პროგრამამ —Technovation Girls მოიპოვა, რომელიც 13-18 წლის გოგოებს საჭირო უნარებით აღჭურვავს, რათა ტექნოლოგიური ანტერპრენერები და ლიდერები გახდნენ.


მოხალისე მენტორების დახმარებით, გოგოები გუნდურად მუშაობენ ტექნოლოგიური პროექტების განვითარებაზე, რომლებიც რეალური გამოწვევების საპასუხოდ იქმნება. Technovation Girls 100-ზე მეტ ქვეყანაშია, საქართველოში კი 2016 წლიდან არის.


წელს პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 249 გოგო ჩაერთო, რომელთაც პროექტებზე იმუშავეს და საკუთარი იდეები წარადგინეს, მათგან 6 გუნდი კი გლობალურ შეჯიბრზე გაემგზავრება. 2023 წლიდან პროგრამას ალტე უნივერსიტეტი ახორციელებს.

მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია


Forset მონაცემების ტექნოლოგიისა და დიზაინის გამოყენებით ცდილობს, რომ დაეხმაროს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობას ეწევიან, კომუნიკაცია უფრო ეფექტურად დაამყარონ. გარდა იმისა, რომ კომპანია ყველა დაინტერესებულ ადამიანს აძლევს საჭირო ცოდნას, ორგანიზაციის გუნდის 87% ქალები, ხოლო 6% ქვიარ ადამიანები არიან.

ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი


ნომინაციაში გამარჯვება ციფრული უსაფრთხოების ექსპერტმა, ნინო გამისონიამ მოიპოვა. ნინო კანადური ორგანიზაცია SecDev Foundation-ისთვის მუშაობს და ქართული და საერთაშორისო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ცდილობს, რათა ციფრული ჰიგიენის მიმართულებით ცნობიერება აიმაღლონ.


გრეის ჰოპერის წლევანდელ ჯილდოზე ძირითადი ექვსი ნომინაციის გამარჯვებულებთან ერთად სპეციალური აღნიშვნით გამოარჩიეს ქალთა გაძლიერების სოციალური პროგრამა, ტექგოგო და ქალთა გაძლიერების ქომაგი, ავთანდილ მღებრიშვილი.


პროექტი 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. წელს მისი მხარდამჭერები Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო არიან.

ავტორი: On.ge