ივნისი 16, 2023
წელს უკვე მესამედ, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, ადმირალ გრეის ჰოპერის შთაგონებით წამოწყებული დაჯილდოება საქართველოში ტექნოლოგიების სექტორში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით გამორჩეულ კომპანიებს, პროგრამებსა და ინდივიდებს აცნობს საზოგადოებას.
წლევანდელ დაჯილდოებაზე, რომელიც 16 ივნისს გაიმართა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით გამორჩეული კომპანიები, ინიციატივები და ადამიანები ისევ 6 ნომინაციაში გამოავლინეს. 2023 წლის დაჯილდოებაზე მომავლის ლიდერის, ICT სფეროს ჩემპიონის, ტექნოლოგიური სტარტაპის, ქალების გაძლიერების პროგრამის, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაციისა და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგის ვინაობა გავიგეთ. გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.
აღნიშნულ სტატიაში უკეთ გაიცნობთ თითოეული ნომინაციის ფინალისტებსა და გამარჯვებულებს, რომლებიც საქართველოში სასიკეთო ცვლილებების ლიდერები არიან.
მომავლის ლიდერი
აღნიშნული ნომინაცია 18-დან 35 წლამდე ქალსა და ქვიარ ადამიანს გამოარჩევს, რომელიც ტექნოლოგიებში ცვლილებებისთვის იბრძვის ან აღნიშნული მიმართულებით სამაგალითო მიღწევები აქვს. ნომინანტების შერჩევის კრიტერიუმები იყო: უნიკალურობა, გამოცდილება და მიღწევები ტექნოლოგიების სფეროში, გავლენა, რომელიც მათ საქმიანობას აქვს და სამომავლო ლიდერობის პოტენციალი.
აღნიშნულ კატეგორიაში 2023 წლის გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებული გახდა:
ნანა ჯანაშია
TECHWORLD WITH NANA-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
ნანა ჯანაშია გამოცდილი DevOps ინჟინერია. Მან რამდენიმე წლის წინ საკუთარი ცოდნის გაზიარება იუთუბ არხზე დაიწყო. TechWorld with Nana სასწავლო ვიდეოებსმა სხვადასხვა ტექნოლოგიური ხელსაწყოსა და მათი გამოყენების გზების შესახებ, საერთაშორისო გამოხმაურება მალევე მოიპოვა და სწრაფად მზარდ იუთუბ არხად იქცა. მსოფლიოს წამყვანი კომპანიების დაინტერესებამ და არხთან თანამშრომლობის სურვილმაც არ დააყოვნა. ამჟამად, ნანა ჯანაშიას იუთუბ არხს 800 ათას გამომწერზე მეტი ჰყავს, ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა აქვს.
მას შემდეგ, რაც არხის არნახული წარმატება დაინახა, ნანა ჯანაშიამ საკუთარი ბიზნეს უნარების სრულად გამოყენება და იუთუბ წამოწყების ბიზნესად ქცევა გადაწყვიტა. ამგვარად, ბიზნეს პარტნიორთან ერთად შპს nnSoftware დააფუძნა, TechWorld with Nana კი ბრენდად აქცია.
ნანა ჯანაშიას კომპანიას ტექნოლოგიების მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებიც აქვს, რომელიც 5 ათასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა. ამასთან, მსოფლიოს არაერთი კომპანია სწორედ მათი საგანმანათლებლო მასალების საშუალებით ზრუნავს თანამშრომლების უნარების გაუმჯობესებაზე.
კატეგორიის სხვა ფინალისტები იყვნენ:
ნუცა აბაზაძე
თიბისის სტრატეგიული (მონაცემთა) პროექტების მენეჯერი
ნუცა აბაზაძე გერმანიაში ტატისტიკის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოში 2019 წელს დაბრუნდა და თიბისის გუნდში პირველი ქალი მონაცემთა მეცნიერი იყო. მისმა პირველივე პროექტმა ბანკს 3-მილიონიანი მოგება მოუტანა, უკვე 2020 წელს უფროსი მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე დაწინაურდა. ნუცა საკუთარი პროფესიული კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ფულის გათეთრების სქემის გამოვლენის მოდელის შექმნაზე მუშაობას მიიჩნევს, რომელსაც თიბისის გუნდი უკვე აქტიურად იყენებს. 2021 წლიდან მიმართულება მცირედით შეიცვალა და ანალიტიკური პროექტების მენეჯერი, 2022 წელს კი სერტიფიცირებული ეჯაილ პროექტების მენეჯერი გახდა.
ნუცა აბაზაძე ინოვაციური ბანკის ტექნოლოგიური ცვლილებების სათავეშია და საბანკო მომსახურების გამოცდილების განვითარებაზე ზრუნავს.
ნუცას თქმით, როგორც მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით დასაქმებულ ქალს, უნდა, ახალგაზრდა გოგოებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცეს და დაანახოს, რომ მონდომებით ყველაფერს შეძლებენ. Შესაბამისად, ის აწყობს სხვადასხვა სახის შეხვედრებს მონაცემთა მეცნიერების მიხედვით და ხშირად არის თავადაც მომხსენებელი. ნუცა საერთაშორისო ინიციტიავის Women in Data Science ელჩია და Forbes-ის 30 წლამდელთა სიაშიც მოხვდა.
თამარ მახარაშვილი
გუგლის უფროსი EMC დიზაინის ინჟინერი
თამარმა დაამთავრა მაგისტრატურა და დოქტორანტურა ელექტრულ ინჟინერიაში მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2015 და 2019 წლებში. ის იყო კვლევითი ასისტენტი ელექტრომაგნიტურ თავსებადობის ლაბორატორიაში, მისურის უნივერსიტეტში 2014 წლიდან 2019 წლამდე. თამარმა სტაჟირება გაიარა Apple-ში 2017 წელს და Google-ში 2019 წელს. ამჟამად ის არის ელექტრომაგნიტური თავსებადობის დიზაინ ინჟინერი Google-ში და მუშაობს მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურაზე.
თამარი თვლის, რომ შეძენილი უნარების სხვების მხარდაჭერისთვის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარიერული ზრდა, ამიტომ დამწყები ინჟინრების მენტორია და ცდილობს, მათი კარიერული გზა ისევე განავითაროს, როგორც მას ეხმარებოდნენ, როცა ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. თამარი ხშირად არის სპიკერი და მომხსენებლი სხვადასხვა ტექ ღონისძიებაზე და აქტიურად აზიარებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, რათა დაეხმაროს სხვებს წარმატების მიღწევაში. თამარის სახელს უკავშირდება 20მდე სამეცნიერო სტატია და ნაშრომი.
ICT სფეროს ჩემპიონი
ICT სფეროს ჩემპიონის ნომინაცია გამოარჩევს ქალებსა და ქვიარ ადამიანებს, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე არიან და სხვა ქალებს მაგალითს აძლევენ, ინდივიდუალურად თუ ორგანიზაციის დახმარებით ცვლილებებისთვის იბრძვიან. აღნიშნულ კატეგორიაში ნომინანტები მათი უნიკალურობის, გამოცდილებისა და მიღწევების, მათი საქმიანობის გავლენისა და ლიდერობის მიხედვით შეირჩნენ.
აღნიშნულ კატეგორიაში 2023 წლის გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებული გახდა:
თამარ ბოსიკაშვილი
Aistec-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი / BiteriumAI-ს თანადამფუძნებელი და მონაცემთა მეცნიერი
ეკონომიკური ინფორმატიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დამთავრებისთანავე თამარის სამუშაო გამოცდილება დაიწყო ეროვნულ ბანკში პროგრამისტის თანამდებობაზე. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციიდან განაგრძო მუშაობა ინტერპრაიზ არქიტექტორის, შემდეგ ტექნიკური დირექტორის პოზიციებზე. წარმატებით აქვს დანერგილი სხვადასხვა პროექტები და მუშაობდა სხვადსასხვა ISO და ETSI სტანდარტებზე.
პარალელურად კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ბოლო წლებში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც ბაკალავრებთან, ასევე მაგისტრებთად.
2016 წელს დააფუძნა კომპანია აისიტეკ, რომელიც საკონსულტაციო მომსახურებას და პროგრამულ უზრუნველყოფას თავაზობს ბაზარს, როგორც მცირე საწარმოს ისე დიდ კორპორაციას.
კომპანია ავითარებს როგორც სერვისებს, რომლებიც სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებსაც აქვს, ისე საკუთარ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსაც ქმნის.
თამარი 2022 წლიდან BiteriumAI-ის დამფუძნებელიც არის. ეს სტარტაპი ციფრული პერსონალური ზრუნვის საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მაღალი სისხლის წნევა აქვს და კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენასა და პრევენციას ემსახურება. თამარის თქმით, გუნდთან ერთად გეგმავს, რომ სამომავლოდ ყველა ქრონიკული დაავადების მიმდინარეობის კონტროლი შეძლონ, მათ შორის, დიაბეტის, ნერვული სისტემის დაავადებების და ა.შ. სისტემის ბეტა ვერსია ახლახან გაეშვა და იგეგმება კლინიკური კვლევები, FDA-ს აღება და ამერიკის ბაზარზე გასვლა.
თამარი დღემდე აგრძელებს სწავლას და განვითარებას, მათ შორის დაამთავრდა ჰარვარდის მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა.
კატეგორიის სხვა ფინალისტები იყვნენ:
ია მოსაშვილი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ასოცირებული პროფესორი
ია მოსაშვილის პროფესიული გზა საქართველოში ციფრული სისტემების ევროპული მიდგომების შესაბამისად განვითარებაზე ფიქრით იწყება. შრომა ნულიდან დაიწყო და სულ რაღაც სამ წელში საქართველოში 3 ლაბორატორია გახსნა, რომლებიც სხვადასხვა დასავლური პროექტების წყალობით მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი. წამოწყებამ ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცა. საკუთარი შესაძლებლობები ტექნოლოგიების არაერთი მიმართულებით მოსინჯა და მუდმივად უნარების განვითარებაზე ზრუნავდა.
იამ სწავლის სამივე საფეხური კომპიუტერული მეცნიერებების, ავტომაციზაციის, მართვის სისტემების კუთხით დახურა, მათ შორის 2008-2010 წლებში ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით სწავლობდა გერმანიაში კაიზერლაუტერნის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2016 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გახდა, ახლა კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ია მოსაშვილის თქმით, პროფესიული განვითარების ყველა ეტაპზე ცდილობდა, შემოეკრიბა სტუდენტები, რომლებსაც სირთულეებთან შეჭიდება ისევე უყვარდათ, როგორც მას და საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა, ხოლო ყველაზე დიდ მიღწევად ყველა იმ მომენტს თვლის, როცა სტუდენტები, განსაკუთრებით კი გოგოები ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების გზას ირჩევენ.
მარიამ ზანგალაძე
იდეა დიზაინ ჯგუფის მმართველი პარტნიორი და IT პროექტების მენეჯერი
მარიამ ზანგალაძემ განათლება გამოყენებითი მათემაიკის და კომპ. Მეცნიერებების კუთხით მიიღო და მისი პროფესიული კარიერა საჯარო სკოლაში ინფორმატიკის მასწავლებლობიდან იწყება, რასაც IT კონსულტირებისა და სპეციალისტის მიმართულებით განვითარება მოჰყვა. მარიამის ჩართულობით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, არაერთი ციფრული პლატფორმა შეიქმნა და დაინაერგა. 2007 წლიდან UGT-ში ბიზნეს გადაწყვეტების კონსულტანტი იყო, ამის შემდეგ კი, 2008 წელს საკუთარი კომპანია Idea Design Group დააარსა, რომელიც კომპანიებს IT სერვისებისა და პროდუქტების განვითარების მიმართულებით ეხმარება.
Idea Design Group-თან ერთად ისეთ პროგრამული უზრუნველყოფის მოდელებზე უმუშავია, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით დღემდე არაერთ კომპანიას უმარტივებს საქმეს და ქვეყნის ICT განვითარებაზე ზრუნავს.
მარიამის თქმით, უნდა, ქალი კოლეგებისთვის მაგალითად იქცეს და დაანახოს, რომ საკუთარ მიზნებზე ორიენტირებსა და გამბედაობის ხარჯზე მიუღწეველი არაფერია.
ტექნოლოგიური სტარტაპი
აღნიშნული ნომინაცია ისეთ ტექნოლოგიურ სტარტაპებს გამოარჩევს, რომელთა მფლობელი ან დირექტორი ქალია და სამაგალითო წარმატება და ზრდა აქვს. ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციურ პროდუქტებს სერვისებს ან ბიზნეს მოდელს ავითარებს. ნომინანტთა შერჩევის კრიტერიუმი სტარტაპის ინოაციურობა, გუნდის შემადგენლობა, სამომავლო პოტენციალი, ასევე გავლენა და წარმატებაა.
აღნიშნულ კატეგორიაში 2023 წლის გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებული გახდა:
Bizon.ge
ბიზონი ტრადიციულად კაცებით დომინირებულ აგროინდუსტრიაში ქალების მიერ დაწყებული პლატფორმაა. ის მძიმე აღჭურვილობისა და მექანიზმების პირველი ციფრული მაღაზიაა რეგიონში, რომელზეც 3 500-ზე მეტი ახალი და მეორადი პროდუქციაა განთავსებული. ბევრი გამოწვევის მიუხედავად 2022 წელს, ბიზონმა 7-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რამაც საშუალება მისცა, რომ საკუთარი აღჭურვილობის ლიზინგის კომპანია დაეარსებინათ ბიზნესებისთვის, რომლებსაც აღჭურვილობის განახლება სურთ.
ბიზონს სულ 15 დასაქმებული ჰყავს, რომელთა უმეტესობა, 9 თანამშრომელი ქალია. 5 მეგობრის მიერ დაარსებული სტარტაპი ტექნოლოგიებში ქალების ხედვის განვითარებას ისახავს მიზნად.
კატეგორიის სხვა ფინალისტები იყვნენ:
Lawformer
Lawformer გამოცდილი იურისტების და ტექნოლოგური გუნდის მიერ დაწყებული სამართლებრივი ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც კონტრაქტის მონახაზის ციფრული ბიბლიოთეკაა ადვოკატებისთვის. სტარტაპს აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში იყენებენ და სამართლებრივი მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტექნოლოგიურ სტარტაპად ითვლება. 2022 წელს დაარსებული სტარტაპი 1000-ზე მეტ ადვოკატს უმარტივებს კომპლექსური სამართლებრივი შეთანხმებების მონახაზის გაკეთებას.
კომპანიას 8 დასაქმებული ჰყავს, რომელთაგან 6 ქალია.
QuickShipper
QuickShipper ბიზნესებისთვის შექმნილი მიწოდების ხელსაწყოა, რომელიც მომხმარებლებს პლატფორმაში ჩაშენებული ვაჭრობის შესაძლებლობით თუ კურიერების დახმარებით სწრაფ მიწოდებაში ეხმარება. გაშვებიდან სულ რამდენიმე თვეში პლატფორმა 150-ზე მეტ ბიზნესს ემსახურება, მოიზიდა არაერთი ინვესტიცია და საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე შევიდა. ამასთნავე, შერჩეული იყო სხვადასხვა სტარტაპ პროგრამაში, მათ შორის 500 სტარტაპში. გლობალური მიზნებით მომუშავე სტარტაპის მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე ქალები არიან დასაქმებული.
ქალების გაძლიერების პროგრამა
აღნიშნული ნომინაცია პროგრამას, პროექტს ან სათემო ინიციატივას გამოარჩევს, რომელიც გოგოებისა და ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობას უჭერს მხარს, მათი უნარების განვითარებით, კამპანიებით, მენტორული პროგრამებით თუ სხვა გზებით. ნომინანტთა შერჩევის კრიტერიუმები პროგრამის უნიკალურობა, სამიზნე ჯგუფების მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, გავლენა და გრძელვადიანი შედეგებია.
აღნიშნულ კატეგორიაში 2023 წლის გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებული გახდა:
Technovation საქართველო / Technovation Girls
Technovation Girls საერთაშორისო ტექნოლოგიური და ანტერპრენერობის საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც 13-18 წლის გოგოებს საჭირო უნარებით აღჭურვავს, რათა ტექნოლოგიური ანტერპრენერები და ლიდერები გახდნენ.
მოხალისე მენტორების დახმარებით, გოგოები გუნდურად მუშაობენ ტექნოლოგიური პროექტების განვითარებაზე, რომლებიც რეალური გამოწვევების საპასუხოდ იქმნება. Technovation Girls 100-ზე მეტ ქვეყანაშია, საქართველოში კი 2016 წლიდან არის.
წელს პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 249 გოგო ჩაერთო, რომელთაც პროექტებზე იმუშავეს და საკუთარი იდეები წარადგინეს, მათგან 6 გუნდი კი გლობალურ შეჯიბრზე გაემგზავრება. 2023 წელს პროგრამას ალტე უნივერსიტეტი ახორციელებს.
კატეგორიის სხვა ფინალისტები იყვნენ:
კოდირების კურსი
SKILLWILL
Skillwill აკადემია ციფრული ონლაინ კურსების პროვაიდერია საქართველოში, რომელიც მრავალფეროვან ციფრულ კურსებს სთავაზობს დაინტერესებულ ადამიანებს. UI/UX დიზაინის, IT პროექტების მენეჯმენტის, ციფრული პროდუქტების ტესტირებისა და სხვა მიმართულების პროგრამები სტუდენტების საჭირო უნარებით აღჭურვას ისახავს მიზნად.
აკადემიის სტუდენტების ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ (500-მდე ქალი), რაც მათი გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საქმეა. Skillwill აკადემიის ქალთა გაძლიერების პროგრამა ქალებს კარიერული მიზნების მიღწევას უადვილებს და ამასთან, გენდერული თანასწორობის მიმართულებით ცნობიერების გაზრდაზეც არის მიმართული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
TECH CLUBS
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ევროკავშირის ქართული წარმომადგენლობის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, პროექტი Tech Clubs 2020 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია, რომ დასაქმების ბაზრისთვის საჭირო უნარები ევროკავშირის სტანდარტს მოარგოს.
პროექტის მთავარი სამიზნე 16-25 წლის ახალგაზრდები არიან მთელი საქართველოდან. პროექტის ფარგლებში 10 კურიკულუმი დამუშავდა, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებას ფარავს. პროგრამის ფარგლებში ქალი სტუდენტებისთვის სპეციალური პროგრამა — Women Tech Hub-იც შეიქმნა და 100 ბენეფიციარი გადაამზადა 5 სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით: გრაფიკული დიზაინი, ტექნოლოგიური ანტერპრენერობა, აპლიკაციის განვითარება, საიტის აწყობა და სოციალური მედია.
ბოლო მონაცემებით, პროექტმა ჯამურად 1000 გოგოს მისცა განვითარების შესაძლებლობა, მხოლოდ 2023 წელს კი პროგრამაში 500 გოგო ჩაერთო.
ფინალისტები ნომინაციაში
მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
აღნიშნული კატეგორია გამოარჩევს ორგანიზაციებს, რომლებიც ტექნოლოგიებში თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ქალების ჩართულობის მხარდასაჭერად ძალისხმევას არ იშურებენ. ნომინანტების შერჩევის კრიტერიუმებია: მრავალფეროვნებისადმი ორგანიზაციული მიდგომა, გამოცდილება და საქმიანობა ორგანიზაციაში და მის გარეთ მრავალფეროვნების მხარდაჭერის მიმართულებით, მრავალფეროვნების პოპულარიზების მიმართულებით არსებული გავლენა.
აღნიშნულ კატეგორიაში 2023 წლის გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებული გახდა:
FORSET
ForSet კრეატიული ბიზნესია, რომელიც CSO, დიზაინ სტუდიისა და სამოქალაქო ტექ კომპანიის მახასიათებლებს აერთიანებს. ForSet ჩამთრევ მონაცემთა ვიზუალებსა და საზოგადოებრივ ტექ ხელსაწყოებს ქმნის და ადამიანებს ასწავლის, როგორ უნდა მოყვნენ ამბები გამართული ვიზუალური მონაცემებით იმისთვის, რომ საზოგადოებრივ სიკეთეს ხელი შეუწყონ. ForSet-მა წამოიწყო DataFest Tbilisi, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ამგვარი ინიციატივაა.
გარდა იმისა, რომ კომპანია ყველა დაინტერესებულ ადამიანს აძლევს საჭირო ცოდნას, ორგანიზაციის გუნდის 87% ქალები, ხოლო 6% ქვიარ ადამიანები არიან. ForSet თანაბარი დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს ნებისმიერ ადამიანს, მათი რელიგიური მრწამსის, რასობრივი კუთვნილების, გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის, ეკონომიკური თუ სხვა სტატუსისა და ასაკის განურჩევლად. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს მონაცემთა მეცნიერებაში ქალების ჩართულობას, ასევე აწყობს ჰაკათონებსა და სხვა სახის ინიციატივებს გენდერუი თანასწორობის თემაზე. 2022 წელს ფორსეტმა დაიწყო მონაცემთა მეცნიერების ხუთ-თვიანი კურსი, რომელიც 130 ზე მეტმა მონაწილემ მათ შორის 80 ქალმა გაიარა. Შემდეგ კი რამდენიმე დასაქამდა როგორც ფორსეტში ასევე სტაჟრება გაიარა სხვა ორგანიზაციებში.
კატეგორიის სხვა ფინალისტები იყვნენ:
HIGH TECH SOLUTIONS
HT Solutions წამყვანი ტექნოლოგიური გადაწყვეტების მომწოდებელი კომპანიაა, რომელიც ინოვაციებზე და ორგანიზაციების გაძლიერებაზეა ორიენტირებული, რათა მათ ციფრულ გამოწვევებთან გამკლავება შეძლონ. კომპანია 2008 წლიდან მუშაობს და 200-ზე მეტ კომპანიას ეხმარება, ჩართულია ათასზე მეტ პროექტში.
კაცებით დომინირებულ ტექნოლოგიების სამყაროში კომპანია ინკლუზიურობას ანიჭებს უპირატესობას და დასაქმებულთა 60% ქალია, მათ შორის, წამყვანი მენეჯერული პოზიციების ნახევარი სწორედ ქალებზე მოდის. კომპანია ყოველწლიურად მოგების 5%-ს ქალების და ახალგაზრდების სწავლასა და განვითარებაში ხარჯავს.
LAB TECHNOLOGIES
Lab Technology ქართული IT ინტეგრატორია, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდან არის. კომპანია არაერთი საერთაშორისოდ წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის პარტნიორია საქართველოში.
კომპანია გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერია. ამის მისაღწევად არაერთი პროექტი განახორციელეს, ატარებენ ტრენინგებს გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების შესახებ, გააუმჯობესეს დასაქმებულთა კონტრაქტები, შეიმუშავეს დეკრეტული შვებულების შინაგანაწესი, გაათანაბრეს ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებული ქალებისა და კაცების ხელფასები. ჩართული იყვნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში თუ სხვა საერთაშორისო ინიციატივების წამოწყებებში, რომლებიც ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი
აღნიშნული ნომინაცია გამოარჩევს (განურჩევლად მათი გენდერისა) ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებს, რომლებიც გენდერული თანასწორობის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ და სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი არიან. ნომინანტთა შერჩევის კრიტერიუმებია: ინდივიდის უნიკალური კარიერული გზა, გამოცდილება და საქმიანობა მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიმართულებით, მათი საქმიანობის გავლენა და ლიდერის როლი.
აღნიშნულ კატეგორიაში 2023 წლის გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებული გახდა:
ნინო გამისონია
SECDEV FOUNDATION-ის ციფრული უსაფრთხოების ექსპერტი
ციფრული უსაფრთხოების ექსპერტი, ნინო გამისონია კანადური ორგანიზაცია SecDev Foundation-ისთვის მუშაობს და ქართული და საერთაშორისო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ცდილობს, რათა ციფრული ჰიგიენის მიმართულებით ცნობიერება აიმაღლონ.
ნინო გამისონია სხვების ციფრულ სამყაროში თავდაცვის შესახებ ცოდნით აღჭურვით მეტად დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მიისწრაფვის. ტრენინგებს ატარებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ორიენტირებულია ქალებისა და ლგბტქია+ ადამიანების ციფრული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. მისი თქმით, ციფრული უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის დაწყებიდან დღემდე 500-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის, ქალებს, ქალთა და ლგბტქია+ უფლებების დამცველებს, კაცებსა და ახალგაზრდებს გაუწია დახმარება. ამასთან, ციფრული უსაფრთხოების მიმართულებით მხარდაჭერა გაუწია 35-ზე მეტ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომლებიც ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ეწევიან.
გარდა ამისა, ნინო გამისონიამ შექმნა პლატფორმა ქალები საქართველოდან, რომელსაც 85 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს — აღნიშნული წამოწყება ქალების ისტორიებს აზიარებს, ჰყვება მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და საჭიროებებზე.
კატეგორიის სხვა ფინალისტები იყვნენ:
მარიამ სუმბაძე
EPAM GEORGIA-ს უფროსი პროექტების ხელმძღვანელი
მარიამ სუმბაძეს ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებვა აქვს. ის კერძ და საჯარო ორგანიზაციებში საგანმანათლებლო და ციფრული ტრანსოფორმაციის პროექტებზე მუშაობდა. Ამჟამად ის EPAM საქართველოს პროექტების უფროსი ადმინისტრატორია და კომპანია Google-ის სტარტაპების გაძლიერების პროგრამებზე მუშაობს ევროპის მასშტაბით. Სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში მარიამი ათასზე მეტ ახალგაზრდას და ქალს დაეხმარა ციფრული უნარების მიღებასა და პროფესიულ ზრდაში. მან, მეგობრებთან ერთად ასევე დაარსა კომპანია 4IT, რომელიც ბიზნესებს ტექნოლოგიური კადრების მოძიებაში ეხმარება.
შორენა ჩაფურიშვილი
ახმეტის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი
შორენა ჩაფურიშვილმა ახმეტის ინოვაციების ცენტრში მენეჯერად მუშაობა 2018 წელს დაიწყო. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებები რეგიონში მცხოვრები ადამიანებში, განსაკუთრებით გოგოებში ICT და ანტერპრენერობის უნარების განვითარებაა, ასევე გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული ზიანის შემცირება და ბუნებრივი კატაკლიზმების ზიანის შესამცირებლად ბიოინჟინერიის მეთოდების დანერგვა.
შორენა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებშია ჩართული და ტექნოლოგიურ პროექტებში რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის, გოგოების ჩართვით მათ გაძლიერებაზე ზრუნავს.
ამაყობს, რომ ბევრმა ახალგაზრდამ საკუთარი პროფესიული არჩევანი სწორედ მას შემდეგ გააკეთა, რაც ახმეტის ინოვაციების ცენტრში მიიღო ცოდნა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით აპირებენ კარიერულ განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტებმა რობოტი მასწავლებელი, გეომეტრიული ოპტიკის სიმულაცია, ვირუსების მათემატიკური მოდელირების ხელსაწყო და მოძრავი დიზაინის პროექტები განახორციელეს.
ავტორი: On.ge