სიახლეები ტექნოლოგია

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

წელს პირველად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, თიბისის, მაშავის ცენტრისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო დაწესდა. ჯილდო იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წვლილს აღიარებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში პოზიტიურ ცვლილებებს იწვევენ და დარგს აძლიერებენ.

ივნისი 03, 2021

2 ივნისს თიბისი კონცეპტის საკონფერენციო დარბაზში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდომ მომავლის ლიდერი, ICT სფეროს ჩემპიონი, გამორჩეული ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი გამოავლინა. სწორედ ამ სტატიით გაგაცნობთ გამარჯვებულ ქალებს, ორგანიზაციასა და პროგრამას.

მომავლის ლიდერი — ანა რობაქიძე, ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი Clientela-ში

ანამ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამყაროში 13 წლის ასაკში დამოუკიდებლად შეაბიჯა. დაიწყო კოდირებით და ერთ წელიწადში მარტომ შექმნა პირველი ვებსაიტი, რომელმაც მალევე ათასობით მომხმარებელი შეიძინა. ასე შეუყვარდა კოდირება და კომპიუტერული მეცნიერებების სწავლა New York Tech-ში სრული დაფინანსებით მოხერხა. 


ანას ამერიკულ თავგადასავალში წარმატების მრავალ ისტორიას შეხვდებით: პატარა სტარტაპების დაფუძნება, მცირე თუ დიდი ზომის კორპორაციებში მუშაობა, მოწინავე კონფერენციებზე საქართველოს წარდგენა და საბოლოოდ ნიუ იორკის, ევროპისა და აზიის გუნდების ხელმძღვანელობა ინჟინერიის მიმართულებით Clientela-ში. მოგვიანებით მან ამერიკული გამოცდილების საქართველოში გამოყენება გადაწყვიტა და კომპანია Clientela-ს ქართული გუნდი შექმნა, რომელიც Cartier-თან, Gucci-სთან და სხვა დიდ კონგლომერატებთან პირდაპირ თანამშრომლობს.


ანამ დაამტკიცა, რომ ტექნოლოგიებით გასაოცარი ცვლილებების მოტანა შეიძლება. გამორჩეული აკადემიური მიღწევებით, პროფესიული მიზნებითა და ადრეული ასაკიდანვე საზოგადოებაზე დადებითი გავლენით კი მან მომავლის ლიდერის სტატუსიც დაიმსახურა.

ICT სფეროს ჩემპიონი — მაკა მახათაძე, IT Academy Step-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი

მაკა ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია და ამ დარგში

მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა კომპიუტერულ კომპანია ალტაში, მოგვიანებით კი ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანია ინტელში. 2015 წელს მან დააარსა IT Academy Step-ის ქართული ფილიალი, რომელიც ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნას ავრცელებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს დასაქმებაშიც უწყობს ხელს.


მაკა განათლების სამინისტროს აქტიურად უწევს დახმარებას საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასა და მთელ საგანმანათლებლო სისტემაში მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღებაში. მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა პროგრამა, რომლის ფარგლებში 500 ათასზე მეტ პირველკლასელს კომპიუტერები გადაეცათ.


“ტექნოლოგიებმა და კომპიუტერიზაციამ სამყარო სრულიად ახლებური პერსპექტივით დამანახვა და ახალ განზომილებაში გადამიყვანა”, — ამბობს მაკა, რომელსაც გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო გადაეცა და ICT სფეროს ჩემპიონის სახელიც დაიმსახურა.

ტექნოლოგიური სტარტაპი — Phubber

კატეგორია იმ სტარტაპს აღიარებს, რომელსაც ფლობს ან მართავს ქალი და აღწევს დიდ წარმატებას ICT სფეროში. ასეთი სტარტაპი Phubber აღმოჩნდა. ის სოციალური ვაჭრობის სივრცეა, სადაც მომხმარებლები ტანსაცმელებს, ფეხსაცმელებს, აქსესუარებსა და თავის მოვლის პროდუქტებს ყიდიან ან ყიდულობენ.


აღსანიშნავია, რომ სტარტაპის 41 თანამშრომლიდან 32 ქალია. მომხმარებელთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს, მოზიდული ინვესტიციის რაოდენობა კი 500 000 აშშ დოლარია. სტარტაპმა დაარსების დღიდან დიდ წარმატებას მიაღწია — სხვადასხვა კონკურსში მიიღო მრავალათასიანი დაფინანსება და ერთი თვით სილიკონის ველზე აქსელერაციის პროგრამაშიც ჩაერთო.



ქალების გაძლიერების პროგრამა — ინჟინერიის სკოლა ქალებისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ICT ტრენინგების ციკლია, რომელსაც 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს ტექნოლოგიებში. ტრენინგების ფარგლებში დაინტერესებული პირები სწავლობენ Front და Back-end დეველოპმენტს, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანური დასწავლის პროგრამებს, მონაცემთა ანალიტიკას და სხვა პროგრამებს.


მათი მთავარი მიზანია, უფრო მეტი ქალი ჩართონ ტექნოლოგიებში, დაამარცხონ გენდერული სტერეოტიპები და ხელი შეუწყონ ქალებს მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებაში. პროგრამა, ასევე, მიზნად ისახავს IT სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ქალებში, ქალების უნარების გაძლიერებას ტექნოლოგიებში და საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე მოწინავე IT კომპანიებში მათი დასაქმების ხელშეწყობას.


მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია — ჯეოლაბი

ჯეოლაბი ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია და ტრენინგ ცენტრია. ის 2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომელიც ამ დარგში ქალთა ჩართულობას და თანასწორობას უწყობს ხელს. მას 2015 წელს ქალებისთვის სპეციალური სასტიპენდიო პროგრამაც ჰქონდა, რომელიც ტექნოლოგიების დარგში მათ მოტივირებას ემსახურებოდა.


2020 წელს ის WEPs (Women’s Empowerment Principles) შეუერთდა და მრავალი კამპანია და პროგრამა განახორციელა ტექნოლოგიების დარგში იმ ნეგატიური სტერეოტიპების დარღვევისთვის, რომლებიც ქალებსა და გოგოებს STEM დარგში სწავლასა და დასაქმებაში უშლის ხელს. ამჟამად ჯეოლაბი UNDP-სთან ერთად კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები გოგოებისთვის გრაფიკული დიზაინის, Front და Web დეველოპმენტის კურსებს ატარებს. 

ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი — მაკო ქურთიაშვილი — Smart Academy-ის გენერალური მენეჯერი, Smart Web-ის მმართველი პარტნიორი, ნიკოლა ტესლას სკოლის თანადამფუძნებელი, HIRO-ს სტრატეგიული მრჩეველი.

მაკო განათლებით ფსიქოლოგია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, გადაწყვიტა საკუთარ ინტერესებს მიჰყოლოდა და ახალ გამოწვევებს შეჭიდებოდა. ასე აღმოჩნდა საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, სადაც 2011 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად საქმიანობა Web Solutions-ში დაიწყო, მოგვიანებით თბილისის მერიის ვებპორტალზე უმუშავა, 2016 წლიდან კი Smart Web-ს შეუერთდა. 


2018 წლიდან ის სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერია. აქ დღეს 40-ზე მეტი ტრენინგ კურსი იმართება, 2020 წლიდან კი მაკომ სმარტ აკადემიასთან აფილირებული სასწავლო სივრცე — ნიკოლა ტესლას სკოლა დააფუძნა, სადაც ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იღებენ განათლებას. მის კიდევ ერთ მიღწევებს შორის დასაქმების პლატფორმა Hiro.ge-ის შექმნაში მონაწილეობის მიღებაა.


გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს ჟიური

გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებულები გამოავლინეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგის პროფესიონალებმა, როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული სფეროდან. მათ შორის არიან:


  • ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით;
  • მარია დოლიაშვილი, მაიკროსოფტის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი;
  • დავით ჩეჩელაშვილი, Xpand-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი;
  • თამუნა პაპავა, ამაზონის უფროსი პროგრამების მენეჯერი;
  • პაატა სირბილაძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციის ხელმძღვანელი;
  • მარიამ ქობალია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გენდერის და ახალგაზრდების საკითხების ექსპერტი;
  • ნინო ნანიტაშვილი, ციფრული განვითარების კონსულტანტი, Women Techmakers-ის ელჩი.
  • მარკ მაკორდი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ქეით ბუნინა, სილიკონ ველის აქსელერატორის USMAC-ის მმართველი დირექტორი;
  • ჰავრა მილანი, პარტნიორებთან ურთიერთობის სპეციალისტი;
  • ნატალია ვილალობოსი, მრავალფეროვნების მიმართულების ხელმძღვანელი, Google.


გრეის ჰოპერის ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცა. გარდა საჯარო აღიარებისა, გამარჯვებულები სასწავლო ვიზიტით ისრაელში გაემგზავრებიან. ვიზიტი მაშავის ცენტრსა და საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამას გარდა, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე კატეგორიისთვის სპეციალური პრიზები დააწესეს.