ნოემბერი 18, 2022
ცოტა ხნის წინ, თიბისიმ ციფრულ ბანკში საჩუქრების კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებში, მომხმარებლებს ფულადი პრიზების მოგება შეუძლიათ - ამისთვის, მომხმარებელმა თიბისის ციფრული ბანკი უნდა გახსნას, ჩაშენებულ საჩუქრების ღილაკს დააჭიროს და შეკითხვებს უპასუხოს. აღნიშნული ფუნქციონალი, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია, სინამდვილეში, ტექნიკურად საკმაოდ კომპლექსურია. თუმცა, მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი ისაა, რომ ეს პროექტი თიბისის გუნდმა, ფაქტობრივად სამ დღეში დაასრულა.
როგორც თიბისიში ამბობენ, პროექტმა წინასწარ გაწერილ გეგმას გადაუხვია, მაგრამ საჩუქრების კამპანიის პირველ ნოემბერს გაშვების პირობა, რომელიც ტექნოლოგიურმა გუნდმა საკუთარი თანამშრომლებისა და მაღალი მენეჯმენტის წინაშე დადო - აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ამგვარად, გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - კომპლექსური ტექნიკური პრობლემის შესრულება, ძალიან მცირე დროში. გადაწყვეტა თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერმა, ნათია ვაჭარაძემ მოიფიქრა და დეველოპერებით, დიზაინერებით, მარკეტერებითა და ტესტერებით დაკომპლექტებული გუნდი ბაკურიანში, სამდღიან ჰაკათონზე შეკრიბა.
თიბისის საჩუქრების კამპანიის სამ დღეში შექმნის ამბავი რომ გავიგე - ვერ დავიჯერე, რადგან ასეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, როგორც წესი, გაცილებით უფრო მეტი დრო სჭირდება. თუმცა დაუჯერებლობა არის ის, რაც ხშირ შემთხვევაში, ცნობისმოყვარეობას აღძრავს, მით უფრო, რომ საქმე ქართულ კომპანიას და მის მიერ შემუშავებულ გადაწყვეტას ეხება.
აი, ასე გადავწყვიტე მომეკითხა სამ დღეში შექმნილი ციფრული კამპანიის ამბავი, რისთვისაც ამ საქმეში უშუალოდ ჩართულ თიბისელებს დავეკონტაქტე და მათ წინაშე არსებულ პრობლემაზე, ბაკურიანში ჩატარებულ ჰაკათონზე და ამ უნიკალური გამოცდილების ყოველდღიურ საქმიანობაში გადატანაზე ვესაუბრე.
პირველი, ვისაც ვესაუბრე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი, ნათია ვაჭარაძე იყო. ბაკურიანში სამდღიანი ჰაკათონის ჩატარება, სწორედ ნათიას იდეა იყო, რომელიც ამბობს, რომ უნიკალურმა გამოცდილებამ გუნდი ისეთნაირად მომართა, რომ შედეგებმა დასახულ გეგმასაც კი გადააჭარბა.
ნათია, გამოუვალ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდით, ჰაკათონის იდეა როგორ გაგიჩნდათ? რატომ დაიჯერეთ, რომ ამ პროექტს წარმატებით დაასრულებდით?
ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ პროექტს ისე ვერ განვახორციელებდით, როგორც ეს დაგეგმილი გვქონდა. არადა, სულ ორი კვირა გვქონდა დარჩენილი და თან პირობა გვქონდა დადებული, რომ საჩუქრების აქტივობას ციფრულ ბანკში პირველ ნოემბერს გავუშვებდით. უეცრად, მომაფიქრდა, რომ ეს საინტერესო და გამოწვევებით აღვსილი სახალისო პროექტი, რომელიც ყველაფერთან ერთად, ინტენსიურ ტექნიკურ მუშაობას მოითხოვს, ჩვენ გაგვეკეთებინა.
რატომ დავიჯერე, რომ პროექტს სამ დღეში დავასრულებდით? ამ საკითხზე, პირველ რიგში, კომპეტენტურ ადამიანებს ველაპარაკე და რჩევა ვკითხე, ამ ამბის ასე სწრაფად მოგვარება ტექნიკურად თუ იყო შესაძლებელი, რაზეც პასუხად მივიღე, რომ მონდომებით ყველაფერს შევძლებდით. ცხადია, აუცილებლად უნდა აღვნიშნო თიბისის ძალიან ძლიერი ტექნოლოგიური გუნდი, რომლის ნებისმიერ კომპანიას შეშურდება.
ამხელა საქმის სამ დღეში მოგვარება როგორ მოახერხეთ?
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - მოტივაციაა, რომელიც გუნდის თითოეულ წევრს ჰქონდა. თან, ჰაკათონის შესახებ ამ ადამიანებმა დაწყებამდე ორი დღით ადრე გაიგეს. თან, ეს ყველაფერი 14 ოქტომბერს ხდებოდა, გრძელი შაბათ-კვირის დროს, რომელიც ყველას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა ჩვენმა თანამშრომლებმა დაგეგმილი აქტივობები გადადეს და დიდი შემართებით შემოგვიერთდნენ, რადგან საერთო ჯამში, ეს პროექტი გუნდისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.
მოტივაციის გარდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პროექტში ჩართული ადამიანები და გარემო, რომელიც ბაკურიანში შეიქმნა - ხალხი ერთმანეთთან იმდენად შეთამაშდა, რომ ყველაფერი ბუნებრივად, „ეჯაილურად“ წავიდა. საბოლოო ჯამში, ეს სამი დღე ძალიან ინტენსიური, სახალისო და საინტერესო გამოდგა. თავიდან, ბაკურიანში იმ განწყობით წავედით, რომ პროდუქტის საბაზისო ვერსია, ანუ MVP მაინც უნდა მოგვესწრო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი ისე მოხდა, რომ სამ დღეში ფაქტობრივად დასრულებული პროექტით დავბრუნდით, რომლის იმპლემენტაციაში თიბისის ტექნოლოგიური გუნდი დაგვეხმარა.
საჩუქრების ციფრული კამპანიის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი თიბისის ციფრული ზრდის გუნდის კაპიტანმა, საბა მიქაიამ შეასრულა. თავდაპირველად, სხვათა შორის, ნათიას მიერ მოფიქრებული გადაწყვეტის მიმართ საბა სკეპტიკურად განეწყო, მაგრამ აზრი მალევე იცვალა და თიბისის გუნდის წევრების სიძლიერეს მიენდო.
საბა, მინდა ის მომენტი გაიხსენო, როცა გითხრეს, რომ ამხელა ამბავი სამ დღეში უნდა დაგეტრიალებინათ - რა ემოცია დაგეუფლა და რა იყო პირველი, რამაც გონებაში გაგიელვა?
როგორც ნათიამ აღნიშნა, მოულოდნელი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, რომელიც მალევე უნდა მოგვეგვარებინა. აი, ასე ბრეინშტორმინგის დროს, ნათიას ჩვენი ტექნოლოგიური გუნდის სამდღიან ჰაკათონზე წაყვანა მოაფიქრდა. გულწრფელად რომ ვთქვა, პირველი, რამაც თავში გამიელვა - აბსოლუტური სკეპტიციზმი იყო. დავეჭვდი, რადგან არ ვიცოდი, ასეთი რამის გაკეთება თუ შეგვეძლო. თან, რამდენი რაღაც იყო დასაორგანიზებელი და შესათანხმებელი და იქნებ, თანამშრომლებს დროც არ ჰქონოდათ - ამასთანავე, ასეთი რამ არასდროს გაგვიკეთებია. თუმცა ეს ამბავი ნათიასთან და ნიკოლოზთან რომ გავიარეთ და ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და დავლაგდით, მივხვდით, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა.
რა იყო დავალების არსი, რომელიც გუნდს მიეცით? რამდენად დიდი ამოცანა დაუსახეთ?
რადგან გადავწყვიტეთ, რომ ციფრულ ბანკში მასშტაბური საჩუქრების კამპანია წამოვიწყეთ, ტექნიკური ამოცანაც სწორედ ამ კონცეფციისა და მექანიკის ტექნიკურად აღსრულებაში და ამ თამაშის ციფრულ ბანკში ჩაშენებაში მდგომარეობდა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კამპანიის მექანიკა, რომელიც, შეიძლება, ერთი შეხედვით, მარტივად ჩანდეს, საკმაოდ რთულია. სამუშაო პროცესში თავი იჩინა არაერთმა ტექნიკურმა და მომხმარებლის გამოცდილებასთან დაკავშირებულმა პრობლემამ. თუმცა სწორედ სირთულეები არის ის, რამაც ეს პროცესი საინტერესო გახადა.
რისი თქმა შეგიძლია ჰაკათონის ტიპის სამუშაო გარემოს უნიკალური გამოცდილების შესახებ, რომელიც ბაკურიანში მიიღე?
ჰაკათონის ფორმატში მუშაობა ძალიან ეფექტიანი და სახალისო გამოდგა და ალბათ, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთზე არის დამოკიდებული, რამაც გუნდის თითოეული წევრის მოტივაციის ამაღლებაზე იმოქმედა. მნიშვნელოვანია დროის სიმწირის მომენტიც, რომელმაც ამ პროცესს დამატებითი ხიბლი შესძინა - დროზე რომ მოგვესწრო, გადაწყვეტილების სწრაფ-სწრაფად მიღება და კომპრომისებზე წასვლა გვიწევდა. საბოლოო ჯამში, ყოველდღიურისგან სრულიად განსხვავებულ და თავისუფალ სამუშაო გარემოში მოხვედრის შემდეგ, სადაც ტრადიციული პროცესუალური შეზღუდვები არ გვქონდა, ტექნიკურ დავალებას ძალიან სწრაფად, ეფექტიანად და ოპტიმალურად გავართვით თავი.
თიბისის ციფრული საჩუქრების კამპანია, ცხადია, ვერ შესრულდებოდა დეველოპერების გარეშე, რომლებმაც ბაკურიანში გასამართი ჰაკათონის შესახებ, სხვების მსგავსად, უშუალოდ წასვლამდე შეიტყვეს. როგორც თიბისის iOS დეველოპერების ასოცირებული პარტნიორი, ნიკოლოზ ტატუნაშვილი და Frontend-დეველოპმენტის ასოცირებული პარტნიორი, ლუკა ჩიტაიშვილი აღნიშნავენ, ჰაკათონის დროს, ისინი ფაქტობრივად დღისით და ღამით მუშაობდნენ, მაგრამ ამისგან დიდი სიამოვნება მიიღეს.
ლუკა, ნიკოლოზ, როგორი პროცესი იყო ამ ექსტრაორდინარულ პირობებში მუშაობა? იყო თუ არა მომენტი, როცა იფიქრეთ, რომ შეუსრულებელ მისიაზე იყავით?
ლუკა: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა - გუნდის შეკრებაც და აპლიკაციის დაწერაც. სიმართლე გითხრა, ჰაკათონის შესახებ მეც წინა დღეს გავიგე. პირობებს რაც შეეხება, ის საკმაოდ ინტენსიური იყო, მაგრამ არც ერთხელ არ დამრჩენია ის განაცხადა, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებდით - ცხადია, ეს თიბისის ძლიერი გუნდისა და დეველოპერების შეუპოვარი ხასიათის დამსახურებაა.
ნიკოლოზი: ბაკურიანის ჰაკათონმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა ის განცდა, რომელიც თავდაპირველად მქონდა, როცა პირველივე წუთიდან მჯეროდა, რომ ასეთი კრეატიული გადაწყვეტების დახმარებით, საჩუქრების ციფრული კამპანიის პროექტის დასრულება ეფექტიანად და სწრაფად შეიძლებოდა. თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე, გეტყვით, რომ არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ შეუსრულებელ მისიას ვასრულებდი. თავად პროცესი და ლოკაციაც ძალიან საინტერესო იყო - სხვაგან ვიყავით და თან პროექტში სრულად ჩავერთეთ, რადგან ვიცოდით, რომ მხოლოდ ეს საქმე უნდა გაგვეკეთებინა.
ცხადია, ეს პროცესი საინტერესო იყო არამხოლოდ სამსახურებრივი კუთხით, არამედ ისედაც, რადგან შესვენებაზე რომ გავდიოდით, ერთმანეთს ვესაუბრებოდით და გუნდის ბევრი ისეთი წევრები აღმოვაჩინე, რომელთაც ყოველ დღე არ ვეკვეთები. მოკლედ რომ გითხრათ, ამ სამმა დღემ ძალიან სასიამოვნოდ და დასამახსოვრებლად ჩაიარა.
როგორც ამბობენ, გამოწვევას, ყველგან და ყოველთვის, დიდი შესაძლებლობა ახლავს თან - ადამიანებმა ეს შესაძლებლობა უნდა დაინახონ და მის მისაღწევად ძალა არ დაიშურონ. აი, სწორედ ასეთი დაბრკოლება შეხვდა თიბისის, როცა საჩუქრების ციფრული კამპანიის ამბავმა დაგეგმილ ტრაექტორიას გადაუხვია. თუმცა, თიბისის მრავალპროფილური გუნდის ჩართულობით, პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და შესანიშნავ კამპანიაში გადაიზარდა.
ჰაკათონში მონაწილეობდნენ:
იდეის ავტორი: ნათია ვაჭარაძე
ციფრული ზრდის გუნდის კაპიტანი: საბა მიქაია
ორგანიზატორები და მარკეტერები: სალი დადიანი და მარიკა აბულაძე
დიზაინის ავტორები: ანანო კუ, ნანუკა კაიდარაშვილი და ნათია ხითარიშვილი
დეველოპერების All-Star გუნდი: ლევან ნოზაძე, ლუკა ჩიტაიშვილი, დავით სალუქვაძე, იაკობ კაპანაძე, ნიკოლოზ ტატუნაშვილი, ნიკოლოზ ახვლედიანი, ნიკოლოზ სანაია და ნიკოლოზ კოშკელი
აქვე, მათი დაუღალავი შრომისთვის, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თიბისის ინფრასტრუქტურის, ტესტირების და ტესტირების ავტომატიზაციის გუნდებს.
ავტორი: გიორგი არონია