იანვარი 04, 2022
მეტროდან ამოვდივართ და იანვრის სუსხიან ჰაერს ვისუნთქავთ. ირგვლივ ფუსფუსი, სიხალისე, სიხარულის უცნაური განცდაა, რომელიც ყოველთვის ახლავს ახალ წელს, ასე იყო ბავშვობაში, ახლაც ასეა:

ბავშვს ხელს მაგრად ვკიდებ და მიწისქვეშა გადასასვლელში ვეშვებით, აი, ცოტაც და ორბელიანზე ვართ, საახალწლო ქარავანს მივყვებით, ხმებით, მუსიკით, განათებული სახეებით ვტკბებით. აქ იმდენი სხვადასხვანაირი გემო და სურნელია, ვაპირებ, არცერთი არ გამოვტოვოთ, მითუმეტეს, ბავშვთან ერთად ვარ, რომლისთვისაც გემოები და შეგრძნებები პანდემიური ჩაკეტილობის შემდეგ თერაპიაცაა, გამოცდილებაც, გართობაც, სიხარულიც.
რამდენ ახალგაზრდა სახეს ვხედავ, სულ ახალი სტარტაპებია, ახალგაზრდული შემართება, იდეები, ფანტაზია და, რაც მთავარია, შესანიშნავი შედეგი. ბავშვს ცხელი შოკოლადი უნდა, მე კი ქაფქაფა გლინტვეინს დავლევდი, ოღონდ ჯერ დარიჩინის და ციტრუსების სურნელს შევისუნთქავდი. თუმცა მანამდე რამე გემრიელი და ხრაშუნა უნდა ვიპოვოთ.
მმმ, რა ვჭამოთ?
პატარა ბიჭს ბურგერებისკენ გაურბის მადა. არჩევანიც დიდია, ვეგანური „ჯეკუნა“, “Entrecote Burger” თუ „Freaky Dog”, თანაც ხრაშუნა ფრი. მე თან ახალი და განსხვავებული, თან ტრადიციული და საყვარელი გემოები მინდა. თვალი შემწვარ წაბლს, ჩემი ბავშვობის მედოკსა და ჯანჯაფილის თაფლაკვერებსაც მოვკარი, „მედოკი“ ამ ტრადიციული ნამცხვრის რამდენიმე ვარიანტს მთავაზობს.




ნამდვილმა კარლსონმა გაიღვიძა ჩემში, პროპელერი ააზუზუნა, მაგრამ არა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. „ართო” ავირჩიე - მეგრული სამზარეულის მარგალიტები მოხერხებული ქუჩის საკვების ფორმატში, ღომი და გებჟალია ქუჩაში ჯერ არ მიჭამია
ვეგანური თუ არავეგანური ბურგერები, ხრაშუნა და გემრიელი რამეებით გამოტენილი სენდვიჩები, ტოსტები, ფალაფელი, ფუმფულა ფენქეიქები, კრეპები... აქ ყველაფერი ისეთი გემრიელია, თან როცა ღიმილიანი, სიცოცხლით და ოპტიმიზმით სავსე ადამიანები გიმზადებენ და გაწვდიან.

ქუჩა, სადაც ყოველდღე დავდივართ, თითქოს სხვა სამყაროდ ქცეულა. „ეზოს“ ქაფქაფა გლინტვეინს ვწრუპავ და თანდათან კიდევ ერთი საშობაო სივრცისკენ- დედაენის ბაღისკენ მივემართებით.
აი, მეორე სივრცეც, დედაენის ბაღი. თუ ორბელიანის საშობაო მარკეტი მართლაც ქარავანს ჰგავს, უფრო მოძრავი და გაშლილია, დედაენის ბაღში უფრო მყუდრო სივრცე მეგებება, თითქოს სანტა კლაუსის სოფელში ვიყო, პაწია დახლებიდან ელფები მიღიმოდნენ..
უფ, რა სურნელია, აქაც შეგრძნებებს მივყვები, გერმანულ საშობაო ბაზრობას, ბრათვურსთების და შნიცელის სურნელი მაგონებს, „ვურტმაისტერი", „შნიცელბარი“ ცხელ-ცხელ, სურნელოვან კერძებზე თვალი მრჩება. აი, „ჩიზზის“ აჭარულ ხაჭაპური და „Project 39-ის“ პიცა და ქართულ მოტივებზე მომზადებული „თამთაკის“ სენდვიჩები.




ბიჭი ფერადი ორცხობილების დახლებს ათვალიერებს, თან გაყინული, პაწია ცხვირით მსოფლიოში საუკეთესო სურნელს აგნებს - ცხელი შოკოლადი, მანაც ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქას ჯერ ხელები მიათბო, მერე სულ ოდნავ მოხვრიპა ქაფქაფა, სურნელოვანი, ბლანტი სითხე, თვალები დახუჭა, მერე გაახილა, შემომხედა და შოკოლადიანი ღიმილი მაჩუქა.
აქ ძალიან კარგია, სტარტაპერი და საშობაო ბაზრობები სააახალწლო განწყობას ორი კვირით გაახანგრძლივებს. ყველაფერია, რაც ადამიანის სიხარულისა და ჯადოსნური შეგრძნებებისთვის სჭირდება, ბევრი გემრიელი სტარტაპი, ახალი კულინარიული აღმოჩენები თუ ნაცნობი გემოების ახალი ხიბლი.
გასეირნებას ბელგიური ვაფლითა და ჩურიტოსით ვასრულებთ.
ჰოდა, თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ბედნიერებისთვის დარიჩინის და შოკოლადის სურნელი მიგაკლდათ, მოჰკიდეთ ხელი ბავშვებს ან სულაც, ნურავის წაიყოლებთ, რამდენი ხანია საშობაო თავგადასავალში მარტო არ გადაშვებულხართ?
ავტორი: დიანა ანფიმიადი