ივლისი 09, 2024
საქართველოში თიბისის ორგანიზებით უკვე მეოთხედ ჩატარდა გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოება. გრეის ჰოპერი, იგივე “საოცარი გრეისი” ამერიკელი მეცნიერი და მათემატიკოსი იყო. ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და მისაბაძ ადამიანად ითვლება ტექნოლოგიების სფეროში.
საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო რამდენიმე კატეგორიაში გაიცემა. ესენია: ტექ ლიდერი, აღმოჩენა ახალ თაობაში, გამორჩეული მეცნიერი, ინოვაციური ტექ პროდუქტი და ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის. ჯილდო გადაეცემა მათ, ვინც წარმატებით მოღვაწეობენ თავიანთ სფეროში და ამასთან ერთად, ხელს უწყობენ სხვა ქალების ჩართულობასა და გაძლიერებას ტექნოლოგიებში.
ტექ ლიდერი
ეს ჯილდო გადაეცემა მას, ვისაც აქვს ლიდერული უნარები, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და უკვე აქვს გამორჩეული მიღწევები ტექნოლოგიების სფეროში. ამ კატეგორიის გამარჯვებულია ნათია სირბილაძე,
ნათია სირბილაძე, რომელმაც პროფესიული საქმიანობა სხვადასხვა ორგანიზაციაში ბიზნეს ანალიტიკოსისა და კონსულტანტის პოზიციით დაიწყო, დღეს Exactpro-ს საქართველოს ოფისის აღმასრულებელი დირექტორი, GeoSTQB-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი და ICT-ის ასოციაციის ბორდის წევრია.
მას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობის თითქმის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მისთვის ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა ყოველთვის იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი.
აღმოჩენა ახალ თაობაში
კატეგორიაში აღმოჩენა ახალ თაობაში დაჯილდოვდება 16-დან 26 წლამდე გოგო, რომელსაც STEM სფეროში ადრეული ასაკიდანვე აქვს შთამბეჭდავი მიღწევები და პოტენციალი, რომ გახდეს ლიდერი თავის სფეროში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. კატეგორიის გამარჯვებულია ანასტასია კვინიკაძე
ანასტასია კვინიკაძე კომპანია იმპელის ინჟინერიის დირექტორია. მან ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა.
განსაკუთრებით აინტერესებს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. თვლის, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მაქსიმალური ინფორმირება. სწორედ ამიტომ, აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროგრამის შექმნაზე. მისი სამომავლო გეგმებიც აკადემიურ და სამეცნიერო სფეროს უკავშირდება.
ინოვაციური ტექ პროდუქტი
გრეის ჰოპერის ჯილდო ინოვაციური ტექ პროდუქტის კატეგორიაში გადაეცემა პროდუქტს, რომელიც პასუხობს ბიზნესის თუ საზოგადოების საჭიროებებს. რაც მთავარია, მისი შემქმნელი უნდა იყოს ქალი. ამ კატეგორიის გამარჯვებულია Elven Technologies.
Elven Technologies — Elven-მა შეიმუშავა მსუბუქი, მოქნილი და ცეცხლგამძლე კომპოზიტი, რომელიც ოთხი ფენისგან შედგება. მას საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს სიმსუბუქისა და დაბალი ფასის გამო.
გამორჩეული მეცნიერი
გამორჩეული მეცნიერის ჯილდო გადაეცემა ქალს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი STEM სფეროში. ამ კატეგორიის გამარჯვებულია თინათინ კახნიაშვილი
თინათინ კახნიაშვილმა 1988 წელს, კოსმოსური კვლევის ინსტიტუტში (მოსკოვი, რუსეთი) დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (უთანაბრდება Ph.D. ხასისხს). 1999 წელს, რუსეთის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილებაში დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (უთანაბრდება Habilitation-ს) და 2000 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
2009 წლიდან დღემდე არის კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარი-პროფესორი, 2011 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ამასთან ერთად, თინათინს მოპოვებული აქვს არაერთი საქართველოს თუ საერთაშორისო დონის გრანტები.
ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის
ამ კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა კომპანიას, რომელიც მხარს უჭერის თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ხელს უწყობს ქალებს დაიკავონ ლიდერული პოზიციები STEM სფეროში. ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის კატეგორიის გამარჯვებულია Leavingstone.
Leavingstone თბილისში მდებარე ციფრული კრეატიული სააგენტოა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ემსახურება. მათ 200-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მოპოვებული.
"თავიდანვე გვჯეროდა ტექნოლოგიებისა და კრეატიულობის უსაზღვრო პოტენციალის და გვქონდა ამბიცია დაგვემტკიცებინა, რომ პატარა ქვეყნებსაც აქვთ შესაძლებლობა მისწვდნენ საერთაშორისო სიმაღლეებს", — ამბობენ Leavingstone-ში.
ამჟამად, სააგენტო თავის მომხმარებელს შემდეგ სერვისებს სთავაზობს:
- მარკეტინგული კონსულტაცია და ბრენდინგი;
- კრეატიული კონცეფცია და კამპანიის განხორციელება;
- სოციალური მედიისა და ციფრული სარეკლამო სერვისები;
- ვებ განვითარების სერვისები;
- მობილური აპლიკაციების განვითარების სერვისები;
- Al/Big მონაცემთა ანალიზის სერვისები.
გამარჯვებულებმა მიიღეს 10 ათას ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნების წახალისებას შეუწყობს ხელს.
პარტნიორები:
USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიჯიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS.
ავტორი: On.ge