ივლისი 16, 2024
ტექნოლოგიების საუკუნეში გაჩნდა შესაძლებლობა, სწავლის პარალელურად შექმნა საკუთარი პროექტები, დააგროვო ცოდნა და შეუერთდე მსოფლიოს წამყვან კომპანიებს.
თიბისის ტექსკოლა სწორედ ის გარემოა, სადაც სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სრულიად უფასოდ ეუფლებიან ტექნოლოგიებს.
მისი მიზანია, ახალ თაობას მისცეს საბაზისო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დაეხმაროს მომავალი პროფესიის არჩევაში.
ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად მას საქართველოს ყველა კუთხიდან ჰყავს მოსწავლეები, მათი რიცხვი კი უკვე 1800-ს გადასცდა.
• ვებგვერდების აწყობა
• ვებგვერდების შექმნა
• მობილური აპლიკაციების შექმნა
• UI/UX დიზაინი; გრაფიკული დიზაინი
• ფოტო-ვიდეოგრაფია
• ციფრული მარკეტინგი
ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც პრაქტიკული კურსების მეშვეობით ეცნობიან თიბისის ტექსკოლის მონაწილეები.
პროგრამის მრავალი კურსდამთავრებულიდან, ერთ-ერთი წარმატებულია ნიკა ბარამიძე, რომელიც თავის გამოცდილებებსა და შეგრძნებებს გვიზიარებს.
მე-12 კლასელი ნიკა, ტექსკოლას ბათუმიდან შეუერთდა. ის ქ. ბათუმის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეა, ტექსკოლაში კი ვებგვერდების აწყობა ისწავლა. ნიკა ფიქრობს, რომ მისი მომავალი პროფესია იურიდიულ სფეროს დაუკავშირდება, თუმცა, ტექნოლოგიების დაუფლება მისი ერთ-ერთი ინტერესია.
„ამ დროისათვის ჩემს თავს სხვა სფეროში ვხედავ. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში თითქმის ყველა სფეროში, საჭიროა პროგრამირება და შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში დამეხმარება."
- ნიკა ბარამიძე
ტექსკოლის პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით.დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbceducation.ge
სწავლობ და ქმნი ტექსკოლაში