ედუფინი

ბიუჯეტის გიდი ფრილანსერებისთვის

ოქტომბერი 27, 2021

გვიანი საუზმე, სპონტანური გასვლა ქალაქგარეთ, ხანგრძლივი დასვენება ნებართვის გარეშე... ეს თავისუფალი რეჟიმით მუშაობის უპირატესობების არასრული ჩამონათვალია. თუმცა, მონეტას ორი მხარე აქვს - ფრილანსერობა მხოლოდ მსუბუქ ორშაბათებს ან შუადღის ძილის შესაძლებლობას არ ნიშნავს და ბევრ დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება.

 

რას ნიშნავს ფრილანსერობა? შეიძლება ითქვას ეს ერთი თანამშრომლისგან შემდგარი კომპანიაა, სადაც აღმასრულებელი დირექტორიც, რისკების მენეჯერიც მარკეტერიც და ფინანსისტიც ერთი და იგივე ადამიანია. შესაბამისად, თუ ფრილანსერს თავისი საქმის განვითარება სურს, ის უნდა იყოს არა მხოლოდ იმ დარგის პროფესიონალი, რაშიც დაკვეთებს იღებს (იქნება ეს ჟურნალისტიკა, ფოტოგრაფია, დიზაინი თუ სხვა), არამედ უნდა ჰქონდეს კარგი მენეჯერული უნარებიც.

ფრილანსერსაც იგივენაირად სჭირდება საკუთარი განვითარების სტრატეგიული გეგმა, ინვესტიციების ჩადება სამომავლო საქმეებში, ბაზრის კარგი ცოდნა და მომსახურების ხარისხის კონტროლი, როგორც მსხვილ კორპორაციას. თუმცა, კომპანიებისგან განსხვავებით, მას არ აქვს ისეთი უპირატესობები, როგორებიცაა დაზღვევა, საპენსიო დანაზოგი, პრემიის, სესხის მარტივად აღების შანსი... ამასთან, თუ შტატიანი თანამშრომლებისთვის ფიქსირებული ხელფასი სტაბილურობის განცდის გარანტია, ფრილანსერის შემთხვევაში საქმე გვაქვს ტურბულენტურ შემოსავლებთან - ხან საკმაოდ შემოსავლიან, ხან კი „ღარიბ“ პერიოდებთან. ყოველივე ეს კი დაბალანსებას მოითხოვს:

 

ქვემოთ მოგიყვებით ბიუჯეტის მენეჯმენტის რამდენიმე მარტივი ჩვევის შესახებ, რომლებიც ბევრ ფრილანსერს აერთიანებს და ეხმარება მათ სტაბილურობის შენარჩუნებაში.

გაწერე შენი შემოსავლები და განსაზღვრე მინამალური ბიუჯეტი

 

სპონტანურად მიღებული დაკვეთები სპონტანურადვე სრულდება, მაგრამ ასევე სპონტანურად შეიძლება დავიწყებას მიეცეს. გაწერე შენი ყოველი დაკვეთიდან მიღებული შემოსავალი და აწარმოე ფაილი, სადაც დააფიქსირებ შენს ყველა ჰონორარს. ფრილანსერად მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის თავზე შენ უკვე შეგეძლება განსაზღვრო, რა იყო შენი მინიმალური თვიური შემოსავალი და პროგნოზი გააკეთო რა პერიოდები იქნება ყველაზე მომგებიანი ან ყველაზე ნაკლებ შემოსავლიანი. ეს ინფორმაცია აუცილებლად დაგეხმარება მომდევნო წლის დაგეგმვასა და თანხების გადანაწილებაში. აღმოაჩენ რა უნდა შეცვალო, სად არის შენი ჩავარდნა და სად პირიქით.

დათვალე გარდაუვალი ხარჯები

 

თუ აქამდე არ აღგირიცხია შენი ფიქსირებული და ცვლადი დანახარჯები, აუცილებლად დაიწყე და შეკრიბე ყველა აუცილებელი ხარჯი. ამისთვის ბევრი საშუალება არსებობს ექსელის პროგრამით დაწყებული, ისეთი აპლიკაციებით დამთავრებული, როგორებიცაა მაგალითად mint. ეცადე გამოიანგარიშო საშუალო თანხა, რაც გარდაუვლად გეხარჯება ყოველთვიურად: კომუნალურები, ტრანსპორტი, სახლის ქირა, პროდუქტები... და შემოსავლის ეს ნაწილი ხელშეუხებლად დატოვო. თუმცა ყოველთვიური გათვლა შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, თუ კვირის გეგმასაც არ გააკეთებ.

 

სცადე მეთოდი „50/20/30“

 

ბიუჯეტის 50/20/30-ზე პროცენტული განაწილება ბევრისთვის ხელსაყრელი მეთოდი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, გადანაწილება ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია, მაგრამ საბაზისოდ შეგიძლია ამ გზას მიმართო და შემდეგ თავად განსაზღვრო შენთვის იდეალური კომბინაცია: აიღე შენი თვიური შემოსავალი, გამოაკელი გადასახადების ხარჯი და დარჩენილი თანხის მაქსიმუმ 50% გადადე აუცილებელი ხარჯებისთვის, მინიმუმ 20% დანაზოგისთვის, მაქსიმუმ 30% შენი დამატებითი სიამოვნებებისთვის, როგორებიცაა გართობა, დასვენება...

გაანაწილე თანხა სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე

 

მართალია, გონებაშიც ადვილად აკეთებ კალკულაციას, თუ როგორ გადაანაწილებ თანხას ამ თვეში, მაგრამ ფულის დახარჯვა ზედმეტად მარტივია და ცდუნებებიც საკმაოდ ბევრია იმისთვის, რომ გონებაში განსაზღვრულ ლიმიტებს გადავაჭარბოთ. ასე რომ, ეცადე ამ დაყოფას ფაქტობრივი და ვიზუალური ასახვა ჰქონდეს და თანხა სხვადასხვა ანგარიშზე შეინახო. მობილურ ბანკში ამის გაკეთება ძალიან მარტივია.

 

ჩადე ინვესტიცია შენს პროფესიულ განვითარებაში

 

ერთ დღესაც შეიძლება შენი საქმის კარგად შესასრულებლად ახალი კამერა, ლეპტოპი, ტრანსპორტი, დანადგარი დაგჭირდეს, რომლის გარეშეც დაკარგავ პოზიციებს ბაზარზე, ან შეიძლება ახალი კურსის გავლა მოგინდეს რომელიმე პროგრამის ასათვისებლად... თუ გსურს შენი ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდი იყოს განათლებასა და განვითარებაშიც მოგიწევს ინვესტიციების ჩადება, რომ საკუთარი თავი „დაიწინაურო“. ხშირ შემთხვევაში შეიძლება იმთავითვე განისაზღვროს, რა ასახვა ექნება მსგავს ნაბიჯებს შემდეგ ჰონორარებზე და როგორ კონვერტირდება შენი „დაწინაურება“ შემოსავლებში.

ავტორი: ქეთი რაზმაძე