რა არის შენი კონცეპტი?

რა არის შენი კონცეპტი? - ამ კითხვაზე იმდენი პასუხი შეიძლება მოიძებნოს, რამდენი ადამიანიც არსებობს. თანამედროვე სამყარო წამიერად იცვლება, დღითიდღე უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო, შეიძლება უფრო რთულიც კი ხდება. ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი გზები და მიზნები, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს. საკუთარი თავის ძიებისა და სამყაროში ჰარმონიული თანაარსებობის სურვილი ალბათ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისწრაფებაა, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრებას თან სდევს. საკუთარი თავის აღმოჩენის უამრავი მეთოდი, შესაძლებლობა და გზა არსებობს. საწყისია ალბათ ის კითხვები, რომლებიც მუდმივად ჩნდება და შემდგომ ამ ამოცანების ამოხსნას და პასუხების მიღებას თითოეული ადამიანი მისთვის საინტერესო, მისაღები, მრავალფეროვანი გზებით ცდილობს.


კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს, ყველას თავისი თამაშის წესები აქვს, თუმცა ამ გზაზე საერთო სწორედ ის არის, რომ ძიებისა და აღმოჩენის პროცესი დაუსრულებელია. ეს კი ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამოუცნობს, თუმცა შთამაგონებელსა და მომხიბლავს ხდის.


,,ჩემი კონცეპტი არის დაუსრულებელი მოქმედება”. 


თუთუ კილაძე, მხატვარივარი


© ნატა სოფრომაძე

,,ბავშვობაში ბევრს ვოცნებობდი, მახსოვს, ძალიან მინდოდა დირიჟაბლი მქონოდა”. ერთი შეხედვით ნაივური, თუმცა ამავდროულად, მრავალფეროვანი და ექსპერიმენტული ნამუშევრები მხატვარ თუთუ კილაძის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. მკვეთრად ინდივიდუალურ ხელწერას, ზღვის ბობოქარ თუ წყნარ პეიზაჟებს, მარილიანი წყლის შხეფებსა თუ გემებს სხვის ნამუშევრებში ნამდვილად ვერ აურევთ. თუთუ სამხატვრო აკადემიაში რესტავრაციის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ხატვა სულ იტაცებდა და ლექციების შემდეგ კურსელებთან ერთად გვიანობამდე ჩართული იყო ამ მაგიურ პროცესში.


“ხატვის დროს თავისუფალი ვარ, არ ვფიქრობ, რაიმე სტილი დავიცვა ან რაიმე მიმდინარეობისკენ წავიდე. ხელოვნება არის პროცესი და ძიება, რომელიც არასოდეს იცი სად მიგიყვანს. ჩემთვის ხატვა არის დაუსრულებელი თამაში შენს ქვეცნობიერთან, თამაში, რომელიც ბავშვობაში გაბრუნებს”. 


,,ჩვენი კონცეპტი არის სხვა საქართველო”.


ირაკლო აბაშიძე და დიმიტრი შაფაქიძე - არქიტექტორები / Laboratory of Architecture #3


© ნატა სოფრომაძე

არქიტექტურის ლაბორატორია #3-ის დამფუძნებლები ირაკლი აბაშიძე და დიმიტრი შაფაქიძე 2011 წლიდან ერთად მუშაობენ. თითოეულის შემთხვევაში მთავარი მიზეზი, რის გამოც თავიანთი გზა არქიტექტურას დაუკავშირეს, ცნობისმოყვარეობა გახდა. მცდელობა, რომ შეიქმნას არა ბინარული, არამედ რაღაც მესამე პარადოქსული მდგომარეობა არქიტექტურაში, ირაკლის და დიმიტრის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 


,,როგორც წესი, ხშირად ადამიანებს მატერიალური სამყარო არ აკმაყოფილებთ. არქიტექტურა კი არის შესაძლებლობა ჩვენი წარმოსახვითი სამყაროდან ახალი იდეები გადმოვზიდოთ და არსებული შევცვალოთ… აკა მორჩილაძის წიგნში “სანტა ესპერანსა” გვხვდება გამოგონილი ქვეყანა, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ასევე, ადრე არსებობდა რადიო “საქართველოს ხმა”, რომელიც ამერიკიდან მაუწყებლობდა. ჩვენ ვეძებთ სწორედ იმ პარალელურ საქართველოს, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ და დავიჯეროთ, რომ აქაც შეიძლება შექმნა რაიმე ღირებული. მთავარია იცოდე შენი საქმე, გაბედო და რისკზე წასვლის არ შეგეშინდეს”.


,,ჩემი კონცეპტი არის თავდაუზოგავი შრომა გამარჯვებისთვის”. 

სანდრო მეტრეველი - ჩოგბურთელი

© ნატა სოფრომაძე

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი სანდრო მეტრეველი 5 წლის იყო, პირველად კორტებზე რომ აღმოჩნდა და მას შემდეგ ამ საქმის სიყვარული ამოძრავებს. ბავშვობიდანვე მისი ოცნებები ჩოგბურთის ირგვლივ ტრიალებდა და მისი პირველი მიზანიც უძველესი საჩოგბურთო ტურნირის, Wimbledone-ის მოგებას უკავშირდებოდა. თუმცა სპორტი, როგორც ნებისმიერი სხვა სფერო, გამოწვევების გარეშე არ არსებობს. 


,,კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ სირთულესთან მომიწია გამკლავება, რაშიც ჩემი ოჯახი და ჩემი საქმის სიყვარული დამეხმარა. მოტივაციის წყაროც ისევ და ისევ საკუთარი საქმის სიყვარულია. ჩემი მიზანია, რომ ახალ სიმაღლეებს მივაღწიო როგორც ცხოვრებაში, ისე სპორტში. ყოველდღიურ განვითარებაში შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა მეხმარება, რომელიც ყველა დაბრკოლების მიუხედავად, სასურველი შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. სპორტი ჩემთვის არა მხოლოდ ცხოვრების წესი, არამედ შესაძლებლობა და გამოწვევაა, რომ არ დანებდე, გამოავლინო საკუთარი თავი, მიაღწიო წარმატებას და შენი ქვეყნისთვის საამაყო საქმე გააკეთო”. 


,,ჩემი კონცეპტია ხარისხზე ორიენტაცია”.

თინა ოსეფაშვილი - კულინარია

© ნატა სოფრომაძე

უკვე თითქმის 16 წელია, რაც თინა ოსეფაშვილი საგამომცემლო საქმიანობაშია ჩართული, თუმცა მის სახელს ბევრი სხვა მრავალფეროვანი პროექტი უკავშირდება. ყველაფერი გაყიდვების სფეროდან დაიწყო, რამაც დიდი გამოცდილება და ცოდნა შესძინა.


,,ზოგადად, გაყიდვების სფერო მრავალფეროვანი და საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემაზე კონცენტრაციას. თუკი ამ სფეროში მუშაობ, მზად უნდა იყო გაეცნო რაც შეიძლება მეტ მიმართულებას, მუდმივად სიახლეების საქმის კურსში იყო და იცოდე რა ხდება ბაზარზე. ამ ყველაფერმა დროთა განმავლობაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვა. არ არსებობს სფერო, რომელთანაც ზედაპირული შეხება მაინც არ მქონია”.


© ნატა სოფრომაძე

საგამომცემლო საქმიანობასთან კავშირს ბავშვობაში ვერ წარმოიდგენდა, თუმცა კულინარია პატარაობიდანვე იტაცებდა. ამ მიმართულებით დახვეწაში მოგზაურობა, ახალი გემოებისა და ტექნოლოგიების აღმოჩენა დაეხმარა, რის შედეგადაც ჯერ “ბელგიური ვაფლები”, შემდეგ იტალიური რესტორანი “მენსა”, ხოლო ამჟამად პანდემიის დროს წამოწყებული პროექტი Gastro Box შეიქმნა. 

 

,,მოგზაურობის დროს ყოველთვის გავდივარ მასტერკლასებს, ვეცნობი ადგილობრივ მრავალფეროვან გემოებს, ტექნოლოგიებს და ვცდილობ, განვვითარდე ამ მიმართულებით. დიდ მოტივაციას მაძლევს შედეგი და დადებითი შეფასებები როგორც კულინარიულ, ისე საგამომცემლო სფეროში, რაც საბოლოო ჯამში საყვარელი საქმის უფრო ხარისხიანად კეთებაში მეხმარება. შთაგონებას ექსპერიმენტებში და მუდმივ ძიებაში ვპოულობ. ახალი ადამიანების გაცნობა, აღმოჩენები, მოგზაურობა, სიახლეებისკენ სწრაფვა და ხარისხზე ორიენტაცია - ეს ყველაფერი საყვარელი საქმის კეთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია გქონდეს სურვილი, მონდომება და დრო, დანარჩენი ყველაფერზე ხელის გულზეა გადაშლილი”.


,,ჩემი კონცეპტი არის მუსიკა ყოველთვის, ყველგან, ყველაფერში".

ნინა ნოზაძე - მუსიკოსი

© ნატა სოფრომაძე

პიანისტ ნინა ნოზაძისა და მუსიკის ურთიერთობა ბავშვობიდან იწყება, როდესაც 6 წლის ასაკში მუსიკალურ ათწლედში საფორტეპიანო კლასში დაიწყო სიარული. ბავშვობაში სასცენო კარიერა ნაკლებად აინტერესებდა, იჩემებდა კონკრეტულ კომპოზიტორებს, მათ მუსიკალურ ნაწარმოებებს და იდეალურ შესრულებაზე ოცნებობდა. 

 

,,ჩემი ბავშვობის ოცნებები და სურვილები არა სასცენო კარიერას, არამედ კონკრეტულ მუსიკალურ კომპოზიციებს უკავშირდებოდა, რომელთა იდეალურად დაკვრის სურვილი მამოძრავებდა. ეს ოცნებები ამიხდენია და ხშირად მიპოვია ჩემი ბედნიერება”.

 

ნინა ამჟამად 303Hz-ში მუსიკის თეორიის ლექტორია, სადაც მსურველებს თავის გამოცდილებას და ცოდნას უზიარებს. შთაგონებას მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან, მოსწავლეებისგან იღებს, რომლებთან ურთიერთობაც მისი ყოველდღიურობის ნაწილია. 

 

,,მუსიკის თეორია ჩემთვის ასოცირდება არა ჩარჩოებთან, არამედ იდეების თავისუფლებასთან. მუსიკა ჩემთვის პირველ რიგში არის რეაქცია. სწორედ ეს შემიყვარდა მასში, რომ ყველა ინტერვალზე, დაშლილ მდგომარეობაში იქნება ის, თუ მთლიან კომპოზიციად წარმოდგენილი, მაქვს რეაქცია. მგონია, რომ ზუსტად იმ საქმის კეთება უნდა დაიწყო, რაზეც რეაქცია გაქვს და რაც გიყვარს. ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, კრიზისული პერიოდები ხშირად იჩენს თავს, თუმცა მთავარია შენს ინტუიციას და შინაგან ხმას ენდო. ჩემი განვითარების პირველი წყაროც სწორედ ეს არის”.



,,ჩემი კონცეპტია განათლებით მიღებული თავისუფლება და შესაძლებლობებით სავსე გარემოს შექმნის ხელშეწყობა”.

ეკა ფუტკარაძე - ფსიქოთერაპევტი/გეშტალტქოუჩი

© ნატა სოფრომაძე

,,ფსიქოლოგია ბავშვობიდან მაინტერესებდა, თუმცა მაშინ არ ვიცოდი, რომ ამას ფსიქოლოგია ერქვა. საკმაოდ პატარა ვიყავი, როდესაც ჩემს საკითხავ ლიტერატურაში გაჩნდა სხვადასხვა ეზოთერული, ანტროპოსოფიული, მისტიკური, ფსიქოლოგიური, აღმოსავლურ-დასავლური ფილოსოფიური ლიტერატურა. ვკითხულობდი განურჩევლად ყველაფერს და ყველაფერი ერთნაირად მაინტერესებდა. მოგვიანებით, ამ მრავალფეროვნებათა ქაოსში განსხვავებები აღმოვაჩინე, ლიტერატურული გემოვნებაც ნელ-ნელა ჩამომიყალიბდა და გადავწყვიტე სამედიცინო ფსიქოლოგიაზე ჩამებარებინა".

 

დღეს ეკა ფუტკარაძე კლინიკური ფსიქოთერაპევტი და ბიზნეს-ქოუჩია გეშტალტის მიმართულებით. ეკასთვის ფსიქოლოგია ის სფეროა, რომელიც ,,თან ამოუწურავია, თან, ამავდროულად, არა ამორფული, არამედ საკმაოდ ხელშესახები და დამიწებული, თვითგანვითარებისა და შემეცნების განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა”. 

 

ფსიქოთერაპია, ისევე როგორც ქოუჩინგი, მისთვის არის პროცესი, რომელიც გულისხმობს პრინციპს - არ ავნო, შექმნა სანდო და უსაფრთხო გარემო, დაიცვა კონფიდენციალურობა, დაეხმარო თავად იპოვოს საკუთარი გზა და გააკეთოს სწორი არჩევანი. 

 

,,წინსვლის რეცეპტი მხოლოდ ერთია - უწყვეტი განვითარება, როგორც პროცესი და არა შედეგი, რასაც იძლევა სწავლა და სწავლება, ცხოვრებისეული თუ პროფესიული გამოცდილება, შეცდომების აღიარება და გაანალიზება, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, თვითშეცნობა და მუდმივი და მძაფრი ინტერესი, რაც ნებისმიერ პროცესს, მოვლენას თუ ადამიანს უკავშირდება. თავად ენერგიით და უდიდესი ენთუზიაზმით მავსებს საქმე, რომელიც მჯერა, რომ სამყაროს მცირედით მაინც გააუმჯობესებს და ამაში მოკრძალებული წვლილი მეც მექნება შეტანილი”.


ვერავინ იტყვის ზუსტად, თუ რომელი გზა არის სწორი საკუთარი თავის აღმოჩენისა და განვითარებისთვის. მთელი საიდუმლოებაც ამაშია, რომ შენს კონცეპტს თავად ქმნი. 


ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე / Hammock Magazine

ფოტო: ნატა სოფრომაძე