ბიზნესი ედუფინი

ფინანსური განათლების მნიშვნელობა ჩვენი შემოსავლებისა და ხარჯების უკეთესად მართვისთვის

აპრილი 05, 2022

 

რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლება ამ საკითხს ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელთან, გიორგი კეპულაძესთან ერთად მიმოვიხილავთ.

რა მნიშვნელობა აქვს ფინანსურ განათლებას?

ფინანსური განათლება ან, სხვაგვარად, წიგნიერება, არ არის კლასიკური ტიპის განათლება, რომელსაც რაიმე სახელმძღვანელოს დახმარებით ვიძენთ, ეს ერთგვარი უნარ-ჩვევების ერთობლიობაა, რომელსაც ჩვენ პირადი პრაქტიკით ან გარკვეული ინფორმაციის დაგროვებით გამოვიმუშავებთ. 

ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ სწორად განვკარგოთ ჩვენი შემოსავლები თუ ხარჯები, დავგეგმოთ ბიუჯეტი და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ის ეხება ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ფულთანაა დაკავშირებული და მის სწორად ხარჯვას გულისხმობს.

გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ საქართველოში ფინანსური განათლების დონე, სამწუხაროდ, დაბალია და ეს თვალნათლივ ჩანს მაშინ, როცა მომხმარებლებს შეხება აქვთ ფინანსურ ინსტიტუტებთან, პროდუქტებთან და ტერმინოლოგიასთან. „ეს, პირველ რიგში, მომხმარებელს ბარიერებს უქმნის და, რაღა თქმა უნდა, კომერციული ბანკებისთვის პრობლემურია“, — დასძენს ის.

გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ 2016 წლიდან ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა ბანკებმა ფინანსური განათლების მიმართულებით კამპანია გაააქტიურეს.


„ისინი ცდილობენ თავიანთი მომხმარებლები ფინანსურად განათლებულები იყვნენ. ეს ბანკისთვის დაზოგილ ხარჯებს და კლიენტის მიერ გადადგმულ სწორ ფინანსურ ნაბიჯებში ჩანს. ის, რომ კლიენტი ფინანსურ საკითხებში გათვითცნობიერებულია, ერთგვარად, ფუფუნებაა“, — ამბობს გიორგი.

2016 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მიზანი ქვეყნის მოსახლეობაში ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა, განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებაა.

 

რა შეიძლება გაკეთდეს ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად?

გიორგი კეპულაძის აზრით, ფინანსური განათლების დონის ამაღლება მოკლევადიანი ამოცანა არაა, ეს გრძელვადიანი პროცესია. შედეგად, ნაკლები ზარალი მიადგებათ როგორც მომხმარებლებს, ისე ფინანსურ ინსტიტუტებს. "კომერციული ბანკებისთვის, ისევე, როგორც, მთლიანად, ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსურად განათლებული მოსახლეობა“, — აღნიშნავს გიორგი.


„კომერციულ ბანკებს ბევრ ადამიანთან აქვს წვდომა, რესურსები, თანაც, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული პრობლემების დიდი ნაწილი, მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება ან უნდობლობა, სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ მომხმარებლებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საბანკო პროდუქტებსა და პროცედურებზე, შესაბამისად, თუ ისინი ინფორმირებულები იქნებიან, აღარ გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც ორივე მხარეს აზიანებს“. - ამატებს იგი.

გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ დასავლურ ქვეყნებში, ისევე როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე არაერთ ქვეყანაში, ფინანსური განათლების გაძლიერების მიმართულებით მრავალი მეთოდი დაინერგა. ამ პრაქტიკების გადმოღება და ჩვენს გამოწვევებზე მორგება კი, რა თქმა უნდა, ჩვენ შემთხვევაშიც სასარგებლო იქნება.

„ამ საკითხებზე საუბარი ადრეული ასაკიდან, სკოლიდან არის საჭირო. ჩვენთან დამკვიდრებულია დამოკიდებულება, რომ, თითქოს, „ფული ხელის ჭუჭყია“ ან ფულზე საუბარი ამორალურია. ეს უნდა შევცვალოთ, ბავშვებს უნდა შევასწავლოთ ფულთან ურთიერთობა, უნდა გაიგონ, როგორ დაზოგონ თუნდაც ძალიან მცირე თანხა. ეს არა მარტო სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის, არამედ ყველა ასაკობრივი სეგმენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, — აღნიშნავს გიორგი.

ექსპერტი ამბობს, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ან სტუდენტების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია საბანკო პროდუქტებზე, რადგან ხშირად არ იყენებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში არ დასჭირდებათ მათ შესახებ ცოდნა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ მანამდე ვასწავლოთ ფულის დაზოგვა ან გავაგებინოთ სესხის აღებასთან დაკავშირებული საკითხები თუ რისკები, ვიდრე უშუალოდ ფაქტის წინაშე დადგებიან.

„ახალგაზრდები ღირებულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობებისთვისაც. სტუდენტი მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას აუცილებლად გაუზიარებს საკუთარი ოჯახის წევრებს, შესაბამისად, ახალგაზრდა ადამიანის განათლებით ჩვენ, ირიბად, ცოდნას მისი ოჯახის უფროს წევრებსაც ვაძლევთ, რადგან ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, მათთვის უფრო სანდოა“, — დასძენს გიორგი.

გიორგი კეპულაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ - „საზოგადოება და ბანკები“, მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, მცირე მეწარმეებთან თუ, ზოგადად, კომერციული ბანკების კლიენტებთან, ფინანსური განათლების საკითხებზე შეხვედრების პრაქტიკა დანერგა.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აუდიტორიას მარტივ საბანკო ტერმინებზე, პროდუქტებსა თუ პროცედურებზე ესაუბრებიან, მათთვის ეს მაინც ახალი ინფორმაციაა. ამიტომაც, ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, პროცესები სხვადასხვა მხარის ჩართულობით აქტიურად უნდა გაგრძელდეს.

„მნიშვნელოვანი აქტორები არიან: მედია, კომერციული ბანკები თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები. შესაბამისად, ყველა სეგმენტის და ჯგუფის ჩართულობა ფინანსური განათლების დონის ამაღლებაში ფასდაუდებელია“, - ამბობს გიორგი.