სიახლეები ტექნოლოგია თაობა

საჩუქრების კამპანიის ფინალის პასუხის პასუხი

თებერვალი 09, 2023

თიბისის ციფრული კამპანიის ფინალიდან კვირაზე მეტი გავიდა. ქარიშხალმა გადაიარა. თუმცა, ზოგჯერ - ჩაძინების წინ, საყიდლებზე სიარულის დროს ან სულაც, ხახვის ჭრისას - მაინც შეიძლება გაჩნდეს აბეზარი ფიქრი: „რა შუაში იყო ვალერიანი პაოლოსთან?“, „რატომაა აბგა გამომგონებლის სინონიმი?“, ან, თუნდაც, „ნეტავ ის თეთრპარიკიანი კაცი ვინღა იყო, ჰა?!“. ბლოგის მიზანიც ყველა ამ კითხვის გავლა და მათზე საბოლოო პასუხის გაცემაა. 

1.დაწერეთ სახელი ადამიანისა, რომელიც ფოტოზეა დაშიფრული.


პასუხი: პაოლო

მინიშნება: ვალერიანი

ეს ნახატი ნამდვილად არ მიეკუთვნება მსოფლიო ფერწერის შედევრთა ნუსხას, თუმცა, ზომიერად მახვილი თვალი მასზე მაინც ადვილად აღმოაჩენს თოფს, რომელსაც ლულების ნაცვლად ცისფერი ყანწები აქვს. 1937 წელს, ცისფერყანწელმა პაოლო იაშვილმა სანადირო თოფით მოიკლა თავი. ვალერიანიც, შესაბამისად, გაფრინდაშვილია და არა - კატაბალახა.

2.დაასახელეთ გვარი XVIII საუკუნეში დაბადებული ადამიანისა, რომლის ილუსტრაციის ფრაგმენტებიც ფოტოზე აქა-იქაა მიმოფანტული.

 

პასუხი: კანტი

მინიშნება: გონება დაძაბეთ.

საკმარისია იკითხოთ, თუ „რატომ არის ეს ადამიანი გამოსახული ჩარჩოს ან კანტის სახით?“ და პასუხიც მყისიერად გაგინათებთ გონებას. თუკი უფრო რთულ გზას ეძებთ, შეგიძლიათ „აქა-იქ“-ს ტლანქად ამოფარებული „კანტიკუნტად“ აღმოაჩინოთ. ხოლო თუ მინიშნებას გონების კრიტიკადაც აღიქვამთ, მაშინ პასუხი უკვე ისეთივე ნათელი გახდება, როგორიც ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა ჩვენს ზემოთ.

3.რა არის გამოტოვებული ტექსტში?

 

პასუხი: თხა

მინიშნება: გაბაშვილი

ფოტო სპეციალურადაა ამობრუნებული, რათა ქართული მოთხრობის ხსენებისას „თხა და გიგო“ მოგაგონდეთ. გონებაში გიგოს გაგონებას ხელს უწყობს მინიშნებაც. თუმცა, მინიშნება აქ ორმაგი აგენტის როლს უფრო ასრულებს, რაკი შეიძლება გიგომდე ეკატერინე გაიხსენოთ და სხვა მოთხრობებისკენ აიღოთ გეზი. ერთი კია, ფაუნის შინაურ წარმომადგენელთა დეფიციტს არც ის მოთხრობები უჩივის. 

4.ჩამოთვლილთაგან რომელი შეეჭიდა ხელოვანთა ბიოგრაფიების წერას XVI საუკუნეში?

 

1) მიქელანჯელო

2) რაფაელი

3) ვაზარი

4) არჩიმბოლდო


პასუხი: ვაზარი

მინიშნება: ქართველი მხატვრის გვარის ანაგრამა


შეკითხვის საპასუხოდ ხელოვნების ისტორიის ცოდნა სულაც არ გჭირდებათ. თუკი „შეეჭიდა“-ს ჩაეჭიდებით და ძიუდოს ლექსიკონსაც გაიხსენებთ, ვაზარი თქვენთვის მომგებიანი ქულა აღმოჩნდება. ქართველი მხატვარი კი, ცხადია, ვარაზია.

5.დაასახელეთ რიცხვი, რომელთანაც ამ მწერლის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ასოცირდება.

 

A) 451

B) 612

C) 1001

D) 1984

 

პასუხი: 612

მინიშნება: ციური სხეული

ფოტოზე ბავშვია გამოსახული. როდესაც ეს ბავშვი გაიზარდა, დაწერა წიგნი, სადაც აღნიშნა, რომ ყველა დიდი ოდესღაც ბავშვი იყო. საუბარია ეგზიუპერისა და ასტეროიდ B 612-ზე მცხოვრები მისი პატარა პრინცის შესახებ. სწორედ ამიტომ, პასუხების სტანდარტული ნუმერაციის ნაცვლად ლათინური ასოებია გამოყენებული, რათა B ვარიანტი ასტეროიდის დასახელების ნაწილად იქცეს. 

6.ვინ არის დაფარული ფოტოზე?

 

პასუხი: ლავუაზიე

მინიშნება: პირანდელო

ფოტოზე ჩანს ქვევრი და ადამიანი, რომელსაც ამოდენა ნახვრეტში თავი კი გამოეტია, მაგრამ ტანი მაინც არ ეტევა. მხატვრულ ფილმში „ქვევრი“, რომელიც პირანდელოს მოთხრობას ეფუძნება, ეს „პარადოქსი“ ლავუაზიეს კანონითაა ახსნილი. ხოლო თეთრი პარიკი მიგვანიშნებს, რომ ადამიანი ფოტოზე თავად ლავუაზიეა, რომელსაც, სხვათა შორის, რევოლუციონერებმა გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს.

7.დაწერეთ საფეხბურთო კლუბი ქალაქის დასახელების გარეშე.

 

პასუხი: ვერდერი

მინიშნება: ფაუნა

ფოტოზე „კიევოს“, „ჰადერსფილდის“, „სანდერლენდისა“ და „ტოტენჰემის“ ლოგოებია. კლუბთა მეტსახელები კი („მფრინავი ვირები“, „ტერიერები“, „შავი კატები“, „მამლაყინწები“) ესადაგება ფაუნის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ბრემენელი მუსიკოსების შემადგენლობას აკომპლექტებენ. თუმცა, თუ ლოგოებს რამდენიმეწამიან დაჟინებულ მზერას მიაპყრობთ, იგივე მუსიკალური კოლექტივი ყოველგვარი საფეხბურთო ცოდნის გარეშეცაა ამოცნობადი. ქალაქის გაშიფვრის შემდეგ კი ბრემენის მთავარი გუნდის გახსენება უკვე წამების ამბავია, ან, თუკი ფეხბურთი მართლა არ იცით - წამებისაც.

8.უპასუხეთ შეკითხვას ნობელიანტი მეცნიერის გვარის მეშვეობით.

 

პასუხი: ბორი

მინიშნება: არ უნდა მინიშნება, ისედაც ელემენტარულია.

ფოტოზე ჩანან დ. ი. მენდელეევი - ელემენტთა პერიოდული სისტემის ავტორი და ლილუ - მეხუთე ელემენტი. „ელემენტარულია“ მიანიშნებს, რომ პასუხი ელემენტებში უნდა ეძიოთ და საშუალებას იძლევა, ამ ელემენტს წვერ-თმა-გაბურძგნილი ადამიანის ვინაობის დადგენის გარეშეც მიხვდეთ. ამასთან, მეხუთე ელემენტის სახელწოდება უბრალოდ ემთხვევა ნილს ბორის გვარს, რომელსაც, სახელისა და დიდებისათვის ბორიუმი ისედაც თავისუფლად უნდა ჰყოფნიდეს.

9.რა ჰქვია მთავარ პერსონაჟს?

 

პასუხი: წიქარა

მინიშნება: გადაგდება

ცოტა ცნობილი ზღაპარი თუ გვეგულება ისეთი, სადაც სავარცხელი ტყედ შეიძლება იქცეს. ამიტომ, ეს შეკითხვა - მარტივი, მინიშნება კი ზედმეტად დავარცხნილი აღმოჩნდა, რადგან ზღაპარში „წიქარა“ ტყის გაჩენის წინაპირობა სავარცხლის უკან გადაგდებაა. 

10.შეკითხვის პასუხი არის ქვეყანა, რომლის მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება ფრინველის სახითაც გვხვდება. რაზეა საუბარი.

 

პასუხი: ეგვიპტე

მინიშნება: რაზეა საუბარი.

საუბარია ეგვიპტურ ღვთაება რაზე, რომელიც ზოგჯერ შევარდნის სახითაც გვხვდება. შეკითხვის გამოსაცნობად კი მთავარია „რაზეა საუბარი“-ს შემდეგ უკითხვისნიშნობა შენიშნოთ, რადგან თითქოსდა კითხვითი ფრაზა სინამდვილეში ირიბი პასუხია. სწორედ ამიტომ იმეორებს მინიშნება იმას, რისი შეუმჩნევლობის გამოც მინიშნების გამოყენება დაგჭირდათ. 

11.დაასახელეთ გვარი XVII საუკუნეში დაბადებული ადამიანისა, რომელიც ფოტოზეა დაფარული.

 

პასუხი: ვივალდი

მინიშნება: Sherlock, Westworld, Mr.Robot, Banshee

ფოტო ოთხადაა დაყოფილი. მარცხნივ, მწვანე და წითელ უჯრებში დაშიფრულ ანდაზებში გაზაფხული („ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“) და შემოდგომაა („წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“) გამოტოვებული. მარჯვნივ, იმავე კანონზომიერებით, ზაფხული და ზამთარი უნდა იყოს, რასაც თეთრი ფერიც ადასტურებს. წელიწადის დროებს მიღმა კი ანტონიო ვივალდია, რომლის ყველაზე ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებსაც „ოთხი სეზონი“ („წელიწადის დროები“) ეწოდება. ამავე მიზეზით, მინიშნებაში მხოლოდ ოთხი სეზონისგან შემდგარი სერიალებია ნახსენები.

12.დაასახელეთ ხელის კიდევ ერთი სინონიმი, მოლოდინის აღმნიშვნელი სიტყვა, გამომგონებლის გვარი და ტოპონიმი აზიაში.

 

პასუხი: აბგა

მინიშნება: შეკოწიწება

ესეც პირველი ბასტიონი ფინალის მონაწილეთათვის, რომელთა ნაწილი ახლაც ფიქრობს, რომ აბგა რაღაც ლექსიკურ-ეტიმოლოგიური სასწაულის მეოხებით ერთდროულად ხელის სინონიმიცაა, მოლოდინის აღმნიშვნელი სიტყვაც, გამომგონებლის გვარიც და აზიური ტოპონიმიც. სინამდვილეში კი შიფრის ამოსახსნელად, ოთხივე კითხვას მიმდევრობით უნდა გასცეთ პასუხი და ამ პასუხების შესაბამისი ასოები - ა. ბ. გ. ა. - შეაერთოთ, გნებავთ, შეაკოწიწოთ. ხელის სინონიმია ა) დელი (საუბარია არა კიდურზე, არამედ - გადარეულზე, ხელზე, დელზე), მოლოდინს აღნიშნავს ბ) გელი, გამომგონებლის გვარი არის გ) ბელი, ხოლო ტოპონიმი აზიაში კვლავ ა) დელი გახლავთ. 

13.დაასახელეთ ევროპაში დაბადებული მწერალი, რომელმაც სკოლის წლები ბუენოს-აირესის მახლობლად გაატარა.

 

3) ფედერიკო გარსია ლორკა

1) მარიო ვარგას ლიოსა

4) ერიხ მარია რემარკი

2) ხულიო კორტასარი

 

პასუხი: კორტასარი

მინიშნება: 1, 2-3, 4, 5-6, 7, 8-9, 10

ამ შეკითხვის გამოცნობა ფაქტის უშუალო ცოდნითაც შეიძლება, თუმცა თუკი პასუხების ვარიანტების შესაბამის ციფრთა არეულ განაწილებას დააკვირდებით, წესით, კორტასარის „კლასობანას“ თავების სტრუქტურაც უნდა გაგახსენდეთ. მით უფრო, რომ ბუენოს-აირესი მწერლის წარმომავლობას უსვამს ხაზს, სკოლის პერიოდით კი კლასობანაზეა მითითება, რომლის უჯრათა განაწილების ერთ-ერთი ვარიანტი მინიშნებაშიცაა მოცემული. 

14.ამოხსენით შიფრი და გამოტოვებული ასოების მეშვეობით შეადგინეთ XIX საუკუნეში მოღვაწე ადამიანის გვარი.

 

პასუხი: სერა

მინიშნება: ფერწერა

შიფრის ამონახსნი ფრესკათა ფრაგმენტების რიგითობაზეა დამოკიდებული (პირველი ნახატის პირველი ასო, მეორე ნახატის - მეორე, მესამისა - მესამე). ამგვარად, ფრესკებზე გამოსახული ფრთა, არისტოტელე, ეზეკიელი, სოკრატე, იკაროსი და ადამი საბოლოო ჯამში „ფრე“-სა და „სკა“-ს გვაძლევენ. თუმცა, ეს რთული გზაა. აი, მას კი, ვინც თავშივე დასვამს კითხვას, თუ „რატომ არის ყველა ფოტოზე ფრესკის დეტალი“, შესაძლოა ამდენი ძიება აღარც დასჭირდეს. ისე კი, როგორც არ უნდა მიხვიდეთ ფრესკამდე, ორივე შემთხვევაში წერტილების ნაცვლად არსებული ასოები პუანტილისტი მხატვრის, ჟორჟ სერას გვარს შექმნიან.

15.დაასახელეთ პერსონაჟი.

 

პასუხი: სიზმარა

მინიშნება: გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა.

ფოტოზე ვხედავთ უცხო დროშას, რომელიც სამი სხვადასხვა ქვეყნის რუკათა კონტურების შეერთებითაა მიღებული. თუკი ამ ქვეყნებს ამოვიცნობთ და მათ დროშებსაც ვნახავთ, მივხვდებით, რომ აქეთ მზეა (იაპონია), იქით - მთვარე (მალდივები), შუაში კი ვარსკვლავები (ვენესუელა). მნათობთა ამგვარი განლაგება პირდაპირ ემთხვევა სიზმარას საშურ სიზმარს. ამასთან, მინიშნებაში გვხვდება პირველი ტაეპი ლექსისა „დროშები ჩქარა“, რაც პასუხის საძიებო არეალსაც განსაზღვრავს და ტაეპშივე ნახსენები „მზის“ მეშვეობით ძებნის კონკრეტულ მიმართულებაზეც მიუთითებს. 

16.ჩამოთვლილთაგან რომელია ბარბარიზმი?

 

1) ჯონი

2) პოლი

3) ჯორჯი

4) რინგო

 

პასუხი: პოლი

მინიშნება: (ბერძ.) ბევრი

შეკითხვა სპეციალურადაა ჩასმული ბოლო ხუთეულში, რათა პოტენციურად დამღლელი კითხვების საპირწონედ მცირე ამოსუნთქვა იყოს. ამასთანავე გააჩინოს ეჭვიც იმისა, რომ ამ ეტაპზე ესოდენ მარტივი შეკითხვა მზაკვრული ხაფანგია. სწორი ფორმა აქ, ცხადია, „იატაკია“, თუმცა მაკარტნის პოლი ბევრად უფრო უხდება.

17.დაასრულეთ წინადადება ხუთი და შვიდი ასოსგან შემდგარი ორი სიტყვით - მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უბედური შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა ხანდაზმული ადამიანი, რომლის ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია სა ..... .......

 

პასუხი: გრადა ფამილია

მინიშნება: „გოდოლი“

ტექსტი სპეციალურად წყდება შუაში, რათა თქვენ მაინც მოახერხოთ ის, რაც ანტონიო გაუდიმ ვერ შეძლო - დაასრულოთ საგრადა ფამილია. „გოდოლი“ კაფკას რომანია, რომელიც ავტორის გარდაცვალების გამო ასევე დაუსრულებელი დარჩა. 

18.თქვენ წინაშეა ამონარიდი ტექსტიდან. დაწერეთ სიტყვა, რომლითაც ეს ტექსტი მთავრდება.

 

პასუხი: ნამკათათვარი

მინიშნება: ივლისგამოვლილი

...და აი, მეორე ბასტიონიც - ნამკათათვარი. სიტყვა, რომელიც ფინალის ლაიტმოტივად იქცა და რომლის გამოსაცნობადაც, ცოდნა ლოგიკაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მიზეზი მარტივია - არ არსებობს სამყაროში ადამიანი, ვინც თორმეტასოიან გრაფაში ალალბედზე „ნამკათათვარს“ ჩაწერს. თუმცა, ლოგიკით მაინც შეიძლება მიხვდე, რომ ტექსტი ქართულია (რაკი თარგმანში ბოლო სიტყვის ბევრმა ვერსიამ შეიძლება იარსებოს) და რომ ტექსტი ლექსია (რაკი პროზაში ბოლო სიტყვები ნაკლებადაა დასამახსოვრებელი).


ხელთათმანები სპეციალურადაა დავიწროებული, „ივლისგამოვლილი“ კი მიანიშნებს, რომ სიტყვას არასტანდარტული ფორმა აქვს და ივლისს (მკათათვეს), ან, მაქსიმუმ, აგვისტოს (მარიამობისთვეს) შეიძლება უკავშირდებოდეს. ესეც რომ არა, თუკი უბრალოდ „ლექსი ხელთათმანები“-ს დაგუგლავთ მეორე ან მესამე გვერდზე აუცილებლად გამოჩნდება ლურჯი მონტევიდეო და შემდეგ უკვე აღარც „ნამკათათვარი“-ს მოძებნაა რთული. 

19.გამორიცხეთ მეორე წინადადებაში არსებული ოთხი შეკითხვიდან ის სამი, რომელიც ფოტოზე არსებულ სამ ფრაზას - ინებე მეცო რომანები, ექიმი რონი, ვაშლი მერკალა - შეესაბამება და ჩაწერეთ გრაფაში დარჩენილი მეოთხე შეკითხვის პასუხი.

 

დაასახელეთ: პოეტი, ჟურნალი, ხელოვნების ნიმუში, კაფე.

 

პასუხი: პიეტა

მინიშნება: ლექსის სტრიქონი

ამ შეკითხვაში ყველაზე ჩახლართული მისი ფორმულირებაა, რადგან თუკი მიხვდებით, რომ ფოტოზე გამოსახული აბსურდული ფრაზები უბრალოდ ანაგრამებია, „მეოცნებე ნიამორების“ (ჟურნალი), „ქიმერიონისა“ (კაფე) თუ შალვა კარმელის (პოეტი) მოძებნის გარეშეც შეიძლება ვიზუალზე არსაიდან გაჩენილი სიტყვა „ეტაპი“ საეჭვოდ მიიჩნიოთ და პირდაპირ „პიეტა“-დ აქციოთ. მით უფრო, რომ მინიშნება „ლექსის სტრიქონი“, იგივე „ტაეპი“, ასევე „პიეტა“-ს ანაგრამაა. ცისფერყანწელების კიდევ ერთხელ გამოჩენის მიზეზი კი ის დრამატურგიული პრინციპია, რომლის მიხედვითაც პირველ მოქმედებაში გამოჩენილმა თოფმა აუცილებლად უნდა გაისროლოს ბოლოში.

6. 100. 1

 

20.როდესაც შიფრის ამონახსნი გეცოდინება, პასუხი მხოლოდ იმ ქართული ასოებით შეიყვანე, რომლებიც ამ წინადადებაშია გამოყენებული. 

 

პასუხი: ვიცი

მინიშნება: უაილერი

პასუხის მისაღებად მოცემულ რიცხვებს მათი რომაული ანალოგები - VI, C და I - უნდა შეუსაბამოთ. რომაულ რიცხვებამდე კი ყველა - თუ არა, ბევრი გზა ნამდვილად მიდის. პირველი გზაა, გამორიცხოთ შიფრის წყაროდ ყველა ანბანი (რაკი ასი ასო ანბანისთვის ნამეტანია) და ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ასოები ორიგინალში, სავარაუდოდ, არაქართულია. მეორე გზაა გაიხსენოთ, უაილერის „რომაული არდადეგები“, მესამე გზა კი ისაა, რომ „როდესაც შიფრის ამონახსნი გეცოდინება“-ზე თავდაჯერებულად უპასუხოთ „ვიცი“. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი პასუხი ერთ ლათინურ-ქართულ სიტყვაში აერთიანებს იმ იდეას, რომ გამარჯვებისათვის ცოდნაა საჭირო.

„ესეც ასე. ვეცადე ყველა შეკითხვა, მინიშნება თუ პასუხი ბოლომდე განმემარტა, თუმცა, თუკი რომელიმე მათგანი კვლავაც პასუხგაუცემელი დარჩა, მზად ვარ საინფორმაციო აბგა მოვჩხრიკო და შეკითხვათა პასუხები ნააპნისარის ამ მშვიდ დღეს კომენტარების ველში დაგახვედროთ.“

ავტორი: ბექა ადამაშვილი