მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ფესტივალების ისტორია

Tsa.Music

იანვარი 09, 2021

ფესტივალი ყოველთვის ზეიმი, დღესასწაული და სასურველი განწყობაა, რომელსაც იმ უამრავ ადამიანთან ერთად იზიარებ, ვინც ამ მოვლენას შენთან ერთად ესწრება. ფესტივალებს მსოფლიოში უკვე რამდენიმე ასწლეულია ატარებენ. ცნობილია, რომ პირველი ფესტივალი სწორედ მუსიკალური იყო, რომელიც 1709 წელს ინგლისში ჩატარდა და მთლიანად საეკლესიო მუსიკას დაეთმო. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფესტივალების კულტურა ევროპის ბევრ ბევრ ქვეყანაში დაიწყო, ყველაზე ხშირად – გერმანიაში, მე-20 საუკუნიდან კი - საკმაოდ გახშირდა ფესტივალების ორგანიზება და ახალგაზრდები მათ რაიმე იდეის ირგვლივ გასაერთიანებლად იყენებდნენ. ამავე საუკუნეში ფესტივალების პოპულარიზაცია დაიწყო სხვა დარგებშიც, როგორებიცაა თეატრი, კინემატოგრაფია, ლიტერატურა, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, ინოვაციური ტექნოლოგიები და ა.შ.

საქართველოში მუსიკალური ფესტივალები მე-20 საუკუნეში დაიწყო, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, თუმცა ამ სტატიაში არ შევეხებით იმ უამრავ ფოლკლორულ, კლასიკურ და მცირე ფესტივალებს, რომლებიც მაშინ ტარდებოდა და ახლაც იმართება.


დავიწყოთ ჯაზ-ფესტივალით, რომელიც თბილისში 1978 წლის მარტში გაიმართა. ეს საბჭოთა კავშირში პირველი ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალი აღმოჩნდა, რომელშიც 13 ქალაქის 23-მა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში ჯაზის შესახებ გადაღებული ფილმების სეანსები და ჯაზის პლაკატების გამოფენაც გაიმართა. თითქმის ყველა კონცერტი სახელმწიფო რადიოს ეთერით გადაიცემოდა. კონცერტებს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. 

1980 წელს კი საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი ოფიციალური როკ-ფესტივალი, სახელწოდებით „გაზაფხულის რიტმები“, სწორედ თბილისში გაიმართა. ამ ფესტივალზე ოფიციოზის მხრიდან ნებადართულ ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლებთან ერთად პირველად გამოჩნდა მუსიკალური როკ-ანდერგრაუნდი, რომელსაც მოგვიანებით „საბჭოთა როკი“ უწოდეს. ფესტივალზე სულ 20-მდე მონაწილემ დაუკრა, რომლის შესახებ 40-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ფინელებმა გადაიღეს. ჟურნალ Rolling Stone-თან საუბრისას, რუსული ჯგუფ „ავტოგრაფის“ ბასისტმა ლეონიდ გუტკინმა გაიხსენა:

„ნადვილი საძმო შევიკრიბეთ თბილისის ფესტივალზე, რომელიც თავისი სულისკვეთებით მაქსიმალურად უახლოვდებოდა „ვუდსტოკს"."

1986 წლის 13-დან 22 მაისის ჩათვლით ისევ 10-დღიანი, უკვე მეორე, ამჯერად საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. საბჭოთა კავშირის შემსრულებლებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსებიც. საბჭოთა პერიოდში ცნობილი ჯაზმენების მოწვევა დასავლეთის ქვეყნებიდან საკმაოდ რთული იყო, თუმცა სსრკ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, ეს შეზღუდვები მოიხსნა და 1989 წლის შემოდგომაზე ფილარმონიის დარბაზში თბილისის მე-3 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. მასში საბჭოთა და სოცქვეყნების მუსიკოსების გარდა მონაწილეობდნენ ამერიკელი, ფინელი, დანიელი და შვედი შემსრულებლებიც. ამ ფესტივალმა მაშინ 140 მუსიკოსი გააერთიანა.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ 1991 წელს საქართველოში სამოქალაქო ომის ცეცხლი დაინთო, ერთი წლის შემდეგ აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო და ფესტივალებისთვის აღარავის ეცალა. ეს პერიოდი, ალბათ, იმით შეიძლება გამოვარჩიოთ, რომ საქართველოში საოცრად ბევრი როკ-ჯგუფი შეიქმნა. 1993 წელს ორივე ომი დასრულდა, თუმცა ქვეყანა მაინც არ იყო მზად მუსიკალური სცენის შექმნისა და განვითარებისთვის.

1996 წლის მარტში ვაკეში, ყოფილ კინოთეატრ „ყაზბეგში“, რომელიც იმ დროს კლუბად იყო გადაკეთებული, რამდენიმედღიანი ფესტივალი „ხელები“ გაიმართა, სადაც სცენა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის ქართველ შემსრულებელს დაეთმო. იმავე ორგანიზაციამ (კლუბი ყაზბეგი) ივლისში ვაკის პარკში ათდღიანი ფესტივალი-კონკურსი მოაწყო სახელწოდებით „მარგარიტა 96“. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაში სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკოსები მონაწილეობდნენ, შემიძლია ვთქვა, რომ „მარგარიტა 96“-ზე ყველაზე სრულად ქართული ალტერნატიული მუსიკა იყო წარმოდგენილი და სწორედ ამ თვალსაზრისით ფესტივალს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა. 

ბაკურ ბურდული ფესტივალზე „მარგარიტა 96"

1999 წლის სექტემბერში მუსიკოს ლადო ბურდულის თაოსნობით და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში სამდღიანი საერთაშორისო როკ-ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, სომეხმა, ინგლისელმა და რუსმა მუსიკოსებმა. პირველ ორ დღეს მუსიკოსები ახვლედიანის ქუჩის კლუბებში უკრავდნენ, ხოლო მესამე დღეს რიყეზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა გალა-კონცერტი. რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2000 წლის მაისში ლადო ბურდულმა მეორე, ბევრად უფრო მასშტაბური საერთაშორისო როკ-ფესტივალი ჩაატარა, სახელწოდებით „მერცხლები გაზაფხულზე ბრუნდებიან“, რომელიც სამი დღის განმავლობაში სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ქართული, აზერბაიჯანული, ინგლისური და რუსული ჯგუფები. ფესტივალს აშუქებდნენ ცნობილი მუსიკალური ტელევიზიები Mtv და MCM.

ბესიკ "ბესელა" რაზმაძე, ჯგუფი „კონტრაბანდა"

გია თოიძე, ჯგუფი ამორალი"

ბენჯი ბაიდაშვილმა და მისმა საფესტივალო ჯგუფმა „მზიურმა“ 1999 წელს ყოველწლიური ფესტივალი „მზიური“ დააარსა, რომელმაც 2004 წლის ჩათვლით იარსება. ამ რამდენიმედღიან ფესტივალზე ქართულ ჯგუფებს, მწერლებს, პოეტებს, ფოტოგრაფებსა და მხატვრებს შესაძლებლობა ეძლეოდათ საკუთარი შემოქმედება ღია ცის ქვეშ, „მზიურის“ პარკში ეჩვენებინათ რამდენიმე სახელდახელო სცენასა და სასეირნო ბილიკების გასწვრივ, სადაც ნახატები და ფოტოები იყო წარმოდგენილი. 

1999 წელს ბათუმში საქართველოში პირველად ჩატარდა საკმაოდ ეკლექტური ფესტივალი „სუბტროპიკი“, რომელშიც ელექტრონული მუსიკოსებიც გამოჩნდნენ. ეს მუსიკალური ღონისძიება ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იმართებოდა და იმ დროისთვის ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებდა. მისი ორგანიზატორი დავით დანელია და ბათუმის მერია იყო. ფესტივალის მიზანი ალტერნატიული მუსიკალური სივრცის შექმნა იყო, სადაც მრავალი სტილის მუსიკოსები და მათი მსმენელები შეიკრიბებოდნენ. სხვადასხვა დროს ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს დიჯეებმა და ჯგუფებმა საფრანგეთიდან, რუსეთიდან, დანიიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. 

2000 წლიდან აღდგა საბჭოთა დროს დაწყებული ტრადიცია და „თბილისის ჯაზ ფესტივალმა“ პირველად ლეგენდარულ დრამერს ბილი კობემს და მევიოლინე ჟან ლუკ პონტის უმასპინძლა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ, ისიც 2008 წელს, ომის გამო ჩაიშალა ფესტივალი, პარალელურად 2007 წლიდან კი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“ იმართება, სადაც სტილებს შორის ყოველგვარი ზღვარი იშლება და ფანკის, სოულის, არენბის, ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის თანამედროვე თუ  უკვე საკულტო სახელებით და მუსიკით ივლისის მხურვალე დღეებში ვტკბებით. ჯორჯ კლინტონი, როი აიერსი, მაკოი ტაინერი, მარკუს მილერი - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მუსიკოსებისა რომლებმაც ჯაზ ფესტივალზე ამ პერიოდის განმავლობაში თავისი სტუმრობით გაგვანებივრეს.

პარალელურად, „ისთერნ ფრომოუშენის“ საორგანიზაციო ჯგუფმა სხვა პროექტების განხორციელებაც დაიწყეს, ეს იქნება ჯაზ სერიები თბილისის ფილარმონიის სცენაზე თუ Jazz & Wine”-ის მცირე ფესტივალი კახური ღვინოს თანხლებით. 

Black Sea Jazz Festival

თანამედროვე საქართველოში, საფესტივალო კულტურის ეტიკეტი და ჩარჩო „Tbilisi Open Air“-თან ერთად შეიქმნა.

2009 წელს, შარდენის ქუჩაზე ღონისძიებების სერიით დაწყებულმა მუსიკალურმა მოგზაურობამ მასშტაბები მალევე გაზარდა და ალტერნატიული მუსიკის რუკაზე ჩვენი ქვეყანაც მოინიშნა. იზრდებოდა როგორც შემსრულებელთა რაოდენობა, ასევე მსმენელთა დემოგრაფიული გადანაწილებაც - ამისთვის ფესტივალის ორგანიზატორებმა სხვადასხვა სცენა გამართეს, სადაც სასურველ მუსიკას ნებისმიერი მიაგნებდა. ფესტივალი სტილისტურადაც გამრავალფეროვნდა, დაემატა ჯაზის, ელექტრონული მუსიკის თუ ჰიპ-ჰოპ აქტები. რაც მთავარია, მსმენელი ყოველწლიურ საფესტივალო ორომტრიალში აქტიურად ჩაერთო, კარვების მომზადებიდან დაწყებული, ლაინ-აფის შემსრულებლების მუსიკალური კატალოგის გადამეორებით დამთავრებული - „Tbilisi Open Air“-მა ერთად მოუყარა თავი Deep Purple-ის, Moodymann-ის, Unkle-ის და სხვათა მსმენელებს - ამ ყველაფერმა აღნიშნული ფესტივალი ალბათ ბოლო წლების ყველაზე სახალხო შეკრებად აქცია.

Tbilisi Open Air 2019

მიუხედავად იმისა, რომ საცეკვაო მუსიკისთვის სახლი საკლუბო სივრცეებია, არანაკლებია ფესტივალების მნიშვნელობა მისი, როგორც კულტურული ფენომენის გააზრების საკითხში, მით უფრო მაშინ როდესაც გარკვეული მუსიკალური სტილები სწორედ საფესტივალო ჩარჩოში ხდებიან ეფქტურები - ეს საკითხი საქართველოში 4GB-ის ფესტივალის აღმოცენებსთან ერთად გახდა აქტუალური - პიონერი ქართველი  დიჯეის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველად 2011 წელს, გერმანელ მიხაელ მაიერთან ერთად, მცირე მასშტაბით ჩატარდა და იმ დროს, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ მომავალ წლებში, ქალაქის ახალგაზრდობა (და არამარტო) სწორედ მათი ღონისძიებების თარიღებზე იქნებოდა ჩასაფრებული.

4GB 2019

4GB 2019

4GB საზოგადო შეკრებაა, რომელსაც ყოველწლიურად უკვე 8000-ზე მეტი ადამიანი ესწრება - ის, რაც ფესტივალს ყველაზე მეტად ალამაზებს, ქართველი და უცხოელი არტისტების პარიტეტული წარდგენაა, რაც ქართული მუსიკალური სცენისთვის ასე საჭირო მრავალმხრივ მუსიკალურ კავშირებს ქმნის - ვის არ დაუკრავს 4GB-ზე?! Jeff Mills, Matthew Herbert, KiNK, Luke Slater - რამდენიმე მათგანი რომ ვახსენოთ. სანამ საკლუბო სცენა ჯერ კიდევ მომძლავრდებოდა თბილისში, სწორედ 4GB იყო საცეკვაო ელექტრონული მუსიკის რუკაზე საქართველოს ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი. გარდა მუსიკალური ნაწილისა, ცალკე აღსაღნიშნია ღონისძიებების ჩატარების ადგილი და გაფორმებაც - საუკეთესო საფესტივალო განწყობისთვის მზადება თვეებით ადრე იწყება ხოლმე.

2015 წელს, მუსიკალურ ფესტივალებს შორის არსებული ნაპრალი „მზესუმზირას“ კომუნის მიერ დაარსებულა „ეზო ფესტივალმა“ შეავსო - ეზო ეს ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის პორტალია, სადაც მოსახვედრად კარნავალის ფერხულში ჩაბმა აუცილებელი პირობაა - ფესტივალმა სახლი მთაწმინდის პარკში დაიდო, საიდანაც გაშლილი თბილისის ხედი ქალაქის განუყოფელ ნაწილად გაგრძნობინებთ თავს. მუსიკა „ეზოს“ სილამაზის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელსაც ლეგენდარული ლილ ლუისი, დერიკ მეი თუ მათი ქართველი კოლეგები ერთიანად ქმნიან - საბოლოო ჯამში კი ეზო იყო და არის ურთიერთობა, ჰაერივით რომ სჭირდებოდა ქალაქს.

კიდევ ერთი ელექტრონული ყოველწლიური ფესტივალია eZo, „ეზო“, რომელიც კომუნა „მზესუმზირამ“ 2014 წელს დააფუძნა. პირველი ფესტივალი 2015 წელს ლისის ტბაზე გაიმართა. ამის შემდეგ „ეზო“ მთაწმინდაზე გადაინაცვლა და 2019 წელს დაბადებიდან 5 წლისთავიც საზეიმოდ აღნიშნა. 

2016 წლისთვის პირველად გახდა შესაძლებელი იმ იდეის განხორციელება, რომლისთვისაც ნიადაგი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. საუბარია SOU Festival-ზე, რომელმაც ექსპერიმენტული მუსიკა ჩვენი არაცნობიერის ნაკადში ჩართო.

ეს მუსიკალური შემოქმედების ის ნაწილია, რომელიც საზოგადო შეიძლება ვერასდროს გახდეს, თუმცა მისი არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურული ეკოსისტემისთვის.

სწორედ ამ მიმართულების გააქტიურებაზე აიღო პასუხისმგებლობა SOU ფესტივალმაც - პირველ წელს საქართველოს ეწვივნენ გერმანული ექსპერიმენტალური აუდიო/ვიზუალური ხელოვანი, ალვა ნოტო, მისი იაპონელი კოლეგა, რიოჯი იკედა, თანამედროვე ემბიენთ მუსიკის გამორჩეული წარმომადგენელი რაფაელ ანტონ ირისარი, გერმანული ალტერნატიული მუსიკის ოსტატი ბლიქსა ბარგელდი ტეო ტეარდოსთან ერთად და კიდევ რამდენიმე საინტერესო მუსიკალურ პროექტი გერმანიიდან და ბრიტანეთიდან. 

ფოტო: მარიამ ჯანაშია

ფოტო: მარიამ ჯანაშია

2017 წელს ფესტივალი ბევრად გაფართოვებული პროგრამით დაუბრუნდა მსმენელს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ SOU პირველი ფესტივალი იყო ქვეყანაში, რომელმაც სრულიად არამეინსტრიმულ მუსიკალურ სტილებზე გააკეთა აქცენტი - აკადემიური თუ სრულიად საპირისპირო ესთეტიკის მქონე მუსიკა ერთი ფესტივალის ფარგლებში მოექცა. თითქმის 2 თვეში 26-მდე ღონისძიება ჩატარდა - რაც მთავარია, ქალაქის მაცხოვრებლებმა თავიდან აღმოაჩინეს მიტოვებული, თუმცა კვლავ დიდი პოტენციალის მქონე დარბაზები და სხვა სივრცეები, რომლებიც ერთ დროს ქალაქის კულტურულ არტერიას ქმნიდნენ.  ფესტივალზე ქალაქის მკვიდრებსა და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ უილიამ ბასინსკისთვის, იან იელინეკისთვის, ეხილათ რობერტ ჰენკეს აუდიო/ვიზუალური შოუ და სხვა. SOU-ს დაგვირგვინება კი იმავე წლის შემოდგომა იყო, როდესაც ბიორკმა, მაგიური 2 კონცერტი აჩუქა თბილისს.

ფოტო: გიორგი დადიანი

Björk, SOU Festival 2017

მზე, ზღვა და ელექტრონული მუსიკა - ამ იდეას ემყარებოდა GEM ფესტივალი“, რომელიც ანაკლიიის სანაპიროს მისადგომებთან, რამდენიმე წლის განმავლობაში აგვისტოს ცხელ დღეებში იმართებოდა - ფესტივალი ჩამოსული არტისტების რაოდენობით ყველაზე მასშტაბური იყო აღნიშნულ წლებში, 2017 წელს აქ მეინსტრუმული ელექტრონული მუსიკის 500-მდე არტისტმა მოიყარა თავი, მათ შორის აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები ქართველი მუსიკოსებიც - წარმოქმნილი გაუგებრობების გამო, GEM-მა საბერძნეთის სანაპიროებისკენ გადაინაცვლა, ანაკლია კი „Echowaves-ის ფესტივალს დაეთმო.

ფოტოები: Echowaves

ქართული ფესტივალების არსებობის განმავლობაში, თანდათანობით გაიზარდა ქართველი მაყურებლის კულტურა. თუ 1990-იანებისა და 2000-იანების დასაწყისის ფესტივალებზე ხშირი იყო ჩხუბი, კონფლიქტები, ალკოჰოლის უზომო მოხმარება - 2000-იანების მეორე ნახევრიდან ჩვენში თანდათან შემოვიდა ფესტივალების მოწყობის დასავლური წესები – გამკაცრებული ფეისკონტროლი, ტერიტორიაზე შუშის ჭურჭლის შეტანის აკრძალვა, ბილეთების გაყიდვის ონლაინ-მეთოდი და სხვა. ყველაზე დადებითი, რაც ამ ფესტივალებმა თუნდაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის მოიტანეს, კლუბური ცხოვრების განვითარებაა. საქართველოს უკვე რამდენიმე ქალაქში არსებობს ევროპაში სახელგანთქმული კლუბი, სადაც ამ მუსიკის მსმენელს შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო და ადგილობრივ ელექტრონულ მუსიკოსებს მოუსმინოს, მოეშვას და იცეკვოს. 

ავტორი: ლაშა გაბუნია / ჯაბა შავიშვილი