მარტი 24, 2021
ფულის ევოლუცია — გზა ბარტერიდან ციფრულ ბარათებამდე
ფულს — ცოტას თუ ბევრს — ყოველდღე ისე ვხარჯავთ, არც კი ვფიქრობთ, რატომ მივანიჭეთ მას ღირებულება და რა დრო დასჭირდა კაცობრიობას, სანამ ქაღალდის ან მეტალის ნაკეთობა ვაჭრობის საყოველთაო სტანდარტი გახდებოდა. ამ ბლოგით ერთად ვიმოგზაურებთ წარსულში და გავიგებთ, როგორ იცვლებოდა ფულის ნაირსახეობები საუკუნეების განმავლობაში.
ვაჭრობის ისტორია 40 000 წელზე მეტს ითვლის — არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ ზედა პალეოლითში მონადირეთა ჯგუფები კაჟის იარაღებსა და სხვა ინსტრუმენტებს ერთმანეთში ცვლიდნენ. იარაღებისა და ბუნებაში მოპოვებული იშვიათი საგნების გაცვლიდან დღემდე, ციფრული ფულის ეპოქამდე, ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა ერთი რამ ცხადია — როგორი ფორმატისაც არ უნდა იყოს ფული, ადამიანები მას გაცვლის, გადახდისა თუ დოვლათის დაგროვებისთვის ათასობით წელია, იყენებენ.
ბარტერიდან — ფულის საწყისებამდე
მანამ, სანამ ფული ფულად ჩამოყალიბდებოდა, ადამიანები პროდუქტებსა თუ მომსახურებას ერთმანეთში პირდაპირ ცვლიდნენ — ფერმერი მეწაღეს ხორბალს ფეხსაცმლის სანაცვლოდ აძლევდა, ხორცის სანაცვლოდ კი ყასაბს, შესაძლოა, ნაჯახი ან მისთვის საჭირო სხვა ნივთი მიეღო. თუმცა ბარტერს დრო სჭირდებოდა — რთულდებოდა შეთანხმების მიღწევა და იმის განსაზღვრა, რამდენად სამართლიანი იყო გარიგება ორივე მხარისთვის.
თანდათანობით ვალუტის ფუნქციით ადვილად გასაცვლელი ნივთების გამოყენება დაიწყეს, მათ შორის იყო ცხოველის ტყავი, მარილი, მარგალიტები, ნიჟარები, იარაღები და სხვა. ამ სისტემამ მთელ მსოფლიოში მოიკიდა ფეხი და ის დედამიწის სხვდასხვა წერტილში დღესაც შემორჩენილია, თუმცა ფულის გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გარდატეხად რჩება.
თანამედროვე მონეტის წინაპარი ჩინეთში შეიქმნა
დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 770 წელს ჩინელებმა საბარტერო საგნების — საბრძოლო თუ სამუშაო იარაღების მინიატურული ანალოგების ბრინჯაოში ჩამოსხმა დაიწყეს. ნელნელა, ამ მინიატურულ ნივთებს, არაპრაქტიკულობის გამო (პატარა წვეტიან ისარზე, სახნისზე თუ თოხზე ხელი ეჭრებოდათ), წრიული ფორმები მისცეს. ასე შეიქმნა მონეტების წინაპარი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებმა მსოფლიოში პირველებმა შექმნეს მონეტებთან მიმსგავსებული პრიმიტიული ნივთები, პირველი რეგიონი, სადაც ნამდვილი მონეტების მოსაჭრელად და მათი სავალუტო ფუნქციით გამოსაყენებლად ინდუსტრიული დანადგარების გამოყენება დაიწყეს, ევროპა იყო, კერძოდ — ლიდია (ახლანდელი დასავლეთ თურქეთი). ფულის მოსაჭრელ საწარმოს, რომელსაც ლიდიაში იყენებდნენ, დღეს ზარაფხანას ვუწოდებთ.
პირველი ოფიციალური ფული ლიდიაში მოიჭრა
ძველი წელთაღრიცხვით 600 წელს ლიდიის მეფემ, ალიატემ, პირველი ოფიციალური ფული მოჭრა. მონეტებს ოქროსა და ვერცხლის შენადნობისგან ამზადებდნენ და ღირებულების აღსანიშნად შტამპად სხვადასხვა ნახატს ადებდნენ. ასე რომ, ლიდიის დედაქალაქ სარდისის ქუჩებში გასაყიდად გამოტანილი თიხის ქილა იმ დროისთვის, შესაძლოა, ორი “ბუ” და ერთი “გველი” დაგჯდომოდათ.
ფულის მოჭრა ლიდიას შიდა და გარე სავაჭრო სისტემების ჩამოყალიბებაში დაეხმარა და მცირე აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სამედოდ აქცია. ანტიკურ ხანაში გამოთქმაც არსებობდა — “კრეზივით მდიდარი”, რაც ლიდიის სამეფოს უკანასკნელ მმართველზე მიუთითებდა. მან პირველმა მოჭრა მონეტა სუფთა ოქროსგან.
ქაღალდის ფულზე გადასვლა
ქაღალდის ვალუტა მე-7 საუკუნეში, ტანის დინასტიის მმართველობის პერიოდში ჩინელებმა შექმნეს, თუმცა ნამდვილი ქაღალდის ფული ჩინეთში მასობრივად X-XI საუკუნეებში გავრცელდა. ერთ-ერთ უძველეს ჩინურ ფულზე თაღლითებისადმი მუქარაც კი იყო ამოტვიფრული — ეწერა, “ვინც გააყალბებს — თავს მოკვეთენო”.
ქაღალდის ფულის წარმოება დაკავშირებულია მოვაჭრეებთან, რომლებსაც მასშტაბური კომერციული საქმის წარმოებისთვის სპილენძის მონეტების ტარება უჭირდათ, სანაცვლოდ კი ქაღალდის “ჩეკს” იყენებდნენ.
დასავლურ ცივლიზაციამდე ქაღალდის ფულის შესახებ ცნობები მარკო პოლომ ჩაიტანა მას შემდეგ, რაც 1271-1295 წლებში აზიაში იმოგზაურა. მიუხედავად ამისა, ევროპის ნაწილი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნისთვისაც მეტალის მონეტებს იყენებდა. ეს კოლონიური გამოცდილებით იყო განპირობებული — ახალი ტერიტორიების ათვისებისა და დაპყრობისას მათ ძვირფასი მეტალების ახალ-ახალ წყაროებზე უჩნდებოდათ წვდომა და დიდი ოდენობის მონეტებს ჭრიდნენ.
მე-17 საუკუნისთვის ევროპაში ბანკებმა თანდათან ქაღალდის ბანკნოტების მასობრივად გამოყენება დაიწყეს. მათი გადაცვლა კი ვერცხლისა თუ ოქროს მონეტებში ყოველთვის შეიძლებოდა. საინტერესოა ისიც, რომ თავიდან ქაღალდის ფულს ბანკები ან კერძო დაწესებულებები გამოსცემდნენ და არა — მთავრობები.
საკრედიტო ბარათები — ციფრული ფულის დასაწყისი
საკრედიტო ბარათების ისტორია იწყება გასული საუკუნის 20-იანი წლების ამერიკიდან, სადაც ინდივიდუალური ფირმები, მაგალითად სასტუმროების ქსელები ან საწვავის კომპანიები თავიანთ სავაჭრო წერტილებში პროდუქტების შესაძენად მომხმარებლებს ბარათებს აძლევდნენ. პირველი უნივერსალური საკრედიტო ბარათი, რომლის გამოყენება სხვადასხვა დაწესებულებაში შეიძლებოდა, Diners’ Club-მა 1950 წელს გამოუშვა. მსგავსი ტიპის პლასტიკური ბარათი, რომელიც გართობისა და მოგზაურობისთვის გამოიყენებოდა, American Experss Company-მ 1958 წელს გამოსცა.
მომდევნო ინოვაცია საბანკო საკრედიტო სისტემა იყო, რომელიც დღემდე წარმატებულად მოქმედებს. მისი მეშვეობით სხვადასხვა სახის სავაჭრო ობიექტში, ფიზიკურად თუ ინტერნეტით, პროდუქტისა და მომსახურების შეძენა ან თანხის განაღდება ბარათით შეიძლება. მომხმარებელი კი ვალდებულია, გათვალისწინებული დროის გასვლის შემდეგ გამოყენებული თანხა და დარიცხული პროცენტი დაფაროს.
ციფრული ფული და ბარათები
ინტერნეტის დაბადებამ ციფრული ფულის იდეა რეალობად აქცია. მსოფლიო კომპიუტერული ქსელის ზრდასთან ერთად ონლაინ გადახდები უფრო და უფრო პოპულარული გახდა. 1999 წლიდან ევროპულმა ბანკებმა მომხმარებლებს მობაილბანკინგი შესთავაზეს. თანდათანობით ციფრული გადახდებისა და გადარიცხვების სფეროში მრავალი კომპანია გამოჩნდა და მათ ტრადიციული, ფურცლებთან და ჩეკებთან დაკავშირებული პროცედურების ალტერნატივა შემოგვთავაზეს. Apple Pay, Google Pay თუ სხვა მსგავსი სერვისები ახლა მობილური გადახდების ტექნოლოგიებს აქტიურად ავითარებენ და საცალო მოვაჭრეებსაც უთმობენ პლატფორმას ონლაინ გაყიდვების გასამართად.
ფულის კიდევ უფრო ადვილად სამართავად ახლახან პლასტიკური ბარათების ციფრული ანალოგები გამოჩნდა. ციფრული ბარათები მობაილბანკში თუ სხვა ფინანსურ აპლიკაციაშია ჩაშენებული და ფიზიკური ბარათების მსგავს ფუნქციებს ითავსებს, მხოლოდ ერთი განსხვავებით — ციფრული ბარათი ყოველთვის შენს მობილურშია და არ იკარგება. უკვე აწმყოს ნაწილია ვირტუალური ფულიც — კრიპტოვალუტები.
ბარტერიდან — ციფრულ ფულამდე კაცობრიობამ ათობით ათასი წელი განვლო. ფულის ევოლუცია კი ყოველ ეტაპზე ცხოვრების გამარტივების სურვილით იყო განპირობებული. ფულის წარმოშობის მიზეზებზე მრავალი თეორია იქმნება, თუმცა ერთი რამ ცხადია — ყველა სახის ფული, ფორმისდა მიუხედავად, პროდუქტის გაცვლისა თუ ვალის დაბრუნების მიზეზით გაჩნდა და მას ჩვენი წინაპრებიც იმავე ფუნქციით იყენებდნენ, როგორც — ჩვენ.