აგვისტო 05, 2025
თიბისის ორგანიზაციული კულტურა მუდმივად თანამშრომლებს შორის გუნდურობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ინიციატივა „ერთი დღით ახალ როლში“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება - დროებით შეიცვალო პერსპექტივა, სხვისი სამუშაო ადგილიდან დააკვირდე სამყაროს და უკეთ გაიგო, როგორ იქმნება საერთო მიზანი სხვადასხვა როლის თანაარსებობით.
პროექტის პირველი ეტაპი ფრონტისა და ბექის თანამშრომლებს შორის როლების გაცვლით დაიწყო: ერთი დღით მათ ერთმანეთის როლები მოირგეს და სულ სხვა თვალით შეხედეს იმას, რაც, ერთი შეხედვით, გაუგებარი - ანდაც პირიქით, მარტივი ჩანს.
თანამშრომლები, რომელთაც სხვა როლის შეთავსება ერგოთ წილად, შავლეგო კაპანაძე - სისტემის ანალიტიკოსი და გვანცა შეშაბერიძე - კონცეპტ მომხმარებლებზე ზრუნვის ექსპერტი იყვნენ.
გვანცა, კონცეპტ მომხმარებლებზე ზრუნვის ექსპერტი, ყოველდღიურად მუშაობს იმ ციფრულ სისტემებთან, რომელთა განვითარებაზეც შავლეგოს გუნდი ზრუნავს. ამიტომაც, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გვანცას სტუმრობა ბექში - იქ, სადაც ეს პროდუქტები იქმნება.


_______________________________________________________________________________________
„პირველად გვანცა მესტუმრა და ისე შინაურულად შევხვდით ერთმანეთს, თითქოს, დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით... მის ვიზიტამდე მეგონა, ყველაფერი უნდა მქონოდა დაგეგმილი - რაზე უნდა გვესაუბრა, რა მეჩვენებინა, მაგრამ დღე იმდენად სპონტანურად წარიმართა, რომ ბოლოს მივხვდი - ჩემს ყოველდღიურობას გვანცას ამაზე უკეთ ვერ გავაცნობდი“

ხოლო გვანცა ამ გამოცდილებას აღწერს როგორც პროცესს, რომელმაც სხვა კუთხით დაანახა ის, რაც, თითქოს, უკვე კარგად იცოდა:
„ერთი დღით ახალ როლში იყო ახალი გამოცდილება, რომელმაც უკეთესად დამანახა, რამდენი რამ იმალება, ერთი შეხედვით, მარტივ ოპერაციებში“

მთელი დღის განმავლობაში ის ესწრებოდა შეხვედრებს, გაეცნო ტექნიკური გუნდების კომუნიკაციის სტილს და პირველად, უშუალოდ დააკვირდა სქრამის მეთოდით აწყობილ სამუშაო დინამიკას. „სქრამის გამოყენებასთან სამუშაო პროცესში უშუალო შეხება არ მქონია და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ხილვა“- ამბობს გვანცა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივეს გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა ერთმანეთის საქმეზე, აღნიშნული პროექტის შემდეგ ეს წარმოდგენა უფრო სრულფასოვანი და ცოცხალი გახდა.
შავლეგოსთვის განსაკუთრებით ღირებული იყო მომხმარებლის თვალით დანახული უკუკავშირი:
ვფიქრობ, ეს ინიციატივა საკმაოდ სასარგებლოა. ჩემთვის ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი თავი უცხო თვალით დამენახა… თან, მონათხრობსა და გაგონილს ბევრად სჯობს, თავად გამოცადო, როგორ იყენებენ შენს პროდუქტს მომხმარებლები. გვანცამ კი ბევრი საინტერესო ნიუანსი გამიზიარა, რაც აქამდე არ ვიცოდი და რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ
ხოლო გვანცასთვისაც დამამახსოვრებელი აღმოჩნდა ის, რომ ტექნიკური პროცესების მიღმა კონკრეტული ადამიანების ძალისხმევა, ლოგიკა და სერვისზე ორიენტირებული აზროვნება დგას.
„ეს ინიციატივა თითოეულ თანამშრომელს საშუალებას მისცემს, უფრო თვალსაჩინოდ დაინახოს და მეტად დააფასოს სხვა გუნდების შრომა. ამ გზით ყველანი უკეთ აღვიქვამთ თიბისის მთლიანობას“.
ერთი დღით ახალ როლში არის პროექტი, რომელიც თანამშრომლობის მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში გვეხმარება - ის გვაჩვენებს, რომ გუნდური მუშაობა მხოლოდ კომუნიკაცია კი არა, საერთო მიზნის გააზრებაა. პროექტი გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა მიმართულების თიბისელს მისცემს შესაძლებლობას, ერთი დღით ახალ როლში გამოსცადოს თავი და უკეთ გაეცნოს კოლეგების საქმიანობას..