ლიტერატურა სიახლეები

დამოუკიდებლობის დღე - მოგზაურობა დროში

1919 წლის 26 მაისი - მოგზაურობა დროში (მოგზაურობა ქართული პრესის ფურცლებზე)

მაისი 26, 2024

ახალბედა, ერთი წლის რესპუბლიკა, უამრავი პრობლემის, მეზობლებთან ომის, გაჭირვების მიუხედავად ძალიან ამაყობს თავისი დამოუკიდებლობით და 1919 წლის 26 მაისისთვის, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება.

ქართულ პერიოდიკაში ამ დღესთან დაკავშირებული გეგმებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია უკვე ერთი კვირით ადრე ქვეყნდება. ემზადება ყველა - მთავრობა, მხედრობა, ერი და ბერი, იგეგმება დიდი დღესასწაული.


26 მაისის დღესასწაულის წესრიგი:


დილით მთელი ქალაქი შემკული იქნება ეროვნული დროშებით, დაწსებულებები, რასაკვირველია, არ მუშაობენ. დილის 7 საათიდან სპეციალურ ავტომობილებში ეროვნულ სამოსში ჩაცმული გეროლდები დასცემენ ბუკს და აუწყებენ ქალაქსი დღესასწაულის დაწყებას. ავტომობილები შემოივლიან მთელს ქალაქს. სასახლის წინ 10 საათზე მთავრობა მიიღებს ქართული ლაშქარის პარადს. ამ დროისთვის თავისუფლების მოედანთან და მის გარეშე ქუჩებში თავს იყრის ხალხი და კორტეჟში მონაწილე ორგანიზია-ჯგუფები. პარადის ჩათავების შემდეგ ჯარი დაიძვრის გოლოვინის, ოლღას და წყნეთის ქუჩით ვაკისკენ, თან მიჰყვება კორტეჟი. ამ კორტეჟს წინ გაუძვღვება მხედარი გეროლდები ბუკის ცემით, მას თან მიჰყვება მრავალრიცხოვანი ორკესტრი. შემდეგ იხსნება მთელი რიგი სიმბოლური სურათები: „თავისუფლება“, „დამოუკიდებლობა“, „გაზაფხული“ და სხვა. რომეთაც წინ მიუძღვის თუ უკან მიჰყვება მრავალრიცხოვანი ხოროები ეროვნულ ტანსაცმელში, გაერთიანებული საქართველოს მხედრობა კუთხურ ტანსაცმელში: ხევსურები, აჭარლები და სხვა. შემდეგ „შევარდენის“ ჯგუფი, რომელსაც თან მოჰყვება მთელი მოსწავლე ახალგაზრდობა, პროფესიონალური კავშირები, ჰამქრები და ხალხი...“

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 28 მაისი, N116


26 მაისის დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის წლის თავი – თფილისში გრანდიოზულად ჩატარდა.

საუცხოვო მაისის დღე გათენდა. დილიდანვე ქუჩები, დაწესებულებები და კერძო სახლები ნაირ-ნაირად მორთული იყო ხალიჩებით, ეროვნული დროშებით და ვარდ-ყვავილებით. მოქალაქენი დილიდანვე გამოეფინნენ ქუჩებში. სხვადასხვა ორგანიზაციები დანიშნულ ვადაზე გამოცხადდენ სასახლის წინ და დაიკავეს მთელი დამფუძნებელი კრების ქუჩა. 10 საათზე სამხედრო საკრებულოს ეზოში გაიმართა ჯარების აღლუმი. აღლუმი მიიღო მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ. მას თან ახლდნენ ამერიკის, ინგლისის, იტალიის, საბერძნეთის, ადერბაიჯანის, სომხეთის და მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენლები. აღლუმის გათავების შემდეგ ჯარები და მთელი პროცესია სამხედრო მუსიკითა და სიმღერებით გაემართა ოლღის და წყნეთის ქუჩით ვაკეზე, რომელიც მოშორებულია ქალაქს სამი ვერსით, სადაც საგანგებოდ დიდ მინდორზე, მთავარ-გორაკებზე მოწყობილი იყო სადღესასწაულო სტადიონი.


ნაშუადღევს კორტეჟის პროცესიაც მოვიდა დანიშნულების ადგილას. პირველად მოვიდნენ ჰეროლდები დამოუკიდებლობის საყვირით. შემდეგ ორკესტრები და მომღერალი გუნდები ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილნი. საუცხოო შთაბეჭდილებას სტოვებდა სხვადასხვა სიმბოლური გამოხატულებანი: „რევოლუცია“, „საქართველოს დამოუკიდებლობა“, „საქართველოს გაერთიანება“ და გაზაფხული“. შემდეგ მიდიოდენ „შევარდნები“, მთელი თავისი შემადგენლობით: ქალთა და ვაჟთა ჯგუფებით. მერე მიდიოდა მოწაფეთა ჯგუფები, პროფესიონალური ორგანიზაციები, სოფლის წარმომადგენლები (დიღმის, წყნეთის და სხვა), ხევსურები აბჯარ-მუზარადით, ამქრები და სხვა.


1 საათზე საზეიმოდ დანიშნული ველი გაივსო ზღვა ხალხით. დროშების მთელი ტყე გაჩნდა. 2 საათი შესრულდა და სადღესასწაულოდ მომავალი ხალხის ჯგუფები არ ილეოდა. რიცხვით მოსული ხალხი 100 ათას აღემატებოდა.

2 საათზე დაიწყო დღესასწაული. რამდენიმე ასი კაცისგან შემდგარმა შეერთებულმა ორკესტრმა შეასრულა ეროვნული ჰიმნი „დიდება“ კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის მეთაურობით. ორკესტრმა და გუნდებმა შეასრულეს სხვადასხვა ჰიმნები და სიმღერები. სტადიონზე დაიწყო „შევარდენთა“ ვარჯიშობა.

დიდებულად ჩატარდა დამოუკიდებლობის წლის თავის დღესასწაული საქართველოს დედა ქალაქში.“


აქვე, პოეტების მეფის, გალაკტიონ ტაბიძის ლექსიცაა დაბეჭდილი:


ამ სიხარულს ყველა უერთდება, საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ეთნიკური წარმომავლობის:



და ქართველ ებრაელთა წარმომადგენლის სიტყვის დასასრულიც:

„გაუმარჯოს საქართველოს განკურნების დღეს, ძვირფას 26 მაისს!“

 


დასასრულისთვის, ეს პოეტური სიხარული 1919 წლის 26 მაისის გაზეთიდან „საქართველოს რესპუბლიკა“.


სტატიაში გამოყენებული მასალა ატვირთულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“.

"საბა"