კულტურა თიბისელები

რა არის კორპორაციული კულტურა და როგორ ცვლის ის ადამიანებს

მაისი 04, 2020

ბიზნესსა და მენეჯმენტში უამრავი უცნაური და რთული ტერმინი არსებობს, რომელთა შინაარსიც ადამიანებს ზოგჯერ საერთოდ არ ესმით. ზოგიერთ მენეჯერს მოსწონს ვიწრო პროფესიული ლექსიკონის გამოყენება დასაქმებულებთან საუბრისას და მარტივი სათქმელის იმგვარად გართულება, რომ უფრო დამაჯერებელი, მაგრამ ნაკლებად გასაგები იყოს. ამგვარი ქცევით გამორჩეული ლიდერები საბოლოო ჯამში წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი, რადგან ჩვენ აღარ ვცხოვრობთ მეოცე, მეცხრამეტე და იმისწინა საუკუნეებში. დღეს სულ სხვა დროა, დრო რომელშიც დასაქმებულთან გაუგებარ ენაზე საუბარი ვნებს როგორც კომპანიას, ისე მენეჯერებს. 


ერთ-ერთი ასეთი ტერმინი, რომლის განმარტებაზეც ხშირად არავინ იწუხებდა თავს, კორპორატიული კულტურაა. გახსოვთ ამერიკული სერიალი Office? - ეს გენიალური კომედიური ჟანრის ტელეშოუ ნათლად ასახავს სიტყვა „კორპორატიული კულტურის“ ფეტიშს, რომელიც შინაარსისგან არის დაცლილი. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ მენეჯერებმა კომპანიის შიდა და გარე კულტურაზე, თუკი თანამშრომლებს არ ესმით მისი იდეა, არაფერს აქვს აზრი. 



რა არის კორპორატიული კულტურა? 


როგორც ყველა ცოცხალს ორგანიზმს, კომპანიასაც აქვს თავისი აგებულება, სხეული, გონება, ქცევები, ღირებულებები და მიზნები. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ესა თუ ის კომპანია მოიცავს, კორპორატიული კულტურის ნაწილია და მის „პერსონას“ განმარტავს. ის მოიცავს ფაქტობრივად სხეულის ყველა ნაწილს, დაწყებული სამუშაო გარემოდან, დამთავრებული ეთიკით, მიზნებით, მოლოდინებითა და პირადი ურთიერთობებით თანამშრომლებს შორის.


დღეს მსოფლიოში კორპორატიული კულტურის არაერთ ნაირსახეობას შევხვდებით. ზოგიერთები გუნდური თანამშრომლობის პრინციპს ნერგავენ, რომელშიც წაშლილია ბარიერები თანამშრომლებისთვის და მათ ყველა საფეხურზე შეუძლიათ გავლენის მოხდენა. ზოგიერთები ტრადიციულ მეთოდებს ირჩევენ და იერარქიულ წყობას ემხრობიან, დანარჩენი კი უშუალო კულტურას ირჩევენ, რომელიც ნაკლებ წესებსა და რეგულაციებს გულისხმობს. თუმცა საბოლოო ჯამში, კორპორატიული კულტურა ნებისმიერი კომპანიისთვის და მისი თანამშრომლებისთვის წარმატების საწინდარია. 



რატომ არის მნიშვნელოვანი კორპორატიული კულტურა? 


კარგ და წარმატებულ კომპანიებს კორპორატიული კულტურის დანერგვისას დიდი სიფრთხილე, ბევრი ფიქრი და შრომა ახასიათებთ. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო? არ შეიძლება უბრალოდ მივიდეთ სამსახურში და ჩვენი საქმე გავაკეთოთ? — არადა, კორპორატიული კულტურა იქმნება სწორედ იმისთვის, რათა თანამშრომლებმა თავისი საქმე მეტი მოტივაციით, ხალისითა და პასუხისმგებლობით აკეთონ. აი, ასეთი მარტივია ამ კითხვაზე პასუხი, თუმცა ჩვენ ცოტათი უფრო მეტი სიღრმე გვჭირდება.


მოდით, ასე ვთქვათ: თუკი თქვენ მოხვდებით ისეთ კომპანიაში, რომელშიც არ გსიამოვნებთ ყოფნა, ძალიან მაღალია იმის ალბათობა რომ წარუმატებელი იქნებით და სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მაგალითად, შესაძლოა თქვენ სამუშაოს შესრულება ინდივიდუალურად გირჩევნიათ, ზედმეტი ჩარევის გარეშე, მაგრამ მუშაობთ ისეთ კომპანიაში, რომელიც გუნდურობაზეა დამყარებული და საერთო სამუშაო სივრცეებს იყენებს. რამდენ ხანს შეძლებთ ასეთ სიტუაციაში გაჩერებას? იქნებ თქვენთვის უკეთესია, ტრადიციული კორპორატიული კულტურის მქონე კომპანიებში გადაბარგდეთ?


ტრადიციული კულტურის პირობებში, თქვენი სამუშაო მკაცრად იქნება გაწერილი და მოგიწევთ იმ ჩარჩოში ყოფნა, რომელსაც მენეჯერები განგისაზღვრავენ. ასეთ კომპანიებში რთულია წინსვლაზე და განვითარებაზე ფიქრი, რადგან მხოლოდ იმ უნარების დემონსტრირების საშუალება გაქვთ, რომლის შესახებაც ისედაც იციან. 




დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც კარგად ერგებიან კომპანიის კორპორატიულ კულტურას, უფრო ბედნიერები და მოტივირებული არიან, რაც მათ პროდუქტიულობაზეც აისახება. სწორედ ამიტომ, კომპანიებისთვის კორპორატიული კულტურა ერთგვარი ფილტრია, ვინ დაიქირავონ სამსახურში, ისევე როგორც სამსახურის მაძიებლებისთვის, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, სად იმუშაონ. 



ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპანიების მიზანსაც, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო ეთიკას, გარემოსა და ღირებულებებს. რამდენად კარგ მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს კომპანია, დანიშნულების ადგილამდე მისვლა ეკლიან გზას დაემსგავსება, თუკი ფეხსაცმელი გიჭერთ. სწორედ ამიტომ, კომპანიებს სურთ დაიქირავონ თანამშრომლები, რომლებსაც ფეხსაცმელიც ერგებათ და მიზანიც საერთო აქვთ. 


ავტორი: დიმიტრი სანაია