აპრილი 14, 2021
რისკენ ვართ - ნაღდი თუ უნაღდო ცხოვრებისკენ?
რა გეგმები აქვს მსოფლიოს და აპირებს თუ არა ის ნაღდ ფულზე უარის თქმას?!
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ელექტრონული გადახდის სისტემების მოქნილობა მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ენერგიას, არც ნაღდი ფულის გამოყენება ინაცვლებს კულისებს მიღმა. ამის მიზეზად სპეციალისტები მოსახლეობის არცთუ მაღალშემოსავლიანობას და თვითდასაქმების დიდ მაჩვენებელს ასახელებენ. მათი დაკვირვებით, ნაღდ ფულს ის მომხმარებლებიც ანიჭებენ უპირატესობას, ვინც ციფრულ ტექნოლოგიებში ნაკლებად ერკვევა.
რა გეგმები აქვს მსოფლიოს და აპირებს თუ არა ის ნაღდ ფულზე უარის თქმას?!
მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, უნაღდო ანგარიშსწორების სისტემები ელვის სისწრაფით პროგრესირებს. თუკი რამდენიმე წლის წინ კომუნალურ გადასახადებს გრძელ რიგებში დგომის შემდეგ ვიხდიდით, დღეს იმავე ტრანზაქციას რამდენიმე წუთში, ძალიან მარტივად, სახლიდან გაუსვლელად ვასრულებთ.
უნაღდო ანგარიშსწორება უდავოდ მოსახერხებელი და კომფორტულია. ამიტომ მომხმარებლების ნაღდ ფულთან დისტანცია დღითი დღე იზრდება, მით უფრო, ჯერ არსებული გამოწვევის ფონზე, როდესაც ფულის ფიზიკური გამოყენება ცოტა სახიფათოც კია.
ბევრი სახელმწიფო პანდემიამდეც ეცადა ცოცხალი ფულის გამოყენების შემცირებას. ევროპაში, ბოლო ათწლეულის მანძილზე, სწრაფად მზარდი უნაღდო ანგარიშსწორების ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოდ 2014 წლიდან გამოიკვეთა. მაგალითად, საფრანგეთში Visa-ს უკონტაქტო ბარათებით გადახდების რაოდენობა 2015 წელს გაორმაგდა და 40 მილიონს მიაწია.
ფულის ფიზიკური გამოყენება 2019 წელს ძალიან დაბალ მაჩვენებლამდე დავიდა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ნაღდი ფულით ფინანსური გარიგებების მხოლოდ 23% შესრულდა. ნისლიანი ალბიონის მოსახლეობის 16 % ახლაც გამოთქვამს სურვილს, იცხოვროს სამყაროში, სადაც ცოცხალ ფულთან შეხება აღარ ექნება.
ნაღდ ფულზე უარის თქმა სურთ ნორვეგიასა და შვედეთში. მაგალითად, 2020 წელს შვედეთში ნაღდი ფულის გამოყენების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე, 10% დაეცა. ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ შვედური კრონის ციფრული ანალოგის შექმნაზე, რომლის პირველი ვერსია 2022 წლის ბოლოსთვის უნდა გამოჩნდეს.
საკონსულტაციო კომპანია Capgamini-სა და საერთაშორისო საბანკო ჯგუფ BNP Paribas-ის ერთ-ერთი კვლევით, 2020 წელს დაახლოებით 726 მილიარდი ციფრული ტრანზაქცია შესრულდა. იგივე კვლევა ადასტურებს, რომ განვითარებადი ბაზრები აქტიურად მიჰყვებიან უნაღდო ანგარიშსწორების ტენდენციას. ცხადია, ბიზნესისთვის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები გაცილებით ეფექტიანი და მომგებიანია - შეგიძლია ნაკლებ დროში მეტ მომხმარებელს მოემსახურო, ამისათვის კი გაცილებით ნაკლები პერსონალი დაგჭირდეს, ასევე შეამცირო ფულის გადათვლის დროს დაშვებული შეცდომები და სხვ.
ნაღდი ფულის სიცოცხლისუნარიანობა
თუმცა ნაღდი ფული მაინც რჩება გადახდის მთავარ საშუალებად, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც მხარეთა შორის გადახდა დიდი თანხებით არ ხდება. საქართველოში ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი იძულებულია ბარათიდან გაანაღდოს თანხა, რომ უბნის პატარა მაღაზიაში „ცოცხლად“ ივაჭროს ან სოფლად ნატურპროდუქტი შეიძინოს. ასევე, საქართველოში ჯერ ისევ მრავლადაა პატარ-პატარა კომპანიები, რომლებიც ხელფასს ნაღდი ფულით გასცემენ.
დიახ, ახალი ტექნოლოგიები ცვლიან ჩვენს ქცევას, ფულის მოხმარების ფორმებს. ისინი გამოკვეთენ სხვადასხვა აპლიკაციებისა და პროგრამების საჭიროებას, მაგრამ მათზე ხელმისაწვდომობა ან მათი მოხმარების გამოცდილება ყველას არ აქვს.
საქართველო ჯერ კიდევ რჩება ქვეყნად, სადაც უყვართ ნაღდი ფულის ე.წ. „ხელში დაჭერა“. ბევრი მომხმარებლის აზრით, ნაღდი ფულის „ხელში ჭერა“ იმის განცდას უმყარებს, რომ ასე უკეთ „გრძნობს“ და აკონტროლებს თავის ფინანსებს.
ამასვე ამტკიცებს ფსიქოლოგი ერიკ ულმანი, პარიზის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენელი. მისი ექსპერიმენტის მიხედვით დასტურდება, რომ ნაღდი ფულის მიმართ ადამიანებს მეტად უჩნდებათ ფინანსების რეალურად ფლობის განცდა.
უნაღდო და ნაღდი ფულის “ჭიდილი”
„ცოცხალი“ ფულის ნამდვილ ფულად აღქმის თეორიამ შორს რომ არ გაგვიტყუოს, გავიხსენოთ, როგორი შეშფოთება გამოიწვია ავსტრალიაში მიმოქცევიდან ხუთცენტიანი მონეტის ამოღების შეთავაზებამ, რომელიც ჯერ საქველმოქმედო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს - ისინი ამით შემოსავალს კარგავდნენ, შემდეგ კი რიგითმა მომხმარებლებმა, დამრგვალებული ფასების ზრდის შიშით.
ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნაღდი ფულით შთაგონებული საიმედოობის განცდა მართლაც ძლიერია და კონკურენტუნარიანი მის ციფრულ სუროგატთან, ამიტომ რთულია იმის თქმა, რამდენად შორეულია ნაღდი ფულის გამოუყენებლობის პერსპექტივა და გახდება თუ არა ის ღირებული მხოლოდ ნუმიზმატებისთვის.
ფულის ფიზიკური გამოყენება უპირატესია იქ, სადაც პრობლემაა ელექტრომომარაგება, სადაც არ არის Wi-Fi, ან ხელმიუწვდომელია მობილური კავშირი და კომპიუტერი.
დანარჩენ სამყაროში მაქსიმალურად სწრაფი და კომფორტული გადახდებისთვის ჩვენ წარმატებით ვიყენებთ ბარათებს, რომელთა უსაფრთხოებას ფინანსური ინსტიტუტები იცავენ, თუმცა იმისთვის, რომ კიბერთაღლითობის მსხვერპლნი არ გავხდეთ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა,ჩვენ, როგორც მომხმარებელებს გვეკისრება.
ავტორი: ირმა კახურაშვილი