სიახლეები

აკა მორჩილაძე | #რაგბიჩვენითამაშია

ნაწყვეტი გამოუცემელი წიგნიდან “გაუჩინარებული სამი მეოთხედის ამბავი”

დეკემბერი 01, 2022

რა თქმა უნდა, ქართველი მორაგბეები არ არიან ადამიანები ძველი ფრესკებიდან - ჩვენი საერთო მეხსიერების ხილული სურათებიდან - ლამის უხორცონი, მდუმარედ მშფოთვარენი, დიდ გადაწვეტილებათა ფიქრით სავსე თვალებით რომ გვიყურებენ სამუდამოდ დაკარგული დროებიდან.

საქართველო - რუსეთი, 2016 | უელსი - საქართველო, 2017

ფოტო: თამუნა კულუმბეგაშვილი


მგონი, მორაგბენი არიან პირდაპირ უბრალონი და მოდიან უხილავი, ეგებ ბოლომდე და კრიალად არც არსებული, ადრიდანვე ჩვენგან წარმოსახული, ჩვენთვის რაღაცნაირად საჭირო იერიდან და ხასიათიდან, რომელიც ახალ დროში, ხალხმა ძალიან ძველთან დააკვაშირა ისე, რომ ეგებ ამაზე არც უფიქრია.

იტალია - საქართველო, 2018 | ფოტო: თამუნა კულუმბეგაშვილი

რასთან დააკავშირა და ალბათ მეხსიერების უკანა ადგილებში შემალულ საბოლოო გამარჯვების სურვილთან, მუდმივ ომთან, ჯანთან, ქართულ უჯიათობასთან, აქედან კი მუდმივობასთან, ღონესთან, ყველანაირ თავდაცვასთან, ამოსუნთქვასთან, ნაბიჯ-ნაბიჯ იქით მიწოლასთან და ერთ წამში წაგებული ადლის წლობით გოჯ-გოჯ დაბრუნების ხშირად გამოუთქმელ, მაგრამ მარად არსებულ იმედთან.

რაგბი ღონე და ძლევაა, ასეთია მისი არსი. გვეწყინება, თუ გაგვეხარდება გამწარებული ადამიანების წყურვილი მხოლოდ გამარჯვებაა.

ფოტო: თამუნა კულუმბეგაშვილი, 2019

ჩვენი რაგბიც, ვითომ ახალი, მაგრამ ძალიან ძველი ამბავია: ის გასაჭირში, სიღატაკეში, ყველაფრის წაგებაში მოულოდნელად ამოვარდნილი უცნაურობა გახლავთ. უცნაურობა იმიტომ, რომ დიდ გასაჭირამდე, რაგბი მხოლოდ იმათ თუ უყვარდათ, ვინც მისი თამაში იცოდა, ანდა უთამაშებლად მოიწამლებოდა ამ საოცარი შეჯიბრით.

ანუ, რაგბი ჩვენში ყოველთვის ნამდვილი იყო. ნამდვილი ხალხი გამოდგა ის ხალხიც, რომელსაც რაგბის არსის უცოდინარს, მაგრამ სტადიონზე საქართველოს მხარდასაჭერად მისგან განცდები შემოეძალა. სწორედ ეს იყო იმ ძველის სურათიც: დალეწილი, უკანდაუხეველი ხალხი ჩვენ ვართო! ჩვენ ვყოფილვართო!

2016-2021 წლის არქივი | ფოტოები: თამუნა კულუმბეგაშვილი

ხალხის თვალში რაგბი განცდით შემოვიდა: ლელოს ხაზთან მოთამაშეთა თავდაუზოგავი წვალებით, მოულოდნელი გაქცევებით, სისხლით, ჩხუბით და რაც მთავარია, ვნებით. დიდი განცდა იყო, იმ დროის სტადიონები ვისაც ახსოვს.

საქართველო - კანადა, 2017 | ფოტო: თამუნა კულუმბეგაშვილი

ვნება არ ტყუის და თუკი ის წარმოსახვას და საუკუნო წყურვილსაც ჩაებმება, მაშინ კავშირი სამუდამოა.

საფთრხილო კი ის არის, რომ განცდა, რითაც რაგბი და მოთამაშენი მოვიდნენ ძველი არსის სამუდამოდ საცოცხლებლად, არ გაიაფდეს. ამაში ბევრი გასაჭირი და ოხრობა მომხდარა, ღირსებათა და ფასთა ვარდნა და სხვა ასეთები, მაგრამ გუნდი სულ უნდა იდგეს, რახან ის კაი რთულ რამეებს გამოხატავს, თუნდაც ისე, რომ თვითონ არც ფიქრობდეს ამაზე. მუდმივობა ამ თამაშის, სხვანაირად კი, ბრძოლის გულად ჩანს. მითუმეტეს, ჩვენთვის.

Ⓒ აკა მორჩილაძის პორტრეტი: ნატა სოფრომაძე | მწერალთა სახლი

#რაგბიჩვენითამაშია