ლიტერატურა

ბესიკ ხარანაული

"საბა"

ნოემბერი 11, 2019

© ხათუნა ხუციშვილი


„თავისუფლება არის ყველაზე უპირველესი, რაც ადამიანს შეიძლება ან წაართვა ან მიანიჭო. თავისუფლება უკიდეგანო ცნებაა, რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი იგრძნოს, გაიგოს მისი არსი, მით უფრო უსხლტება ხელიდან. თავისუფლება არაფერს არ კეტავს, არაფერს არ იწყებს, არაფერს არ ამთავრებს. თავისუფლებაა ისიც, ადამიანი რომ იბადება, თავისუფლებაა, რომ კვდება. სამყაროში ადამიანი მით უფრო მარტოა, რაც უფრო ჭკვიანია, სისულელე კი ძალას აძლევს, რომ სამყაროს გაურკვევლობაში და სინამდვილის მოთხოვნილებებში დრეკადი და მოქნილი იყოს, აჰყვეს გაურკვეველ სამყაროს, მკაცრი სინამდვილის რიტმს და მოხრილი კი არ იყოს კითხვის ნიშანივით – რა ვქნა? – არამედ ძახილის ნიშანივით გამართული – უნდა ვიმოქმედო!”

-ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ბესიკ ხარანაული, პოეტი, პროზაიკოსი, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი.

© ხათუნა ხუციშვილი

ოფიციალურ ცნობებში, ქართულ ვიკიპედიაში ან თუნდაც ანთოლოგიების შესავალ ნაწილში ასეთი ინფორმაცია შეგხვდებათ: ბესიკ ხარანაული დაიბადა 1939 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პოეტური პუბლიკაცია გამოჩნდა 1954 წელს. მუშაობდა ლიტერატურულ ჟურნალ „ მნათობში“, იყო გამომცემლობა ნაკადულის დირექტორი 1998-2002 წლებში.


ბესიკ ხარანაული ბავშვობაში

ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული წიგნისა, მისი პოეზია ითარგმნა და გამოიცა გერმანულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ჩეხურ, უნგრულ, რუსულ, ბულგარულ და ფრანგულ ენებზე. ხოლო 2010 წელს მისი პოემის ფრანგული თარგმანი - „წიგნი ამბა ბესარიონისა“ გამოიცა საფრანგეთში.


მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია (1992), რუსთაველის პრემია (2002), ლიტერატურული პრემია საბა (2004, 2015), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2010), პრემია გალა (2012). 2011 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.


მაგრამ ამ ამბების, თარიღების და სათაურების მიღმა არის დიდი ენობრივი რევოლუციის, ენობრივი თამაშის და ქართული პოეზიის საჭის მკვეთრი მოტრიალების ამბავი - ამბავი პოეტზე, რომელმაც ქართულ ენას ახალი ფეხსაცმელი ჩააცვა. 

„მე მინდა ვიყო “მოხუცი პოეტი”. წარსულში ყველა “მოხუცია”, რა ასაკშიც არ უნდა მოკვდეს პოეტი, ის ასწრებს “მდგმურის” კარიდან გასვლას. ის “მოხუცია”, მას “ბრძენს” ეძახიან, რადგან ყველას უგრძნობს გული: პოეტი ყოველთვის ახალი კარის წინ კვდება. ამქვეყნიური გამოცდილება ყველაზე უფრო პოეტში აღიბეჭდება. “სიბრძნე” – “მოხუცის” სინონიმია, “მოხუცი” – “პოეტის“ - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ის, ქართველი პოეტი, ამბა ბესარიონი, დიდი პოეტი, რომელიც მოდის, მოლაპარაკობს და ყოველ ახალ წიგნში ქართული ენის შესაძლებლობების ახალ კარს ხსნის.

”უნდა მოვიცილო, მოვიშორო ყველაფერი, უნდა ამოვთქვა, უნდა დავწერო და თვითონ დავრჩე... მე... მე... არც წარსული, არც ცხოვრება და არც ქვეყანა... მე... ყველაფერი მე... იმდენად მე, რომ სხვა არაფერი მემჩნეოდეს და არც იყოს საინტერესო შემხედვარისთვის”

- გვიყვება დავიწყებულ სიზმრებს და ეპიგრაფებად თავის წლებს მიაწერს.


ბესიკ ხარანაული 80 წლისაა!

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: https://saba.com.ge/


ფოტოები: ხათუნა ხუციშვილი ინდიგოსთვის