მაისი 11, 2021
როგორ იცვლებოდა საბანკო ინდუსტრია საუკუნეების განმავლობაში
ბანკები კაცობრიობის ისტორიაში ფულის მოჭრის დღიდან არსებობს. მეტიც, სრულიად შესაძლებელია, რაღაც ფორმით ბანკის მსგავსი ფინანსური ინსტიტუტი მანამდეც გამოეგონებინათ. საბანკო საქმის ფესვები უძველესი იმპერიების ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ — მათ უცხოურ საქონელსა და მომსახურებაში ფულის გადახდა სჭირდებოდათ. ამ საქმის გასამარტივებლად და მონეტების “შესამსუბუქებლად” გაჩნდა ქაღალდის ჩეკები და ბანკნოტები.
ფულის უსაფრთხოდ შესანახად კი ცალკე ადგილი იყო საჭირო. ანტიკურ სახლებში მეტალის სეიფების ფუფუნება არავის ჰქონდა, ამიტომაც მდიდრები ქონებას ტაძრებში ინახავდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ტაძარში სასულიერო პირები ყოველთვის იყვნენ და მათ ადამიანები ენდობოდნენ, ეს ადგილი ფულის შესანახად ნამდვილად უსაფრთხოდ მიიჩნეოდა.
ძველი საბერძნეთის, რომის, ეგვიპტისა და ბაბილონის ისტორიული ჩანაწერები მოწმობს, რომ ტაძრები ფულს ასესხებდნენ კიდეც, რაც ამ ადგილს ქალაქის ფინანსურ ცენტრადაც აქცევდა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ძარცვავდნენ პირველ რიგში ეკლესიებს ომიანობის დროს. ფულის გასესხების შესახებ ცნობები ამავე პერიოდის ჩინეთსა და ინდოეთშიც გვხვდება.
პირველი ნამდვილი ბანკი
რომაელებმა, რომლებიც დიდებული მშენებლები და საქმის მწარმოებლები იყვნენ, საბანკო საქმე საეკლესიოსგან გამოყვეს, მას ფორმალური სახე მისცეს და ცალკე შენობაში დაუდეს ბინა. ამ დროისათვის ფულს კერძო მევახშეებიც ასესხებდნენ, თუმცა ყველა ოფიციალური სავაჭრო საქმიანობა და მათ შორის სახელმწიფოს საბიუჯეტო დანახარჯების განკარგვა ინსტიტუციური ბანკის საქმიანობაში შედიოდა.
იმპერიის მმართველობის სადავეების ხელში აღების შემდეგ, იულიუს კეისარმა ედიქტი გამოსცა, რომლის მიხედვით, რომაულ სამართალში ცვლილება შევიდა და ბანკირებს კრედიტორების მიერ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში მათი მიწის კონფისკაციის უფლება პირველად მიეცათ. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის ცვლილება კრედიტორისა და მოვალეს შორის ურთიერთობებში, რადგან მიწათმფლობელი დიდებულები მანამდე, საუკუნეების განმავლობაში, ხელშეუხებლები იყვნენ და ვალებს შთამომავლობას მანამ გადასცემდნენ, სანამ რომელიმე მხარეს საგვარეულო ხაზი არ შეწყდებოდა.
რომის იმპერია დაეცა, თუმცა მისმა საბანკო სისტემამ საღვთო რომის იმპერიისა და ჯვაროსნების ეპოქაშიც სხვადასხვა ფორმით განაგრძო ფუნქციონირება.
არაერთი ისტორიკოსი საბანკო სისტემის განვითარებას შუასაუკუნეებისა და რენესანსის პერიოდის იტალიას უკავშირებს, კერძოდ კი — ფლორენციას, ვენეციასა და გენუას. მე-14 საუკუნის ფლორენციაში დიდგვაროვანი ოჯახები ფლობდნენ ბანკებს და ევროპის სხვადასხვა ნაწილში ფილიალებსაც ხსნიდნენ. ყველაზე ცნობილი იტალიური ბანკი მედიჩების ოჯახს ეკუთვნოდა, ის 1397 წელს დაარსდა. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბანკი — Monte dei Paschi სიენაში დღემდე არსებობს და ის 1472 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. 2019 წლამდე მოქმედებდა კიდევ უფრო ძველი, ნაპოლის ბანკი, რომელიც 1463 წელს გაიხსნა.
უფრო ადრე ბარსელონაში დაფუძნდა ფულის გაცვლისა და დეპოზიტის ვენეციური მოდელი — Taula de canvi, რომელიც ევროპის პირველ საზოგადოებრივ ბანკად ითვლება.
მომდევნო საუკუნეებში ევროპის მასშტაბით სხვადასხვა მმართველს არაერთხელ დასჭირვებია ძლიერი საბანკო ინსტიტუტი. ბანკები იმ დროისათვის სუვერენის ხელდასმით იქმნებოდა, სამეფო კარი კი, მეფის განკარგულებით, ამ ქონებას სესხად იღებდა, რომ რთულ პერიოდში თავი გაეტანათ. საბოლოოდ, ეს ფული უთავბოლო მფლანგველობას, ხარჯიან ომებსა და მეზობელ სამეფოებთან კონკურენციის გასაწევად გამალებულ შეიარაღებას ხმარდებოდა, რის გამოც ისინი საშინელ ვალებში ვარდებოდნენ.
1557 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ რამდენიმე უსარგებლო ომის შედეგად სამეფო იმხელა ვალში გაახვია, რომ მსოფლიოში პირველად სამეფო სრულ გაკოტრებამდე მიიყვანა. ეს მომდევნო წლებში მან კიდევ სამჯერ “გაიმეორა”.
ადამ სმიტი და თანამედროვე საბანკო სისტემა
ბრიტანეთის იმპერიაში საბანკო სისტემა უკვე კარგად ფუნქციონირებდა, როცა ადამ სმიტმა 1776 წელს უხილავი ხელის თეორია ჩამოაყალიბა. თვითრეგულირებადი ეკონომიკის იდეით მოხიბლულმა მევახშეებმა და ბანკირებმა სახელმწიფოს ჩართულობა საბანკო სექტორში მინიმუმამდე შეზღუდეს. ამ თავისუფალმა საბაზრო ეკონომიკამ და კონკურენციის პრინციპებზე დაფუძნებულმა საბანკო სისტემამ ფეხი ადვილად მოიკიდა “ახალ სამყაროში” — ახლადაღმოცენებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დასაწყისში სმიტის იდეას ამერიკის საბანკო ინდუსტრიისთვის დიდი სარგებელი არ მოუტანია. ამერიკული ბანკების საშუალო “სიცოცხლის ხანგრძლივობა” ხუთი წელი იყო. ამის შემდეგ ისინი დეფოლტს განიცდიდნენ და მათ მიერ გამოცემული ბანკნოტები უსარგებლო ხდებოდა.
ალექსანდერ ჰამილტონმა, აშშ-ის მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ჩამოაყალიბა ეროვნული ბანკი, რითაც, თავის მხრივ, საბოლოოდ შეიქმნა თანაბარზომიერი ეროვნული ვალუტა და ლიკვიდური ბაზარი ჩამოყალიბდა.
კომერციული ბანკები
დროთა განმავლობაში ის ფუნქციები, რაც ეროვნულ საბანკო სისტემებს ჰქონდათ, მათ შორის სესხების გაცემა თუ კორპორაციული ფინანსური ოპერაციები, დიდმა კომერციულმა ბანკებმა შეითავსეს. გასული საუკუნის 20-იან წლებამდე, სანამ ამ სფეროში ვითარება დალაგდებოდა, კომერციული ბანკები თავიანთ საერთაშორისო კავშირებს პოლიტიკური და ფინანსური ძლიერებისთვის იყენებდნენ.
ეს ბანკები იყო: Goldman and Sachs, Kuhn, Loeb, and J.P. Morgan and Company. მათ კაპიტალის დაგროვება შეძლეს იმით, რომ თავდაპირველად ევროპაში გამოშვებულ უცხოურ ობლიგაციებზე დაწესებული ჰქონდათ მაღალი საკომისიოები, ხოლო ამერიკულ ობლიგაციებზე, რომლებსაც ევროპაში უშვებდნენ, დაბალ საპროცენტო განაკვეთს აწესებდნენ.
მე-19 საუკუნის 10-იან წლებში J.P. Morgan and Company კომერციულ ბანკებს შორის ლიდერი გახდა. ის დაკავშირებული იყო ლონდონთან, მსოფლიოს მაშინდელ ფინანსურ ცენტრთან, ხოლო აშშ-ში დიდი პოლიტიკური გავლენებით სარგებლობდა. მან შექმნა ისეთი დიდი კორპორაციები, როგორებიცაა U.S. Steel, AT&T, და International Harvester, მათ შორის დუოპოლიები და თითქმის მონოპოლიები სარკინიგზო და გადამზიდ ინდუსტრიებში.
მიუხედავად იმისა, რომ 1900-იანების დასასრულს კომერციული ბანკები წელში გამართულები იყვნენ, საშუალოსტატისტიკური ამერიკელისთვის მათგან სესხის აღება რთული ამოცანა იყო. ეს ბანკები იშვიათად გასცემდნენ კრედიტს “უბრალო” ხალხზე. მძვინვარებდა რასიზმი და მიუხედავად იმისა, რომ ებრაული და ანგლო-ამერიკული საბანკო ორგანიზაციები მხარდამხარ მუშაობდნენ დიდ საკითხებზე, მათი მომხმარებლები კლასობრივად და რასობრივად დაყოფილნი იყვნენ. სამომხმარებლო სესხებს კი უფრო მცირე ზომის ბანკები გასცემდნენ, რომლებიც, ამავე დროს, დახურვის პირას იყვნენ.
დიდმა დეპრესიამ ბანკები რთულ ვითარებაში ჩააყენა. მეორე მსოფლიო ომმა კი, სანაცვლოდ, საბანკო ინდუსტრია მთლიანად ჩამოშლისგან გადაარჩინა. ომის დასრულების შემდეგ დაწყებულმა პროცესებმა და გულმოდგინე საქმიანობამ მსოფლიო ეკონომიკა დაღმავალი კურსიდან გამოიყვანა. ომი მილიარდობით დოლარის ფინანსურ ოპერაციებს მოითხოვდა ბანკებისა და სახელმწიფოებისგან. ამ მასიური ფინანსური ტრანზაქციებით გლობალური ბაზრები გამოცოცხლდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ დროისთვის გააქტიურებული დეპოზიტების დაზღვევებისა და გირავნობის საშუალებით ინდივიდებს უკვე კრედიტებზე ხელი მასობრივად მიუწვდებოდათ.
ბანკები, როგორც ტექნოლოგიური კომპანიები
საბანკო სფერო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაიხვეწა. პირველი ტრანსატლანტიკური სადენის (1866) და Fedwire (აშშ-ის ფედერალური ავტომატიზირებული ფულადი გზავნილების სისტემის (1918)) შექმნის შემდეგ ფულადი გზავნილების პირველი სისტემა დაინერგა — ეს ტელეგრაფისა და მორზეს ანბანის საშუალებით ხორციელდებოდა. დღევანდელ სტანდარტებთან შედარებით ეს დიდი არაფერია, მაგრამ იმ დროისთვის, როცა ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო სისტემები ვითარდებოდა, დიდ მანძილზე ფინანსური ტრანზაქციების შესრულება ნამდვილად რევოლუციური ამბავი იყო.
მეორე ეტაპზე “თამაშში” ბანკომატები შემოვიდა. 1967 წელს ლონდონში, ბერკლის ბანკში პირველი ბანკომატი დააყენეს. სამ წელიწადში კი NASDAQ და მსოფლიოს პირველი ციფრული საფონდო ბირჟა შეიქმნა. ამავდროულად გაჩნდა SWIFT — ფინანსურ ინსტიტუტებს შორის საკომუნიკაციო პროტოკოლი და სისტემა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს შორის გადარიცხვებს უწყობს ხელს.
გასული საუკუნის 80-იან წლებში, კომპიუტერების განვითარებასთან ერთად ონლაინ ბანკი განვითარდა. ამან ხალხის ფინანსური ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულებასა და აღქმებში ბევრი რამ შეცვალა.
90-იან წლებში კი ციფრულმა საბანკო მომსახურებამ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. თანდათან მომხმარებლებმა ფულის სხვადასხვა გზით მართვა ისწავლეს. შეიქმნა ახალი გადახდის სისტემები, რომლებიც სრულიად ონლაინ ფუნქციონირებდა. მსოფლიო ეკონომიკაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა 2008 წელს გლობალური ფინანსური კრიზისი დაიწყო, რამაც ფინანსურ ტექნოლოგიებში სხვა სახის ძვრებს შეუწყო ხელი.
ფინანსური კრიზისის შემდგომ პერიოდში მსოფლიოში მასობრივად გავრცელდა სმარტფონები, რამაც ადამიანებს საშუალება მისცა, საბანკო სერვისებით ვებსაიტებისა და აპლიკაციების დახმარებით ესარგებლათ. თანდათან ადამიანებმა დაიწყეს ფინანსური სტარტაპების შექმნა, გაჩნდა ნეო-ბანკები — სრულიად ციფრული ბანკები, რომლებსაც ფიზიკური ფილიალი არ გააჩნიათ.
ინოვაციები და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები მსოფლიოს გარშემო საბანკო სერვისებს ყოველდღიურად ავითარებს. ის, თუ როგორ იქცევიან მილენიალები და Gen Z, საბანკო ინდუსტრიას უბიძგებს, საქმიანობაში ციფრულ ტრანსფორმაციაზე იფიქროს. ამიტომაც დღეს ბანკები მომხმარებლებს არამხოლოდ ფინანსურ სერვისებს, არამედ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობენ. თუ ადრე მარტივი ტრანზაქციის შესასრულებლად რიგებში ვიდექით, ახლა ამ ყველაფერს თითის ერთი დაჭერით, ჩვენივე მობილურში, სხვისი დახმარების გარეშე ვახერხებთ.
ბანკები ქმნიან ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ფულის მართვის ციფრული აპლიკაციები, ციფრული საბანკო ბარათები, ლაივ ჩატბოტები. ისინი იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა ავტორიზაციისთვის, ქმნიან ხმოვან ასისტენტებს და მონაცემების მიხედვით ხვეწენ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს.
ეს პროცესი გრძელდება. ტექნოლოგიების განვითარებას საბანკო სფერო ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევს და ინოვაციებსა და უახლეს მიღწევებს მუდმივად ირეკლავს.