ედუფინი

რჩევები, რომელიც წინასასკოლო სამზადისისას ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარებათ

სექტემბერი 01, 2021

ფოტო: Aaron Burden / Unsplash

ზაფხულის მიწურულს, როცა ყველას გვიჭირს არდადეგებთან და შვებულებებთან გამოთხოვება, კიდევ ერთი თავსატეხი გვიჩნდება —როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო პროცესს  მაქსიმალურად მომზადებულები.

 

სასექტემბრო შოპინგი არცთუ მარტივი საქმეა — ყველაფერი ძვირი გვეჩვენება, გადატვირთულია სავაჭრო ცენტრები, რთულია ყველაფრის ორგანიზება ბავშვებთან ერთად, ამიტომ ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომლის დახმარებით წინასასკოლო სამზადისი სახალისო გახდება, ბავშვებიც მეტს გაიგებენ ჭკვიანურად ხარჯვაზე და მთელი ეს თავგადასავალი თქვენს ბიუჯეტზე ძალიან მძიმედ არ აისახება.

შეადგინეთ საყიდლების სია


დაიწყეთ იმ ნივთებით, რომლებიც თქვენს შვილს მეცადინეობისთვის აუცილებლად სჭირდება. თუმცა, მაღაზიებში წასვლამდე აუცილებლად გადახედეთ წინა სასწავლო წლიდან მორჩენილ ნივთებს. შესაძლოა, რამდენიმე ახალი რვეული, კალამი ან სახატავი ფანქრებისა და საღებავების კომპლექტი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი იყოს. ეს მიდგომა საკანცელარიო ნივთების გარდა ბავშვის ტანსაცმელზეც ვრცელდება.

 

სიის შედგენისას არ დაგავიწყდეთ “ფარული” ხარჯები. მაგალითად — ნიღბები და სადეზინფექციო ხსნარი. ამასთან, გაიხსენეთ, ხომ არ სჭირდება ბავშვს სასკოლო უნიფორმა ან ტანსაცმელი სპორტის გაკვეთილებისთვის.

 

იმისათვის, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი ფინანსური ჩვევები, კარგი იქნება, თუ სასკოლო სამზადისსა და ვაჭრობაში მათაც ჩართავთ. ამიტომაც ერთად შეადგინეთ საყიდლების სია და მოიფიქრეთ, სად აჯობებს სასურველი ნივთების შეძენა. რაც მთავარია, მოილაპარაკეთ, როგორ მოიქცევით მაშინ, როცა შვილს “ზედმეტი” ნივთების ყიდვის ცდუნება წასძლევს.

ფოტო: Freepik

წინასწარ განსაზღვრეთ და გაწერეთ ხარჯები


სექტემბერი განსაკუთრებით ხარჯიანი თვეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წინასასკოლო შოპინგისას ბიუჯეტი მკაცრად განსაზღვროთ და მას არ გადააჭარბოთ. სია შედგენილია? — ახლა საორიენტაციო ფასების მიწერის დროა. გაითვალისწინეთ, რომ ბიუჯეტის შედგენისას აჯობებს ნივთებს მიუწეროთ საწყისი ფასები და არა ფასდაკლებული, რადგან შემოთავაზებები ხშირად იცვლება. თანაც, ფასდაკლებების დროს გათვალისწინებულზე ნაკლების დახარჯვა ხომ ერთი დიდი სიამოვნებაა! 


გაცხრილეთ საყიდლების სია


მას შემდეგ, რაც ბიუჯეტს შეადგენთ და მოლოდინებს რიცხვებში გამოსახავთ, კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი სიას — უმჯობესია, ის იმ პროდუქტებისგან გაათავისუფლოთ, რომელთა ყიდვა ამ თვეში აუცილებელი სულაც არაა.


ბავშვებს, შესაძლოა, ახალი ტანსაცმელი სულაც არ სჭირდებოდეთ, მითუმეტეს, როცა ჯერ კიდევ თბილა, ხოლო სასწავლო პროცესი, შესაძლოა, ისევ სახლებიდან, დისტანციურად წარიმართოს. ამიტომაც, სიიდან მათი ამოღება სრულიად რაციონალური გადაწყვეტილება იქნება.

იშოპინგეთ ჭკვიანურად


სკოლის დაწყებამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა, თუმცა სხვადასხვა მაღაზიაში აუცილებლად შეხვდებით კარგ ფასდაკლებას გასული სეზონის ტანსაცმელზე, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გამოგადგებათ.

რაც მთავარია, მეტს დაზოგავთ თუ:


  • შეიძენთ ნაკლებად ცნობილი ბრენდების პროდუქციას
  • შეადარებთ ფასებს
  • ივაჭრებთ ფასდაკლების დღეებში
  • გამოიყენებთ ვაუჩერებს, დაგროვების ბარათებს და ისარგებლებთ საბანკო ქეშბექ შემოთავაზებებით
  • შეიძენთ პროდუქტებს დიდი შეკვრებით საბითუმო მაღაზიებში
  • შეიძენთ უკვე გამოყენებულ სახელმძღვანელოებს

 

თანაც, რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, უფრო მეტი აზრი უჩნდებათ იმაზე, თუ რა ჩაიცვან და რა იყიდონ, ამიტომ აუცილებელია, ბავშვებს ხარჯებსა და ფასებზე ელაპარაკოთ, რათა სწორი ფინანსური ხედვები ჩამოუყალიბდეთ.

ფოტო: Matt Ragland / Unsplash

ისარგებლეთ ფასდაკლებებითა და შეთავაზებებით


გააერთიანეთ შემოთავაზებები — არ გამოტოვოთ ფასდაკლების პერიოდი, გამოიყენეთ ბონუს ქულები, ვაუჩერები და ქეშბექის შემოთავაზებები. ეს საუკეთესო გზაა მეტის დასაზოგად.


ივაჭრეთ ონლაინ


პანდემიის პერიოდში ონლაინ ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. მინიმალური კონტაქტი ადამიანებთან, უსასრულო რიგების თავიდან არიდება, დამატებითი შემოთავაზებები ონლაინ ვაჭრობისას — რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი გზა დროის, ენერგიისა და ფულის დასაზოგად?!


რაც მთავარია, დახარჯეთ ნაკლები! უარი თქვით უსარგებლო ნივთებზე და გაუძელით მეტის ყიდვის ცდუნებას. რაც უფრო ადრეულ ასაკში ასწავლით ამას თქვენს შვილს, მით უფრო უკეთესად შეძლებს მომავალში საკუთარი შემოსავლის განკარგვას.

 

ასე რომ, წინასასკოლო შოპინგი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ბავშვის ფინანსური ცნობიერების ასამაღლებლად — მთავარია, ეს პროცესი ერთ დიდ და სახალისო თავგადასავლად აქციოთ.