ლიტერატურა

სკოლა ლიტერატურაში

"საბა"

სექტემბერი 09, 2019

აი, დადგა სექტემბერიც, სკოლაში ვბრუნდებით. ზოგს გვიხარია, ზოგს - ძალიან გვეზარება, ზოგსაც - საშინლად არ გვინდა. ზაფხული ჯობდა, თავისუფლება და დასვენება, ბევრი დრო და არანაირი მოვალეობები.


ყველა სკოლა სხვადასხვაგვარია, ზოგიერთი დღესაც ისეთივე „სასტიკოლაა“, როგორც ადრე, ზოგიერთი - ძალიან ტკბილად გვახსენდება, ზოგისთვის სკოლა სისტემაა, რომელიც კისერში გვიჭერს, ზოგისთვის კი სივრცე, სადაც განათლებას ვიღებთ.


ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ლიტერატურული პერსონაჟებიც დადიოდნენ სკოლაში, სკოლა ლიტერატურაში ისეთივე სხვადასხვაგვარია, როგორც ცხოვრებაში, ზოგჯერ სასტიკი წესებით აღჭურვილი, ზოგჯერ - საუკეთესო ადამიანებთან შეხვედრის სივრცე, ზოგჯერ კი დაუჯერებელი, თავისუფალი, ჯადოსნური ადგილი. თუ პეპისთან ერთად მხიარულების სკოლაში არ გივლიათ, ჰოგსვორტში მაინც შეიჭვრიტებოდით ჰარი პოტერისა და მისი მეგობრების კვალდაკვალ, იქნებ მეორე მსოფლიო ომისდროიდელ სკოლაში გემოგზაურათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებში აღწერილი სკოლის ეპიზოდებით?

მაშ, ასე, გავიხსენოთ სკოლები ლიტერატურაში?


მომყევით!

ჯეინ ეარის სკოლა


ბრრრ, დღესაც საშინლად მახსენდება ეს ნაცრისფერი და სევდიანი ადგილი, სადაც გოგონებს სასტიკად ექცევიან და სიხარულის უფლებას ართმევენ.


„მაგიდებს გარშემო თითქმის ყველა წლოვანების, ასე ცხრა-ათი წლიდან ოცი წლის ასაკამდე, გოგონები შემოსხდომოდნენ. შინ ჩამოქნილი ქონის სანთლის მკრთალ შუქზე მომეჩვენა, რომ ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ, თუმცა სინამდვილეში ოთხმოცს არ აღემატებოდნენ. ბავშვებს ყველას ერთნაირი, ძველებურ მოდაზე შეკერილი, მდარე ხარისხის შალის კაბები ეცვათ ტილოს გრძელი წინსაფრებით. ეტყობა, მეცადინეობისთვის განკუთვნილ დროს შევედით, რადგანყველა მათგანი მეორე დღისთვის გაკვეთილებს ბუტბუტით ერთად იმეორებდა. ხმაური, რომელიც მე შემომესმა, უეჭველია, ამით იყო გამოწვეული“.

აკაკი სკოლაში


გახსოვთ ეს ეპიზოდი და სკოლიდან გამოქცეული პატარა აკაკი? სამწუხაროდ, დღესაც, ორი საუკუნის შემდეგაც ზოგიერთ სკოლაში ისევ იყენებენ ძალადობრივ მეთოდებს დისციპლინის დასამყარებლად.


“სულ ერთი კვირის შესული არ ვიყავი, რომ მოვიდა ჩემთან ერთი პატარა ყმაწვილი, ანგელოზის სახის მქონე, და ტკბილის ღიმილით, მეგობრულად მკითხა რაღაცა ქართულად; მეც, რასაკვირველია, რადგანაც სხვა ენა არ ვიცოდი, ქართულად ვუპასუხე. ყმაწვილს მშვიდობიანი სახე გადაუსხვაფერდა და სიხარულით მომაჩეჩა ფირფიტა. ჩამოვართვი, მეტი რაღა გზა მქონდა, მაგრამ „ლინეიკაზე“ კი ვერ დავეთანხმე. „რა გენაღვლება შენ, მე რომ „ლინეიკა“ არ დავირტყა, მარტო ვართ და ვინ გაიგებს-მეთქი“ - ვეხვეწებოდი. ჩემმა მოწინააღმდეგემ შორს დაიჭირა: „მე თუ დამარტყეს, შენ რა ჭრელი პეპელა ხარო?!“ მე მაინც არ დავეთანხმე, გავუძალიანდი და იმან ჭუჭყუნი დაიწყო. მასწავლებელი რომ შემოვიდა, მივიდა და დამაბეზღა. დამიძახეს, გავედი შიშით და კანკალით. მასწავლებელმა წარბები შეიკრა და მკითხა: „როგორ ბედავ ურჩობასო? აქ შენი სახლი ხომ არ გგონიაო!“ მე თავის მართლემა დავიწყე, მაგრამ აღარ გამივიდა! „კარგი, მე გასწავლი ჭკუასო!“ დაუძახა „სტოროჟებს“ და უბრძანა: „როზგიო!“ მე, ამის გამგონეს, თავში სისხლი ამივარდა და გაქცევა დავაპირე. „ნუ გაუშვებთ, დაიჭირეთო!“ - იყვირა მასწავლებელმა. იგრიალეს მოსწავლეებმა ჩემ დასაჭერად და გადამეღობენ კარებზე... მე მეორე ოთახში შევვარდი, სადაც მესამე კლასი იყო. აქაც ერთი ალიაქოთი მოვახდინე, მაგრამ შევხტი ფანჯარაზე, გავამტვრიე მინები, გადავხტი და მოვკურცხლე შინისაკენ.”

რატომ არ მიყვარს სკოლა


ანა გავალდას „35 კილო იმედი“ სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს ყველა მშობლისა და მასწავლებლისთვის. როგორ შეიძლება ბავშვს სამუდამოდ შესძულდეს სკოლა და როგორი მნიშვნელოვანია თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც შენს შესაძლებლობებს აღიარებს და წაახალისებს.


“ახლა ცამეტი წლის ვარ და მეექვსე კლასში ვსწავლობ. მთლად კარგად არ არის საქმე, ხომ? ახლავე აგიხსნით ყველაფერს. თქვენ კი, თუ არ შეწუხდებით, თითებზე გადაითვალეთ. ვივაჟკაცე და ორჯერ ჩავრჩი ერთსა და იმავე კლასში: მეორესა და მეექვსეში. სკოლამ ნამდვილ დრამად აქცია ჩემი ოჯახის ყოფა. წარმოიდგინეთ -დედა ტირის და მამა ილანძღება. ან პირიქით, ახლა დედა იწყებს ლანძღვას და მამადუმს. ძალიან მაწუხებს და მაუბედურებს მათი ამ დღეში დანახვა, მაგრამ რა ვქნა? რა შემიძლია გავაკეთო? ან რა უნდა ვთქვა ამ დროს? არაფერი. არაფრის თქმა არშემიძლია, რადგან პირი თუ გავაღე, ეს კიდევ უარესი იქნება. მათაც თითქოს აღარაფერი აქვთ სათქმელი და თუთიყუშებივით მხოლოდ ერთი და იგივეს იმეორებენ: – იმუშავე! – იმუშავე! იმუშავე! იმუშავე! – იმუშავე! კარგი ბატონო, გავიგე. ასეთი იდიოტიც არ ვარ! ძალიანაც მინდა მუშაობა, მაგრამ ამ მოწყენილობას რა ვუყო? სკოლაში რაც ხდება, ჩემთვის ყველაფერიჩინურია, ერთ ყურში შედის და მეორიდან გადის. მოკლედ, რომელ ექიმთან აღარ მიმიყვანეს: ჯერ თვალისო, მერე ყურისო, ბოლოს ტვინისაც გამოძებნეს და უამრავიტყუილად დაკარგული დროის შემდეგ გამოიტანეს დასკვნა, რომ თურმე, კონცენტრაციის პრობლემა მქონია. ახალი ამბავი! ეს ხომ მეც მშვენივრად ვიცოდი, ეკითხათდა პასუხს არ დავამადლიდი. არავითარი პრობლემა არ მაქვს და არც არაფერი მჭირს. უბრალოდ, არ მიყვარს და არ მაინტერესებს ეს სკოლა. არ მაინტერესებს და მორჩა. სულ ეგ არის.


რეზო ინანიშვილის სკოლა


რეზო ინანიშვილთან ყველა სიტყვა უცნაური ნათელითაა შემოსილი, ყველა მოგონება და ამბავი საოცარ, სევდიან ბედნიერებას გჩუქნის. სკოლაც არაა გამონაკლისი.


“სკოლას სულ ოთხი ოთახი ჰქონდა, ოთხი კლასი. ერთი პატარა ოთახიც იყო, სამასწავლებლო. იქ, ასე მახსოვს, ყოველთვის სასიამოვნოდ ღუდღუდებდა ღუმელი. ჩვენი იქ შესვლა არ შეიძლებოდა. დაიწყებოდა გაკვეთილი, ჩამოვარდებოდა სიჩუმე _ დავშოშმინდებოდით, დავწყნარდებოდით ბავშვები, ვისხედით და ბარტყების თვალებით შევყურებდით მასწავლებელს, მაგრამ ბუზის გაფრენას გაიგონებდითო, ასეთი სიჩუმე არასოდეს არ იყო. გარედან ყოველთვის სხვადასხვანაირი ხმები შემოდიოდა, გაზაფხულზე, მაისში, არხის პირას გაყოლებულ კაკლებზე მოლაღურები გადასძახოდნენ ერთმანეთს, შემოდგომაზე - ჯაფარები, ზამთრის პირას და ზამთარში ყვავები, დააღებდნენ ყვავები პირს და იყო ერთი - ყვაა, ყვაა, ყვაა! ფანჯრებიდან ისიც მოჩანდა, როგორ ანაცვლებდნენ ის ყვავები კენწეროებზე ფეხებს.”

დანიელ პენაკის „სკოლის სევდა“ და გამოსავლის ძიება


დანიელ პენაკი ცუდი მოსწავლე იყო, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მომავალი ჰქონდა, რაიმეს გაკეთებას შეძლებდა, იგი დააჯერეს, რომ არაფერი შეეძლო.


„სკოლის სევდა“ მისი მოსწავლეობის და უფრო მეტად კი, მასწავლებლობის გამოცდილებაზეა, როგორი უნდა იყოს სკოლა, რომ უიმედობის უფსკრულში არ გადაისროლოს ე.წ. „ცუდი მოსწავლეები“.


„სულაც არ იქნებოდა ურიგო, სწავლისთვის განკუთვნილი საგანგებო დრო რომ გამოგვეგონებინა, აზრის "ხორცშესხმის აწმყო დრო". მაგალითად, საკლასო ოთახშიგაკვეთილს ვესწრები და რასაც მიხსნიან, ბოლოს და ბოლოს, ვიგებ! დამადგა საშველი! ჩემი ტვინი აზრს მთელ სხეულში ავრცელებს - ხორცს ისხამს. როდესაც პროცესი დაბლოკილია და ვერაფერს ვიგებ, მერხზე ჩემი სხეულის დაშრევებას, ფენებად დაშლას ვაკვირდები; ვიხლიჩები გაჩერებულ დროში, ფერფლადვიქცევი, რომელსაც ოდნავი სიოც უკვალოდ მიმოფანტავს. მაგრამ იმისთვის, რომ გაკვეთილზე ცოდნას აწმყო დროში ხორცშესხმის შანსი მიეცეს, უნდა შეწყდეს წარსულით მისი დამუნათება და მომავლით დაშინება.„


სკოლა ლიტერატურაში ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც სხვა ნებისმიერი ლიტერატურული ტოპოსი. თქვენ რომელი წიგნის სკოლაში ისწავლიდით?

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".


ავტორი: https://saba.com.ge/