ივნისი 01, 2024
ქვეყანაში რთული ამბებია, არც ისე მხიარული და მშვიდი მაისი გვქონდა და ალბათ არც შემდეგ თვეებში გვექნება სიმშვიდე, ამ ამბების ფონზე კი ყველაზე მეტად ბავშვები იჩაგრებიან. მათ ცხადსა თუ სიზმრებში მღელვარება და შფოთვა იჭრება, ისინი გაფართოებული თვალებით გვიყურებენ და ჩვენგან დამშვიდებას მოელიან, რისი რესურსიც ხშირად არ გვრჩება.
ასეთ დროს საუკეთესო თავშესაფარი საბავშვო ლიტერატურაა, მით უფრო, რომ წიგნის ფესტივალი დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი თუ ძველი, ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის გამოცემებით შეგვიძლია ბავშვების გახარება, თანაც, 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის დღე.
რა ვიყიდოთ და რას მივაქციოთ ყურადღება?
წასაკითხი ბევრია, გემოვნებაც და ლიტერატურული ცნობისწადილიც ყველას სხვადასხვაგვარი გვაქვს, თუმცა, რამდენიმე გამოცემაზე მაინც მოგიყვებით, ვინ იცის, იქნებ გამოგადგეთ კიდეც.
თეა თოფურიას „გასაღვიძებელი ზღაპრები“, გამომცემლობა „დიოგენე“.
როგორც იქნა, თეა თოფურიას ამ ფანტასტიკური საბავშვო წიგნის ხელახალი გამოცემაც გვეღირსა. ეს ნამდვილად ქართული საბავშვო ლიტერატურის შედევრია, წიგნი, სადაც ყველაფერია, მაგნიტური ღრუბლები, ქვეყანა, სახელად, სიზმრის ცხვრები, რომლებიც, როცა შეყვარებული ხარ, თაფლს იწველებიან, თოვლისა თუ ფერადი მთების ქვეყნები და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი სიმართლე.
რადგან საბავშვო ლიტერატურის შედევრებზე ჩამოვაგდეთ საუბარი, არ შეიძლება არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავლის“ ახალი, ფერადი, ილუსტრირებული გამოცემა გამოვტოვოთ, რომელიც კიდევ ერთხელ, სიხარულითა და აღტაცებით წაგაკითხებთ ქონდარეთის ჯადოსნურ ამბებს. წიგნი „სულაკაურის გამომცემლობის“ სტენდზე დაგხვდებათ.
აქვე ამავე გამომცემლობის კიდევ ერთი წიგნი, უკრაინელი მწერლისა და ფოტოგრაფის, ვიტალი ზაპეკას „პოლინკა“ უნდა გირჩიოთ. ვიტალი ზაპეკა 2015 წლიდან იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ და ზუსტად ამ დროიდან წერს წიგნებს.
“პოლინკა” კი დაწერა შვილიშვილისთვის, რათა პატარას ბაბუასთან ურთიერთობის “მოგონებები” ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, ის ომიდან დაბრუნდებოდა თუ ვერა.
„არტანუჯი ბავშვებისთვის“ ისევ აგრძელებს ახალი და საინტერესო გამოცემების მომზადებას, მაგრამ წლევანდელი ფესტივალიდან ისევ და ისევ, ქართული „ზღაპრული ზღაპრების“ ორმა ახალმა მარგალიტმა მოგვტაცა თვალი - „ასფურცელამ“ და "ხუთკუნჭულამ“, კარგად ნაცნობი ამბის მიღმა, პატარა მკითხველები ახალი ვერსიებითა და ჯადოსნური ილუსტრაციებით დატკბებიან.
საბავშვო პავილიონში, ერთ-ერთი პირველი გამომცემლობა, რომლისკენაც გული მიგვიწევს, „ზოლიანი კატაა“, წელს ბესიკ ხარანაული (უმცროსის) „ქვა“ გამოვარჩიეთ, ცნობისმოყვარე, დამკვირვებელი, თავგადასავლების მოყვარული ქვა ამ განსხვავებული წიგნის ახალი და საინტერესო პერსონაჟია.
„აზროვნების აკადემიის“ გამომცემლობის საბავშვო წიგნებიდან ბავშვების საყვარელი მწერლის, ლელა ცუცქირიძის „ნანომტი ამტომი“ ამოვარჩიეთ, მხიარული და საყვარელი ამბავი არქეოლოგიის მუზეუმში იწყება, სადაც პატარა ბიჭი იო სასაცილო მამონტ ანტონის წერა-კითხვას ასწავლის.
გამომცემლობა „პალიტრაL”-ს საბავშვო თარო, როგორც ყოველთვის მდიდარი და ფერადია, რაც ყველაზე სასიხარულოა, ბევრი ახალი ქართული წიგნია, მათ შორის, საბავშვო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული წიგნები, რომელთა საშუალებითაც, ქართული ლიტერატურა ახალ-ახალი პერსონაჟებით მდიდრდება.
"საბა"