ედუფინი

ავოკადოს სენდვიჩი მილენიალებისთვის

წინა თაობისგან რადიკალურად განსხვავებული, სპონტანურობის და თავგადასავლების მოყვარული მილენიალები რაში აღარ დაუდანაშაულებიათ: თვითგამორკვევის კრიზისში, მომავლის არ დაგეგმვაში, საკუთარი თავის ზედმეტ სიყვარულში...მაგრამ ამ „ბრალდებებიდან“ ყველაზე ლეგენდარული ალბათ მაინც ავოკადოს სენდვიჩის ჭამა იყო.

ივნისი 07, 2018

2 წლის წინ ავსტრალიელმა ბიზნესმენმა გადაცემა “60 წუთთან“ საუბარში სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ მილენიალები ბინის საყიდელ ფულს იმიტომ ვერ აგროვებენ, რომ ავოკადოს ტოსტში 19$-ს იხდიან.


უძრავი ქონების მაგნატი ტიმ განდერი ამაზე არ გაჩერებულა: მან “ფულის მფლანგველებს“ ყავის სმის ჩვევებიც დაუწუნა. „როცა ჩემი პირველი სახლის ყიდვას ვგეგმავდი, არ ვიხდიდი ავოკადოში 19$-ს და არ ვყიდულობდი 4 ცალ ყავას დღეში, თითოეულს 4$-ად. ისეთ სიტუაციაში ვართ, როცა ახალგაზრდა ადამიანების მოლოდინები ძალიან, ძალიან მაღალია“, - განაგრძობდა ბიზნესმენი პასუხად კითხვაზე, თუ რატომ არის ავსტრალიაში ბინების ფასი კატასტროფულად მაღალი და რატომ გახდა შეუძლებელი ახალგაზრდამ მის ოდესმე შეძენაზეც კი იოცნებოს.

Source: Unsplash

ტიმ განდერის კრიტიკას მილენიალებმა ყველა მილენიალური ტრადიციის დაცვით უპასუხეს: ინტერნეტი, სოციალური ქსელები დღემდე სავსეა ავოკადოს და განდერის შესახებ მიმებით, გიფებით, ხუმრობებით; ისევე, როგორც ფინანსური და ანალიტიკური სტატიებით - რითაც მილენიალებმა ბიზნესმენს კვლევებით, თუ უბრალოდ არგუმენტებით დაუსაბუთეს, რატომ ცდებოდა: რომ ეს ის თაობაა, რომელიც პროფესიულ ასპარეზზე მსოფლიოში მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს გამოვიდა, რომ ისინი დღემდე იხდიან და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაისტუმრებენ უმაღლესი განათლებისთვის აღებულ ვალს, ვითარდებიან ბევრად რთულ ეკონომიკურ გარემოში, ვიდრე მათი მშობლები და ავოკადოს სენდვიჩი რომც არ ჭამონ, სახლის საყიდელ ფულს მაინც ვერ შეაგროვებენ; ამიტომაც, ურჩევნიათ, ყოველ დილით საუზმით დატკბნენ, ვიდრე მომავალზე ინერევიულონ, და ზოგადად, ტიმ განდერის ნერვიულობადაც არ ღირს, ვინ რამდენ ფულს დახარჯავს ჭამაში.  

„ანტიავოკადო მილიონერი“ - როგორც მილენიალებმა განდერს შეარქვეს, უნებურად ერთი საინტერესო მოვლენის ავტორი გახდა. ამ ონლაინ დაპირისპირების შემდეგ, ავოკადო, ერთგვარად, მილენიალების ფინანსური ჩვევების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ავოკადოს გარშემო ატეხილი ამბავი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მილენიალების, იგივე Generation Y-ს ზოგიერთ მთავარ მახასიათებელს: მილენიალები არიან ადამიანები, ვისაც ფულის ნაცვლად, გამოცდილების დაგროვება ურჩევნიათ, რაოდენობასთან შედარებით ყურადღებას უფრო მეტად აქცევენ ხარისხს, ხოლო დროის დაზოგვა- მათი  ყოველდღიური პრიორიტეტია.  

შეიძლება ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ სწორედ ამ მთავარ პრინციპებს ეხმიანება ის კვლევებიც, რომლებიც ბოლო დროს მილენიალების კვებასა და მასზე დახარჯული ფულის შესახებ ჩაატარეს. 


ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ამერიკელი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ყავის 44%-ს მილენიალები სვამენ. ამ მონაცემებით კი ამერიკაში განსაკუთრებით ყავის ინდუსტრიის კაფე-რესტორნებმა იხეირეს - მილენიალები ფულს ყავის გარეთ დალევაში და კარგი ყავის შეძენაში იხდიან, რომლისთვისაც, თუნდაც დღეში რამდენჯერმე, მათ ფული არ ენანებათ. 

Source: Unsplash

“ერთი ჩვეულებრივი დღის განმავლობაში შეიძლება ერთიდაიგივე სტუდენტი რამდენჯერმე  ვნახოთ - დილის რეგულარულ ყავაზე, ლანჩისთვის - ესპრესოზე და შუადღეს - ლატეზე. ჩვენი სტუდენტები დღეში უამრავ ყავას მიირთმევენ“, - უთხრა იელის უნივერსიტეტის გაყიდვების მენეჯერმა ჩელსი ტუნგმა „Nation’s Restaurant News-ს“.  ამავე გამოცემას, კვლევის შედეგებთან ერთად, კონსულტანტმა მაივ ვებსტერმა დაუდასტურა, რომ „ისინი [მილენიალები] ფასზე მგრძნობიარეები ნაკლებად არიან, ვიდრე სხვა თაობები. მათზე გავლენას ხარისხი ახდენს“.


მილენიალების „ავოკადოს სინდრომს“ ეხმაურება CGA Peach-ის კვლევაც, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა თაობის იმ წარმომადგენელთა შორის, ვინც გარეთ ჭამას ამჯობინებს, ნახევარი მილენიალია. მილენიალთა 57% პროცენტი მინიმუმ კვირაში ერთხელ გარეთ სასადილოდ დადის, მათი მესამედი კი - კვირაში სამჯერ.

და ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა ამავე კვლევის მიხედვით, Generation Y-ის წარმომადგენლებს უფროს თაობებთან შედარებით, ნაკლები შემოსავალი აქვთ. მაგრამ, როცა საქმე მილენიალებს ეხება, ფული ხომ მნიშვნელოვანი არ არის!  CGA Peach-ის კვლევის ავტორებმა, კიდევ ერთხელ დაასკვნეს, რომ ამ თაობის მთავარი ფინანსური მახასიათებელი ფულის კი არა, გამოცდილების დაგროვებაა.  


ზოგიერთი მოსაზრებით, გარეთ ჭამაში ფულის ხარჯვას მილენიალებისთვის სხვა მიზეზის გამოც აქვს აზრი: ეს ამ თაობისთვის დამახასიათებელი „ვორკაჰოლიზმისკენ“ მიდრეკილებაა. მილენიალი უფრო მეტად ის ადამიანია, ვისაც დღის ყავის ან საჭმლის საკუთარი ხელით მომზადებაში დრო დაენანება და ერჩივნება, ერთი ხელით 4 დოლარად ნაყიდი ყავა დალიოს, ან 19 დოლარად ნაყიდი ავოკადოს სენდვიჩი ჭამოს, მეორეთი კი საქმე გააგრძელოს. 

ჭამა-სმასთან დაკავშირებულ სიკეთეებში მილენიალებს ფული რომ არ ენანებათ, ამას კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს, რომლებიც სუპერმარკეტების მომხმარებლებზე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ როცა საყიდლებზე მიდიან, მილენიალები არჩევანს ძირითადად ძვირ, მაგრამ ჯანსაღ საკვებზე აჩერებენ. კვლევის მიხედვით, ნახევარზე მეტი (52%) მილენიალი ფიქრობს, რომ მათ ფული მხოლოდ ორგანულ და ჯანსაღ საკვებში უნდა დახარჯონ, მაშინ როცა ამას 35-49 წლამდე ადამიანების მხოლოდ 40%, ხოლო 50 წელს გადაცილებული ადამიანების - 27% ეთანხმება. ალბათ, სხვანაირი შედეგი უფრო უცნაური იქნებოდა, როცა იმ თაობის კვებით არჩევანზე ვსაუბრობთ, ვინც ეკოლოგიური კატასტროფებით გადატვირთულ მსოფლიოში გაიზარდა.  

თუმცა, კიდევ ერთი საინტერესო თვისება, რაც შესაძლოა მილენიალების, ერთი შეხედვით, გულუხვ მხარჯველობას და მათ პატარა ბიუჯეტს, მაგრამ დიდ ამბიციებს ამართლებდეს - კაფე-რესტორნებში ერთად ჭამის დროს ანგარიშის სამართლიანი გადანაწილებაა. დიახ - მილენიალების უმრავლესობა, სხვა თაობებისგან განსხვავებით, სადილზე ან სასმელზე ერთმანეთს ნაკლებად ეპატიჟება. ისინი მხოლოდ თავისას იხდიან და ჩეკს ზუსტად ინაწილებენ. ეს შეიძლება მათ მიერ საუზმეზე ან ლანჩზე მირთმეულ ავოკადოზე დახარჯულ 19$-საც აბალანსებდეს. ასევე, შეიძლება, მილენიალების ინდივიდუალურ და საკუთარ თავზე ორიენტირებულ ბუნებას კიდევ ერთხელ უსვამდეს ხაზს... ვიდრე კულტუროლოგები ამ ფაქტორის მიზეზებზე ფიქრობენ, ერთი უბრალო, მაგრამ საინტერესო სტატისტიკაც წამოგვეწია - ანგარიშების გაყოფა დღეს ბევრად უფრო მარტივია იმიტომ, რომ ამისთვის ბევრი აპლიკაცია არსებობს. ტექნოლოგიასთან ახლო კავშირი - აი, რა შეიძლება უადვილებდეს Generation Y-ს კაფე-ბარში გადახდასთან დაკავშირებული უხერხულობის თავიდან აცილებას.

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი, ჟურნალისტი