კულტურა

არტ-გენი 2019 იწყება!

ივნისი 13, 2018

16 ივნისიდან არტ-გენის მეთექვსმეტე ფესტივალი იწყება

“ღიმილით პირს გაგიხსნიან, სიტყვას დაგილბობენ, შორი-ახლოდან მოგიხდებიან, დაგამშვენებენ, თან ოდნავ შერცხვებათ კიდეც... და თუ საკმარისად არ გეწვის გული, ჭინჭრის კონას შეგიცურებენ პერანგში და ისე ჩაგიხუტებენ, იმიტომ, რომ აქ, ასე იციან, აქ - საქართველოა! და შენც იამაყებ საკუთარი თავით, სიცოცხლით... ქართველობით...



ეს გენი ხომ კაცობრიობის ნაწილია და ვინც არ უნდა იყო, ამ უკანასკნელს პირველი სიყვარულივით პოულობ შენში, მოულოდნელად, ანკარად და არ იცი რა უქნა, სად წაიღო... არადა, შენია, სანამ აქ ხარ, ძვირფასია, თან ვერ ძღები, თან უზიარებ, აზიარებ პირველივე შემხვედრს.

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

და როგორც შენ გახდი ბევრი, იმდენივე გინდა იხილო სხვაც, თუნდაც მეტი სიმყარისთვის, რადგან ხვდები, რომ უკვე ძალიან მთვრალი ხარ აქაურობით, სახეზე გაწერია და უკვე ყველა გცნობს, ყველას ცნობ, გესმის და გრძნობ, როგორ ფეთქავს... და გიკვირს, რომ აქამდე არ იცოდი, ვერ ხვდებოდი სად იყო.


იმ ჩიტის ამბავივით, დიდ ქვაბში რომ არ ეტეოდა და პატარაში ცოტა იყო, აქაც - ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო...” (ამონარიდი ჩვენი არტ-გენული დღიურიდან)


გილოცავ “არტ-გენს” და სანამ დაიძვრებოდე, გადაავლე თვალი რას გვიმზადებს ფესტივალი საქართველოს სამ ულამაზეს კუთხეში: ახმეტაში (კახეთი), მახუნცეთსა (აჭარა) და გორდაში (ზემო იმერეთი) და თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. რეგიონებში დასწრება თავისუფალია.



16 ივნისი - კახეთი, ახმეტა, წყაროები


14:00-20:00 გამოფენები

14:00-23:00 ლუდისა და ღვინის სივრცეები

18:00-19:30 ფოლკლორი: რეგიონალური დათვალიერება

19:30-20:00 ჰოროლი - ქართული ბრძოლის ამბავი

20:00-20:30 კონცერტი: ფრანი

21:00-22:30 დასკვნითი კონცერტი: ჩვენებურები და ლელა ნაყეური

ჩვენებურები და ლელა ნაყეური

"სამშობლოს სადარაჯოზე"

14:00-20:00 გამოფენები

14:00-23:00 ღვინისა და ლუდის სივრცეები

18:00-19:30 ფოლკლორი - რეგიონალური დათვალიერება

19:30-20:00 ჰოროლი - ქართული ბრძოლის ამბავი

20:00-21:00 ASEA SOOL

21:00-22:30 REGGAEON

REGGAEON, 2016 - ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

28 ივნისი - იმერეთი, ხონი


სოფელი გორდი


14:00-20:00 გამოფენები

14:00-23:00 ღვინისა და ლუდის სივრცეები

18:00-19:30 ფოლკლორი - რეგიონალური დათვალიერება

დადიანების ტყე-პარკი, სოფელი გორდი

ფრანის კონცერტამდე, 2016 - ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

ეთნოგრაფიული მუზეუმი, თბილისი



7 ივლისი - “აკუსტიკის” დღე


აკუსტიკური მუსიკა 20:00-დან.

22:00 - დათო ევგენიძე


დათო ევგენიძე, როგორც მუსიკოსი, კომპოზიტორი და არტ-გენის დიდი ხნის მეგობარი ფესტივალის თბილისურ დღეებში მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით შეგვიძღვება. მოისმენთ ინსტრუმენტალურ მუსიკას, შესრულებულს როგორც კლასიკურ, ისე ეროვნულ საკრავებზე. თავად იხილავთ დიდ მაესტროს მისთვის ჩვეულ იმპროვიზაციის რეჟიმშიც. როგორც თავად გაგვანდო, ამ დღეს, ელექტრონული მუსიკით DJ Grotask მოამარაგებს... ხოლო, როგორც პირველი არხის მთავარი მუსიკალური პროდიუსერი, გვპირდება არტ-გენის შესახებ ვრცელ მიმოხილვას მუსიკალურ გადაცემებში.

Dato Evgenidze Official

8 ივლისი - ფოლკლორი: სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი



21:30 ბაკურ ბურდული

22:00 ASEA SOOL


“ასეა სულ” და-ძმა ათინა და ბექა ჯანუაშვილის პროექტია, რომელსაც უკვე არამარტო შინ, გარეთაც გაუთქვამს სახელი. ფოტოს თუ კარგად დააკვირდებით, ბარ-გიტარასაც შენიშნავთ! (ბარი, დიახ!) უცანური ინსტრუმენტების გამოგონება და მათზე ახალი ჟღერადობების მიგნება ბექას ერთ-ერთი გატაცება ყოფილა. ბათუმელი დუეტი ხშირად მოგზაურობს, სულ წერენ და სულ მღერიან, ხან ჯაზს, ხან როკს, ხან ფოლკს და ხან - ყველაფერს ერთად. რამდენიმე ფილმიც, მათ შორის ნანა ჯორჯაძის ორი ნამუშევარი, გაუფორმებიათ მუსიკალურად.აქვთ მუსიკაც აქვთ შექმნილი. მათი დებიუტი არტ-გენზე სამი წლის წინ შედგა და მას შემდეგ, ყოველ ჯერზე, ახალი ხელნაკეთი ინსტრუმენტით გამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ სულ ორნი არიან, ისეთ შეგრძნებას ტოვებენ, თითქოს გუნდი მღერის და დიდი ბენდი უკრავს. ასეა სულ!

ASEA SOOL

9 ივლისი - ფოლკლორი: გურია, ქვემო ქართლი



22:00 REGGAEON


გურიითა და ქვემო ქართლით გულ-ნაჯერები, საღამოს, ჯგუფ REGGAEON-ის რასტმანული ფილოსოფით გავაცილებთ. ეს ჯგუფიც არტ-გენის ერთ-ერთ აღმოჩენად ითვლება. და მერე, როგორც იცის ხოლმე ფესტივალმა, თუ აღმოგაჩინა/აღმოაჩინე, დაგიმეგობრდა/დაუმეგობრდი გვერდიდან არ მოგშორდება და სიცოცხლის ზეიმს ყოველთვის შენთან ერთად გააგრძელებს...

ლაშა ნოზაძე, 2016. ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

10 ივლისი - ფოლკლორი: კახეთი, თუშეთი, სვანეთი



21:00 ჰოროლი - ქართული ბრძოლის ამბავი

21:30 ჩვენებურები და ლელა ნაყეური


არტ-გენის მესამე დღეს თბილისში თავს უკვე მარტივად იგრძნობ როგორც საკუთარ ეზოში, ან სახლში, ან, სულაც - საკუთარ ბავშვობაში (სოფლად რომ გაგვამწესებდნენ ხოლმე ბებია-ბაბუასთან, სულ სხვანაირ თავისუფლებასთან საზიარებლად). ამ დღეს, არ გამოტოვო ქართული ორთაბრძოლის საოცარი სანახაობა. ადრე მათ “შავფაროსნებად” ვიცნობდით, ახლა კი ქართული სულის ამბავს, ისინი “ჰოროლის” [ისტ. მნიშვნ. - ლახვარი] სახელით გვიყვებიან/გვაჩვენებენ. ჩემი სუბიექტური და ამავდროულად ობიექტური აზრით, ამ ორთაბრძოლას სკოლებშიც უნდა ასწავლიდნენ...

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი, 2016

დასკვნითი ნაწილის წინასწარ დასაგემოვნებლად, ჩვენებურების ვიდეოს გაგიზიარებთ:

11 ივლისი - ფოლკლორი: იმერეთი



22:00 ფრანი


იმერეთის ფოლკლორ-გაჟღენთილები საღამოს ფრანთან ერთად განვიტვირთებით... ჯგუფი ფრანისთვის ეს მეთოთხმეტე არტ-გენია, გაგა ჩიხლაძე კი უკვე მეორე წელია, რაც თავადაა ჩართული ფესტივალის ორგანიზებაში.

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი, 2016

გაგა - “პატარები ვიყავით მე და ჩემი მეგობრები არტ-გენზე რომ ვიპარებოდით. ვცდილობდით, რაც შეიძლებოდა ახლოდან დაგვენახა ნიაზი, ზუმბა, ნინო. რას წარმოვიდგენდი, თუ ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენც მათ გვერდით აღმოვჩნდებოდით, ერთ სცენაზე. ამ ფესტივალთან ერთად გავიზარდეთ ჩვენც. ერთ ოჯახად მოვიაზრებით და დღემდე, თავს არტ-გენის შვილად ვთვლი. სხვა პასუხისმგებლობაა, ძალიან ემოციური და მისტიური თემაა. ერთადერთი ფესტივალია, რომელიც არ გაჩერებულა. არ ჩააგდო არც ერთი წელი. როგორც საკუთარ დაბადების დღეზე, ახალ წელზე გიფეთქავს გული, ისეა არტ-გენის მოახლოებაზეც; ერთგვარი რიტუალია - აუცილებელი წლიდან წლამდე. ყველაზე მართალია და უანგარო”.



12 ივლისი - ფოლკლორი: სამეგრელო აფხაზეთი



22:00 ნინო ქათამაძე


ნინო ქათამაძე, ჯგუფ “ინსაითი”-ს თანხლებით, სიმღერიდან სიმღერამდე, ნაცნობი მელოდიებიდან იმპროვიზაციებამდე, კიდევ ერთხელ, როგორც იცის ხოლმე, დიდ სიყვარულს გვასწავლის, გაგვიზიარებს უპირობო სითბოსა და მადლიერებას… და როგორც ყოველთვის, გინდა, არ გინდა, ნინოსგან დარჩენილი ღიმილი აუცილებლად დიდ ხანს გაგყვება.

ნინო ქათამაძე (Facebook Archives)

13 ივლისი - ფოლკლორი: რაჭა-ლეჩხუმი


22:00 „33ა


ნაცნობი სიმღერების ახლებური ჟღერადობით, ახალი სიმღერების ძველებური დინამიურობით, ნიაზ-ური რეგით, ფოლკითა და იმპროვიზაციებით, არტ-გენს 33ა გააგრძელებს და თან ნიაზ დიასამიძის იუბილეს აღნიშნავს.

33ა

ნიაზ დიასამიძე არტ-გენის სულისჩამდგმელ “შესანიშნავ შვიდეულს” ეკუთვნის [თამრიკო მელიქიშვილი, გიორგი ბარამიძე, მარია ლანევსკი, სოლომონ გოგაშვილი, ნიკოლოზ ანჯაფარიძე, ზაზა-ზუმბა კორინთელი]. ისიც, წლიდან წლამდე, შვილივით უფრთხილდება ფესტივალს და აუცილებლად მასპინძლობს ერთ-ერთ დღეს. ამჯერად, 13 ივლისს, მისი დაბადების დღეც ემთხვევა.



14 ივლისი - აჭარის ფოლკლორის დღე



22:00 დასკვნითი კონცერტი: „სუხიშვილები


ამონარიდი ჩვენი ინტერვიუდან სუხიშვილების დასისა და არტ-გენის დიდი ხნის თანაშემოქმედებაზე:

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი, 2016

“რაც არტ-გენი არსებობს, ყოველ წელს გამოვდივართ დახურვაზე, ან გახსნაზე. ჩვენთვის უკვე ტრადიციაა და თვითონ არტ-გენიც ძალიან საჭირო პროექტია ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის... მიხარია, რომ ფესტივალი დღემდე ვითარდება და ძლიერდება... ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ჩვენც უფრო ახლოს ვართ ხალხთან. აქ ხშირად ხდება იმპროვიზაციები, ურთიერთობა მაყურებელთან. პროგრამის დასრულების შემდეგ, დიდ ხანს არ გვიშვებდნენ ხოლმე - ამოდიოდნენ ბავშვები, დიდები... ჩვენც ვაგრძელებდით მუსიკალური თემებით და ხალხიც, შეეძლოთ თუ არ შეეძლოთ, გვიერთდებოდნენ ცეკვით... სასიამოვნოა, როცა ამას უყურებ, ამაში შენი საქმის პირდაპირ პოპულარიზაციას ხედავ; ამაში ჩანს პატრიოტიზმიც, სიყვარულიც, ერთგვარი ერთგულებაც ერთმანეთთან, ხელოვნებისა და შემოქმედების დაფასებაც. არტ-გენის არსიც ესაა ალბათ - ჩვეულებრივი მაყურებელიც ჩართოს ფერხულში, მასაც მოუნდეს შექმნას ნამუშევრები ჩითისგან, ქეჩისგან, ნახოს როგორ კეთდება, დააგემოვნოს სამზარეულო... რაც ეს ფესტივალი არსებობს, ხალხიც გაიზარდა, მსგავსი დღეების მზაობასთან ერთად...”

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

აქ, სადაც არტ-გენი შეხვდება ქალაქს, ბუნება - ხელოვნებას, ტრადიცია - ახალს, ჩვენ შეგხვდებით შენ! წავედით, ვიცეკვოთ!

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი და შემსრულებლების არქივი


ბილეთები: www.tkt.ge/artgene