მუსიკა | ცა

არ დავბერდები - ქართული მრავალხმიანობა

9 ივნისს ტრიო "სამაიას" სიმღერებისა და სანოტო კრებული გამოვა.

ივნისი 04, 2021

9 ივნისს ტრიო „სამაია“ და ინოლა გურგულიას სიმღერები მეორედ სიცოცხლეს დაიწყებს. დავით შუღლიაშვილი დედის ანდერძის გარდა, ტრიოს ბოლო წევრის, გიული დარახველიძის დიდ სურვილს, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ახორციელებს. 

ტრიო „სამაიას“ სიმღერების ახალი სანოტო კრებული და წლების განმავლობაში სხვადასხვა ფირფიტაზე თუ პირად არქივებში გაბნეული სიმღერები თავს ერთად მოიყრის ალბომში „არ დავბერდები“. 

ეს ამბავი ჯერ კიდევ 50-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც გიული დარახველიძის უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ, ინოლას გიულის სახით ახლო მუსიკალური მეგობარი გაუჩნდა. მედიკო სიხარულიძესთან ერთად, აქვე ჩამოყალიბდა ტრიო, სადაც ძირითადად ინოლას სიმღერები იმღერებოდა.

იმ დროინდელი უცხო ენათა ინსტიტუტის მუსიკალური შეხვედრები და საღამოები ტრიო „სამაია“-სთვის ყველაზე ახლო და მნიშვნელოვანი ასპარეზი იყო, სადაც ინოლას სიმღერები მუსიკით გატაცებულ აუდიტორიამდე ადვილად მიდიოდა.

ამ სიმღერების პრეზენტაცია უშუალო, მეგობრულ გარემოში, სახლში შეკრებების დროს ან უნივერსიტეტის საღამოებზე ხდებოდა. 

ცოტა უცნაური აქ ის არის, რომ სიმღერები, რომლებიც დღეს ჩვენთვის 60-იანი წლების თბილისის მუსიკალური სიმბოლოა, ფართო წრეებისთვის აღიარებული და ხელმისაწვდომი თავიდანვე არ ყოფილა. პირიქით, როგორც დავით შუღლიაშვილი იხსენებს, „სამაიას“ რეპერტუარის სცენაზე გაჟღერება-არგაჟღერების საკითხი კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთ შეკრებაზე დიდი განხილვის საგანიც გამხდარა. 

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ცოტა ბუნდოვანია თუ რა იწვევდა ინოლას მიერ შექმნილი ჟღერადობის კრიტიკას. თუმცა, ამის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო ის ჰარმონიული წყობა, რომელიც სამაიას მრავალხმოვანებას დასავლურ ელფერს აძლევდა. 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 60-იანი წლები, ეს ის პერიოდია, როდესაც ამერიკული და ევროპული მუსიკის ანსამბლური მრავალხმოვანება მთელს მსოფლიოში ელვის სისწრაფით ვრცელდება და ამასთან ერთად, საბჭოთა ქვეყნებში დასავლური ენერგეტიკაც შემოაქვს.

რამდენადაც დიდი ზეგავლენა გააჩნდა მაგალითად, ჯაზს, იმდენად ფრთხილი იყო საბჭოთა ცენზურა ქართულ მუსიკაში ჯაზის ტენდენციების მიმართ. შესაძლოა, ამ ტალღას მიჰყვა „სამაიას“ აკორდებიც, რომელიც არ იმღერებოდა ქალაქური სიმღერების სამხმოვანების სტანდარტით (პირველი ხმა, მეორე ხმა, ბანი). 

ინოლას სიმღერები ე.წ. ჩართული ხმის არსებობით არის გამორჩეული, რომელიც პირველსა და მეორე ხმას შორის მოძრაობს, ქმნის „სამაიასთვის“ დამახასიათებელ ჰარმონიულ წყობას, მაგრამ ამავე დროს, ქართულ სიმღერაში შემოაქვს დასავლური ჟღერადობაც, რომელიც რაღაც მხრივ, ჯაზთანაც იყო ასოცირებული. 

-       ინოლა გურგულია

ქართული კულტურის ცენზურა ტრიოს ნამღერის მიმართ იმ დღიდან შერბილდა, როდესაც საქართველოს სსრ კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა 60-იან წლებში ტრიოს ნამღერი ერთ-ერთ შეკრებაზე შემთხვევით მოისმინა: „თქვენი უფრო ყურადღებით მოსმენა ყოფილა საჭირო“

ამის შემდეგ „სამაიას“ სიმღერები გერმანიაში „ქართული კულტურული დღეების“ პროგრამისთვისაც შეარჩიეს, რასაც მოჰყვა ტრიოს ჩანაწერებიც ვინილებზე, თუმცა, „სამაიას“ არსებობის განმავლობაში ვერასდროს მოხერხდა ტრიოს LP ფორმატის ალბომის ჩაწერა. სიმღერები მცირე ფორმატის ჩანაწერებზე გაიფანტადა და ამ ფორმით გახდა საზოგადო საკუთრებაც.

„არ დავბერდები“ - ახალი ალბომი 21 სიმღერას აერთიანებს. დედის მიკარგული აუდიო ჩანაწერების ნაწილი დავით შუღლიაშვილმა არქივში მოიძია, ძირითადი ჩანაწერები კი პარიზში სტუმრობის დროს, ოთარ იოსელიანმა „გამოაჩინა“. 

კინორეჟისორმა ეს ჩანაწერები საქართველოდან ადრე წაიღო, შეინახა და ხარისხი შეუნარჩუნა. ამ სიმღერების დიდი ნაწილი ადვილად მოპოვებადი არ იყო და საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის შესაძლოა სრულიად ახალი აღმოჩნდეს. 

21 სიმღერიდან 4 დუეტს ინოლა და გიული ასრულებენ, ხოლო დუეტში, სახელწოდებით „ფრთები“, გიული და მედეა სიხარულიძე ინოლას გიტარის აკოპანიმენტის ფონზე მღერიან. 

-       მედეა სიხარულიძე

ალბომის დანარჩენი ნაწილი კი „სამაიას“ სამივე წევრის მიერ შესრულებული უკვე კლასიკად ქცეული სიმღერებია, რომელთაგან პირველი სახელად „არ დავბერდები“, სიმბოლურად უღებს კარს მსენელს.

სწორედ ეს ყოფილა „სამაიას“ ტრიოს ბოლო წევრის, გიული დარახველიძის ბოლო სურვილიც - ახალი თაობებისთვის შემონახული ქართული, თბილი სიმღერები, რომელიც არ შეიძლება დაიკარგოს.

ალბომის მნიშვნელოვანი ნაწილია სანოტო კრებული, სადაც 21 სიმღერის მელოდია და აკორდების თანწყობა ფურცელზეც შემოინახება. წელს გამოცემული ახალი კრებული „არ დავბერდები“ სრულყოფილად ასახავს ტრიოს სამივე ხმის სფეციფიკას და ამ ჟღერადობის სრულყოფილი ფორმით შენარჩუნების იდეას ემსახურება. 

ალბომი სანოტო კრებულთან ერთად ჯერ მხოლოდ CD ფორმატის სახით გახდება ხელმისწავდომი და საბოლოო სახით კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ქართულ მუსიკაში ტრიო „სამაიას“ და ინოლას უნიკალური ქართული ტექსტის და ჰარმონიის მასშტაბებს. 

ავტორი: ნინო დავაძე