მაისი 02, 2023
Nino Davadze - Agora
მუსიკოსი და საუნდ არტისტი, რომლის შემოქმედებაც აქამდე რამდენიმე ლოკალურ კომპილაციურ ალბომში მოხვდა, სადებიუტო სოლო ალბომს თბილისში დაფუძნებულ UNHEARD Records-ზე აქვეყნებს. ეს არის ადგილობრივი სცენისთვის საკმაოდ განსხვავებული ექსპერიმენტი ხმასთან, ტექსტურასთან და კომპოზიცირების მეთოდთან, რომელიც მსმენელზე მომაჯადოვებელ ეფექტს ქმნის.
Misho Eliava – Song I Really Like
MokuMoku-ს წევრი, მიშო ელიავა ახალი სინგლით - ხავერდოვანი ხმა, ტრადიციული RnB შესრულებით, რომელიც აუცილებლად მოგაგონებთ 2000-იანების Dwele-ს, Bilal-სა და Music Soulchild-ს.
Zei - Baggy Flow
Zei თბილისელი პროდიუსერისა და დიჯეის, დავით ზეიკიძის პროექტია. მისი ახალი ალბომი „Baggy Flow“ მელოდიური ჩიკაგო ჰაუსის საინტერესო მაგალითია.
Monolith - A System Message
ლოკალურ მეტალ პროექტ „მონოლითზე“ გასულ თვეებშიც მოგიყევით, თუმცა აპრილში გამოსული „A System Message” მხოლოდ მეტალზე ორიენტირებულ კომპოზიციებს როდი მოიცავს, აქ არის ინსტრუმენტლური, ალტერნატიული როკისა თუ სინთ-ელექტრონიკის პასაჟებიც.
Mokumoku - Off The Record
MokuMoku-ს ახალ ალბომს ბევრნი დიდხანს ველოდით, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მარტში ბენდმა ალბომის საპრეზენტაციო ღონისძიება გამართა. Off The Records წინა ალბომისგან სრულიად განსხვავებულია მუსიკალურად, აქ ბენდი კიდევ უფრო „როკ“ სივრცეში ინაცვლებს, დომინანტური აღარ არის ის ფანკი, რომელზეც „SoulFood Society” იყო დაფუძნებული. თუმცა ან გამოწვევასაც ბენდი მარტივად ართმევს თავს და უკვე შეიძლება ითქვას რომ ჩანაწერიც ისეთივე საინტერესო გამოცდილება გამოდგა, როგორც ცოცხალი შესრულების დროს.
Georgina Beastly - Volume One
სრულიად უნიკალური მუსიკალური თანაკვეთა ქართულ სივრცეში, რომელიც სადებიუტო ალბომით TOYSOP RECORDS-ზე გამოვიდა. ქათული მუსიკალური სცენის უკვე ვეტერანები, ლევან ჯავახიშვილი, არჩილ „ფარჩილა“ ქელბაქიანი და ტენორ საქსაფონისტი ავთო გიგინეიშვილი სრულ ელექტრო-ჯაზ-როკ თავისუფალ სიგიჟეს გვთავაზობენ ახალ იმპროვიზაციულ პროექტში, რომლის სამომავლო ჩანაწერებსაც აუცილებლად დაველოდები.
Funeral Mess - S/T
Hardcore Punk პროექტი თბილისიდან, ჟანრის საუკეთესო ტრადიციებში.
Summoning - Various Artists Vol.2
Summoning თბილისში დაფუძნებული ლეიბლი და ღონისძიებათა სერიაა, რომელიც ძირითადად ქართველი პროდიუსერების მიერ შექმნილ ტრეკების მეორე კომპილაციურ ალბომს აქვეყნებს.
Kolkhetian - Catatonic Hebephrenia
Depressive Black Metal პროექტი თბილისიდან, ახალი ალბომით და ჟანრისთვის დამახასიათებელი თემატიკით, რომელიც ჯგუფის ბენდქემფ გვერდზეც იკითხება - From Tbilisi With Hate.
Riha - Mother Of The Dancing Nation
ჩემთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ქართველი ბასისტისა და მუსიკოსის, რატი ონიანი ახალი მინი ალბომი, სადაც სადა, ბასზე დაფუძნებული გრუვთან ერთად, სხვა ინსტრუმენტების ჩანართებიც გვხვდება. ჩემთვის აშკარაა რომ რატი მუდმივ ექსპერიმენტებშია საკუთარ მუსიკასთან, არ მიჰყვება რამე სწორხაზოვან კომპოზიცირების მეთოდს და შედეგიც აშკარად საინტერესო გამოდის.
Geneesiswebb – Crush
ახალგაზრდა ქართველი პროდიუსერის, ლუკა კოჭლამაზიშვილის 6 ტრეკიანი EP, დაფუძნებული ძველ Acid-ურ ტექნოსა და ელექტროზე.
Salio – People
Salio-სგან დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით სიახლეს და ეს ყველაფერი ახალი მინიალბომით „People” დაგვირგვინდა, მისთვის დამახასიათებელი ნეო-სოულის ვიბრაციებით.
Grb3- Nothing, Nothing
ავანგარდული ჯაზისა და ელექტრონიკის უნიკალური სინთეზი, ბგერების თავისუფალი ცურვა ქართველი მუსიკოსების, ლევან ჯავახიშვილის, გოგი ძოძუაშვილისა და ავთო გიგინეიშვილის შესრულებით. აუცილებლად მოსასმენი აპრილის თვიდან.
Tamo Nasidze - The Voices Of Priestesses
ჩემი ერთ-ერთი პირადი ფავორიტი 2023 წლიდან თამო ნასიძის ახალი ალბომი აღმოჩნდა. The Voices Of Priestesses” - არის ექსპერიმენტული საგუნდო ნაწარმოები, რომელიც ეხება ადამიანის გონებრივ ძალას, “Priestesses” - სულიერი მსახურები - არიან იმ საიდულო ცოდნის მცველები, რომელიც დამალულია ქვეცნობიერის სიღრმეში და რომლის წვდომაც მხოლოდ ინტუიციის ძალითაა შესაძლებელი.
Creams – Almighty
Creams-ის ახალი სინგლი და მუსიკალური ვიდეო, რომელზეც avi.musaifi-მ და Metro Production-მა იზრუნა.
David Delgma - Oh chemo Lali
ქართველი მუსიკოსის, დავით დელგმას ახალი სინგლი „ოჰ ჩემო ლალი“ 60-იანი წლების Sunshine Pop-ისა და გარაჟ როკის გავლენითაა შექმნილი.
Vakhtang Kantaria – Adamianebi
ვახტანგ ქანთარია აგრძლებს ახალი ჩანაწერების გამოქვეყნებას. „ადამიანების“ სიმღერების დასახელებებს თუ დაუკვირდებით, ეს ერთგვარი მოწოდებები და განცხადებებია, რომელიც ავტორის სათქმელს და სატკივარს ერთიანად გადმოსცემს.
Process - Confusion
21 აპრილს ბენდის პირველი ალბომი CONFUSION გამოვიდა.
Lua – Fuck
Lua-ს ახალი EP-ც აპრილში გამოვიდა, ეს პირველი რელიზიც სადაც მუსიკოსმა პროდიუსერის როლიც თავად მოირგო და 3 სიმღერა სახლის სტუდიაში თავად ჩაწერა.
ავტორი: ჯაბა შავიშვილი