მუსიკა | ცა

აპრილი-ივნისის რჩეული მუსიკა

Tsa.Music

ივლისი 21, 2023

McKinley Dixon - Beloved! Paradise! Jazz​!​?

მაკკინლი დიქსონი ამერიკულ ჰიპ-ჰოპში შედარებით ახალი სახეა, თუმცა უკვე მოახერხა და გამოცდილი მსმენელის რადარზეც როგორც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა ისე მოხვდა. რიჩმონდელი არტისტი თავის მუსიკაში ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის გადაკვეთის უნიკალურ სინთეზს გვაჩვენებს. ეს ყველაფერი კი ტექსტობრივად ფორმდება აფროამერიკული კულტურის წამორჩენასა და შავკანიანთა ყოველდღიურ ბრძოლასთან, რაც ამერიკული საზოგადოებისთვის დღემდე გადაულახავი პრობლემაა. მისი მეოთხე ალბომი Beloved! Paradise! Jazz​!​?-იც წინა ნამუშევრების მსგავსად ამ პარადიგმაზე დგას და უნდა ითქვას რომ დიქსონს ეს შესანიშნავად გამოსდის.

Alfa Mist – Variables

ბრიტანელი MC-ს და ინსტრუმენტალისტის Alfa Mist-ის პირველი ალბომი „Antiphon“ რამდენიმე წლის წინ იუთუბის ალგორითმის მეშვეოით საკმაოდ ბევრი ადამიანი ფლეილისტში მოხვდა და ასე დაიწყო მისი მრავალმხრივი მუსიკალური კარიერაც.  აპრილში მან უკვე მეხუთე ალბომი გამოუშვა - თუ წინა ალბომებში ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის დოზირება თანაბარი იყო, აღნიშნულ ალბომში მუსიკოსი უფრო ჯაზისკენ გადაიხარა, რომელიც ერთგვარად საპირწონე გახდა იმ მუსიკალური ტენდენციებისა, რომელიც მის მშობლიურ ლონდონში აქტიურად დომინირებს, საუბარია Grime-ისა და UK Drill-ის აგრესიულ ტონზე, რომელიც ახალგაზრდების უმეტესობისთვის უფრო საინტერესო და ატაცებადი. აღნიშნულ ალბომში მუსიკოსი მხოლოდ ორ კომპოზიციაზე ადებს საკუთარ ვოკალს და სათქმელად ძირითადად მუსიკალურ აკომპანიმენტს იყენებს.

Ichiko Aoba with 12 Ensemble (Live at Milton Court)

Ichiko Aoba ჩემთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ფავორიტი მუსიკოსია. დეკადის განმავლობაში მან უამრავი სტუდიური, ლაივ თუ კოლაბორაციული ალბომი გამოსცა, რომლებიც ძირითადად გიტარაზეა შესრულებული, თუმცა მე ვიტყოდი რომ მისი მთავარი ინსტრუმენტი მაინც ის მომაჯადოვებელი ხმა და მღერის მანერაა, რომელიც ნებისმიერს პირველივე წამიდანვე დაატყვევებს. იაპონელი გოგონას მთავარი ინსპირაციის წყარო მისი სიზმრებია, რომლითაც სტუდიო Ghibli-ის სამყაროსთან სულიერ სიახლოვეს გრძობს. აღნიშნული ალბომი 1 წლის წინ ლონდონში, ბარბიქანის ცენტრში ჩაიწერა და აქ დამატებითი არანჟირებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული სიმებიანი ანსამბლი, 12 Ensemble ჩაერთო. მოკლედ თუ სილამაზე და სიმშვიდე ის არის, რასაც მუსიკაში ყველაზე მეტად აფასებთ, ალბომი თქვენთვის რეკომენდირებულია.

Rắn Cạp Đuôi Collective - *1

აღნიშნული ვიეტნამური კოლექტივის მუსიკა პირველად Boiler Room-ის ფარგლებში მოვისმინე, ამჯერად კი თქვენი ყურადღება მათ მეორე ალბომზე უნდა მივაპყრო, რომლის მსგავსი უცნაურობაც წელს იშვიათად თუ მომისმენია. ეს არის სურეალისტური მოგზაურობა ბგერების სამყაროში, რომელიც სიყვარულსა და წყვილს შორის გაუგებრობის თემატიკას ეძღვნება. თუმცა ხმოვანების ფარგლებში რთულია ამ თემატიკის დაჭერა, ვინაიდან ქაოტური ბგერითი ტალღები, კოლაჟების დახმარებით ბევრი სხვაგვარ ასოციაციას გვიჩენს. ექსპერიმენტული მუსიკის მოყვარულებისთვის რეკომენდირებულია.

King Krule – Space Heavy

ის რომ არჩი მარშალი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია, მელომანების დიდი რაოდენობა დამეთანხმება. მას ყველაფერი გამოარჩევს - გარეგნობა, კომპოზიცირების მეთოდი, გიტარაზე დაკვრის სტილი რომელიც ვერცერთ ჩარჩოში ვერ მოაქცევ და ა.შ. წლების განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური სტილი სცადა, გადაიჭრა ჰიპ-ჰოპ ბითების სამყაროშიც, მაგრამ მაინც გიტარასა და ბლუზისეულ ჟღერადობას მიუბრუნდა, თუმცა უნდა ავღნიშნოთ მისი ბლუზიც კი განსხვავებულია. „Space Heavy”-ში უფრო ინტროსპექციული მომენტებია დაჭერილი, რომელიც „ერთმანეთს შორის არსებული სივრცისა“ და „დაკარგული კავშირების“ ნარატივზე იგება. აქაც რამდენიმე კომპოზიციაში ვხვდებით საქსაფონის ხმას, რომელიც ასე ნაზად ედება მისი გიტარის მშვიდ რიფებს. 

Antony Naples – orbs

Antony Naples წლების განმავლობაში ძირითადად როგორც საცეკვაო მუსიკის პროდიუსერი ისე იყო აღქმული, თუმცა დიდმა გამოცდილებამ მისი მუსიკალური ორიენტირები შეცვალა და ივნისში გამოსული „orbs”-ის მეშვეობით იგივე downtempo-სა და chillout-ის ზონებს მიადგა, სადაც ბასი, ელექტრონული გიტარა თუ აკუსტიკური დრამი უფრო ხშირად ისმის და ერთმანეთს 90-იანი წლების ჟღერადობა აკავშირებთ. აქ რა თქმა უნდა მუსიკალურად დიდად ახალი არაფერია, თუმცა ამერიკელმა პროდიუსერს ვფიქრობ საკმაოდ წარმატებულად გამოუვიდა კლუბისთვის განკუთვნილი მუსიკისგან განრიდება და დაამტკიცა რომ სხვაგვარი იდეების განხორციელებაც თანაბრად კარგად შეუძლია.

Cero – E o

Cero იაპონური ბენდია, რომელიც 2004 წლიდან ტოკიოში მოღვაწეობს. წლების განმავლობაში მათი მუსიკა იცვლებოდა და ჯგუფის სამივე წევრს განსხვავებული პროექტებიც ჰქონდათ. “Eo”-ს ალბომზე მუშაობის დროს ყველანი დაუბრუნდნენ ე.წ. „Bedroom Recoding”-ის ფაზას, რომელსაც 2000-იან წლებში აქტიურად იყენებდნენ. ახალი ალბომი უფრო მშვიდ ტონალობაშია გადაწყვეტილი, მინიმალური რიტმული ჩანართების გარეშე. მიუხედავად იმისა გესმის თუ არა მუსიკოსების ენა, ალბომს მაინც მომაჯადოვებელი ეფექტი აქვს პირველივე მოსმენისთანავე.

Bendik Giske - Bendik Giske

ნორვეგიელი საქსაფონისტი ბენდიკ გისკე უკვე 10 წელია აქტიურად ტრიალებს ბერლინის მუსიკალურ სცენაზე. მისი მესამე ალბომი, რომელსაც საკუთარი სახელით ასათაურებს, საქსაფონის როგორც ინსტრუმენტის არაორთოდოქსულ გამოყენებას გვაცვენებს, სადაც მელოდიურობა თითქმის მკვდარია და აქცენტი მიკრო-რიტმულობაზეა გადატანილი, რომელიც ასე ნაცნობია ბერლინის საცეკვაო მუსიკის სცენისთვისაც. ამ ალბომში სკანდინავიელი მუსიკოსი ნაკლებად მოგვითხრობს ამბებს, ეს უფრო კონცეპტუალური ნამუშევარია, სადაც მთლიანი ფოკუსი ბგერასა და ჟღერადობის დიზაინზეა გაკეთებული.

EABS meets Jaubi - In Search of a Better Tomorrow

JAUBI პაკისტანური ჯგუფია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დასავლური მუსიკალური სცენისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა. სადებიუტო ალბომით მათ შეძლეს და გააერთიანებს პაკისტანური ტრადიციული ჟღერადობა, ჰიპ-ჰოპი და მოდალური ჯაზი. ამჯერად ისინი 7000 კილომეტრის დაშორებით, პოლონურ თანამედროვე ჯაზის ანსამბლ EABS-თან თანაკვეთით გამოიჩინეს თავი. მიუხედავად კულტურული განსხვავებებისა, ამ ორ კოლექტივს საკუთარი ტრადიციის დაფასება და თანამედროვე მულტიკულტურული ჟღერადობების სინთეზით რამე ახლის მიღწევა აერთიანებთ. სწორედ ასეთი გამოვიდა საერთო ალბომი, „ In Search of a Better Tomorrow“.

Alexander Flood – Oscillate

ავსტრალიელი მუსიკოსი ალექსანდ ფლუდი ერთ-ერთი გამორჩეული დრამერია დღევანდელ ჯაზ სცენაზე. 17 წლიანი გამოცდილების შედეგად, მისი მთავარი მიზანი მუსიკალური სტილების შერწყმა და დრამის მეშვეობით განსხვავებული ისტორიების მოთხრობაა. მისი ახალი ალბომი რომელიც Jakarta Records-ზე გამოვიდა, ბერლინში მუსიკოსის მოგზაურობის შედეგია, სადაც მან ლეგენდარულ Jazzanova სტუდიაში ახალი ალბომისთვის საოცნებო გუნდი შეკრიბა და ასე დაიწყო „Oscillate“-ის ჩაწერაც - ალბომის რომელიც მთლიანად გიჟურ გრუვზეა დაფუძნებული და რომ არა ბერლინი, ალბათ პირდაპირ ლონდონში იქნებოდა ჩაწერილი, ვინაიდან მთლიანად შეესაბამება ჯაზ მუსიკის იმ ახალ ტალღას, რომელიც ინგლისის დედაქალაქშია წარმოდგენილი.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი