ივნისი 19, 2024
"თბილისი" - ანა ციციშვილის ფოტოწიგნი
თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება.
თბილისის ადგილებით, ქუჩებით, სახლებითა და სხვადასხვა შენობებით შთაგონებულმა ანა ციციშვილმა ახალი ფოტოწიგნი შექმნა, რომელიც ქალაქის სახელწოდებას ატარებს.
“თბილისი” - ქალაქის ესთეტიკისა და სილამაზის ამსახველ ფოტოსურათებს აერთიანებს და ანას თბილისისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს. ფოტოწიგნი Jurgen Malefeyet-თან თანამშრომლობით დაიბეჭდა.
ანა ციციშვილი
‘’წლების წინ, როდესაც გადაღება დავიწყე, ყველაზე მეტს თბილისში დავდიოდი და განუწყვეტლივ ვიღებდი და ვიღებდი - ქუჩებს, სახლებს, ადგილებს, რომელთაგანაც დღეს ნახევარზე მეტი განადგურებულია - ახალმა მშენებლობებმა მთლიანად შეცვალა ქალაქი, ეს უწყვეტი პროცესია, არავინ ზრუნავს ამაზე და ჩემთვის ძალიან სევდიანია. ბევრი ადგილი, რომელიც გადაღებული მაქვს, დღეს უკვე სხვანაირია ან დანგრეულია.
თბილისი ძალიან ძველი, ლამაზი, კონტრასტული ქალაქია და გადასაღებად ძალიან საინტერესოა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისში თითქოს სხვანაირი განათებაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქში.
ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და ქვეყნის გარეთ, ეს ქალაქი მაინც ყველაზე საინტერესო გადასაღებია ჩემთვის.
დიდი მასალა დამიგროვდა და ერთ დღეს გადავწყვიტე ყველა ფოტო შემეგროვებინა და პატარა ალბომი-წიგნი, სახელად - “თბილისი“ შემექმნა.
ვფიქრობდი, თავად გამეკეთებინა თუ მეთანამშრომლა ვინმესთან, ბევრი ფიქრის შემდეგ კი გადავწყვიტე ისეთი ადამიანისთვის მიმენდო საქმე, ვინც საერთოდ არ იცნობდა ამ ქალაქს, ნამყოფიც კი არ იქნებოდა თბილისში და ვინც ახალი, თანამედროვე, თავისებური ხედვით, ცოდნითა და გამოცდილებით ააწყობდა ამ წიგნს.
ასეც მოხდა, დავუკავშირდი ბელგიაში კრეატიულ დირექტორს და დამფუძნებელს - Jurgen Malefeyet-ს და მასთან თანამშრომლობით დაიბეჭდა ეს წიგნი მისივე გამომცემლობაში, 700 ცალი, ყდაც და შიგთავსიც სრულად - ყველაფერი მისი აწყობილია.
ფოტოწიგნის ყდა ყოველდღე უფრო და უფრო მომწონდა, რადგან თეთრზე წითლად, დიდი ასოებით დაწერილი “თბილისი”. ბევრ სხვადასხვა ძალიან კარგ მაღაზიაში - ევროპაში, ასევე კორეაში, ავსტრალიაში - ძალიან შესამჩნევი გახდა.
ძალიან მაგარი შეგრძნებაა, მსოფლიოს საუკეთესო მაღაზიებში დიდი წარწერით რომ გხვდება ‘’თბილისი’’ და თან, როცა ეს შენი თბილისია, წლების განმავლობაში შენი გადაღებული. ეს ხომ შენი დამოკიდებულებაა თავიდან ბოლომდე ამ ქალაქის მიმართ, რაც ვფიქრობ, ამ წიგნში ჩანს.
თბილისში შესაძლებელია რამდენიმე მაღაზიაში ნახოთ წიგნი, პირველ რიგში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ეს ადგილი ბავშობიდან მიყვარს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობაა თბილისში. ასევე They said books, Posta da kona, ქაოსში და იერში.
"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობარ ქეთევან მაისაიას, რომელიც დამეხმარა ამ პროექტის განხორციელებაში და ასევე ყველა ჩემს მეგობარს თანადგომისთვის."
მულტიფუნქციურ სივრცეში, ანა ციციშვილის ფოტოწიგნის შეძენისას, თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები თანხის 15%-ს დაიბრუნებთ.
ავტორი: თეკლა ცომაია