ბიზნესი

რა დაგხვდება ზარ•ზეიმზე

სექტემბერი 02, 2022

3 და 4 სექტემბერს ქუთაისი არაჩვეულებრივ გასტრონომიულ გამოფენას — ზარზეიმს მასპინძლობს და დიდი მხიარულებისთვის ემზადება

თიბისის და სტარტაპერის მხარდაჭერით შექმნილი ღონისძიება მიზნად რეგიონის მასშტაბით მეწარმეების პოპულარიზაციას ისახავს. აქ სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ, გასინჯონ, შეიძინონ და შეიყვარონ მრავალფეროვანი ქართული კერძები, ღვინო ადგილობრივი მარნებიდან, ხელით დამზადებული ლუდისა და ნაყინის სახეობები და სხვა მრავალი. რა თქმა უნდა, დიდი მოლხენა მუსიკის გარეშეც წარმოუდგენელია, ამიტომაც ზარზეიმზე Circus Mircus, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე და ბენდი დაგხვდებიან. 

და მაინც, თუ ჯერ კიდევ არ იცით, რატომ უნდა შეუერთდეთ ყოვლისმომცველ ზარ-ზეიმს, ამ ბლოგში ჩვენ თქვენი მეგზურები გავხდებით და დეტალურად გიამბობთ, რა გელით შაბათ-კვირას ქუთაისში, ბაღის კიდეში.

ნამდვილი ქართული გემოები


ზარზეიმის სტუმრებს იმერული სტუმართმოყვარეობითა და მადისაღმძვრელი კერძებით სხვადასხვა კვების ობიექტი გაუმასპინძლდება. მათ შორის იქნებიან ადგილობრივი კაფე-რესტორნები პალატი, შენი სახლი, დები და სხვა. 

სახლში

“მოხარულები ვართ, რომ ქუთაისში ტარდება ეს ფესტივალი, რადგან ჩვენი სურვილია, იმერული კერძები სთრით ფუდად ვაქციოთ და ამ ექსპერიმენტის წარმოდგენის საშუალება გვექნება. სტუმრებს შევთავაზებთ ქაბაბს გოგრის პესტოსთან და გოგრის ტკბილ-ცხარე სოუსთან ერთად და ვფიქრობთ, საინტერესო გემოების გასინჯვის შესაძლებლობა გექნებათ”,


— აღნიშნავს გიზო ბანძელაძე, სახლშის დამფუძნებელი. 

სახლში ქუთაისში უკვე ერთი წელია მუშაობს და ადგილობრივებსა თუ ტურისტებს იმერულ სამზარეულოსა და სტუმარმასპინძლობის კულტურას აცნობს.

“ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ჩვენმა სტუმარმა თავი იგრძნოს ისე, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ გვსურს, მათ ოჯახური კომფორტი შევუქმნათ და ეს ყველაფერი, ალბათ, იმ სტუმართმოყვარეობის დამსახურებაცაა, რომელიც ყველა იმერელს სისხლში აქვს”,

— აღნიშნავს გიზო.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ქუთაისში და მის შემოგარენში იმართებოდეს.


“ეს მცირე კაფეების, მარნებისა თუ ლუდსახარშებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ მივესალმებით და როცა შესაძლებლობა გვექნება, ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში”.

გალერი ტერასა

ბარ-რესტორანი გალერი ტერასა ქუთაისში, სასტუმრო გრანდ ოპერის მეხუთე სართულზე მდებარეობს.  იგი თავს დაგამახსოვრებთ დახვეწილი ინტერიერით და ღია ტერასით, საიდანაც ქალაქზე ულამაზესი ხედები იშლება. რესტორანი მომხმარებლებს გემოვნურად და ვიზუალურად გამორჩეულ ქართულ, ევროპულ, ძველ თუ ახალ კერძებს სთავაზობს. ზარზეიმზე კი წარმოდგენილი ექნებათ სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილი 3 კერძი:


- იმერული ფხალის ბურგერი, მჭადის ფუნთუშით, 

- წიწილა მაყვლით, მჭადის პიტაში 

- ფელამუშის ცივი მუსი მჭადის ტკბილი ჩხირებით


“გახსნის დღიდან გვქონდა სურვილი, მონაწილეობა მიგვეღო მსგავს ღონისძიებაში, თუმცა აქამდე არ მოგვეცა საშუალება, რადგან ქუთაისში არასდროს ჩატარებულა ამ ტიპის და ამ მაშტაბის ღონისძიება. ზარზეიმისადმი განსაკუთებული მოლოდინები გვაქვს. პირველ რიგში, საშუალება მოგვეცემა ჩვენი კვების ობიექტი განსხვავებული, ჩვენთვის ახალი მიმართულებით წარვადგინოთ, რაც არის სთრით ფუდი, ახლოდან გავიცნოთ სხვა მონაწილეები, გავეცნოთ კულინარიულ სიახლეებს, გავცვალოთ ცოდნა და გამოცდილება, რაც კვების ინდუსტრიისთვის აუცილებელია”


— ამბობს ანდრია ბეჟანიძე, გალერი ტერასას

გენერალური მენეჯერი.

Ice Crime 

როგორც უკვე ვახსენეთ, ზარზეიმის სტუმრებს ხელით დამზადებული ნაყინი გააგრილებს. ამაზე ბუდო ქაჯაია ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული პროდუქტით იზრუნებს. 


“გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც ყოველთვის მინდოდა და რაც არსად შემხვედრია. მე მზარეული ვარ, ამიტომ ჩემი მიზანი იყო, გემოვნური თვისებებით მაღალ დონეზე ამეყვანა ნაყინი და შემექმნა იგი ნატურალური პროდუქტებით, საღებავების გარეშე. რეცეპტებზე მუშაობა რესტორან ველერში დავიწყე, შემდეგ კი გამიჩნდა იდეა, გავსულიყავი ფესტივალებზე. ახლა კაფეც გავხსენი, რომელიც თბილისში, კონსტიტუციის 11 ნომერში მდებარეობს. Taste Tbilisi-სთან მეორედ ვთანამშრომლობ და ძალიან კარგი ორგანიზატორები არიან. ქუთაისში კი პირველად მივდივარ და მოლოდინი მაქვს, რომ კარგად მიიღებენ ამ სიახლეს”,


— ამბობს ბუდო.


ბუდო მუდმივად ახალი გემოების ძიებაშია. ამბობს, რომ განსაკუთრებით უხარია, როცა ქართულ გემოებს მიაგნებს. ასე შექმნა ჩურჩხელას, ლეღვისა და ქართული თხილეულის ნაყინი. მომავალში კი აპირებს გემრიელი, მსუყე ქართული დესერტები სთრით ფუდად აქციოს. ასე რომ, თუ ქუთაისში ზარზეიმს ვერ შეუერთდებით, შეგიძლიათ გემრიელი დესერტები თბილისში, კაფე Ice Crime-ში გასინჯოთ ან ვოლტიდან გამოიძახოთ.

საოჯახო მარნების ღვინო და ლუდი 

როგორც ნამდვილ გასტრონომიულ დღესასწაულს შეეფერება, ზარზეიმზე მრავალფეროვანი ღვინო და ლუდი იქნება წარმოდგენილი. სტუმრებს უმასპინძლებენ არჩილ გუნიავას მარანი, მირიანის მარანი, ბაიას ღვინო, ფუტ-ნატი, მათეს მარანი, მარანი ნანუა და მინაძის მარანი ფერსვი. ლუდის მოყვარულებს კი ნამდვილ ნადიმზე ეპატიჟებიან ალხანაიძე, ნატურალე, ბაიო, სვია, პრელუდია და ალიგუ.

ბაიას ღვინო

ახალგაზრდა მეღვინე ქალი ბაია ბაღდათიდან, სოფელ ობჩიდანაა და უკვე 2015 წლიდან აგრძელებს საოჯახო მეღვინეობის ტრადიციას. იგი ხუთი სახეობის იმერულ ღვინოს ამზადებს და არაერთი ჯილდოს მფლობელია. 


“ველოდები, რომ ძალიან აქტიური და საინტერესო ღონისძიება იქნება, თავისი სტუმრებითა და მონაწილეებით. ვფიქრობ, იგი ტრადიციადაც შენარჩუნდება და ჩვენს რეგიონში ბევრ ვიზიტორს ჩამოიყვანს. თანაც, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რთველის წინა სამზადისში შესაბამისი განწყობაც შევიქმნათ”, — ამბობს ბაია აბულაძე.


ლუდსახარში ალხანაიძე

ლუდსახარში ალხანაიძე 1991 წლიდან აწარმოებს ლუდს თელავში. იგი თუშური საგვარეულო ლუდსახარშია და მომხმარებლებს ლაგერის ტიპის ლუდ ალხანაიძეს და კრაფტ ლუდის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს.

“Taste Tbilisi-ის ფესტივალებში მათი დაარსების დღიდან ვმონაწილეობთ. ძალიან კარგი ფორმატის ღონისძიებებია, სიახლეა ჩვენთვისაც და ვფიქრობ, მთელ საქართველოში უნდა ჩატარდეს მსგავსი შეხვედრები, რომ ყველამ გაიგოს, რამდენად კარგი პროდუქტის შექმნა შეგვიძლია. ჩვენი პირველად ვიქნებით ქუთაისში წარმოდგენილი და იმედი მაქვს, ემოციებიც შესაბამისი იქნება”,


— ამბობს დიმიტრი მამუკელაშვილი.

ოტიას ეზო

ოტიას ეზო ღვინის მარნითაა ცნობილი, თუმცა ამ ფესტივალზე ლუდით წარდგება. 


“ჩვენ რამდენიმე წელია, გვაქვს ღვინის მარანი. კორონავირუსის დროს კი, როცა მეტი დრო გამოგვიჩნდა, ლუდის ხარშვაც დავიწყეთ. ბოლო პერიოდში ჩვენი ლუდი ძალიან პოპულარული გახდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ლუდით მივიღოთ მონაწილეობა ზარზეიმზე. აქამდე ლიმიტირებული რაოდენობით ვამზადებდით, თუმცა სექტემბრიდან წარმოება გაიზრდება”, — ამბობს ოტია იოსელიანი.

მისი თქმით, ასეთი ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს არა მარტო ქუთაისში, არამედ სხვა ქალაქებშიც, მაგალითად, წყალტუბოში, რომელსაც საფესტივალო ადგილმდებარეობა აქვს. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ოტიას ეზოს ლუდი ტრადიციულ ინგრედიენტებზე გადავა და მას ველური საფუვრით დაამზადებენ.

ხელნაკეთი ნივთები

ზარზეიმს უამრავი მცირე მეწარმე შეუერთდება და ფერად-ფერადი ნივთებით გაახალისებს სადღესასწაულო სივრცეს. მათ შორის იქნებიან სამკაულების, საყოფაცხოვრებო ნივთების თუ მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები. 


მთვარისქვა 

მთვარისქვა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ამ ღონისძიებას მრავალფეროვანი, თვალისმომჭრელი სამკაულებით გაამდიდრებს. მისი დამფუძნებელი, მთვარისა, უკვე რვა წელია, ამ საქმიანობითაა დაკავებული და ვერცხლისა და ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი ბუნებრივი ქვებისგან სხვადასხვა სახის მინიმალისტურ სამკაულს ქმნის. 


“სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამომაქვს ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები. პროფესიით მხატვარი ვარ და ბევრსაც ვმოგზაურობდი, ახლა ძირითადად ვერცხის სამკაულს ვქმნი ახალგაზრდებისთვის. ამ ფესტივალისადმი დიდი მოლოდინი მაქვს, რადგან სწორედ იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ჩემი სამკაულები, ვისაც ასეთ შეკრებებზე შეხვდებით — მუსიკის და გართობის მოყვარული ახალგაზრდებისთვის”.

მისი თქმით, ზარზეიმი ძალიან კარგი ინიციატივაა და მოხარულია, რომ იგი დედაქალაქის გარეთაც ტარდება.


“ქუთაისში ბევრი თანამედროვე ახალგაზრდა ცხოვრობს და ვფიქრობ, რომ მათთვისაც საინტერესო იქნება ეს ღონისძიება. მადლობა თიბისის და ყველა მხარდამჭერ კომპანიას, რომელიც ამ ფესტივალს ამოძრავებს, ჩვენი ძალებით ამას ვერ შევძლებდით”,


— ამბობს ის. 

გოჩა არიშვილის მხატვრული კერამიკა

კიდევ ერთი მონაწილე გოჩა არიშვილია, რომელიც ზარზეიმს მხატვრული კერამიკის ნაკეთობებს შეამატებს.  გოჩა მრავალი წელია, ამ საქმიანობითაა დაკავებული. პროფესიით მხატვარია და დეკორატიულ თეფშებს, სამუზეუმო ნივთებსა და ეროვნულ მოტივებზე სუვენირებს ქმნის. აქვს საკუთარი სახელოსნო, მონაწილეობს გამოფენებში და თანამშრომლობს სუვენირების მაღაზიებთან.

 

“ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან გარდა იმისა, რომ შეიძლება გაიყიდოს პროდუქცია, მეტი დაინტერესება მოდის — შესაძლოა კერძო პირებიდან ან  მაღაზიებიდან დაკვეთებიც მივიღოთ. მსგავსი გამოფენები ძალიან საინტერესოა და ვეცდები, რაც შეიძლება მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოვადგინო”, — აღნიშნავს ის.

ანა გიორგაძის ხელნაკეთი ნივთები


ანა ზესტაფონში ცხოვრობს და უკვე ხუთი წელია, ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულებს აწარმოებს. ზესტაფონში მაღაზია-სახელოსნო აქვს და კერძო შეკვეთებსაც იღებს. 


“როცა რაიმე აქსესუარი მჭირდებოდა, აქ არ იშოვებოდა, ამიტომ დავდიოდი ქუთაისში ან თბილისში. ყოველთვის მაინტერესებდა ეს საქმე და როცა ჩემი შვილები გაიზარდნენ, გადავიწყვიტე მაღაზია გამეკეთებინა. ვფიქრობ, გვიანი არასდროსაა, მთავარია მოინდომო და იშრომო. პანდემიამდე ყველა ფესტივალზე დავდიოდი. ეს განთვითარებისთვის, ხალხის გაცნობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პანდემიის შემდეგ ეს პირველი გასვლაა ჩემთვის და დიდი მოლოდინი მაქვს ზარზეიმისადმი”, — აღნიშნავს ანა.

გარდა ამისა, ზარზეიმს შეუერთდებიან სტარტაპები Ivy design, ნუფ ნუფი, მანსარდი, კერამიკო, შენი სათამაშო, ზიზილა და სხვები. ისინი ხის, ტყავის, ვერცხლის და სხვა მასალებით შექმნილ ჩანთებს, სამკაულებსა და საოჯახო ნივთებს შემოგთავაზებენ.



ზარზეიმი   უდიდესი   წამოწყებაა,   რომელიც   რეგიონის   მასშტაბით   მეწარმეების გაცნობასა და პოპულარიზაციას ემსახურება. მისი მეშვეობით რეგიონში არსებულ სტარტაპერებსა და მეწარმეებს ეძლევათ საშუალება, რომ გამოავლინონ საკუთარი თავი და გააცნონ თავიანთი პროდუქტი ადგილობრივ მოსახლეობას. 


30 წლის განმავლობაში თიბისი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში მეწარმეობის და ბიზნესის განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება   თიბისის   მიერ   მხარდაჭერილი   არაჩვეულებრივი   გასტრონომიული გამოფენა   ზარზეიმიც.

ზარზეიმი ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, რაც თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია