კულტურა

გამორჩეული მომენტები და მსოფლიოს ახალი პერსპექტივებიდან მოყოლილი ისტორიები ZEG ამბის თხრობის ფესტივალზე

ივნისი 23, 2025

‚,სიტყვებს იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ის, რასაც დღეს ვამბობთ, არა მხოლოდ ამჟამინდელ რეალობას ქმნის, არამედ მომავალსაც განსაზღვრავს. ვფიქრობთ, ვაზროვნებთ, იდეებს ვაყალიბებთ, რაღაცებს ვვარაუდობთ და ამ ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ… შემდეგ კი აღმოვაჩენთ, რომ ეს ჩვენი ნაფიქრალი ხელშესახებ მოცემულობად იქცა — ის, რაზეც გუშინ ვსაუბრობდით, ახლა უკვე ჩვენ წინაა… "

სწორედ ამგვარ კონცეფციას ეფუძნება ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG — ყოველწლიურად აქ განიხილავენ იმ ნარატივებს, რომლებიც მომავალს განსაზღვრავს. წელს ZEG 13-15 ივნისს ჩატარდა და ერთ სივრცეში, უამრავ სტუმართან ერთად, ამ დრომდე ფესტივალისთვის ყველაზე მასშტაბური რაოდენობის, 120-ზე მეტი სპიკერი გააერთიანა. 

რა ხდებოდა 3 დღის განმავლობაში?

ZEG Storytelling Festival-ზე სხვადასხვა სივრცე დაეთმო მოწვეულ სპიკერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ ისაუბრეს — მათ შორის, მსოფლიოს ახალი პერსპექტივების, პოლიტიკის, ეკონომიკის, გენდერული თანასწორობის, ქალთა ლიდერობის, მხატვრობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, მედიის, ფოტოგრაფიის, კინოსა და მედიცინის შესახებ. როგორც ხვდებით, ფესტივალის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი სპიკერების სია ნებისმიერ სტუმარს საშუალებას აძლევდა, სასურველი მიმართულებით აღმოეჩინა ღირებული აზრები და შთაგონებაც ეპოვა…

„ზოგადად, ZEG ფესტივალს ყოველთვის გამოარჩევს მრავალფეროვანი თემების ერთიანობა, თუმცა წელს ეს ასპექტი განსაკუთრებით აღსანიშნია… ისეთი ინდუსტრიები დავიმატეთ, რომლებიც აქამდე ნაკლებად იყო გამოკვეთილი. ასევე, ბევრი სესია დაეთმო საქართველოში რეალურ დროში მიმდინარე მოვლენებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი აუდიტორიისთვის, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვენი ხმის გასავრცელებლად“ , აღნიშნავს ქეთი ებანოიძე, ZEG Storytelling Festival-ის თანადამფუძნებელი.

მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ 120-ზე მეტ მომხსენებელს შორის იყვნენ ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის „The Moth and the Mountain“ ავტორი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში დაზარალებულებთან; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა „How Moving” და „River Fork”; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების, „Veep“-ის და „სტალინის სიკვდილის“ ავტორი არმანდო იანუჩი; ასევე უკრაინელი ფილოსოფოსი ვოლოდიმირ ერმოლენკო და უამრავი სხვა საინტერესო სპიკერი.

Powered by TBC

„ფესტივალის წარმატებაში თიბისის წვლილი უდიდესია, რადგან არსებობის პირველივე წუთებიდან ჩვენი მხარდამჭერია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სანდო, ერთგული და ღირებული პარტნიორის ყოლა, რომლის იმედიც ყოველთვის გვაქვს“, — ამბობს ქეთი ებანოიძე 

აღსანიშნავია, რომ თიბისის მხარდაჭერით, ZEG-ის ფარგლებში რამდენიმე მსხვილი პანელური განხილვა გაიმართა. მათ შორის გამორჩეულად დასამახსოვრებელი იყო 13 ივნისს გამართული დისკუსია თემაზე „კრეატიული ხმის ძიება ამბის თხრობისას“, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკელი კინემატოგრაფი ჯო სებია და თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ლიდერი მაკუნა თავბერიძე. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნა შთამაგონებელი ნარატივი მაშინ, როცა სამყარო უიმედო ჩანს, როგორ უნდა მოიძებნოს ნამდვილი შთაგონება და როგორ გავარჩიოთ იგი ფუჭი მოტივაციური ფრაზებისგან.

„იდეები ერთმანეთს უნდა შეეჯიბროს, გამარჯვებული კი უნდა გახდეს ის, რომელშიც ყველაფერს ვდებ“ — ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა აღმოჩნდა, რადგან ზუსტად შეესაბამება ე. წ. ბრეინშტორმინგის პროცესს… როცა ყველაფერი ერთად გიტრიალებს თავში, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი უნდა დატოვო. ასე ვთქვათ, ნათელია, რომ წარმატება მოითხოვს არა მხოლოდ იდეების ქონას, არამედ მათ გამართლებასა და სტრატეგიულად შერჩევას.

თემატურად, გაიხსენეს თიბისის ბოლო დროის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანია — შარშანდელი 8 მარტის და წლევანდელი 26 მაისისადმი მიძღვნილი. როგორც დისკუსიის დროს აღინიშნა, ორივე კამპანიის მთავარ ამოსავალ წერტილს რეალურ შეგრძნებებზე დაფუძნებული ინსაითები წარმოადგენდა.

 „8 მარტი საქართველოში ძალიან პოპულარული დღეა და თითქმის ყველა დიდი ბრენდი ამ თემაზე საკუთარ კამპანიას აკეთებს: ქალთა გაძლიერება, თანასწორობა, მხარდაჭერა... ყველა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე თამაშობს. ჩვენ კი რაღაც სხვა გვინდოდა — ისეთი ემოციის წინ წამოწევა, რომელიც თითქოს მივიწყებულია. დავფიქრდით და მივხვდით, რომ დროთა განმავლობაში ყვავილების ჩუქება ერთგვარ რუტინულ ქმედებად იქცა, თითქოს უკვე ჩვეულებრივად აღიქმება. სწორედ ამაზე ფიქრისას მივედით აღმოჩენამდე, რომ ყვავილების ორივე მხარეს ქალები არიან… ყვავილებს ყიდულობენ ქალებისგან — იმ ქალებისგან, რომლებიც თავად აგროვებენ ყვავილებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ბუნებაში, შემდეგ კი ქუჩაში ყიდიან...

 

ამა თემაზე გადავიღეთ ვიდეორგოლიც — ქალებზე, რომლებიც ყვავილებს ბუნებაში აგროვებენ და მერე ყიდიან, რათა სხვა ქალებმა საჩუქრად მიიღონ. მთლიანობაში, კამპანია ძალიან ემოციური, შთამაგონებელი და გულწრფელი გამოვიდა“, — განმარტა მაკუნა თავბერიძემ

ჯო სებიას აზრით კი, ხალხის ნამდვილი ემოციებისა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბების განსხვავებული კუთხით ჩვენება ქმნის კონტენტს, რომელთან კავშირსაც ყველა ბუნებრივად ამყარებს; შესაბამისად, გამოხმაურება და ჩართულობაც მეტია.

 

ასევე, მაკუნამ გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანია:

 „26 მაისის კამპანიაზე ფიქრისას მივხვდით, რომ ყველამ ვიცით წარსული… ამიტომაც გადავწყვიტეთ, დღევანდელ და მომავალი დროის გმირებზე გაგვეკეთებინა აქცენტი“

ასე შეიქმნა კამპანია, რომელშიც მთავარი მამოძრავებელი ძალა იკვეთება — სიჯიუტე… განურჩევლად ეპოქისა, სწორედ სიჯიუტე გვიბიძგებს გამბედაობისკენ და სიმბოლურ პარალელს თუ გავავლებთ, ბმა უშუალოდ ZEG ფესტივალთანაც ჩანს; რომ არა ეს თვისება, ვერც მომავლის შესაძლებლობებზე შევძლებდით საუბარს და ვერც იმას განვსაზღვრავთ, როგორ დავამსხვრიოთ არსებული ჩარჩოები უფრო მეტის მისაღწევად. 

თიბისის მხარდაჭერით, მორიგი საინტერესო სესია ჩაატარა ლეგენდარულმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა — პლატონმა. მას უამრავი ცნობილი ადამიანისთვის, სხვადასხვა ქვეყნის მმართველებისა თუ მსახიობებისთვის, მომღერლებისა და ამა თუ იმ პროფესიის ცნობილი წარმომადგენლისთვის გადაუღია ფოტო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მათი ინდივიდუალური ხასიათის კადრებად აღბეჭდვისას, ზედმიწევნით შეისწავლა ადამიანების განსხვავებული განწყობები… ის ხედავს არა ყალბ ნიღბებს, არამედ იმ შინაგან მარცვალს, რომლის ირგვლივაც სხვა დანარჩენი იქმნება. 

შემდეგ კი გაგვიზიარა თითოეული ფოტოს გადაღების საოცარი ისტორიები — სახალისო, საინტერესო, სევდიანი, ისტორიული მნიშვნელობის მქონე და ა. შ. ფაქტია, ფოტოებით მოყოლილი ამბები განსაკუთრებით მძაფრია, რადგან ვიზუალურ ელემენტებს უნდა დაეყრდნო და დასკვნები სუბიექტურად გამოიტანო, რაშიც შენი ხასიათიც იკვეთება. 

 

რაც შეეხება თიბისის მხარდაჭერით ჩატარებულ კიდევ ერთ პანელურ სესიას, ის ეხებოდა ინოვაციური სწავლების მეთოდებს. კერძოდ, საგანმანათლებლო ტრანსფორმაციისა და თვითმართული სწავლების შესახებ გამართული პანელური სესია მნიშვნელოვანი დიალოგის სივრცე გახდა ორი გამორჩეული ფიგურისთვის — მარი ლუ პაპაზიანისთვის, სომხეთის TUMO-ს ცენტრის ხელმძღვანელისთვის, და აარონ რასმუსენისთვის, MasterClass-ის თანადამფუძნებლისთვის. 


სესიის მთავარი კითხვა იყო: რა ხდება მაშინ, როცა სწავლების გასაღებს კვლავ ახალგაზრდებს გადასცემ? — და სწორედ ამ კითხვამ გახსნა დისკუსია, რომელიც ერევნიდან სილიკონის ველამდე ორ სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას აერთიანებდა.

„ასეთ გაურკვეველ, დიფერენცირებულ დროს მნიშვნელოვანია, ადამიანებმა მეგობრობა და თანაშმრომლობა ისწავლონ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურად დაკავშირებულები ვართ, ჩვენ შორის სულიერი გამიჯვნა აშკარაა — ტომებად დავიყავით, ვენდობით მასობრივ მითებს და კომპიუტერის ეკრანებს მიღმა ვიმალებით.

 

ერთადერთი, რაც ამ ყველაფრისგან გვიხსნის, ემპათიაა. ეს არის არა მხოლოდ სხვის მდგომარეობაში ჩადგომა, არამედ ადამიანურ კავშირზე საუბრის საიდუმლო ინგრედიენტი“, — აღნიშნა პლატონმა.

მარი ლუ პაპაზიანმა ისაუბრა TUMO-ს კონცეფციაზე — არატრადიციულ, უფასო საგანმანათლებლო ცენტრზე მოზარდებისთვის, რომელიც მოსწავლეს აძლევს თავისუფლებას, თავად აირჩიოს სასწავლო მიმართულება და სწავლების ტემპი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ TUMO-ში არ არსებობს ქულები, გამოცდები ან შეფასების სისტემა ტრადიციული გაგებით. მთავარი პრინციპია მოზარდის შთაგონება, ინტერესი და დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებები. მისი თქმით, ეს მოდელი ბავშვებს არ აიძულებს, არამედ აძლევს ბიძგს — თავად დაინახონ, რა აინტერესებთ და რაში სურთ განვითარება.

 

სხდომის მეორე ნაწილი შეეხო აარონ რასმუსენის ხედვას, რომელიც გაიზარდა ამერიკის ერთ პატარა სოფელში, სადაც არაფორმალური განათლება ცხოვრების აუცილებელი ნაწილი იყო. მან განმარტა, როგორ იქცა დამოუკიდებლად სწავლა მისი პირადი განვითარების ქვაკუთხედად და როგორ შექმნა MasterClass და Outlier იმისთვის, რომ ყველას ჰქონოდა წვდომა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლებზე — ინსტიტუციების გარეშე, პირდაპირ ონლაინ სივრცეში.

 

მთლიანობაში, სესია იქცა სივრცედ, სადაც ცოდნის ფორმებზე, განათლების როლსა და მოტივაციის ნამდვილ წყაროებზე საუბარი გახდა არა მხოლოდ თეორიული მსჯელობის თემა, არამედ პრაქტიკული მაგალითებით გამყარებული ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა აღვჭურვოთ მომავალი თაობა ცვლილებების ეპოქისთვის.

მართალია, ბლოგში მხოლოდ რამდენიმე სესიაზე მოგიყევით, თუმცა ესეც საკმარისია ზოგადი წარმოადგენის შესაქმნელად — თუ რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესო და მომავალზე ორიენტირებული იყო ZEG Storytelling Festival 2025. 

 

აქვე აღნსაშნინავია, რომ ZEG ძალიან მალე საქართველოს ფარგლებს გასცდება… კერძოდ, აგვისტოში ამსტერდამში ჩატარდება ფესტივალის მოკლე ვერსია; ხოლო ოქტომბერში ZEG-ს უკვე ლონდონი უმასპინძლებს. 

და ბოლოს — ზეგამდე! იმ დრომდე, როცა დღევანდელი ფიქრები და იდეები აწმყოდ იქცევა.