ცისფერი მთები თაობა

კუდოს ახალი თაობის ფრირაიდერებს!

ჯუნიორ ფრირაიდი მესტიაში იწყება!

თებერვალი 11, 2025

“კუდოს შენს წარმატებას!”

რამდენჯერმე შემხვდა ასეთი შექება ლინქდინზე.

ასე ის ხალხი აქებს ხოლმე ერთმანეთს, რომლებსაც უნდათ რომ ანგლიციზმების ხმარებაში გასიგრძეგანების მნიშვნელოვანი ხარისხი აჩვენონ სხვა, ჩვეულებრივ მოკვდავებს. განა “ყოჩაღ”, ან “დიდება შენს შეძლებას”, ანაც “არაჩვეულებრივი ამბავია გენაცვა”; არა, უნდა უთხრა “კუდოს” და დააბნიო კუდიანიც და უკუდოც, რომელიც ლინქდინის წარმატებულ სლენგთან ბოლომდე გაშინაურებული არაა.

ძველ თბილისში რომ ყოფილიყო ლინქდინი, აი შაითან ბაზარზე რომ შეგირდი ოსტატად დაწინაურებულიყო, იმას “აფერუმს” დაუწერდნენ, ხოლო თუ სოღანლუღში, მაშინ კიდევ - “საღოლ”. სიტყვა “საღოლ” თურქულ ენებზე ძირითადად მადლობის სათქმელად გამოიყენება, თბილისურ სლენგში კი მნიშვნელობა იცვალა და უფრო კუდოსს გამოება. დიდებულია თბილისური სომხურ და აზერბაიჯანულშერეული სახალხო ქართული, და მე მას ვეთაყვანები. მძიმე დას წინ უნდა იყოს აუცილებლად. :დ

რატომ მოვყევი ახლა ამდენი შესავალი, ამ ამბავს რომ ლინქდინზე ვწერდე, უზარმაზარ “კუდოსს” მივაქაფსლოქებდი ლევან მეტრეველის, ლუკა ელოშვილის, უხუცესი გიორგი მათიაშვილის და სხვა ძმათა სადიდებლად, რომლებიც ფრირაიდის ქართული კვირეულების ორგანიზებას უკვე 5 წელია თავობენ.

თოვლი იქნება თუ გრიგალი, ყინვა თუ მწირი ფინანსები, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს ხალხი დაუზარებლად ცდილობს საქართველოს გაწევრიანებას უზარმაზარ ლაღ ოჯახში, რომელსაც მსოფლიო ფრირაიდ ქომიუნითი, ანუ ერთობა ჰქვია. 

ჩვენ ვამაყობთ, რომ როგორც ახლა, ასევე წინა წლებში თითოეული იმ ღონისძიების პარტნიორები ვიყავით, რომლებიც საქართველოს ფრირაიდის სერიების ფარგლებში გაიმართა.

იქნებოდა ეს მსოფლიო ფრირაიდ ტურის თეთნულდის ეტაპი თუ მსოფლიო თასი აქვე. უახლოეს მომავალში ქართველი სნოუბორდერი ან მოთხილამურე თუ დიდი ჩემპიონი გახდება ფრირაიდში, იცოდეთ რომ პატარა წვლილი ჩვენს “ცისფერ მთებსაც” მიუძღვის ამ ყველაფერში. 

2025 წლის სასრიალო სეზონს ქართული ფრირაიდ სერიიდან ორი ტურნირი გაალამაზებს, ორივე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, Junior Freeride Week Mestia და Junior Freeride Week Gudauri. მონაწილეობის მიღება 10დან 18 წლამდე გოგოებს და ბიჭებს შეეძლებათ, როგორც თხილამურზე, ასევე სნოუბორდზე მოსრიალეებს. ამავე ტრასებზე ჩატარდება საკვალიფიკაციო ფრირაიდ ტურნირი 18 წელს გადაცილებული სპორტსმენებისთვისაც. ისიც ფრირაიდის კვირეულის ფარგლებში. 

“ჯუნიორის კატეგორიის ტურნირი პირველად 2024 წელს ჩავატარეთ, რომელსაც უფრო მოთელვითი ხასიათი ჰქონდა. წლევანდელი შეჯიბრი საშუალებას მისცემს როგორც გამოუცდელ, ასევე გამოცდილ ახალგაზრდა სპორტსმენებს რომ თავი გამოიჩინონ, საკვალიფიკაციო ქულები მოიპოვონ და შემდეგ სხვა, უფრო მაღალი კატეგორიის შეჯიბრებშიც შეძლონ გამოსვლა. წლევანდელი გამარჯვებულები ვფიქრობ მომავალში მნიშვნელოვან ბირთვს შეკრავენ ფრირაიდის ნაკრებისთვის. როგორც იცით, 2030 წლიდან ფრირაიდი ოლიმპიური სახეობა ხდება. ჩვენი მიზანია, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბებული და მომზადებული იყოს.”  


ლევან “მეტრიქს” მეტრეველი, ფრირაიდ ვიქის დამფუძნებელი და ორგანიზატორი

ფრირაიდის კვირეული ფარგლებში, მესტიაში, სეტში, საფესტივალო სოფელი მოეწყობა, სადაც დამსწრეებს და მონაწილეებს შეეძლებათ სვანური სახალხო რეწვისა და გასტრონომიის ნიმუშების გაცნობა და გასინჯვა. მათთვის კი ვინც ჰაწვალზე (ადგილი სადაც შეჯიბრი გაიმართება) ვერ ავა, უზარმაზარი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც შეჯიბრი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ფრირაიდის საინფორმაციო პარტნიორი ტელეკომპანია სეტანტაა, რომელიც შეჯიბრის გადაღებასა და ტრანსლირებას უზრუნველჰყოფს. 

ჩემი პირადი ფავორიტი, შარშანდელი გამარჯვებული კახუნა გოშთელიანი იქნება, რომელიც ვფიქრობ წელსაც არ დააგდებს თამასას და ყველას აჩვენებს როგორ სრიალებენ სვანები სვანეთის მთაში. 

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ვაქებთ ასე ფრირაიდს, თითქოს საკმარისი არ იყოს კლასიკური ალპური სრიალი, რომელიც ოდითგანვე უყვარს საქართველოს მოსახლეობას. პასუხი მარტივია, რაც მეტი ზამთრის სახეობა იქნება პოპულარული, მით მეტი ჯანსაღი ახალგაზრდა ეყოლება ქვეყანას, მეტი ოლიმპიური სპორტსმენიც გვეყოლება. გარდა ამისა, ფრირაიდი ბევრად უფრო საინსტაგრამო და სასოცქსელო მიმართულებაა, რომელსაც იმაზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე ალპურ თხილამურებს და კლასიკურ სნოუბორდს.

ქართული მთის კურორტების გამოჩენა მსოფლიო ფრირაიდ რუკაზე ბევრ ადამიანს უბიძგებს აქ ჩამოსვლისკენ. სპორტული ტურიზმის განვითარება და ტურისტების მოტანილი ფული კი არის ის, რაც ახლა, არც თუ ისე მარტივ დროს, ძალიან გვჭირდება.

ამოდით მესტიაში 13 თებერვალს, თვალს წყალი დაალევინეთ, თხილამურს თოვლი გააკვალინეთ, მოხდენილად ჩამოსრიალდით ზურულდიდან, ჩვენ კი კუდოსს გეტყვით, ანაც აფერუმს, როგორც გესიამოვნებათ.

ავტორი: ალექსანდრე დავითაშვილი