ივნისი 14, 2024
კანის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს 6 გუნდი წარადგენს. 6-დან ერთ-ერთი მარკეტერის კატეგორიაა, რომლის ოქრო - თიბისის მობაილბანკის მარკეტერის, თეკლა გამცემლიძისა და თიბისის მარკეტერის ანა ნაცვლიშვილის ტანდემმა მოიპოვა, ვერცხლი კი - თიბისი ბიზნესის მარკეტერის ელენე მამულაშვილისა და თიბისის კონტენტ მენეჯერის ელენე ჭელიძის ნამუშევარმა დაიმსახურა.
მარკეტერის კატეგორიაში გუნდების მიზანი იყო შეექმნათ პროდუქტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს ინკლუზიურობის მეტ საშუალებას მისცემდა. ოქროს მფლობელი გუნდი, თეკლასა და ანას შემადგენლობით, საფრანგეთის ქალაქ კანში 17-21 ივნისს მიემგზავრება საქართველოსა და თიბისის სახელით და მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს. მარკეტერები დავალებას იგივე პრინციპით მიიღებენ და შეასრულებენ, რაც Young Lions Georgia-ს კონკურსზე უკვე წარმატებით გამოსცადეს.
როგორ შეიქმნა გამარჯვებული ნამუშევარი კანის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის და როგორ შეუწყო ხელი თიბისის გამოცდილებამ და მიდგომამ ბრიფის ამოხსნაში და რა მოლოდინები აქვთ კანში, თეკლა გამცემლიძისა და ანა ნაცვლიშვილისგან მოვისმინეთ:
ანა: „დავალებაზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, ბრიფის თემატიკა საქართველოს მასშტაბით უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ამან განსაკუთრებით სასიამოვნო გახადა იდეაზე მუშაობის პროცესი.
იდეა ბრიფის მიღებისთანავე მოგვივიდა, მთავარი საკითხი იყო იდეის ბრენდისთვის მორგება რამდენადაც მრავალმხრივი და მასშტაბურია თიბისის შესაძლებლობები, ამდენადვე გართულდა რომელიმე კონკრეტული მიმართულების შერჩევა პრობლემის გადასაჭრელად. საბოლოოდ გადავწყვიტეთ ჩვენს მთავარ ღირებულებებზე ვკონცენტრირებულიყავით და ‘’ერთად გაგვემარჯვა’’ და გაგვემარტივებინა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.
ძალიან საინტერესოა რა თემატიკას გვიმზადებს ფესტივალი კანში, თუმცა გამოწვევების არ გვეშინია.”
საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრა ვერცხლის მფლობელი გუნდიც. ელენე მამულაშვილი და ელენე ჭელიძე გვიყვებიან, როგორ მივიდნენ ბრიფის გადაწყვეტამდე, რამაც მათ საპრიზო ადგილი მოაპოვებინათ.
ელენე მამულაშვილი: „ახალგაზრდა კანის ლომების დავალებაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მარკეტერებს უწევთ პროდუქტზე მუშაობა და არა კრეატიულ კამპანიაზე. ზოგადად გავრცელებული შეხედულებაა, თითქოს მარკეტერები მხოლოდ კომუნიკაციაზე მუშაობენ. არადა, ყველაზე უკეთ ისინი იცნობენ მომხმარებლების საჭიროებებს.
ჩვენც სწორად ასე მივუდექით ბრიფზე მუშაობას – დავიწყეთ მომხმარებლების განსაზღვრით, გავეცანით მათ საჭიროებებს და შევეცადეთ მიგვესადაგა მათთვის ისეთი პროდუქტი, რომელიც როგორც მათ ტკივილს უპასუხებდა, ისე ჩვენი კომპანიის შესაბამისი იქნებოდა.
ვფიქრობ, მარკეტერის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა პროდუქტის შექმნის ეტაპზე მაქსიმალურად გაატაროს მომხმარებლების ინტერესები.“
ელენე ჭელიძე: „მარკეტერის ბრიფის დავალება აუცილებლად უნდა მოარგო შენს ბრენდს, ამიტომ ჩვენი ერთ–ერთი მთავარი წინამძღოლი ბრენდის სტრატეგია იყო. გვჯერა, იმ მისიის რომელსაც ვემსახურებით და სწორედ ამიტომ ბრიფზე მუშაობა და ახალი პროდუქტის შექმნა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო.
თიბისიში მიღებული გამოცდილება, ძალიან დამეხმარა ბრიფის სწორად შედგენაში, პროდუქტის შექმნის დროს განსხვავებული ინსაითის აღმოჩენაში და შემდეგ სააგენტოსთვის ბრიფის ინსპირაციულად წარმოჩენაში. არ შეგვეშინდა ინოვაციურობის, სიახლის და განსხვავებული იდეის შექმნის.“
თიბისის გუნდების ანგარიშზე ერთი ოქრო და ერთი ვერცხლია. ორი საპრიზო ადგილი ერთ კონკურსზე მსუყე მონაპოვარია ახალგაზრდა ლომებისთვის, ოქროს მფლობელი გუნდი - თეკლა და ანა, უკვე ემზადებიან კანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება. ტრადიციულად, თიბისი 2024 წლის ფესტივალის მხარდამჭერია.
წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს გუნდებს კანში!