მუსიკა | ცა

მე-20 საუკუნის ქართული ალბომები 002 | რეცეპტი - გატეხილი სახეები მოწმედილ ცაზე

აპრილი 11, 2022

ქართველი მსმენელი არასდროს სწყალობდა  სამამულო როკ მუსიკას. დომინირებდა მოსაზრება, რომ ეს მუსიკა, წმინდა ანგლო-ამერიკული ფენომენია, არანაირად არ იკვეთება  ქართულ მუსიკალურ ცნობიერებასთან და მისი ხარისხიანად აჟღერება ქართულად  შეუძლებელია, ეს ნაწილრივ მართალიც  იყო 70-იანი წლების კლასიკური როკ იდიომის შინაარსიდან გამომდინარე.

ასე რომ, როკ მუსიკის ქართული პერსპექტივების, ბოლომდე არავის სჯეროდა, არც ადრე, როცა ტაბუირებული იყო და არც მერე, როცა აღარ იდევნებოდა.


მოხდა ისე, რომ „პერესტროიკის“ ჟამს, ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების ნაწილმა,  უკვე ლეგალიზებულ სცენაზე (სტუდენტური დარბაზებში და ა.შ.), იმ დროს დასავლეთში მოდური და აქტუალური ალტერნატიული როკ მუსიკის დაკვრა-შესრულება დაიწყო, თუმცა ასეთი განსხვავებულად დაფორმატებული მუსიკისთვის, სამამულო მსმენელი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. 

პოპთან, სოულთან, დისკოსთან, კლასიკურ როკთან შედარებით, ეს მუსიკა(პანკი, „ახალი ტალღა“, ინდი როკი...) გაცილებით მოუხერხებლად, არც თუ ისე კომფორტულად ისმინებოდა. ეს მუსიკა დასავლეთშიც ნაკლებად ტირაჟირებული იყო მანამდე, შესაბამისად ჩვენამდეც ძნელად აღწევდა და ამიტომაც თითმის უცნობი იყო თვით ჩვენი მუსიკოსებისთვისაც კი. 

მხოლოდ  80-იანების მეორე ნახევრიდან, როცა საბჭოთა იდეოლოგია ლიბერილიზდა და საინფორმაციო ბარიერები მოირღვა, მხოლოდ მაშინ დაიწყო ამ მუსიკამ შემოდინება ჩვენში და მუსიკოს-მელომანთა მცირე ნაწილის აღტაცებაც გამოიწვია.


სხვათაშორის, დაემთხვა, რომ ეს ე.წ. დამოუკიდებელი, არა კომერციული როკ მუსიკა, სწორედ მაშინ შეიჭრა მეინსთრიმში დასავლეთშიც, ყველგან პოპულარდებოდა და “ჩვენთვისაც“ უფრო ხელმისაწვდომი ხდებოდა. აი ამ მომენტმა განაპირობა ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების  ნაწილის არჩევანი - დაეკრათ სწორედ ასეთი მუსიკა, პროგრესულ-აქტუალურ-ალტერნატიული. ახალი ქართული ალტერნატიული ნაცია, თავდაპირველად საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ხედავდნენ რა, თუ როგორ დუღდა უკვე რუსეთში (და არამარტო) ეს ახალი როკ სცენა. 

ჩვენებსაც ჰქონდათ არანკლები უნარი, ხედვა, სოციალური მესიჯი, რომლის მიტანას აუდიტორიამდე  ქართულ ენაზე ცდილობდნენ  და ამას არც თუ ურიგოდ ახერხებდნენ.

აღმოჩნდა, რომ სწორედ ჟანრული კლასიკური როკ კლიშედან გამოთავისუფლებული საავტორო ალტერნატივა იძლეოდა ინგლისურ ენობრივი დომინანტისგან ეფქტურად გათავისუფლების შანსს. თუ მოხდებოდა ისე, რომ მუსიკოსები მოახერხებდნენ სტუდიაში საკუთარი სიმღერების „ხარისხიან“ და ყურისთვისმოსახერხებელ პროდუქტად გადაქცევას, (რაც სრულიად შესაძლებელი იყო მაშინ ფირმა „მელოდიაში“), კონსერვატორი და ჩამორჩენილი ქართველი მსმენელის ყური ალბათ გაიხედნებოდა, ხოლო მედიის მხარდაჭერით, ფართო ენთუზიასმსაც კი გამოიწვევდა ახალგარდებში. მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა, თანაც სწორედ მაშინ დაიგუგუნა ეროვნულმა მოძრაობამ,  რომელმაც სულ სხვა კალაპოტში გადაისროლა ახალგაზრდული ენერგია. 

ეროვნული აჟიტირების ფონზე, ყველა სხვა იდეა და ძალისხმევა გაფერმკრთალდა და გამარგინალდა. გაჩნდა ახალი ნარატივი, ახალი პათეტიკა. მკვიდრდებოდა თავისუფლების „ქართულ პატრიოტული“ გაგება, რომელიც სრულებით არ გულისხმობდა დრომოჭმული ცნობიერებისგან განთავისუფლებას, ფასეულობების გადაფასებას ახალი, ჟანსაღი დასავლური ღირებულების სასარგებლოდ. 

ქართული ანდერგრაუნდის მცდელობები, ეპოვათ  თვით რეალიზაციის, თვით გამოხატვის  კონტრკულტურულ-სუბკულტურული ხერხები დასავლურ ყაიდაზე, სრულიად უცხო და მიუღებელიც კი გახდა ახალი ქართული იდენტობის მაძიებელი ფსევდო ეროვნული იდეოლოგიისთვის.


ამ კუთხით სახეზე იყო სრული უნისონი ქუჩურ „კაიბიჭურ“ იდეოლოგიასთან, ბიოლოგიურად რომ ვერ იტანს ყველა იმათ, ვინც მათ არ გავს. მათსავით არ აზროვნებს, მათსავით არ იქცევა და არ მეტყვლებს, აგრესიასაც კი ავლენს ხშირად.


საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ახალი თაობის სამამულო მუსიკოს არტისტები აღმოჩნდნენ გარიყულები, რამაც გამოიწვია მათი აპათია, გაუცხოება და მძაფრი შემოქმედებითი რეაქცია არსებულ რეალობაზე.


აი ამ სოციო კულტურული ბექგრაუნდის გარეშე, შეუძლებელია ბოლომდე იმის გაცნობიერება, თუ რატომ ჟღერს „რეცეპტის“ წინამდებარე ალბომი ისე, როგორც ჟღერს, რატომ მღერის იმაზე, რაზეც მღერის და რატომ არის ეს ალბომი ფასეული.  

90-იანების დასაწყისში ჩანაწერები მიიკარგა. აღმოსავლეთ ევროპის ანდერგრაუნდის კანადელმა მკვლევარმა და გამომცემელმა ჯეისონ ფლაუერმა, ამ სიმღერებს მიაგნო ბერლინში, და საკუთარ სტუდიაში შეძლებისდაგვრად აღადგინა, გამოსცა CD ფორმატში და უკვე 2003 წელს თბილისში ჩამოიტანა, რამოდნიმე წლის შემდეგ მოხდა რე-რელიზი ახალი სათაურით, „გატეხილი სახეები მოწმენდილ ცაზე“. 

სოციალური პროტესტი, ყოფითი დრამები და მასის დაობებული მენტალიტეტის გამოაშკარავება, იმ პერიოდის ბევრი მუსიკალური ჯგუფის სიმღერებში იკვეთება, თუმცა ეს თემატიკა, ყველაზე მჭერმეტყველურად, შთამბეჭდავად და უკომპრომისოდ, სწორედ როკ ბენდ „რეცეპტის“ შემოქმედებაში აისახა. 


ბენდმა 1987-92 წლებში იარსება და იმდენი სიმღერა ქონდათ, რომ ორ-სამ ალბომს ეყოფოდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანის ჩაწერა მოახერხეს კუსტარულად 1988-90 წლების მონკვეთში.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ჩემი აზრით, „რეცეპტი“ იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართული ჯგუფი, ქართულ ენაზე, ქართული თემატიკით და სულისკვეთებით გაჯერებულ სიმღერებს ასრულებდა ისე, რომ ეს ყველაფერი ჟღერდა ხარისხიანად, აქტუალურად, ორგანულად.

ცხადია ბენდის შემოქმედება დასავლური მუსიკით იყო ინსპირირებული, მაგრამ ის მაინც არ ჟღერდა ეპიგონურად, იმის თქმაც კი ძნელია კონკრეტულად რა ჟანრია ეს, პანკი?, პოსტპანკი? მოგვიანებით იგივე ჯეისონ ფლაური იტყვის-ეს პროტო გრანჟიაო.


ასეთი ხასიათის მუსიკა კი ამერიკაშიც ღრმა ანდერგრაუნდში იმყოფებოდა 90-იანებამდე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენში არავინ აზრზე არ იყო მისი არსებობის შესახებ. ასე რომ „რეცეპტის“ შეთხვევაში, საქმე გვაქვს სრულიად თვითკმარ, თვითმყოფად ქართულ ფენომენთან. 

ბენდ ლიდერი, ფრონტმენი, ყველა სიმღერის მუსიკის და ტექსტის ავტორი იყო ლადო ბურდული. მისი სიმღერები მძაფრი რეფლექსიაა მისივე ცხოვრებისეულ პერიპეტიებზე, სტრესსა და გარშემომყოფებისგან მიღებულ მტკივნეულ დარტყმებზე, იმიტომაც ჟღერს მუსიკა, ტექსტი, შესრულება, ვოკალი ასე აბობოქრებულად, ექსპრესიულად, ხშირად სასოწარკვეთილადაც. 



აი სწორედ ასეთი სულისკვეთებითაა გაჟღენთილი მთელი ალბომი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ალბომი რეალურად კომპილაციაა, ტრეკიდან ტრეკში აშკარად იკვეთება ტექსტუალურ - აკუსტიკური ბმა, კონტექსტი ერთია, უცვლელი.  

ალბომში პირველ ტრეკად განთავსდა სიმღერა „მშია“, ერთი შეხედვით ტიპიური პანკი, თუმცა არანაირი პანკ დესტრუქცია და პლაკატურ მიტინგური პათოსი აქ არ არის. მუსიკა აგრესიულია, პირდაპირი, მოსვინგავე რიტმით. მთვარი დატვირთვა მოდის საწყის მელოდიურ რიფზე, ეფექტურია ბრეიქები, რაც განაპირობებს კიდეც ტრეკის მოქნილობას. ავტორმა ზუსტად იცის რაზე მღერის, რატომ და ეს სიმღერას ემოციურ ავთენტურობას ანიჭებს. 


ტექსტი პირველ პირშია გადმოცემული, ოღონდ მეტაფორული ენით -„მცივა, მე თქვენთან მცივა“, „მზეო მომეცი სითბო“, იკვეთება პირადი დაუკმაყოფილებლობა და პოზიტივის დეფიციტი, თუმცა განზოგადოების მცდელობაც სახეზეა, ასეთი მიდგომა ალბომის ყველა სიმღერაში გვხვდება, იცვლება მხოლოდ აქცენტები, შესაბამისად აკუსტიკური მახასიათებლებიც.  

ტრეკში „მომეცი ცეცხლი“, კვლავ სიცივეა და გაუცხოება. ამ ტრეკში უკვე შემოდის ახალი დისკურსი, პირადი დრამის გადაკვეთა და სოციალურთან. გაისმის ფრაზა, რომელიც  ყველაზე რადიკალურია „რეცეპტის“ (და არა მარტო) შემოქმედებაში, „..ძლიერები ამ ქალაქში ობლების ხორცს ჭამენ“, აი ეს ბოროტი ქალაქის ხაზი,  გასდევს ბენდის თითქმის ყველა ადრეულ სიმღერას. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ასეთი ნეგატიური სახით წარმოჩენა, ტიპიურია იმ ეპოქის ქართული ალეტერნატივისთვის. 

ქალაქი, რომელსაც სულ უმღერდნენ, აქებდნენ, ადიდებდნენ, როგორც „მზის და ვარდების ქალაქს“ , რომელშიც „ მთავარია კაცი იყო კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე“, ქალაქი, რომლის მოხიბლავი ფასად მიღმა იკვეთება მისი ბნელი სახე, ქალაქი რომელსაც თავისი სატიკი წესები აქვს და არა გაპატიებს, თუ მის მანკიერ კოდექსს არ მისდევ. მუსიკალურად, ვფიქრობ ეს ბალადური პროტო გრანჟ სიმღერა, ჩამორჩება დანარჩენებს ალბომში.   

„ნუ მატყუებ“ კონცენტრირდება პერსონალურ დრამაზე, თუმცა ძალიან მწვავეა სოციალური ასპექტი, „მანახეთ ის გზა, რომელითაც ჩვენ ღმერთთან მივალთ“- ალბათ რემინესენცია იმ დროის მოდურ ფრაზაზე, კინოფილმიდან „ მონანიება“, ავტორის აზრით, საზოგადოების მიერ არჩეული გზა მოჩვენებითია და ყალბი. მუსიკალურად, ენერგიული, გამძაფრებული პოსტპანკია, არანაირი ჟანრული მელანქოლიურობა და ელეგიურობა. ძალიან კარგია არანჟირება და საგიტარო სვლები(სავარაუდოდ ზაზა სახამბერიძე).  ტემპი სწრაფია, ხოლო თავდაუზოგავი ვოკალი კიდევ უფრო ძაბავს ატმოსფეროს. 

ბალადური ტიპის „მე მოვრბოდი შენსკენ“, უდავოდ ალბომის ერთერთი მწვერვალია. „ემოციური“ საგიტარო რიფი, ხისტად პულსირებული დრამ-ბითი, მარტივი ბასლაინი, აი ამ მინიმალურ აკომპანიმენტის ფონზე იშლება ჭეშმარიტი დრამა, რომელიც თანდათან ტრაგიზმის დონემდე მაღლდება.  


ბურდულის ნამღერი დამაჯერებელია, მეტყველი, სასოწარკვეთილიც და ემპათიით აღსავსეც - „მშიერ თვალებში შენ ეძებდი სითბოს, ბოროტ სხეულებს შენ თხოვდი შველას, მე მოვრბოდი შენსკენ, მე მოვრბოდი შენსკენ, მაგრამ ვიყავი მკვდარი“- ყოფის აუტანელი სიმძიმე იმ სოციუმში, რომელშიც გაბატონებული  ღირებულებები, უმძიმეს ტვრითად აწვება ინდივიდს და საბედისწერო როლს თამაშობს მის პირად ცხოვრებაში.


„ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები, ამ ქალაქში ბედნიერება მოკლეს“, ძნელია ასეთი ფრაზა აღმოგხდეს, თუ მართლა საკუთარ თავზე არ გაქვს განცდილი . ეს ფრაზა, ინაცვლებს ალბომის სხვა ტრეკშიც  და სიმღერის სათაურადაც კია გამოტანილი.  

„ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები“-ყველაზე ნათელი და მანერული სიმღერაა ალბომში, მართალია ნაღველი და სევდა აქც ბევრია („ამ ქალაქში ჩვენ უბრალოდ ვითხოვდით მზის სხივს, გატეხილი ცისკენ ვიწვდიდით ცივ ხელს“), მაგრამ აშკარაა ოპტიმიზმიც, თუმცა მხოლოდ გაქცევის ხარჯზე - „მე წაგიყვან შენ აქედან შორს, იქ სადაც მზის სხივი იძლევა იმედს“. მუსიკაც შეესაბამაბა ტექსტის განწყობას, არანაირი სტრესები და თვითგვემა.  ეფექტურია საქსაფონი(სანდრო კაპანაძე), რიტმული ცვლილება და ფანკ გრუვი პოსტ პანკის კონტექსტში.                                        

„ნუ დამტოვებ მარტო“, მუსიკალურად ალბათ ალბომის უძლიერესი ნამუშევარია , ორნაწილიანი და ყველაზე გრძელი. პირველი, ინსტრუმენტალური ნაწილის მუსიკალური თემა, საგიტარო იმპროვიზაცია-ინტერპრეტაციის ხარჯზე ვითარდება, „ბარაბანის“ ჩაციკლული გადარბენა ამონოლითებს ამ შთამბეჭდავ სოლოს.


შემდეგ მყისიერ პაუზა და შემოდის ხმა- „რამდენი ჭრილობა დაგროვილა შენს სხეულზე მიკვირს...“. თანდათან ვოკალი უფრო ექსპრესიული ხდება, რომელსაც მოულოდნელად ედება საქსოფონის მარტივი, მაგრამ „ზუსტი“ პარტია, თითქოს კიდევ უფრო შიშვლდება ისედაც მოუშუშებელი ჭრილობები. არანაირი ნუგეში -„ნაღველი ახრჩობდა მკრთალ იმედს“, ფინალში განწირული რეფრენი- „ნუ დამტოვებ მარტო“. 

ბოლო ორი ტრეკი, ეს არის ლაივ ვერსიები სიმღერებისა „ნუ მატყუებ“ და „მშია“. საიდანაც ჩანს, თუ რამდენად ეფექტური და მძლავრი იყო ბენდი ცოცხლად.


ბევრს შეიძლება გაზვიადებულად და გადამეტებულად ობსკურულად მოეჩვენოს ალბომის ასეთი პათოსი, მაგრამ ეს მოვლენების მათი არტისტული ინტერპრეტაციაა, მათი ბრძოლაა, მათი ბოღმა, მათი როკ ნ როლი ბოლოს და ბოლოს.


მოგვიანებით, იმ პირქუშ და ბნელ 90-იანებში, ეს სიმღერები, როგორც წინასწარმეტყველება ისე გაჟღერდა, თითქოს მთელი ახალი დაკარგული თაობის წუხილს და სათქმელს ღაღადებდა, მაგრამ ეს სიმღერები ვერ მივიდა მაშინ ადრესატამდე.

„რეცეპტის“ ამ და კიდევ სხვა სიმღერებს, თავის დროზე რომ ენახათ დღის სინათლე ხარისხიანი პროდუქტის სახით, ბენდის თაყვანისმცემელთა რაოდენობა ალბათ გაცილებით დიდი იქნებოდა, თუმცა ვეჭვობ ის რეზონანსულობა გამოწვია რასაც რეალურად იმსახურებდა მათი შემოქმედება, ვეჭვობ, რადგანაც ეს მუსიკა, თავისი არსით არის ალტერნატიული, ნონკომფორმისტული და არაკომფორტაბელური, ჩვენში კი ნებისმიერი ალტერნატივა სერიოზულ დისკომფორტს იწვევს, ჩვენში მხოლოდ კონიუნქტურას აღიარებენ, ასე უფრო მოსახერხებელია და კომფორტული, და ეს არ ხდება მხოლოდ მუსიკასთან მიმართებაში,  ეს ზოგადი სენია.



დღეს, “რეცეპტი“ უკვე ისე ისმის, როგორც შიდა თუ გარე დემონებთან ბრძოლა, როგორც კათარსიზისი, მაგრამ ჩვენში ხომ არც საკუთარი დემონებს აღიარებენ და არც კათარზისის საჭიროებას რძნობენ, ასე რომ „რეცეპტის“ დრამატული და ანდერგრაუნდული ბედისწერა სრულიად ლოგიკურია, ქართული რეალობიდან გამომდინარე რასაკვირველია.

ავტორი: გია ხადური