სიახლეები

საერთო სამუშაო სივრცეები თბილისში

Tbc Concept

თებერვალი 03, 2021

დღეს უკვე ყველამ იცის, რას ნიშნავს მუშაობდე სხვადასხვა პროფესიის შენთვის უცნობ ადამიანებთან ერთად, ისე რომ სამუშაო ატმოსფერო და ამ ადამიანებთან გაზიარებული საერთო სივრცე მყუდრო და ამავე დროს სამუშაოდ კომფორტული იყოს, თუმცა ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ ე.წ. Co working-ის იდეა ჩვენს რეალობაში ინოვაციურ სიახლეს წარმოადგენდა.


ბოლო წლებში დედაქალაქში გახსნილი ახალი საერთო სამუშაო სივრცეების არსებობა მიგვანიშნებს, რომ რაც დრო გადის, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების ერთ გარემოში მუშაობის იდეით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული. სტარტაპერებს, ე.წ. ფრილანსერებს და, ზოგადად, ნებისმიერი იმ პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც სამსახური დისტანციურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს, თბილისში მოქმედი ეს საერთო სამუშაო სივრცეები ყველა საჭირო ტექნიკურ ინვენტარს და მყუდრო გარემოს სთავაზობს.


თიბისი კონცეპტის ახალი სივრცე - მარჯანიშვილის 7

მარჯანიშვილის 7-ში მდებარე ისტორიულ შენობაში ცოტა ხნის წინ თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე გაიხსნა.  ბრიტანულ “რითეილ” დიზაინის სააგენტო Sheridan&Co-სთან თანამშრომლობით შექმნილი ეს ინოვაციური სივრცე თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია. ოთხ სართულზე განლაგებული საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, საერთო სამუშაო სივრცეები, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები, ბიბლიოთეკა და კაფე აქ მოსული სხვადასხვა პროფესიის სტუმრებისათვის ახალი იდეების აღმოსაჩენად და ერთმანეთისთვის გასაზიარებლად საუკეთესო გარემოა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობას სტუმრები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10-დან 20 საათამდე შეძლებენ, ინდივიდუალური სამუშაო მაგიდებისა და შეხვედრების ოთახების დაჯავშნა კი ნებისმიერი მსურველისათვის კონცეპტ ასისტენტის დახმარებით შეგიძლიათ ელფოსტით - [email protected]

ტერმინალი

თითქმის უკვე ხუთი წელია, რაც მულტიფუნქციური საერთო სამუშაო სივრცე - "ტერმინალი" სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ყოველდღიურად, ოცდაოთხი საათის განმავლობაში მასპინძლობს. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, საკონფერენციო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებითა და სამუშაო გარემოს შესაბამისი სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი "ტერმინალის" ფილიალები დღეს ორმოცდაცამეტი პროფესიის წარმომადგენელ ათასობით ადამიანს აერთიანებს, რომელთათვისაც ეს ადგილი არა მხოლოდ დახვეწილი დიზაინის მყუდრო სამუშაო გარემო, არამედ ახალი ადამიანებისა და იდეების აღმოსაჩენად საუკეთესო ადგილია. საერთო სამუშაო სივრცის, "ტერმინალის" ფილიალები დღეს დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ადგილზე მდებარეობს: ხორავას 3, აბაშიძის 34, ჭავჭავაძის 37, აღმაშენებლის 73 და უნივერსიტეტის 24-ში.

Impact Hub Tbilisi

"ფაბრიკის" ტერიტორიაზე მდებარე საერთო სამუშაო სივრცე - Impact Hub, რომელიც მსოფლიოს გარშემო 100-ზე მეტ ჰაბში 20000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, სტუმრების მისაღებად მზადაა ყოველდღე ოცდაოთხი საათის განმავლობაში. ნათელი ფერებითა და მცენარეებით სავსე სივრცე, რომელიც სამუშაოდ მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს შეგიქმნით, ამავე დროს ღიაა საგანმანათლებლო ღონისძიებების, საჯარო ლექციებისა და დისკუსიებისთვისაც.

ტექნოპარკი

კიდევ ერთი საერთო სამუშაო სივრცე, სადაც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი, ტექნოპარკში მდებარეობს. სტარტაპერების, IT სპეციალისტების, გრაფიკული და ინტერიერის დიზაინერების, ვებდეველოპერების, ფრილანსერებისა და ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებისათვის, ვისთვისაც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ინოვაციური ინფრასტრუქტურა განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტებია, ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცის შეხვედრებისა და Breinstorming-ის ოთახების კარი დილის 8 საათიდან საღამოს 12 საათამდე ღიაა; მისამართი: ინოვაციების ქუჩა #7



ავტორი : გვანცა ჩანადირი / Hammock Magazine

გარეკანის ფოტო: ნიკა ფანიაშვილი