მაისი 01, 2023
ხალხის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად ცხადი ხდება, რომ არ არსებობს სქესის მქონე პროფესია და დღეს დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ მრავალფეროვანი და თანასწორი სამუშაო სივრცის შექმნას, რითიც ხელს უწყობენ ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიების მიმართულებით. თუ აქამდე ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მამაკაცები დომინირებდნენ, ეს პროცენტული გადანაწილება მცირდება, დეველოპერ ქალთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამ მხრივ არც თიბისია გამონაკლისი და ჩვენი ტექ გუნდის 35% ქალია.
ამ ბლოგში ჩვენ მოგიყვებით ჩვენი გუნდის წევრი დეველოპერების შესახებ და იმედია, ეს იქნება ინსპირაცია მათთვის, ვისაც ტექნოლოგიებში განვითარება სურს, მაგრამ ყოყმანობენ.
ეკა ჩოგოვაძე, დეველოპერი
სახელი, გვარი: ეკა ჩოგოვაძე
გუნდი: პლატფორმული სისტემების ლიგა
უყვარს: პილატესი, სეირნობა, ძაღლები, გემრიელი საჭმელი, დილით აივანზე წყნარად ყავის დალევა, სითბო, მზე და მთები
სწყინს: როცა თინეიჯერი შვილი ებუტება
ალტერნატიული პროფესია: ვეტერინარი, კინოლოგი ან პილატესის ინსტრუქტორი
მე-7 ან მე-8 კლასში იყო, როდესაც წრეზე მიიყვანეს, სადაც დაპროგრამების ენა Basic-ის ბრძანებების მეშვეობით მარტივი გეომეტრიული ფიგურების ხატვას ასწავლიდნენ. პროცესი ისე მოეწონა, რომ გადაწყვიტა მომავალშიც ამ მიმართულებით ესწავლა.
„მაშინ გადავწყვიტე, რომ ძალიან საინტერესოა ბრძანებების მეშვეობით კომპიუტერს გააკეთებინო ის, რაც გინდა.“
მუშაობა სწავლის პროცესში დაიწყო, როცა ქალი პროგრამისტები ჯერ კიდევ თითზე ჩამოსათვლელად გვყავდა. რახან საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა, რამდენიმე წელი MS Office-ში და Adobe-ში ტექსტებს კრეფდა და წიგნებს აკაბადონებდა. მოგვიანებით ქსელის და სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობდა საავადმყოფოში, სადაც ძირითადად ექიმებს ასწავლიდა Windows 95-ისა და საოფისე პროგრამების მოხმარებას, თავისუფალ დროს კი გუნდის პროგრამისტებს ეხმარებოდა მარტივი დავალებების შესრულებაში. ასე ისწავლა პროგრამირება და მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და 2005 წლიდან სრულად გადაეშვა პროგრამირებაში. დღეს ის თიბისის პლატფორმული სისტემების ლიგაში LMS-ის რეინჟინერიის პროექტშია ჩართული.
„პროგრამირება ძალიან საინტერესო და პრაქტიკული პროფესიაა, რომელიც გაძლევს საშუალებას, იყო წარმატებული და გქონდეს იდეალური life/work ბალანსი.“
თავისუფალ დროს საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებს. მარტო ყოფნაც უყვარს, მაგრამ ამის საშუალება ხშირად არ აქვს. ენდრიუ ჰუბერმანის და რიკ როლის პოდკასტებს უსმენს, პოსტაპოკალიპტური სამყაროს შესახებ უყურებს ფილმებს ან ანიმეს შვილთან ერთად. უყვარს მოგზაურობა, ფიზიკური აქტივობა და თუ ხასიათზეა, სახლის დალაგებაც.
ეკას ყველაზე დიდ მიღწევად ის მიაჩნია, რომ შვილების მიუხედავად მაინც მოახერხა, ისწავლა და საბოლოოდ მიაღწია მიზანს.
„ტექში, ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, ქალებს შეუძლიათ იგივე წარმატების მიღწევა, როგორც მამაკაცებს. პირადად მე, ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე, არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ჩემი სქესი რაიმე დაბრკოლება ყოფილიყო. უფრო პირიქით.“
ელენე კვარაცხელია, დეველოპერი
სახელი, გვარი: ელენე კვარაცხელია
გუნდი: ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა
უყვარს: მხატვრული ლიტერატურა, ფენტეზი, მოგზაურობა
ალტერნატიული პროფესია: ფინანსისტი
ელენეს ბავშვობაში სამედიცინო სფერო ხიბლავდა, მაგრამ მოგვიანებით მათემატიკის სიყვარულმა ფინანსების განხრით გადააწყვეტინა სწავლის გაგრძელება. მე-10 კლასში იყო, როდესაც შემთხვევით C++_ის ლექციაზე აღმოჩნდა და იმდენად დაინტერესდა, რომ სახლში მისვლისთანავე დაიწყო მასალების მოძიება პროგრამირების ენებზე. ერთი წლის მანძილზე ესწრებოდა ლექციებს და ამ პერიოდში მიხვდა, რომ ეს იყო მისი მომავალი პროფესია.
კარიერა ჯერ Python, შემდეგ Haxe დეველოპერობით დაიწყო, მაგრამ ეს მიმართულებები დიდად არ მოსწონდა და სხვა შესაძლებლობების ძიება დაიწო. სწორედ ამ დროს გაიგო თიბისის IT აკადემიის შესახებ, სადაც ფრონტენდ დეველოპერის კურსზე მიღება იყო გამოცხადებული. სცადა, მიიღეს, სწავლის დასრულების შემდეგ კი მუშაობაც დაიწყო. დღეს ელენე ფრონტ-ენდ დეველოპერების ასოცირებული პარტნიორია და ახალი როლით ახალ, საინტერესო გამოწვევებს უმკლავდება.
უყვარს მხატვრული ლიტერატურა, ფენტეზი და ყველაფერი, რაც ფანტასტიკას ეხება. ბოლო დროს მოგზაურობაც შეუყვარდა. თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახს და მეგობრებს უთმობს.
ელენესთვის ყველაზე დიდი წარმატება ისაა, რომ აკეთებს საყვარელ საქმეს და ვითარდება ამ მიმართულებით.
“არ შეუშინდეთ გამოწვევებს. არ არის მარტივი სფერო, მაგრამ მონდომებით, დაუღალავი შრომითა და მოტივაციით ყველაფერი გამოსვლადია. ძალიან ღია და პროგრესულია IT სფერო, აქედან გამომდინარე, დღითიდღე იზრდება როგორც მიმღებლობა, ასევე შესაძლებლობები. მთავარია მიზანდასახულობა.”
თეო ქუჯოშვილი, დეველოპერი
სახელი, გვარი: თეო ქუჯოშვილი
გუნდი: პლატფორმული სისტემების ლიგა
უყვარს: მუსიკა, ცხოველები
სწყინს: არ სწყინს, ძირითადად ბრაზობს
ალტერნატიული პროფესია: ფსიქოლოგი
თეოს დეველოპერობა მათემატიკის სიყვარულით დაიწყო. პროგრამირებაზე დიდი არაფერი იცოდა, მაგრამ მათემატიკურზე ჩააბარა და პირველ კურსზე, პროგრამირების საფუძვლების გავლისას გადაწყვიტა, სწორედ ეს მიმართულება აერჩია პროფესიად.
თიბისიში მოსვლამდე Full-Stack დეველოპერად მუშაობდა და როგორც თავად აღნიშნა, აპლიკაციაში რაღაცების გაფუჭებით იყო დაკავებული. ახლა ბექენდ დეველოპერია და ძირითადი საბანკო სისტემების გაუმჯობესებაზე ზრუნავს, რომელიც ავტომატურად ჩვენი, კლიენტების ცხოვრების გამარტივების საწინდარია.
თეოს საამაყო პროექტი ბალანს მასტერია, ბანკისთვის ერთ-ერთი კრიტიკული სერვისი, რომელიც ერთდროულად რთულიც იყო, ტექნიკური თუ ბიზნეს სირთულეებიდან გამომდინარე, და საინტერესოც.
თავისუფალ დროს მისი ყველაზე საყვარელი აქტივობა მეგობრებთან დროის გატარებაა. ასევე უყვარს ძველ ქუჩებში ბოდიალი და ძველი არქიტექტურული ძეგლების თუ შენობების დათვალიერება.
ტექ მიმართულებით დაინტერესებულებს გვირჩევს, რომ არ დავნებდეთ, განვვითარდეთ ამ მიმართულებით და ბევრ საინტერესო პროექტზე მოგვიწევს მუშაობა, რომელიც არჩევანის სისწორეში დაგვარწმუნებს.
„სტერეოტიპი, „ტექ სფეროში მხოლოდ მამაკაცები არიან“, დიდი ხანია დანგრეულია.“
სოფო გოგაშვილი, დეველოპერი
სახელი, გვარი: სოფო გოგაშვილი
გუნდი: ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგა
უყვარს: მოგზაურობა, თხილამურებით სრიალი, სამაგიდო თამაშები
სწყინს: როცა თამაშს ვერ იგებს
ალტერნატიული პროფესია: მაინც დეველოპერი
სოფოს როცა ვკითხეთ, ვინ იქნებოდა, დეველოპერი რომ არ ყოფილიყო, ვერაფერი მოიფიქრა. ტექნოლოგიებისადმი ინტერესმა გადააწყვეტინა სწავლაც ამ მიმართულებით გაეგრძელებინა. თვლის, რომ ეს იყო მისთვის ერთადერთი სფერო, სადაც შესაძლებლობების და უნარების მუდმივი განვითარების საშუალება მიეცემოდა. გასაკვირიც არაა, რომ მისი კარიერა ყოველთვის დეველოპმენტის გარშემო ტრიალებდა. თითქმის 4 წელია, რაც თიბისის გუნდს შემოუერთდა. დღეს ის დეველოპერის გარდა ასოცირებული პარტნიორიცაა.
„დეველოპერი რომ არა, ნამდვილად არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი. ყოველდღე ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.“
სხვების მსგავსად სოფოც თავისუფალი დროის გატარებას მეგობრებისა და ოჯახის წრეში ამჯობინებს. უყვარს დასვენება და მოგზაურობა, გატაცებულია სრიალით და სამაგიდო თამაშებით. სწყინს, როცა ვერ იგებს.
ამაყობს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, შეძლო კარიერული განვითარება და დღეს მის მაგალითზე გოგოებს მოტივაციას აძლევს. მისი წარმატების რეცეპტი ცნობისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და სიბეჯითეა.
„დიდი ხანი არ არის, რაც ქართული შრომითი ბაზარი ქალ დეველოპერს პრეფესიონალ და კონკურენტუნარიან კადრად აღიქვამს. მიხარია, რომ მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევებისა, შევძელი კარიერული განვითარება და შემიძლია ვიყო მაგალითი მომავალი თაობისთვის.“
სოფო ქობულაშვილი, დეველოპერი
სახელი, გვარი: სოფო ქობულაშვილი
გუნდი: პლატფორმული სისტემების ლიგა
უყვარს: მუსიკა, მოგზაურობა
სწყინს: როცა დროს უსარგებლოდ ახარჯინებენ
ალტერნატიული პროფესია: ექიმი
სოფოს და ტექნოლოგიების სიყვარული სამი დიპლომით არის გამყარებული: ინფორმატიკის ბაკალავრი, საინფორმაციო სისტემების მაგისტრი და ინფორმატიკის დოქტორია. დეველოპერობა თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, სურდა საქმიანობით ადამიანების ცხოვრება გაემარტივებინა.
„ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საქმიანობაა, გაქვს საშუალება რომ საკუთარი საქმიანობით გააუმჯობესო ადამიანების ცხოვრების ხარისხი და გაუმარტივო მათ ყოველდღიურობა.“
უყვარს, როდესაც სასარგებლო აქტივობებითაა დაკავებული და დროს რუტინულ, უსარგებლო საქმეზე არ ხარჯავს. უყვარს მოგზაურობა, მუსიკა, კითხვა და მეგობრებთან დროის გატარება.
ტექის მიმართულებით თუ გვსურს განვითარება, გვირჩევს, რომ არ შეგვეშინდეს და წინ ვიაროთ, თუნდაც პატარა ნაბიჯებით. მთავარია ძლიერი სურვილი მიზნის მისაღწევად და წინ დიდი, საინტერესო მოგზაურობა გველოდება.