აპრილი 04, 2025
წლევანდელი „საბას“ ფინალისტთა სიაში ბევრ ისეთ წიგნში იყო პოეზია, რომელიც სულ სხვა ჟანრსა და ნომინაციას განეკუთვნებოდა. ზოგიერთი ასეთი, ერთგვარად პოლიჟანრული წიგნი გამარჯვებულთა შორისაა.

აინე მერმეს, იგივე ნატუკა ნაცვლიშვილის „ეუარა“ „საბას“ დებიუტის ნომინაციის გამარჯვებული რომანია და, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და საინტერესო დებიუტი.
ეს ტექსტი, რომელშიც მხატვრულობის და პოეზიისთვის დამახასიათებელი ტროპული მეტყველების მიღმა რთული პროზაული ამოცანები იხსნება, წარმოადგენს ერთგვარ გეშტალტს, სადაც მხატვრულმა ენამ და ამბის ფსიქოლოგიურმა კონსტრუქციამ ერთმანეთს მიაგნეს, სრულად შეითვისეს ერთმანეთი.
ადამიანის სულის დინამიკა და ამბის დინამიკაც პარალელური თხრობით მიედინებიან და ავსებენ ერთმანეთის კალაპოტს. ავტორი ცდილობს ერთმანეთთან შეარიგოს ჟანრები - მოდერნული რომანი, რომელიც გმობს რომანის სტერეოტიპულ ავტორიტეტს და კლასიკური რომანი, რომლის შინაარსიც სხვა ენობრივ სამყაროში იღვიძებს ამ წიგნში, სხვა ფორმის საუკუნეში აღმოჩნდება.
ამბავი თვითდინებით ვითარდება, პერსონაჟი ერთდროულად პერსონაჟიცაა და თავად ამბავიც, ტექსტიც და მეტატექსტიც, სუბიექტიც და ობიექტიც, ფოკუსიც და ფონიც. ეს პოეტური ტექსტი, რომელიც თავისი გულწრფელობით, სიმძაფრით ფსიქოლოგიური რომანისა და უძველესი, ანტიკური ეპოსის ნიშნებს ერთდროულად ატარებს, თითქოს გაბმული სიმღერაა. ამ თხრობის მდინარეს ერთი ნიშანი აქვს, ზოგჯერ მხატვრული სახეების სილამაზე ამბის ძირითად ხაზს გაშორებს, თითქოს ჩაყვინთე, მარგალიტი იპოვე და ახლა გზა უნდა გააგრძელო. ტექსტის პოეტური ნაკადი ამ რომანის ერთგვარი ნისლის საბურველია.
ერთ-ერთი მთავარი მეტაფორა თოჯინაა, რომელსაც პერსონაჟი კარგავს და სწორედ ამ თოჯინის - საკუთარი თავის, ნაივურობის, ბავშვობის, თვითრეფლექსიის, გაგების კონცეფციის ძებნისას ვითარდება ამბავიც - ამბავი კი მითოსური გზაა სიკვდილამდე, ზღაპრის გზა - თავისი ცოდვაბრალიანი საკითხავით, თავისი გილგამეშითა და უკვდავების ძიებით, ადამიანებით, რომლებიც ორთქლდებიან, კაციშვილებითა და კერძოღმერთებით... გილგამეშის გზა რომ კინოხერხებით მოგვეთხრო, სწორედ ასეთია აინე მერმეს გზა.
„ეუარა“ არატრადიციული, ექსპერიმენტული რომანია და ეს, უპირველეს ყოვლისა, ენობრივ ხედვაში გამოიხატება. ავტორი თითქოს ზოგჯერ ენაშია, შიგნიდან, ენობრივი სინამდვილიდან მოგვითხრობს, ზოგჯერ კი თავისივე ენას ისე უუცხოვდება, რომ შეიძლება ამ საოცრად გამჭვირვალე მხატვრულ ქსოვილში აღწერილობითი ვნებითი ან რომელიმე კიდევ უფრო ტექნიკური და ხელოვნური გრამატიკული ფორმა გააჩინოს.
ცალკე საკითხია სიტყვაწარმოება და ლინგვოპრაგმატიკა, სიტყვებისა და ფორმების გამოყენება. ავტორი ხშირად აღნიშნავს ან სვამს კითხვას, როგორ იყო პირველად, როგორ გაჩნდა ესა თუ ის სიტყვა თუ ემოცია, როგორ დაიწყო... ასეთივე დამოკიდებულება ჩანს სიტყვებთან, თითქოს ეს პირველაღმომჩენი, პირველმთქმელი და პირველგამომყენებელი ავტორია, რომელიც ამ პროცესით დიდ სიამოვნებას იღებს და მკითხველსაც ითრევს ამ ენობრივ თამაშში.

„სხვაგან ეძებდი, სხვაგან კი არის.გეგონა, სურვილი ვერ შეასრულე, სინამდვილეში კიდეზე დგახარ და ახლა ნუღა გეშინია. აზრია დასაწყისი და აზრით ხარ შენ დამწყები. ყოველივე კი, რაც ერთხელ დაიწყო,უნდა გასრულდეს. მზე ხარ შენ და მიწის სიღრმეები და ყველა მნათობი,სიკეთე ხარ შენ, მაგრამ მიწაზე რაც რამ ავია–ისიც შენ.
ადექი და ჩამოიბანე ყველაფერი და ივლე ნელსაცხებელი და ელოდე“.